არასაპარლამენტო პარტიები, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, ოქტომბრიდან გააქტიურდებიან
საზაფხულო პაუზის შემდეგ პოლიტიკური პროცესები აქტიურ ფაზაში შედის _ პრეზიდენტსა და პრემიერს, ასევე პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთობა ჩიხში შევიდა, აქტუალობას არ კარგავს კითხვა - ვის ენიჭება უპირატესობა საგარეო ვიზიტებზე გამგზავრების შესახებ. ირკვევა ისიც, რომ უელსის სამიტზე პრეზიდენტმა მინისტრებს რამდენიმე შეხვედრაზე დასწრების შესაძლებლობა არ მისცა, ,,ქართული ოცნების’‘ პოლიტსაბჭომ მურმან დუმბაძე პარტიიდან გარიცხა, რასაც შესაძლოა აჭარაში ფრაქციის დაშლა მოყვეს, პარლამენტშიც უმრავლესობასა და უმცირესობას შორის დებატები პიკს აღწევს, მინისტრები ნაციონალების შეთქმულებებზე საუბრობენ... არასაპარლამენტო ოპოზიცია კი არსად ჩანს. არადა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გაპროტესტებას ჯონდი ბაღათურია შემოდგომაზე მასობრივი საპროტესტო აქციებით აპირებდა. 2014 წლის ივნისში გაჟღერებულ მის განცხადებასაც შეგახსენებთ: ,,ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები „ქართული ოცნების“ განაჩენი იყო. ესენი ძალაუფლებას ვეღარ შეინარჩუნებენ. ამათი უსამართლო მმართველობა შემოდგომაზე დაემხობა’‘. დაპირებული შემოდგომაც დადგა, თუმცა დღეს ჯონდი ბაღათურია, რომელიც ნინო ბურჯანაძის მიერ შექმნილ კოალიციაშია, ,,ვერსიასთან’‘ საუბრისას აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების გამართვა თვითმიზანი არ არის და უახლოეს მომავალში პრემიერთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და უმრავლესობასთან შეხვედრას შეეცდება, რათა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად თარიღის დანიშვნა მოითხოვოს.
მისი განცხადებით, უახლოეს მომავალში ნინო ბურჯანაძის ირგვლივ შექმნილი კოალიციის დაშლაც არ იგეგმება: ,,ამ ეტაპზე, კოალიციის დაშლის საფუძველი არ არსებობს. პარტიებს საამისო განწყობას ნამდვილად ვერ ვატყობ. რაც შეეხება პოლიტიკურ აქტივობას, მართალია არც ზაფხულში ,,გვეძინა’‘, მაგრამ მომავალში ბუნებრივია, უფრო გავაქტიურდებით. სხვათა შორის, ზაფხულში სამეგრელოსა და აჭარაში მოსახლეობასთან საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრები გავმართეთ. ახლა პოლიტიკაში ის დროა, როცა პოლიტიკური და სამართლებრივი ბრძოლა ყველაზე მნიშვნელოვანია - კოალიციის დაშლის პროცესი დაწყებულია, შიდადაპირისპირება ზედაპირზე ჩანს. ეს კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტია, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოვითხოვოთ. საქართველოს პარლამენტი ფუნქციას ვერ ასრულებს. პირიქით, რეალობასა და საზოგადოებას აბსოლუტურად მოწყდა და პოლიტიკური იმპოტენტი გახდა. ვფიქრობ, ამ ფონზე ჩვენი მოთხოვნა წარმატებული იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის განვითარება საბოლოოდ შეჩერდება. უახლოეს მომავალში აუცილებელია უმრავლესობის წარმომადგენლებს, ასევე პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შევხვდეთ, რათა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოვთხოვოთ, სავარაუდოდ, ეს ოქტომბერში უნდა მოხერხდეს. პარალელურად, აუცილებელია საარჩევნო რეფორმის გატარებაც. საპროტესტო აქციები ჩვენი თვითმიზანი არ არის, მაგრამ, თუ მეტი დამაჯერებლობისა და პოლიტიკური ზეწოლისთვის ხალხის ქუჩაში გამოყვანაა აუცილებელი, ამ პროცესს მხარს აუცილებლად დავუჭერ. არა მგონია, ნინო ბურჯანაძეს განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს’‘. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნის დღის წესრიგში დაყენებას გეგმავენ ლეიბორისტებიც. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა მიიჩნევს, რომ ქვეყანას უუნარო პარლამენტი ჰყავს. რამდენად უნარიანია თავად ოპოზიცია? ამ კითხვას, რიგით მეორე ლეიბორისტი ამგვარად პასუხობს: ,,შალვა ნათელაშვილი და პარტია პოლიტიკურად ყოველთვის აქტიურად მუშაობს. ლეიბორისტები პოლიტიკური პროცესების მიღმა არასოდეს ვყოფილვართ, განსაკუთრებით სოციალურ საკითხებზე. ახლაც რეცეპტებით წამლების გაცემას ვაპროტესტებთ. ნათელაშვილი ცოტა ხნის წინ აშშ-ში, სენატში იმყოფებოდა, სადაც საარჩევნო რეფორმებზე რამდენიმე პროექტი წარადგინა. სამომავლოდ კი, ჩვენი ამოცანაა, ქვეყანაში ხელისუფლების უპასუხისმგებლობით გამოწვეული კრიზისი დასრულდეს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. მანამდე, აუცილებელია საარჩევნო კოდექსის რეფორმა, რათა გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა შედეგები კვლავ არ გააყალბონ’‘. ,,ვერსიის’‘ კითხვაზე, ხომ არ აპირებს ლეიბორისტული პარტია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ნინო ბურჯანაძის კოალიციასთან ერთად ბრძოლას, გიორგი გუგავა პასუხობს, რომ სხვა პარტიებთან გაერთიანებაზე არ ფიქრობს. ჯერჯერობით, ფიქრის პროცესში არიან ახალი მემარჯვენეები, თუმცა პარტიის ლიდერის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, დაახლოებით ერთ კვირაში პოლიტიკურ ასპარეზზე გააქტიურებას გეგმავენ: ,,ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ამ ეტაპზე, სწორედ მისი შედეგებს ვაფასებთ და გეგმებს ვსახავთ. გასააზრებელია ქვეყანაში არსებული ვითარებაც, თუმცა ქართულ პოლიტიკაში იმდენად ქაოსია, მკაფიო პოზიციის ჩამოყალიბება მარტივი სულაც არ არის; ბოლო პერიოდში პოლიტიკური მოვლენების შეფასებაზე უარი არ გვითქვამს, უბრალოდ, თავად ჯერ არ გვიცდია აქტიური ქმედებები, თუმცა უახლოეს ხანში, შესაძლოა 22 სექტემბრიდანაც, გააქტიურებას ვგეგმავთ. უმჯობესი იქნება, დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბროთ’‘.
