ეალურად გეგმავენ თუ არა ნაციონალები სამხედრო გადატრიალებას, რა იმპერატიული უფლებები აქვს პრეზიდენტს, რა _ პრემიერს და როგორ აფასებს პოლიტიკურ ვითარებას ვახტანგ ძაბირაძე
რამდენიმე კვირაა, საქართველოში მთავარი პოლიტიკური თემა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაპირისპირებაა. ვინ უფრო ძლიერია - გიორგი მარგველაშვილი თუ ირაკლი ღარიბაშვილი, ან ვის მეტი ძალაუფლება აქვს _ დანიშნულ პრემიერსა თუ არჩეულ პრეზიდენტს?! რა იმპერატიული უფლებები აქვს პრეზიდენტს; ვის და როგორ შეუძლია, გამოიყენოს კონსტიტუციის ორაზროვანი მუხლები და ვინ ისარგებლებს ამ კინკალობით ყველაზე მეტად - პირობითი ,,გამარჯვებული’‘ თუ ნაციონალური მოძრაობა? - ,,ვერსიის’‘ ამ კითხვებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე პასუხობს.
- დღევანდელი ვითარება ორ სახელისუფლო შტოს შორის ლიდერობის მცდელობაა. თუ ასე არაა, მაშინ ჩემთვის აუხსნელია, ან ერთი მხარე რას ცდილობს, ან - მეორე. ვერ ვხვდები, მათი მიზანი, კონკურენციის გარდა, რა შეიძლება იყოს. ეს არის ბრძოლა პოლიტიკური ლიდერობისთვის. პრეზიდენტს აქვს ბერკეტი, გააჭიანუროს მთავრობის რიგი გადაწყვეტილებები, მაგრამ მთავრობა ნამდვილად ვერ იტყვის, რომ რაღაც გადაწყვეტილების მიღებაში ხელი შეუშალა. ,,ოცნება’‘, 2 წელია ხელისუფლებაშია, მას რეიტინგი დაუვარდა და სავარაუდოდ, 2 წლის შემდეგ, თუ ძალაუფლებაზე ჩაბღაუჭებას არ ეცდება, არჩევნებს წააგებს. საერთოდ, ახალი ძალის გამოჩენის შემდეგ, დიდ მოლოდინს დიდი იმედგაცრუება მოსდევს და ეს ბუნებრივი პროცესია.
- ბატონო ვახტანგ, ყველაფერთან ერთად, ისიც ვერ გაგვირკვევია, საპარლამენტო მმართველობის ქვეყანაში ვცხოვრობთ თუ - საპრეზიდენტო?
- ჩემი აზრით, ეს შერეული მმართველობაა, სადაც დიდი აქცენტი საპარლამენტო მოდელზეა გაკეთებული. კონსტიტუცია თაროზე შემოსადები წიგნი კი არა, ქვეყნის ძირითადი კანონია ამაზე მხოლოდ ხელისუფლება კი არა, ყველა ერთად უნდა დავფიქრდეთ და კონსტიტუციასთან მიმართებაში ფრთხილად ვიყოთ. 2010 წელს ამ ახალი კონსტიტუციის მიღებას მთავრობის სახლთან 400-500 ადამიანი ვაპროტესტებდით და ვამბობდით, რომ ამ ტიპის კონსტიტუცია აუცილებლად წარმოშობდა დაპირისპირებას. დაპირისპირება ახლაცაა, როცა ხელისუფლებაში ყველგან ერთი გუნდია და წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ქვეყნის სათავეში სხვადასხვა პოლიტიკური გუნდი რომ მოსულიყო. დარწმუნებული ვარ, პრემიერი ისევ ივანიშვილი რომ ყოფილიყო, დღეს ეს ვითარება არ იქნებოდა. კულუარებიდან ვინ ვის რას კარნახობს, სხვა თემაა, მაგრამ ახლა ავანსცენაზე მაყურებელი მარგველაშვილსა და ღარიბაშვილს ხედავს. ეს ადამიანები კი დღეს ძალაუფლების მექანიზმებისა და კონსტიტუციური უფლებების გამო კი არ იბრძვიან, არამედ იმას არკვევენ, ვინ ვინაა და ვის რა პოლიტიკური წონა აქვს.
- ამბობთ, რომ ეს კინკლაობა წყალს უფრო პრეზიდენტის წისქვილზე ასხამს, ვიდრე - მთავრობის. იქნებ, ყველაფერი შეთანხმებული თამაშია, რომლის მიზანიც სწორედ მარგველაშვილის რეიტინგის აწევაა?
