ნაციონალებმა ჭიკაიძე პოსტიდან ვერ გადააყენეს და ახლა პარლამენტში იბარებენ

ნაციონალებმა ჭიკაიძე პოსტიდან ვერ გადააყენეს და ახლა პარლამენტში იბარებენ

"ნაციონალური მოძრაობა“ შინაგან საქმეთა მინისტრს, ალექსანდრე ჭიკაიძეს პარლამენტში იბარებს. უმცირესობამ შესაბამისი მიმართვა ძალოვან უწყებას უკვე მეორედ 19 სექტემბერს გადაუგზავნა.

13-18 ოქტომბრის სასესიო კვირას, გამოცხადდება თუ არა ალექსანდრე ჭიკაიძე საკანონმდებლო ორგანოში, ამას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ. როგორც for.ge-ს უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა განუცხადა, მინისტრს დატვირთული გრაფიკი აქვს, ის საკუთარ განრიგს გადახედავს და პასუხიც მოგვიანებით გახდება ცნობილი.

საპარლამენტო უმრავლესობა შს მინისტრს ურჩევს, უმცირესობის სხდომაზე გამოცხადდეს და ოპოზიციონერები „მიჯირყნოს“, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი მოუწოდებს ის დრო გაიხსენონ, როდესაც ძალოვანი მინისტრები პარლამენტში წლების მანძილზე არ მიდიოდნენ.

როგორც for.ge-ს გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ცაგარეიშვილმა განუცხადა, მინისტრისა და უმცირესობის შეხვედრა შედეგის მომტანი არ იქნება, რადგან ნაციონალები უნიჭო სპექტაკლს დადგამენ, მაგრამ სჯობს, მინისტრმა ოპოზიციონერების კითხვებს მაინც უპასუხოს.

მისი თქმით, ჭიკაიძეს უმცირესობის არც ერიდება და არც ეშინია, უბრალოდ, ნაციონალების მხრიდან მინისტრის გარშემო იმდენად არაჯანსაღი ვითარება შეიქმნა, რომ მას არ უნდა ამ უშნო წარმოდგენის ნაწილი გახდეს.

„ბატონო მინისტრო, მობრძანდით და ამ ადამიანების არ მოგერიდოთ! არ მგონია, თქვენთვის ეს ადამიანები რაიმე საფრთხეს წარმოადგენდნენ, რადგან ესენი არიან პოლიტიკანები და ინტრიგნები. ნაციონალები ვინ არიან, რომ ჭიკაიძეს რაიმე საფრთხე შეუქმნან? - ბატონმა ლექსომ ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში თქვა, რომ მის საქმიანობას საცინრად იგდებენ და არ უნდა ამ კონტექსტში ჩაიწეროს. შეიძლება, ამის საფრთხე იყოს, მაგრამ ბატონო მინისტრო, ისე არ წვიმს, როგორც ქუხს. მირჩევნია, მინისტრი დავინახო, რომელიც პარლამენტში მოდის, ამ ადამიანებს თავის ადგილს მიუჩენს და „მიჯირყნის“ კიდეც“, - აცხადებს ცაგარეიშვილი, რომლის პათოსს იზიარებს ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე.

კანონმდებელი for.ge-სთან საუბარში „ნაციონალურ მოძრაობას“ წარსულს ახსენებს და ინტერსდება, წლების განმავლობაში უწყებაში რატომ არ ცხადდებოდნენ: ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი და ბაჩო ახალაია.

მისი თქმით, უმცირესობის სხდომაზე ჭიკაიძე ერთხელ არ გამოცხადდა, რაც შეიძლება, მის გრაფიკს უკავშირდებოდეს.

„მინისტრს შეიძლება არ ეცალოს და პარლამენტში მოადგილე გამოგზავნოს. ეს პრობლემა მოგვარებადია, მაგრამ რატომღაც არ მახსოვს, რომ პარლამენტში ადეიშვილი, მერაბიშვილი, ან ახალაია მისულიყვნენ. რატომ არიდებდნენ ისინი თავს, პარლამენტში მისვლას?“, - ამბობს კობახიძე, რომლის პოზიციაზეა მეორე ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური.

for.ge-სთან საუბარში ძიძიგური ირწმუნება, რომ ალექსანდრე ჭიკაიძე ნაციონალების მიერ დამკვიდრებულ ტრადიციას არ აგრძელებს და შესაძლოა, უწყებაში დატვირთული გრაფიკის გამო ვერ ცხადდება.

