დიდი ცემა-ტყეპა ბორჯომის საკრებულოში - ექსკლუზიური დეტალები

დიდი ცემა-ტყეპა ბორჯომის საკრებულოში - ექსკლუზიური დეტალები

რით დაუზიანეს თვალი გედევან ფოფხაძის ძმას, ვინ ცდილობს ლეიბორისტი გიუაშვილის ,,დაჩმორებას’‘ და რატომ ფიგურირებს სერიულ ჩხუბში 10 ათასი ლარი

ახალი პოლიტიკური სეზონი ბორჯომის საკრებულომ ხმაურით დაიწყო. საერთოდ, ბორჯომი ემოციურ და ხმაურიან პოლიტგარჩევებს არც აქამდე უჩიოდა, თუმცა ბოლო ორი თვეა, სხდომა ისე არ ჩატარებულა, ვინმე არ გალახულიყო. მოკლედ, ბორჯომის საკრებულოს, რომლის რამდენიმე წევრიც სხვადასხვა ოპოზიციური პარტიიდანაა, ნამდვილად გამოსალოცი აქვს!     
ბოლო ინციდენტი 29 აგვისტოს დაიწყო _ საკრებულოს ლეიბორისტი წევრი გიორგი გიუაშვილი ,,ოცნებელ’‘ ალეკო გელაშვილს დაუპირისპირდა და, როგორც ითქვა, გიუაშვილმა გელაშვილს სახეში მძიმე საგანი ჩაარტყა. მოგვიანებით, ეს მძიმე საგანი გიუაშვილის ცნობილი ბეჭედი აღმოჩნდა, რომელსაც იგი ჩხუბის დროს ,,ცივ იარაღად’‘ იყენებს. ინციდენტის გიუაშვილისეული ვერსიით, სხდომის დარბაზში იგი ჯგუფური თავდასხმის მსხვერპლი გახდა... სერიული ჩხუბი ამით არ დასრულებულა. სამშაბათს, ლეიბორისტი გიუაშვილი კიდევ ერთ გაუგებრობაში გაეხვა და კონფლიქტი ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გედევან ფოფხაძის ძმასთან, ბესიკ ფოფხაძესთან საკრებულოს ფოიეში მოუვიდა. ამის გამო სხდომაც ჩაიშალა. გიუაშვილმა ამჯერად ფოფხაძეს თვალში ჩაარტყა, თუმცა მისი მტკიცებით, მხოლოდ სახეში შეაფურთხა, ფოფხაძე კი შემთხვევით წაიქცა და თვალი დაარტყა. ,,ვერსია’‘ ბორჯომის საკრებულოს სერიული ჩხუბით, დეპუტატებისგან ორიგინალური კომენტარებიც მოისმინა და საინტერესო ფაქტებიც გაარკვია. როგორც აღმოჩნდა, ფოფხაძე-გიუაშვილის ნაცნობობა ათეულ წელზე მეტს ითვლის _ 2003-2006 წლებში, როცა ბესიკ ფოფხაძე ქალაქ ბორჯომის მერი იყო, გიუაშვილი მასთან იურისტად მუშაობდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მათ შორის კონფლიქტი არ ყოფილა. როგორც ბესიკ ფოფხაძის კოლეგები ვარაუდობენ, 19 სექტემბრის თავდასხმა ლეიბორისტი გიუაშვილისთვის პოლიტიკური ალიბია, რომელსაც იგი სხვა კონფლიქტების გართულების შემთხვევაში გამოიყენებს და იტყვის, დეპუტატის ძმას რომ დავარტყი, ამიტომ მიჭერენო.

