პუბლიკაციაში, რომლის ავტორია აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში მცხოვრები ცნობილი ქართველი ჟურნალისტი მელორ სტურუა, გადმოცემულია „ნიუ-იორკ თაიმსში" ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გამოქვეყნებული სტატიის შინაარსი კომენტარებითურთ.
„დევნილი" მეშვიდე ნორთ-სტრიტიდან" - ასეთი სათაური აქვს ჯეისონ ჰოროვიცის რეპორტაჟს ნიუ-იორკის რაიონ ბრუკლინიდან, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის აშშ-ში ცხოვრების დეტალებია ასახული: „მასალა საკმაოდ საინტერესოა, ამიტომაც გადავწყვიტე, მკითხველისათვის შინაარსი მიმეწოდებინა, ჩემი დაკვირვება გამეზიარებინა და კომენტარები გამეკეთებინა", - წერს მელორ სტურუა.
„დევნილი" მიხეილ (მიშა) სააკაშვილი დღეს ნიუ-იორკში, ბრუკლინში, ნორთ-სტრიტზე ცხოვრობს. საქართველოდან გაქცეულმა ღუზა შეერთებულ შტატებში ჩაუშვა - უილიამსბურგზე მდებარე ერთ-ერთ ცათამბჯენში არსებულ ბიძამისის ბინაში. ამ რაიონში მდიდრები და ელიტა ცხოვრობს, რომლებმაც თავიანთი სიმდიდრე „მისტიკური სახით" დააგროვეს. ისევე, როგორც რუსმა ოლიგარქებმა. ბრუკლინი - ეს სააკაშვილისთავის ელბაა, მაგრამ არა წმინდა ელენეს კუნძული... იგი აქედან თბილისზე ლაშქრობას გეგმავს, რომელსაც ხშირად „აღმოსავლურ პარიზსაც" უწოდებენ", - აღნიშნავს ავტორი.
მიშას ყოველდღიური ცხოვრება ასეთია: მეგობრებთან კაფეში შეხვედრები, შემდეგ ველოსიპედით სეირნობა უილიამსბურგის ხიდზე, საღამოობით კი ისე მეგობრებთან - რესტორან „უაიტ"-ში. ნათქვამია, ვისაც რა დარდი აქვს, იმაზე ლაპარაკობს ან ყვირისო. მიშაც ლაპარაკობს (ყვირის) საქართველოზე, სადაც „შვილი და გვირგვინი დატოვა". ამ დღეებში იგი საქართველოსა და უკრაინაზე დარდობს - მისი აზრით, უკრაინის 2014 წლის მოვლენები საქართველოს 2008 წლის მოვლენებით უნდა აიხსნას. მოკლედ, ერთნაირი სცენარებიაო.
წონაში მომატების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი ძველებურად ცქვიტია. იგი ბომარშეს ფიგაროსავითაა - ხან აქ, ხან იქ... ამერიკის სპეცსამსახურმა მიშას მეტსახელად Energiser Bunny შეარქვა, რომლის მიხედვით Energiser-ის ბატარეებით დამუხტული კურდღლის ბაჭია Bunny ყველგან შეუსვენებლივ დახტის... ექს-პრეზიდენტი მანჰეტენზე მდებარე ქართულ რესტორნებსაც სტუმრობს, მაგალითად, „ოდა-სახლს" და „პეპელას". მე პირადად არცერთში ნამყოფი არ ვარ და არ ვიცი, მუსიკას უკრავენ თუ არა, და თუ უკრავენ, მღერიან თუ არა „პეპელას" - „ჩემო პეპელა, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდებიო". სიმღერის შინაარსის მიხედვით, გაუგებარია, რა უნდა ქნას პეპელამ. მიხეილ სააკაშვილი, თავისი სიმაღლის მიუხედავად, მე სწორედ იმ პატარა პეპელას მაგონებს ქართული ხალხური სიმღერიდან. იგი მშობლიური თბილისიდან გაფრინდა, მაგრამ უკან დაბრუნებაზე ოცნებობს, ალბათ, ტრიუმფატორის შარავანდედით. იგი ძალიან დიდხანს ფართხალებდა ამერიკული დემოკრატიის მინის ლამპადებში და ფრთები დაიჭრა. რაღაც მომენტში „მიშა-პეპელას" საკუთარი თავი „მიშა-შევარდენად" მოეჩვენა და უგუნურად ეკვეთა რუსულ დათვს, რისთვისაც პასუხი მიიღო. და აი, ახლა, მიშა ბრუკლინში იმყოფება, თავისი ცხოვრების რთულ გზაჯვარედინზე, რომელიც პოსტსაბჭოთა საქართველოსთვისაც ისტორიული გახდა. იგი მსოფლიოს უილიამსბურგის ცათამბჯენიდან უყურებს და თითქოს გვირილაზე მკითხაობს: „გავფრინდე-მოვფრინდე" და ბოლოს საკუთარ თავს ეკითხება: „რა ქნას საწყალმა პეპელამ?"
დამოუკიდებელ საქართველოს სამი პრეზიდენტი ჰყავდა - ზვიად გამსახურდია, ედურად შევარდნაძე და მიხეილ სააკაშვილი. დღეს ნაჩქარევად დაწერილ ისტორიაში სამივეს „ცუდ" პრეზიდენტად მოიხსენიებენ... მართლაც, მათ მიერ ჩადენილი ცოდვები იმდენია, რომ ვერ დათვლი. მაგრამ აქ წერტილს ვერ დავსვამთ, რადგან ისტორია გრძელდება... ისტორია ხომ ფრენსის ფუკუიამას ტრაქტატი არ არის. ვერავინ და ვერასდროს ვერ ამოშლის საქართველოს ისტორიიდან იმ ფაქტს, რომ სწორედ რეაქციულმა რომანტიკოსმა ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა. ვერავინ და ვერასდროს ვერ ამოშლის საქართველოს ისტორიიდან იმ ფაქტს, რომ სწორედ ედუარდ შევარდნაძემ - პარტმუშაკისა და „გარდაქმნის ოსტატის" საკვირველმა ჰიბრიდმა - გადაარჩინა ქვეყანა შიმშილსა და დაღუპვას... ვერავინ და ვერასდროს ვერ ამოშლის საქართველოს ისტორიიდან იმ ფაქტს, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილმა გაჭრა ქვეყნისთვის „ევროპულ-ამერიკული ფანჯარა". ისტორია ვერ ითმენს იმას, რომ ერთს ლაპარაკობენ და მეორეს წერენ. ისტორია ასეთ „რედაქტორებს" ყოველთვის სჯის და არასოდეს პატიობს.
არცერთ ზემოხსენებულ პიროვნებას საქართველოსთვის ცუდი არ სურდა. თითოეულ მათგანს სამშობლო თავისებურად უყვარდა. მე არავის არ ვამართლებ, ისინი ჩადენილ საქმეებში დამნაშავეები არიან... მაგრამ სანამ ხელში ქვებს ავიღებდეთ მათ ჩასაქოლად, გავიხსენოთ, რა წერია ბიბლიაში", - ასე ამთავრებს თავის სტატიას მელორ სტურუა.
http://www.mk.ru/politics/2014/09/21/misha-v-brukline-kak-saakashvili-zhivetsya-v-amerike.html