პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არის უნიათო, არაკომპეტენტური და ინფანტილური. დეპუტატს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი ჭკვიან და გონიერ ადამიანად მიაჩნია, მაგრამ მის სიბრიყვედ, ბიძინა ივანიშვილის გვერდზე დადგომას ასახელებს.
მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე for.ge გიორგი ბარამიძე-ს ესაუბრა:
მთავრობა პრეზიდენტს დაუპირისპირდა, საპარლამენტო უმრავლესობა კი, გიორგი მარგველაშვილს აკრიტიკებს. თქვენი შეფასებით, რა პროცესები მიმდინარეობს მმართველ გუნდში?
- კოალიციაში არიან პარტიები, რომელთაც დიამეტრალურად განსხვავებული ხედვები აქვთ. „თავისუფალი-დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ ევროატლანტიკური სვლის მომხრეები არიან, თოფაძე-ვოლსკის კატეგორიის ადამიანების განწყობა კი, იცით. საჯაროდ ტრიბუნიდან აცხადებენ, რატომაც არა, ევრაზიულ კავშირზე დავფიქრდეთო. როგორი პოლარული ადამიანები არიან, კი ხედავთ. ფაქტია, რომ ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილის ფულის გარშემო გაერთიანდნენ. ივანიშვილი კომიკური ფიგურა იქნებოდა, სახიფათო რომ არ იყოს. მის განცხადებებზე ადამიანი სიცილით გასკდებოდა, მაგრამ ვინაიდან, მას ფული აქვს - საშიშია. ამ კაცმა ისიც კი არ ისურვა, რომ შეწუხებულიყო და სამსახურში ყოველ დღე ევლო. ანუ, ისე ეცხოვრა, როგორც პრემიერ-მინისტრს. ბიძინა ივანიშვილს სურს, პროცესებს ზემოდან უყუროს. ამათაც თავის თავმოყვარეობა აქვთ და ზღვარი არსებობს, თუ როგორ შეიძლება პროცესები საკუთარი სახლიდან მართო. გუნდში შინაგანი დაძაბულობა არსებობს და ბუნებრივია, ეს ყველაფერი გარეთაც გამოვიდა. გიგა ბუკიამ თქვა, კარგად ვიცით, მიხეილ სააკაშვილი გმართავთო. რა არის ამაში გასაკვირი? - როცა გადაწყვეტილებების მიღება გვსურს, ერთად ვიკრიბებით, ვკამათობთ და ერთ პოზიციას ვაჯერებთ და არა ისე, რომ ივანიშვილივით სააკაშვილმა რაღაცეები შემოგვითვალოს. მმართველი გუნდი ივანიშვილის თანაშემწის - ღარიბაშვილის საშუალებით იმართება.
მმართველი გუნდის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი პროცესებს კულისებიდან არ მართავს და მიმდინარე პროცესებში არ ერევა, თუმცა, მას რჩევა რომ ჰკითხონ, გასაკვირი რა არის? ეს ადამიანები ხელისუფლებაში ყოფილმა პრემიერმა მოიყვანა და შესაბამისად, მის წინაშე ანგარიშვალდებულებასაც გრძნობენ...
- ეს არასწორი მიდგომაა. ხელისუფლების წამომადგენლები ვალდებულნი ხალხის წინაშე არიან, ანუ, ვინც ისინი აირჩია. შეიძლება, ივანიშვილის ღვაწლი ადამიანურად დააფასონ. უხეშად არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ როგორც იტყვიან, ყოფილმა პრემიერმა ეს ხალხი კაცად გახადა და გზაზე დააყენა, მაგრამ როცა ადამიანი გმართავს, ეს მიუღებელია. ადამიანს პატივს სცემ, როცა ის ისე გეპყრობა როგორც პიროვნებას და არა როგორც მონას. პოლიტიკას შემოთვლებით რომ წარმართავენ, ეს იმაზე მიუთითებს, რომ თვითონ ივანიშვილი არ თვლის ამათ საიმისოდ, რომ რაიმე ჰკითხოს. ამ პროცესებიდან ბევრი დასკვნის გაკეთება შეიძლება.
როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტს რატომ დაუპირისპირდა უმრავლესობა, პრობლემა მარგველაშვილშია თუ თავად გუნდში?