დეპუტატის თქმით, როცა მინისტრს არ სცალია, მას შეუძლია საკანონმდებლო ორგანოში მოადგილე გაგზავნოს.

„პარლამენტში ადეიშვილი, ან ახალაია გინახავთ? - არასდროს გამოცხადებულან. ამ მოწვევის პარლამენტში იუსტიციის მინისტრიც მოსულა და თავად პრემიერიც. ხელისუფლება გახსნილია და ვერ დავეთანხმებით, რომ ჭიკაიძე ტრადიციას აგრძელებს. შესაძლოა, ჭიკაიძეს არ ეცალა. როგორც ნაციონალები ამბობენ, კრიმინალმა იმატა და როგორც ჩანს, მინისტრს არ სცალია. ლევან იზორია ლამის პარლამენტის წევრია, ყოველ დღე აქ არის და შეიძლება, რომ უმცირესობის სხდომაზე ის მივიდეს“, - განუცხადა for.ge-ს ძიძიგურმა.

თანაგუნდელების მსგავსად, უმცირესობა-მინისტრის ურთიერთობაში დავით ბერძენიშვილიც არ ერევა, მაგრამ ამბობს, რომ როცა ოპოზიცია მინისტრს კანონის გათვალისწინებით იწვევს, მას დასაბუთებული ახსნა-განმარტება უნდა ჰქონდეს, სხდომაზე მისვლა თუ რატომ არ შეუძლია.

„მინისტრთან ურთიერთობა უმცირესობამ გაარკვიოს, რაც ნორმალურია. როცა მინისტრს კანონით იწვევენ, მას უნდა ჰქონდეს დასაბუთებული ახსნა, თუ რატომ არ შეუძლია სხდომაზე მისვლა“, - განუცხადა for.ge-ს ბერძენიშვილმა.

რაც შეეხება იმ საკითხებს, რის გამოც ნაციონალები მინისტრის უმცირესობის სხდომაზე მისვლას ითხოვენ, ეს არის კრიმინალური ვითარების შესახებ ინფორმაცია და ასევე ოპოზიციონერებს აინტერესებთ, სტატისტიკა.

ოპოზიციონერი დეპუტატის, ირმა ნადირაშვილის ცნობით, მთავრობა წავიდა გარიგებაზე კრიმინალურ სამყაროსთან და ციხეებში კონტროლი მთლიანად ქურდებს გადააბარა.

„პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე გამოძიება უნდა დაიწყოს, კერძოდ, უშუალოდ სოზარ სუბარის როლზე. ყველა პირს, ვინც შესაძლოა ჩართული იყოს აღნიშნულ დანაშაულში, გამოძიების პერიოდში, უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს. ამასთანავე, კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, შინაგან საქმეთა მინისტრი გამოცხადდეს პარლამენტში შექმნილ სიტუაციაზე პასუხების გასაცემად“, - აღნიშნავს ნადირაშვილი.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ალექსანდრე ჭიკაიძე უწყებაში რამდენიმე თვის წინ დაიბარა, თუმცა, მათ მინისტრმა წერილით უპასუხა, რომ არ ეცალა. რამდენიმე კვირის წინ კი, უმცირესობამ კრიმინოგენური ვითარების გამო, მინისტრის პოსტიდან გათავისუფლება მოითხოვა. რაც შეეხება წინა მოწვევის პარლამენტში დამკვიდრებულ მანკიერ ტრადიციას, მაშინდელი ოპოზიციონერების - გიორგი ცაგარეიშვილის, დიმიტრი ლორთქიფანიძის, ჯონდი ბაღათურიასა და „ქრისტიან-დემოკრატების“ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ძალოვანი მინისტრები უწყებაში არ ცხადდებოდნენ და ზოგჯერ, მოადგილეებს გზავნიდნენ. აღსანიშნავია, რომ ძალოვანი მინისტრები ხშირად, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხსაც არ ესწრებოდნენ. მაშინდელი უმრავლესობა კი, მინისტრების დამოკიდებულებას მათი დატვირთული გრაფიკით ხსნიდა.