,,ვერსია’‘ ჯერ დაზარალებულ ბესიკ ფოფხაძეს დაუკავშირდა, რომელიც საკრებულოს წევრი კოალიცია ,,ოცნებაში’‘ შემავალი ,,მრეწველების’‘ სიით გახდა: ,,სხდომა დაწყებული იყო, მაგრამ ფოიეში ვიდექი, რადგან ერთ-ერთ მოქალაქეს ვესაუბრებოდი. ამ დროს, გიორგი გიუაშვილი ზურგიდან მომეპარა, არც გამარჯობა უთქვამს, არც საყვედური, ისე გადავიდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. სიმართლე გითხრათ, გაოცებული დავრჩი, რადგან მასთან ყოველთვის ნორმალური ურთიერთობა მქონდა. 1998 წლიდან ვიცნობ - წლები ჩემთან მუშაობდა. მას განუცხადებია, ძალადობას ძალადობით დავუპირისპირდიო, რაც სიცრუეა. მისთვის არასდროს დამირტყამს, არც კი მიცდია თუნდაც იმიტომ, რომ ჩემზე გაცილებით ძლიერია. ცხოვრებაში არავინ გამილახავს და მით უმეტეს, გიუაშვილი. არც მის ცემაში მიმიღია მონაწილეობა. როცა დაკითხვაზე ვიყავი, პოლიციასაც ვკითხე, ოდესმე ჩემს წინააღმდეგ საჩივრით თუ მოუმართავს-მეთქი. არაო, მითხრეს. თავად გიუშვილს სხვებთანაც ჰქონდა კონფლიქტი, მაგრამ მართლა ვერ ვხვდები, ჩემგან რა უნდოდა. ყველა დამეთანხმება, რომ ბურჯანაძე-დემოკრატებისა თუ საკრებულოში სხვა პოლიტიკური ოპონენტების წარმომადგენელ დეპუტატებთან კარგი ურთიერთობა მაქვს. გიორგი გიუაშვილმა კი პოლიტიკური პარტია 9-ჯერ შეიცვალა. ჯერ ჩემთან, ,,მრეწველებში’‘ იყო ცოტა ხნით, მერე რესპუბლიკელებში გადავიდა, მერე - პარტია ,,ოცნებაში’‘. მერე იქიდანაც წამოვიდა და ლეიბორისტებში მივიდა. მოკლედ, მდიდარი ბიოგრაფია აქვს’‘.   

  მდიდარი ბიოგრაფიისა და პოლიტიკური გამოცდილების მქონე გიორგი გიუაშვილს  კი თავისი სიმართლე აქვს და ამ ისტორიას სულ სხვაგვარად ყვება. მისი თქმით, ბორჯომის საკრებულოში ერთადერთი რეალური ოპოზიციონერია და შესაბამისად, მმართველ გუნდს მისი აქტიურობა ყელში ეჩხირება. მეტიც, გიუაშვილი ირწმუნება, რომ სახელისუფლო პარტიებში მყოფ დეპუტატებზე პოლიტიკური კომპრომატები აქვს, რომელთაც მედიით პერმანენტულად აშუქებს. გიორგი გიუაშვილი: ,,29 აგვისტოს, სხდომის დროს, თავს 20 კაცი ერთად დამესხა. მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ პასუხი ჯერ არავის უგია. ამ თავდასხმაში ბესო ფოფხაძეც მონაწილეობა და ამის შესახებ მოგვიანებით გამახსენდა _ ხელი ზურგიდან დამარტყა. თავდასხმის მიზეზი კი, ,,მაესტროზე’‘ გასული სიუჟეტი გახდა, რომელიც ხელფასებსა და პრემიებს ეხებოდა. საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას, ხულიგნურად დაკეტეს ოთახი და პირდაპირ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადმოვიდნენ. მოგვიანებით ანუ გასულ სამშაბათს, მაგიდასთან ვიჯექი და კიდევ ერთი დეპუტატი ,,ოცნებიდან’‘, წაღვერის მაჟორიტარი მოვიდა და სახეში ხელი გამარტყა. ამ ფაქტზეც დაიწყო გამოძიება, მაგრამ პოლიციამ სამი დღის მერე დამკითხა. მოკლედ, გამოძიების მხრიდან სრული იგნორია! საკრებულოს თავმჯდომარეს, ზაზა ჩაჩანიძეს პირდაპირი დავალება აქვს, საკრებულოში კონფლიქტური სიტუაციები შექმნას და, სხვათა შორის, ჩემზე თავდასხმაში უშუალოდ ისიც მონაწილეობდა. უნდათ, დამჯაბნონ და ,,დამაჩმორონ’‘, მაგრამ არ გამოუვათ! ბესოსთან კონფლიქტი არ მქონია და ზუსტად იმიტომ ვიყავი განაწყენებული, რომ მისგან ზურგიდან დარტყმას არ ვიმსახურებდი. ამიტომაც მივედი და შევაფურთხე, ხელი არ დამირტყამს. თვალი კი მაშინ დაარტყა, როცა შელაპარაკებისას შემთხვევით წაიქცა... ბესოს ძმა, დეპუტატი გედევან ფოფხაძე, პარლამენტში შესვლამდე, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძეს აკრიტიკებდა. ამ კაცს ბორჯომში მინისა და მინერალური წყლის კომპანია ,,ბორჯომი’‘ აქვს. პირველი, რაც გედევანმა დეპუტატად გახდომის მერე გააკეთა, ისაა, რომ ხაზარაძე ადგილობრივ გაზეთს - ,,ჩვენი ბორჯომი’‘, ყოველ თვე 10 000 ლარს ურიცხავს. ამ გაზეთში კი ფოფხაძის რძალი, მარიამ ხითარიშვილი რედაქტორადაა გაფორმებული. გარდა ამისა, ბორჯომში ძალიან ტენდენციურად რიგდება საოპერაციო ხარჯები, ხალხს ნაცნობობით ეხმარებიან. ასევე წმინდანის დღესასწაული ამოიღეს აღსანიშნი ღონისძიებების სიიდან და მის ნაცვლად ნარდის ჩემპიონატი დანიშნეს. მოკლედ, ბევრი თემაა, რისი გაშუქებაც ,,ოცნებას’‘ არ აწყობს და ამის გამო ჩემს გზიდან ჩამოშორებას ცდილობენ’‘.

