საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო სანდოძეს გადაწყვეტილებით,„ჰაკიმ ფაშას“ სახელით გავრცელებული ვიდეომასალა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე მტკიცებულებად არის დაშვებული. გადაწყვეტილება მოსამართლემ ექსპერტ ლევან ჩაჩუას პროცესზე მიიღო. მოსამართლემ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, რომელიც აღნიშნული ვიდეომასალის მტკიცებულად დაუშვებლად ცნობას ითხოვდა, ვინაიდან მოსამართლის განცხადებით, მტკიცებულება კანონის დაცვით არის მოპოვებული და არ არსებობს რაიმე გარემოება, რის გამოც მასალა საქმეზე არ უნდა დაიშვას.
გარდა ამისა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მტკიცებულებად დაიშვა შსს-ს წარმომადგენლის როსტიაშვილის წერილი, რომლის შინაარსიც, როგორც პროცესზე აღინიშნა საიდუმლოა. ბრალდებულ ლევან ჩაჩუას ადვოკატები აღნიშნული წერილის მტკიცებულებად დაუშვებლობას მოითხოვდნენ.
საქმე ეხება მასალას, რომელიც ბრალდების მხარის პროკურორის, რევაზ ნადოის ინფორმაციით, ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას სეიფში ინახებოდა. პროკურორის თქმით, ფოტოებს ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზის დროს შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამმართველოს თანამშრომელი მიხეილ ყანდარელი იღებდა და მასზე გამოსახულია ადგილზე ექსპერტ ლევან ჩაჩუას ყოფნა. როგორც ნადოი ამბობს, ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოში კადრების აუთენტურობა დადასტურებულია.
19 მარტს ინტერნეტით გავრცელდა მასალა სახელწოდებით „სააკაშვილი მკვლელი“, მასალაში ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის, რაულ იუსუპოვის ცხედრების ფოტოები იყო გადაღებული. გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ფოტომასალა კი, YOUTUBE-ზე ჰაკიმ ფაშას სახელით აიტვირთა. საქმის გამოძიების ფარგლებში პროკურატურის შუამდგომლობით დაკავებულები არიან ჟვანიას დაცვის უფროსი კობა ხარშილაძე, დაცვის ცვლის უფროსი მალხაზ ძაძამია და ლევან ჩაჩუა.
ლევან ჩაჩუას საქმე ხარშილაძისა და ძაძამიას საქმეს გამოეყო და სასამართლოში მისი ცალკე განხილვა მიმდინარეობს. ლევან ჩაჩუამ, რომელიც სასამართლო პროცესს ესწრება, ნაფიცი მსაჯულების პირობებში მისი საქმის განხილვაზე უარი თქვა.
რაც შეეხება ძაძამიას და ხარშილაძის საქმის განხილვას, სასამართლო პროცესი 30 სექტემბრისთვის გადაიდო. პროცესის გადადების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ, საქმის მთავარი პროკურორის რეზო ნადოის გამოუცხადებლობის გამო დააყენა, რადგან ამ პროცესის პარალელურად, ამავე საქმეზე დაკავებული ლევან ჩაჩუას პროცესი მიმდინარეობს. პროცესის გადადებამ უკმაყოფილება გამოიწვია ბრალდებულებში.
ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსი, კობა ხარშილაძე ამტკიცებს, რომ პროკურატურა ცდილობს სასამართლო პროცესები გაწელოს, რადგან მათ მტკიცებულებები არ გააჩნიათ. ხარშილაძე ამტკიცებს, რომ პროკურატურა არა მარტო სხდომისთვის არ არის მომზადებული, არამედ ეს საქმე გამოძიებულიც არ არის. მისივე მტკიცებით, გამოძიება არ არის მზად იმისთვის, რომ სასამართლო პროცესები გაიმართოს.
ხარშილაძის ადვოკატის ბექა ბასილიას განცხადებით კი, სასამართლო ვერ მივიდა იმ მომენტამდე, რომ მოხდეს ეფ-ბი-აის დასკვნის დასაშვებობაზე მსჯელობა.
„პროკურატურა ცდილობს, რომ ეს დასკვნა დამალოს, თუმცა ყველამ იცის, რომ ეს დასკვნა არსებობს. ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა უბედური შემთხვევით, დანაშაული არ მომხდარა“, - აცხადებს ბექა ბასილია.
დაკავებული მიხეილ ძაძამიას ადვოკატის, გელა ქენქაძის განცხადებით,ის დაზიანებები, რომელიც სოციალურ ქსელში „ჰაკიმ ფაშას“ სახელით გავრცელდა, ჩანს, რომ არის ფოტოშოპი. ადვოკატი აცხადებს, რომ ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვს არანაირი სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები არ ჰქონიათ.
„ვნახე მასალები და ამ მასალებიდან ირკვევა, რომ არანაირი დაზიანებები მათ არ ჰქონიათ. ზურაბ ჟვანიას ტუჩზე იყო მხოლოდ პატარა დაზიანება, ისიც უმნიშვნელო. შესაბამისად, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ საქმეში უდანაშაულოა, რადგან ის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დროს თავის სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.
იმ დროს, როდესაც ძაძამია არ მუშაობდა, მისი სამსახურებრივ გულგრილობაში დადანაშაულება სრულიად უსაფუძვლოა. ზურაბ ჟვანიამ დაურეკა და სთხოვა, რომ მიეყვანა იმ ბინაზე - საბურთალოზე, სადაც შეხვედრებს მართავდა, მიიყვანა და წამოვიდა. შესაბამისად, მისი სამსახურებრივ გულგრილობაში დადანაშაულება სრულიად უსაფუძვლოა“, - განაცხადა გელა ქენქაძემ.
გარდაცვლილი პრემიერის ძმა, გოგლა ჟვანია კი, აცხადებს, რომ არის თუ არა ფოტოშოპი ინტერნეტით გავრცელებული კადრები, ამისთვის არსებობს ექსპერტიზა და ამის ავთენტურობა სასამართლოზე ძალიან მარტივად გამოჩნდება. მისივე განცხადებით, ყველა ის მასალა, რომელიც სასამართლოზე იქნება წარმოდგენილი, გადამოწმდება.
„რაცა შეეხება კობა ხარშილაძეს, ხარშილაძეს ბრალი ედება გულგრილობაში, ზურას გარდაცვალების საქმის გამოძიებიდან, საქმის ეს ნაწილი, ანუ გულგრილობა გამოყოფილია. როდესაც გადავალთ ძირითად საქმეებზე, ანუ არსებით განხილვაზე, იქ გამოჩნდება, გამოძიებულია თუ არა ეს საქმე და საერთოდ, ვის რა აქვს სათქმელი ამ საქმის გარშემო. ბრალდებულების გამონათქვამებზე კომეტარის გაკეთებაც არ მინდა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გოგლა ჟვანია.