- იმიტომ, რომ მარგველაშვილმა გაბედა და იმ მცირე უფლებამოსილების შესრულება განიზრახა, რაც კონსტიტუციით ავალია. პრეზიდენტად იმიტომ ხომ არ აირჩიეს, რომ ივანიშვილის ხუშტურებზე იაროს? - კი ბატონო, ივანიშვილის ხათრით აირჩიეს და მისი ხელდასმულია, მაგრამ მარგველაშვილი პიროვნებაა და არა არარაობა. მარგველაშვილს დიდი ხანია კარგად ვიცნობ, ერთ დროს მეგობრებიც ვიყავით, ერთ გუნდშიც და მის დიდ სიბრიყვედ მიმაჩნია, რომ ივანიშვილის გვერდში დადგა, მაგრამ ის ძალიან ჭკვიანია და გონიერია. ივანიშვილი კი მას ფაქტიურად, არარაობად თვლის. როგორც კი, მარგველაშვილმა თითის გატოკება და კონსტიტუციური უფლება-მოვალეობის შესრულება სცადა, მას დაუპირისპირდნენ. ანუ, მთავარია ივანიშვილი და არა ის, თუ რა წერია კონსტიტუციაში?
ფაქტია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს ლაფს ასხამენ და კონსტიტუციას ფეხქვეშ თელავენ. კონსტიტუციით, პრეზიდენტი უმაღლესი მთავარსარდალია და საგარეო ასპარეზზე საქართველოს წარმოადგენს, მაგრამ თურმე, მას მთავრობამ უნდა განუსაზღვროს სად წავიდეს. როგორც კი, მარგველაშვილმა გაფაფხურება მოინდომა, იმ წუთას ივანიშვილის რისხვა დაიმსახურა. როგორც ჩანს, ყოფილ პრემიერს მარგველაშვილთან მიმართებაში განცდა ჰქონდა, რომ მისი მონა უნდა იყოს და მისი სიტყვების უპირობოდ შემსრულებელი. ეს ფაქტები კარგად აჩვენებს, ბიძინა ივანიშვილს თუ როგორი საქართველო უნდა. მართალი გითხრათ, მას პარლამენტზეც იგივე დამოკიდებულება აქვს.
ბიძინა ივანიშვილი ახსნას ცდილობს, „ნაციონალური მოძრაობა“ თუ რატომ არ აკრიტიკებს პრეზიდენტს. მისი მოსაზრებით, თქვენ გიორგი მარგველაშვილს ამბიციებს უღვივებთ და თქვენი სურვილია, მისი სახით ოპოზიციაში ძლიერი ფიგურა გადაიყვანოთ...
- ხშირად, ივანიშვილი ბევრს სისულელეს ამბობს. „ნაციონალური მოძრაობა“ ამაყობს იმით, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები შექმნა და მაქსიმალურად გააძლიერა. სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გაძლიერდა - ჯარი, პოლიცია, საბაჟო, საგადასახო სისტემა, პრეზიდენტის ინსტიტუტი და პარლამენტიც, რომელსაც არავინ პატივს არ სცემდა. შეიძლება, ყველა ინსტიტუტი გამართულად და კარგად არ მუშაობდა, ხარვეზი იყო, მაგრამ ვერავინ ვერ იტყვის, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ უპატივცემულობა იყო. რა გასაკვირია, რომ ხელისუფლებისგან ინსტიტუტების პატივისცემას მოვითხოვთ? მარგველაშვილი არჩეულიც კი არ იყო, როცა ვთქვით, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტების საშიშროება არსებობდა. ვინმეს მარგველაშვილი მოსწონს თუ არა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ინსტიტუტს რომ გავუფრთხილდეთ, ეს ჩვენი მოვალეობაა. ხვალ მარგვალაშვილი არ იქნება და პეტრიაშვილი იქნება, რა მნიშვნელობა აქვს ამას?! ქვეყანა სწორედ ინსტიტუტებზე დგას. სახელმწიფო ინსტიტუტებმა რუსულ აგრესიას გაუძლეს და არ ჩამოიშალა. არ შეიძლება, ინსტიტუტებს პატივი სახელის და გვარის გამო ვცეთ.
კოალიცია არის მყიფე და ჩვენი მიზანია, მათი სისუსტეები გამოვამჟღავნოთ. ანუ, ის დავადასტუროთ ფაქტებით, რაზეც წლების წინ ვსაუბრობდით. ამის ნათელი მაგალითია ივანიშვილ-მარგველაშვილის დაპირისპირება.
პრეზიდენტი ოპოზიციაში გადასვლას თავად გამორიცხავს, მაგრამ თქვენ ამის წინაპირობას ხედავთ?