საგარეო მიმართულებით გააქტიურებას გეგმავენ ეროვნულ- დემოკრატები. ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, საზოგადოებაში ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების იდეის პროპაგანდა აუცილებელია: ეროვნულ- დემოკრატები პოლიტიკურ პროცესებში პასიურობას არ ვაპირებთ. პოლიტიკური პარტიის მოღვაწეობა კონკრეტული იდეოლოგიის სამსახურია. ჩვენთვის პარტია კარიერისა და ცხოვრების კომფორტულად მოწყობას არ ნიშნავს. ედპ-ს პრინციპი ქვეყნის უსაფრთხოებაზეა აგებული, რისთვისაც საქართველოს ნატო- ში გაწევრიანებაა აუცილებელი. მომავალში სწორედ ამ ხედვის პროპაგანდას ვგეგმავთ. ამასთან, გვინდა, იგივე იდეოლოგიის პარტიები საერთო პოზიციაზე ჩამოყალიბდნენ. შიდაკონკურენცია გარდაუვალია, მაგრამ დასავლურ კურსზე დამყარებული პარტიები, როგორც მინიმუმ, კოორდინირებულად უნდა ვმოქმედებდეთ. საქართველოს სხვა არჩევანი არ აქვს _ ნატო ათავისუფლებს, კრემლი - იპყრობს. ქვეყნის ისტორიიდან გამომდინარე ვერ წარმოვიდგენდი თუ გაჩნდებოდნენ ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ რუსეთთან დაახლოების აუცილებლობაზე ისაუბრებდნენ. საბედნიეროდ, ისინი ცოტანი არიან. თუმცა ამ მიმართულებით მოქმედება აუცილებელია. სექტემბრის ბოლო რიცხვებიდან ამ მიმართულებით პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას ვგეგმავთ. კონკრეტულად კი, ჯერჯერობით, არ ვისაუბრებ’‘. აქტიურ პოლიტიკაში რჩება ყოფილი ვიცე- სპიკერი პაატა დავითაიაც, რომელიც ხელისუფლებასა და ნაციონალურ მოძრაობას ტელევიზიების გაკონტროლებაში სდებს ბრალს: ,,თუ ტელევიზიით არ ვჩანვარ, არ ნიშნავს, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე არ ვაქტიურობ. პირიქით, თითქმის ყველა პროცესს ვეხმაურები, დიპლომატიურ კორპუსს ვხვდები, რამდენიმე დღეში ამერიკის საელჩოში დაგეგმილი მაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრები... უბრალოდ, ეს ყველაფერი არ პიარდება. ტელევიზიების ერთ ნაწილს ,,ქართული ოცნება’‘, მეორეს ნაციონალები აკონტროლებენ. პოლიტიკური დებატებიც მხოლოდ მათ შორის იმართება, თუმცა პირადად მე ეს პროცესი მახარებს. ორივე პოლიტიკური ძალა დეგრადირების გზას დაადგა: ,,ქართული ოცნება’‘ იშლება, ნაციონალები კი ჩაიკეტნენ და ირგვლივ არაფერს ამჩნევენ. ასეთი პოლიტიკური ვითარება ბიძინა ივანიშვილმა შექმნა, რაც დიდხანს ვერ შენარჩუნდება’‘. რაც შეეხება საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გეგმებს, ამჟამად ირმა ინაშვილი და დავით თარხან- მოურავი ევროპაში ვიზიტით იმყოფებიან, პარტიაში კი აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. ამ მიზნით, მალე პატრიოტთა ალიანსს ახალი სახეები შეემატება. ერთი სიტყვით, ისღა დაგვრჩენია, მოვლენების განვითარებასა და არასაპარლამენტო ოპოზიციაში პოზიციის ჩამოყალიბებას დაველოდოთ.