შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს სემინარი უტარდებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს სემინარი უტარდებათ

შსს-ს აკადემიაში ევროკავშირის მხარდაჭერით იმართება ინტერპოლის საინფორმაციო ბაზასთან ელექტრონული ურთიერთკავშირის შესახებ სამდღიანი სასწავლო სემინარი. სწავლებაში მონაწილეობას იღებენ შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო გამტარი პუნქტების და მთავარი პროკურატურის თანამშრომლები. სემინარს ატარებენ ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მონაცემთა ბაზების განვითარების ოფიცერი ბოჟიდარ პოპოვიჩი და სლოვენიის ინტერპოლის ხელმძღვანელი, ექსპერტი ბორუთ სელანი.

სემინარი მიზნად ისახავს ინტერპოლის მონაცემთა ბაზის ინტეგრაციას ეროვნულ ბაზასთან. ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს გააჩნია მოპარული და დაკარგული დოკუმენტების მონაცემთა ბაზა (SLTD), რომელიც 45 მილიონზე მეტ ჩანაწერს შეიცავს. აღნიშნული ბაზა ინტერპოლის წევრი ქვეყნების მიერ მუდმივად ახლდება და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, რადგან მოპარული და დაკარგული დოკუმენტები ორგანიზებული დანაშაულებრივი და ტერორისტული დაჯგუფებების მიერ ხშირად გამოიყენება.

საქართველოს შს სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობის დადგენილებაში – „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის“ შესახებ, 2014 წლის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, შსს-ს უფლებამოსილ თანამშრომელს ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მოპარული და დაკარგული დოკუმენტების მონაცემთა ბაზაზე მიენიჭა წვდომა.