ბრალდებაზე პასუხის გაცემის საშუალება დეპუტატ გედევან ფოფხაძესაც მივეცით, რომელიც მისი და მისი ძმის პოლიტიკურ წარსულს მიჯნავს და ბესიკ ფოფხაძეს საკუთარ პოლიტიკურ დანამატად არ მიიჩნევს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც ლეიბორისტ გიუაშვილს ასევე პირადად იცნობს, აცხადებს, რომ ისა, რასაც გიუაშვილი კომპრომატს უწოდებს, სინამდვილეში, საქველმოქმედო პროექტია. გედევან ფოფხაძე: ,,ჩემი რძალი, მარიამი სახლში ზის, არსად მუშაობს, არც აქამდე უმუშავია და ამჟამად, მცირეწლოვან შვილს ზრდის. ამის გადამოწმება უმარტივესია - მარიამს ანგარიშზე ერთი თეთრიც კი არასდროს ჩარიცხვია და არსად ყოფილა გაფორმებული. კიდევ უფრო დიდი ტყუილი ისაა, თითქოს მე ფულს მამუკა ხაზარაძე მაძლევს. კომპანია ,,აი სი ბორჯომი’‘, რომელიც ბორჯომშია, ჯერ ერთი, ხაზარაძესთან უშუალოდ დაკავშირებული არაა. მერე, ეს კომპანია რიცხავს ფულს საქველმოქმედო ფონდში - ,,ჩვენი ბორჯომისთვის’‘, ხოლო ამ ფონდის დახმარებით, ბავშვები კომპიუტერსა და უცხო ენას უფასოდ სწავლობენ. ყველაფერ ამასთან ჩემი ერთადერთი კავშირი ისაა, რომ ჩემი იდეა იყო და თავის დროზე ვთქვი, თუ ამ კარგ საქმეს გააკეთებთ, ხელს შეგიწყობთ-მეთქი. ის ტერიტორია კი, სადაც ბავშვებს ასწავლიან, ჩემი ყოფილი სკოლის შენობაა, რომლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეც თავად გახლდით. გარდა ამისა, არსებობს კავშირი ,,ჩვენი ბორჯომი’‘, რომელსაც ფონდი გარკვეულ თანხას ურიცხავს თავისი საქმიანობის გაშუქებისთვის და მათ შორის ჩვეულებრივი ხელშეკრულებაა გაფორმებული. მარიამი ჩემს საარჩევნო შტაბში იყო ცოტა ხნით, იქაც არანაირი ხელფასი არ აუღია, არჩევნების დროს ჩემს დასახმარებლად მოვიდა და ამის მერე ის და ჩემი ძმა შეუღლდნენ. ასე რომ, რასაც გიუაშვილი ,,კომპრომატად’‘ მიყენებს, ეგ მე კარგ საქმედ მიმაჩნია და სადაც უნდა, იქ გააშუქოს!’‘  ასეა თუ ისე, ბორჯომის საკრებულოს დეპუტატებმა ერთმანეთი უკვე გალახეს და ადგილობრივ პოლიციაში არაერთი საჩივარიცაა შეტანილი. 19 სექტემბრის ინციდენტის გამოძიება დაიწყო და როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, საქმე 125-ე მუხლით, ცემის ფაქტზეა აღძრული. ჯერჯერობით, დაკავებული არავინაა, გიორგი გიუაშვილს ეჭვმიტანილის სტატუსი აქვს, ბესიკ ფოფხაძეს კი, სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა და თვალი აქვს დაზიანებული.