- მარგველაშვილის აზრების ინტერპრიტრება ჩემი საქმე არ არის. არ მგონია, რომ მას დიდი ოპოზიციონერეობა გამოუვიდეს. ამას ბევრი სხვა რამ სჭირდება, რაც მარგველაშვილს არ აქვს.
მარგველაშვილს მაგალითად, რა არ აქვს?
- მას არასწორი პოლიტიკური ხედვა აქვს. მარგველაშვილს უნარი აქვს, საკუთარი ღირსება და თავმოყვარეობა დაიცვას, მაგრამ პოლიტიკური ხედვა არაწორი აქვს. პრეზიდენტი უტვინო ნამდვილად არ არის, პირიქით, გონიერი და ჭკვიანია. ასევე, მან იცის, მისი უფლებამოსილება რა არის და სად გადის ზღვარი. მარგველაშვილს უნარი აქვს, პრეზიდენტის ინსტიტუტი დაიცვას.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმებს, გუნდის გადახალისება 2016 წლამდე მოხდება?
- როცა 1-ელი ოქტომბერი - მწარე დღე გაგვინთენდა და დავმარცხდით, ვთქვით, რომ ამ მარცხს მხოლოდ ცუდი არ მოაქვს და თუ ძლიერი იქნები, საშუალება გექნება ის გამოასწორო, რაც ცუდი იყო. როგორც ორგანიზმი თავისუფლდება არასასურველი ნივთიერებებიდან, ასევეა პარტიაც. ჩვენი ამოცანაა, მარცხი იმისთვის გამოვიყენეოთ, რომ გადავხალისდეთ და რაც ცუდია, მოვიცილოთ. ჩვენგან ბევრი ვირთხა გაიქცა, რაც კარგია. როგორ ჩანს, ბევრი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მარტო იმიტომ იყო, რომ ხელისუფლებაში ვიყავით.
ერთი მხრივ, გუნდის გაჯანსაღებაზე საუბრობთ, მაგრამ მეორე მხრივ, თქვენს თანაგუნდელებს ბაჩო ახალაიასა და ვანო მერაბიშვილს გამოძიება მძიმე დანაშაულებში სდებს ბრალს. შესაბამისად, როგორ ფიქრობთ, ხალხი თქვენს შეცვლას და გაჯანსაღებას ირწმუნებს?
- ხალხი გონიერია. ჩვენ რომ ვთქვათ, ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია ჩვენი გუნდის წევრები არ არიან და იმას ხაზი გადავუსვათ, რაც მათ დადებითი გაუკეთებიათ, ეს იქნება არაკაცობა და თვალთმაქცობა. ჯერ ერთი, ეს ადამიანები ციხეში სხედან და პარტიის გადაწყვეტილებებში მონაწილეობას არ ღებულობენ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან ბევრი ახალი სახე გამოჩნდა და ზოგი წინ წამოვიდა, ზოგიც უკან.
თქვენს ხელისუფლებასთან სახელმწიფო ინსტიტუტების შენების, პარალელურად, ადამიანის უფლებების დარღვევა ასოცირდება. შესაბამისად, გგონია, რომ ეს ხალხს მალე დაავიწყდება?
- ჩვენი რეფორმების ნაკლი ზედმეტი სიმკაცრე იყო, რომელიც განსაკუთრებით არადაკვატური ბოლო ორი წლის მანძილზე იყო. თავიდან თვითმიზანი გვქონდა, რომ წესრიგი დაგვემყარებინა და ქაოსური ვითარება ამოგვეძირკვა. წესრიგი დავამყარეთ, მაგრამ მომენტი ვერ მოვზომეთ, თუ როდის უნდა მიგვეშვა პროცესი და ახალ რეალობაზე გადავწყობილიყავით.
„ნაციონალურ მოძრაობას“ დაუმარცხებლობის სინდრომი შეეყარა. ოპოზიცია გაანადგურეთ და გეგონათ, რომ უძლეველები იყავით...
