თავდაცვის მინისტრის შეხვედრა აშშ-ის არმიის მდივანთან (ვიდეო)

თავდაცვის მინისტრის შეხვედრა აშშ-ის არმიის მდივანთან (ვიდეო)

საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის არმიის მდივანი ჯონ მაკჰიუ იმყოფება. დღეს, ამერიკელი სტუმარი თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიიღო.

მხარეებმა თავდაცვის სფეროში აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. არმიის მდივანმა აღნიშნა ამერიკისა და საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობა და მზადყოფნა გამოხატა, რომ აშშ თავდაცვის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობას კვლავ აქტიურად გააგრძელებს. მხარეები ევროპაში აშშ-ის არმიასა და საქართველოს შეიარაღებული ძალებს შორის არსებულ მჭიდრო  ურთიერთობასაც შეეხნენ. ხაზი გაესვა ქართველი ოფიცრებისა და სერჟანტებისთვის მომავალში საშტაბო ტრენინგების ჩატარების მნიშვნელობას.   

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება  აშშ-ის თავდაცვის მდივნის ჩაკ ჰეგელის საქართველოში ვიზიტზე გამახვილდა. ირაკლი ალასანიას თქმით, ამერიკელმა კოლეგამ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდასა და ნატოს უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტით განსაზღვრული მიმართულებების იმპლემენტაციაში მხარდაჭერა აღუთქვა.

განხილვის ერთ-ერთი თემა  რეგიონალური უსაფრთხოება და უკრაინის კრიზისი იყო. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაგმო ყირიმის ანექსია და რუსეთის აგრესია აღმოსავლეთ უკრაინაში. 

ყურადღება გამახვილდა ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაზეც. როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, ქართული სამხედრო კონტინგენტი 2015 წლიდან „გადამწვეტი მხარდაჭერის“ მისიაში ჩაერთვება. აშშ-ის არმიის მდივანმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს ქართველი სამხედროების მიერ ISAF-ის მისიაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა  აშშ-ის როლი  დაჭრილი ქართველი სამხედროების მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესში, ასევე, აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოში სარეაბილიტაციო შესაძლებლობების განვითარებაში.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და აშშ-ის არმიის მდივანმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

„ძალიან მოხარული ვარ რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების არმიის მდივანს ვმასპინძლობთ. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი თავდაცვის მიდვნის, ბატონი ჰეიგელის ვიზიტის შემდეგ. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ  იმ ორმხრივ თანამშრომლობაზე,  რომლის გაღრმავებაზეც  ბატონი ჰეიგელის  საქართველოში ვიზიტისას შევთანხმდით. ჩვენ ორმხრივი სამხედრო ურთიერთობების თანამშრომლობის ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს უკვე დაგროვილი.  ჩვენი სამხედროები სხვადასხვა სამხედრო ოპერაციებში ერთმანეთის მხარდამხარ იბრძვიან,  ერთმანეთის მიმართ უდიდესი ნდობა აქვთ. დღეს, დავუდასტურეთ ერთმანეთს, რომ ჩვენი ორი უწყება  ამ ურთიერთობების გაღრმავებას გააგრძელებს. განვიხილეთ რეგიონალური უსაფრთხოების  საკითხები, უკრაინაში შექმნილი ვითარება, განვიხილეთ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება, რომელიც  არა მხოლოდ მთელს რეგიონს,  მთელს მსოფლიოს უქმნის საფრთხეს; ვისაუბრეთ ამ გამოწვევებზე, ჩვენი საერთო, ერთობლივი  რეაგირების ფორმებზე.  მინდა, ასევე, განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ ორმხრივი თანამშრომლობა   ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ეხება. ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ჩვენს შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული. კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლიერების გრძნობით მივესალმო ამერიკის არმიის მდივანს საქართველოში და ვუსურვო დიდი წარმატება, იმიტომ რომ მისი წარმატება არის ჩვენი და ჩვენი ქვეყნების  წარმატება“ - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.

ამერიკის შეერთებული შტატები და განსაკუთრებით, ამერიკის არმია, დიდად აფასებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ პარტნიორობას. ჩვენი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები კოსოვოში, ავღანეთსა და ერაყში ერთმანეთის მხარდამხარ იბრძვიან. მინდა ღრმა პატივისცემა გამოვხატო დაჭრილი ქართველი სამხედროების მიმართ. ჩვენ ვეხმარებით მათ და ვაფასებ ქართველი ხალხის მზადყოფნას პროფესიონალურ დონეზე იზრუნოს დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებზე. მინდა, პატივი მივაგო იმ 29 ქართველ ჯარისკაცს, რომელიც ავღანეთში ბრძოლისას დაიღუპა. ასევე, ვაფასებ ქართველი ხალხის მიერ გაღებულ წვლილს ავღანეთში. იქ არსებული გამოწვევები არა მხოლოდ რეგიონალურ, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოებასაც უქმნის საფრთხეს. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ამ ბრძოლაში ჩაერთო.  ჩემი ვიზიტი ნათელი გზავნილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ამერიკული არმია საქართველოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს უკვე ათი წელია. როგორც თავდაცვის მდივანმა ჰეგელმა საქართველოში ვიზიტის დროს განაცხადა, ჩვენ მომავალში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა და პარტნიორობა გაგრძელდეს და განვითარდეს. ორივე ქვეყნის  სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით უფრო მეტი ერთობლივი წვრთნები ჩატარდება. ჩვენ თანასწორი პარტნიორები ვართ და არსებულ გამოწვევებს ერთობლივი ძალებით ვებრძვით. შეხვედრის დროს, განსაკუთრებით გამოვყოფდი თქვენს დამოკიდებულებას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. უკრაინაში არსებული მდგომარეობა საქართველოზეც ახდენს გავლენას. ჩვენ ერთობლივი ძალებით უნდა გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას. არსებული მდგომარეობა არც პრეზიდენტ პუტინსა და რუსეთის ფედერაციას მოუტანს დადებით შედეგს. მინდა მკაფიოდ განვაცხადო, საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებენ პარტნიორობასა და თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონში, ევროპასა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით მშვიდობისა და თავისუფლებისათვის. ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ნატოში სრული ინტეგრაციაა. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ნატოში გაწევრიანებას სრულად უჭერს მხარს“ - განაცხადა აშშ-ის არმიის მდივანმა ჯონ მაკჰიუმ.