- თუ ასეა, ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო მოულოდნელობა და სტრატეგიულად სწორი სვლა იქნება და აი, რატომ: თუ 2016 წლის არჩევნებზე მთავრობის რეიტინგი დაბალი იქნება, მაშინ ხელისუფლებაში მისი ოპოზიცია უნდა მოვიდეს ანუ მარგველაშვილისგან იქმნება ოპოზიცია, რომელიც ხალხისთვის მისაღები უნდა იყოს და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. გამოდის, თუ ღარიბაშვილის რეიტინგი ამ 2 წელიწადში დაეცემა და ის პოლიტიკაში ვეღარ დარჩება, მაშინ დარჩება გიორგი მარგველაშვილი, თუმცა გულწრფელად გითხრათ, ქვეყნაში არსებული პოლიტიკური და ინტელექტუალური რესურსი ამის ფიქრის საშუალებას არ მაძლევს. ეს მეტად სწორად დაგეგმილი და რთული პოლიტიკაა.
- ასეა თუ ისე, ამ ვერსიას არსებობის უფლება ისევე აქვს, როგორც იმას, რომ მარგველაშვილი და ნაციონალური მოძრაობა ერთ ფლანგზე ვიხილოთ. სხვათა შორის, ნაციონალები ამ დავაში მხარს პრეზიდენტს უჭერენ...
- ნაციონალური მოძრაობა, დღევანდელი გადასახედიდან, 2016 წელს ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება; მეტიც, ალბათ, ანგარიშგასაწევი ძალაც ვეღარ იქნება, თან პარტიაშიც გარკვეული რყევები დაიწყო. არ ვიცი, მედიასთან ურთიერთობასა და ფინანსებს ვინ განაგებს, მაგრამ, თუ ნაციონალების ახალ სახეებს ეს ორი თემა უზრუნველყოფილი აქვთ, დიდი სისულელე ქნეს, როცა სარფში მიხეილ სააკაშვილთან გამოცხადდნენ. დღეს სააკაშვილის პოლიტიკურად ,,აკიდება’‘ წამგებიანია. ის კი, რომ ნაციონალები მხარს უჭერენ მაგალითად, მურმან დუმბაძეს და ცდილობენ პრეზიდენტის მხარდაჭერას, ისევ დუმბაძისა და პრეზიდენტის წინააღმდეგ მუშაობს. ნაციონალები ამ ,,მხარდაჭერით’‘ მათ კი არ ეხმარებიან, პოტენციური კონკურენტების ჩაძირვას ცდილობენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ჭკვიანურ პოლიტიკას ატარებენ. ,,ოცნება’‘ პრობლემის წინაშე დგას _ ხელისუფლება მთლიანად გადაიბარა და მესმის, ახლა ეკონომიკის ,,გადალაგებასაც’‘ დრო სჭირდება. მთავარია, ამ ერთ წელიწადში ეკონომიკის ,,გადალაგება’‘ მოხდება თუ ,,გადანაწილება’‘. ამ მხრივ გარდამტეხი 2015 წელი იქნება.
- ამ გარდატეხამდე, მოდით, გავარკვიოთ, რომელია ის იმპერატიული უფლებები, რაც პრეზიდენტს კანონით ენიჭება და რასაც ვერც პრემიერი შეეცილება და ვერც რომელიმე სამინისტრო?
- მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა. მათ პარლამენტი ნიშნავს, მაგრამ _ არ ირჩევს. კანონში არც ის წერია, 100-ჯერ რომ ჩააგდონ პრეზიდენტის კანდიდატურები, მერე რა მოხდება. სულ რომ უზენაესი სასამართლოს გარეშე დავრჩეთ, არც პარლამენტს და არც მთავრობას საკუთარი კანდიდატურის წარდგენის უფლება არ აქვს. ეროვნული ბანკის საბჭოსაც მთლიანად პრეზიდენტი წარადგენს, პარლამენტი კი ამტკიცებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტსაც საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს. რაც შეეხება მთავრობას, როცა მის მიმართ უნდობლობის გამოცხადება იწყება და პარლამენტი პრემიერ- მინისტრობის ორ კანდიდატურას აყენებს, მათგან ერთს პრეზიდენტი ირჩევს. თუ, დავუშვათ, დეპუტატების ხმები გაიყო, პრეზიდენტს შეუძლია, ორივე კანდიდატურაზე უარი თქვას და ამ დროს უკვე პარლამენტმა თავისი კანდიდატურა სამი მეხუთედით წარადგინოს, ორი მესამედით კი დაამტკიცოს. თუ ასე არ მოხდა, პრეზიდენტს უფლება აქვს, დაშალოს პარლამენტი. ასევე, ბიუჯეტის ჩავარდნის შემთხვევაში, თუ პარლამენტმა ვერც ბიუჯეტი მიიღო და ვერც მთავრობა გადააყენა, მაშინ პრეზიდენტს შეუძლია, დაითხოვოს პარლამენტი. მარეგულირებელი კომისიის წევრებსაც და პრეზიდენტსაც პრეზიდენტი ნიშნავს, თუმცა საინტერესოა, რომ თუ პრეზიდენტი პარლამენტში საყრდენს მოიძიებს, მას შეუძლია გამოიწვიოს ხელოვნური პრობლემა და ვთქვათ, დაიწყოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა, თუმცა საყრდენი რომც ვერ ნახოს და გარანტიები არ ჰქონდეს, ამით არაფერს აგებს.
- სამაგიეროდ, პარლამენტს შეუძლია მისი იმპიჩმენტი. რამდენად რეალურია, პრეზიდენტს მხარი ნაციონალებმა დაუჭირონ ან თუნდაც უმრავლესობაში ნახოს დასაყრდენი?
- ეს ამბიცია შეიძლება გაუჩნდეს, მაგრამ არ მგონია, მოიპოვოს გარანტირებული დასაყრდენი და მეორეც _ ნაციონალური მოძრაობის პარტნიორობა ისეთი ტვირთია, რომლის აწევა საქართველოში არავის შეუძლია, არც გიორგი მარგველაშვილს და არც ბიძინა ივანიშვილს. ამის თქმა სამწუხაროა, მაგრამ დღეს ნაციონალური მოძრაობა საძულველია და ხალხში ზიზღს იწვევს, ამიტომ მისი ,,გათეთრება’‘ ძნელია!
- ისეთი რა უნდა მოხდეს, რომ ნაციონალები მომავალი არჩევნების შემდეგაც პოლიტიკაში დარჩნენ - სააკაშვილს უნდა გაემიჯნონ, ახალი სახეები წამოწიონ?
- ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ქვეყანაში რაღაც კატასტროფა უნდა მოხდეს. ჩემი აზრით, არჩევნებით ამის გაკეთება გაუჭირდებათ. არ მგონია, მათ ე.წ. მაიდანი მოაწყონ. ხალხი ნაციონალებს, უბრალოდ, არ გაყვება, მხარდამჭერთა ის 20% კი, რომელიც ჰყავთ, ასეთ მასშტაბურ პროცესებში არაფერს ნიშნავს. ყველაფერი, რასაც ნაციონალები ოპოზიციაში აკეთებენ, ჭკვიანური და სწორია, მაგრამ ხალხში მათ მიმართ შეცვლილ დამოკიდებულებას მაინც ვერ ვხედავ. დღეს ისინი რაღაც მარგინალურ ძალად ყალიბდებიან, მათი იზოლაცია მიდის. ჯერჯერობით, დასავლეთისგან გარკვეული მხარდაჭერა, მედია და ფინანსები აქვთ, მაგრამ ყველაფერი რამდენ ხანს ეყოფათ, სხვა თემაა. არ ვიცი, რა უნდა მოხდეს, ნაციონალები ხელისუფლებაში რომ დაბრუნდნენ _ ალბათ, ამის ერთადერთი გზა შეიარაღებული გადატრიალებაა.
- როცა ორი წელია ხელისუფლებაში ხარ და მეუბნები, ისევ ნაციონალები მისმენენ, მასამართლებენ, მიჭერენ და მაწამებენ, მაშინ განა შეიარაღებული გადატრიალების საფრთხე რეალური არაა?
- ორი წელია ხელისუფლებაშია ,,ოცნება’‘ და გვეუბნება, რაღაც ისეთი აპარატურა აქვთ, ვერ ვიპოვეთო, არ ვიცი, ეს რას ნიშნავს! რით ვერ აღმოაჩინეს და მოაშორეს ეს აპარატურა?! ან საინტერესოა, მე რომ მეუბნები, მე რა ვქნა?! იმიტომ აგირჩიე, რომ ყველაფერი, რაც არ მომწონდა, აღმოფხვრა და, როცა ამას ვერ ახერხებ, ადექი და წადი!