- ალბათ, ეს სინდრომი შეგვეყარა, რადგან ბევრ გასაჭირს გავუძელით. მათ შორის რუსეთთან ომს. ასევე დაძლეული იქნა გარედან მართული აქციები და პროვოკაციური ქმედებების შეჩერება მოხდა. როცა ვამბობდით, რომ ნოემბრის აქციები გარედან დაიგეგმა, არ დაგვიჯერეს, მაგრამ ავსტრიულმა პრესამ დაწერა, რომ აქციების ნაწილს ქურდები აფინანსებდნენ. ძალაუფლება ვეღარ მოვზომეთ. ამ გადმოსახედიდან კი ვფიქრობ, რომ პროცესი უნდა მიგვეშვა იგივე ბიზნესთან მიმართებაში, მსუბუქ დანაშაულზე მკაცრები არ უნდა ვყოფილიყავით, ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ პირიქით, უფრო შემწყნარებლები უნდა ვყოფილიყავით. ხალხს მოვბეზრდით და გაბრზადა. ჩვენს მიმართ ნათქვამი იყო, რომ თითქოს, კაცის მკვლელები და სისხლის მსმელები ვართ. ოპონენტების ცილისწამებაზე კამპანია არასოდეს აგვიგია. შეიძლება, მეხუთე ელემენტი იყო, მაგრამ ძირითადად შენებაზე ვაკეთებდით ორიენტირს.
შევარდნაძეს ჩვენც ვახსენებდით, მაგრამ „ქართული ოცნების“ მთავარი არსი „ნაციონალური მოძრაობის“ ლანძღვა-გინებაა, რასაც ყავლი უკვე გაუვიდა. ეტყობა, ხალხს ეს უკვე მოსწყინდა. რამდენი ხანი შეიძლება გვაგინონ? რაღაცეებში დამნაშავე ვართ და პასუხი 1-ელ ოქტომბერს ვაგეთ. ფაქტია, რომ მმართველი გუნდი კოლაფსისკენ მიემართება, რაც ივანიშვილის დამსახურებაა, რადგან როგორც ჩანს, მას სხვანაირად მართვა აღარ შეუძლია. ჩვენი განადგურება უნდოდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. როცა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და გენერალურ მდივანს დაგიჭერენ, რა პრულარიზმზეა ლაპარაკი? ჩვენ მსგავსი რამ, არ გაგვიკეთებია.
თუმცა, ბატონო გიორგი, პოლიტიკოსობა იმუნიტეტი ხომ არ არის, თუ ადამიანებმა დანაშაული ჩაიდინეს, მათ პასუხი არ უნდა აგონ?
- არასოდეს არ გვითქვამს, რომ გამოძიება არ აწარმოონ. ადამიანები გამოძიების პროცესში რატომ ჰყავთ ციხეში?
როგორც საგამოძიებო უწყება ამბობს, იმ მიზნით, რომ მათ მოწმეებზე ზემოქმედება არ მოახდინონ...
- რა ზემოქმედება შეიძლება მოახდინოს უგულავამ, რომელსაც არანაირი ბერკეტი არ აქვს?! ბაჩო ახალაია ციხეში ცხრა თვის ნაცვლად, ორი წელია უკვე ზის და საგამოძიებო პროცესი მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს?
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების დაკავება, ეს ხალხის დაკვეთაც იყო. უარყოფთ ამას?
- გეთანხმებით, საზოგადოების იმ ნაწილის დაკვეთა შეასრულეს, ვინც ესენი აირჩია. სწორედ ეს არის პოლიტიკური მოტივი და არა სიმართლის დადგენის მიზანი. გახმაურებულ საქმეებს რატომ არ იძიებენ? - მათ იციან, რომ თუ სასამართლო ჩატარდება, დადასტურდება, რომ ჩვენზე რა სიბუნძურებსაც ამბობდნენ, ტყუილი იყო. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ტყუილებით მოვიდა, პუტინის სქემით.
ეს ხელისუფლება არის უნიათო, არაკომპეტენტური და ინფანტილური. 2016 წელს, გაცილებით მეტი პროცენტი გვექნება, „ქართული ოცნება“ კი საკუთარ რეიტინგს მკვეთრად შეიმცირებს. ხალხი დაფიქრდება, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეცდომები დაუშვა, ბნელი ნაწილებიც იყო, მაგრამ ქვეყანაც ვითარდებოდა. ხალხმა დაინახა, რომ ამათ გაცილებით მეტად ვჯობივართ. იდეალურ ფიგურას, იცნობთ? ასეთი მხოლოდ უფალი იყო, რომელიც ადამიანებმა დაიწუნეს, რაღაც შარი მოსდეს და ჯვარს აცვეს. როგორ შეიძლება, იდიალურობაზე პრეტენზია გვქონდეს?! ხალხი სწორ და ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
ის ერა დასრულდა, როცა ერთი პარტია ბევრ ხმას იღებდა. მიხეილ სააკაშვილი 96 პროცენტმა აირჩია, მაგრამ ეს ისტორიაას ჩაბარდა და კარგიც არის.