მმართველი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, ლევან ბერძენიშვილს მიაჩნია, რომ გაერო-სთან დაკავშირებით მოქმედებაში არცერთი მხარე არ იყო კორექტული, მაგრამ არსით მართალი პრემიერი იყო. მისი თქმით, გაერო-ში პრემიერი უნდა წავიდეს, რადგან არსით საქართველოს დირექტორი - პრემიერია.
დეპუტატის განცხადებით, პრეზიდენტი გუნდიდან არ უნდა გაირიყოს და მხარეებმა რამენაირად საერთო ენა უნდა გამონახონ. ამას გარდა, კანონმდებელს მიაჩნია, რომ მარგველაშვილი ჭკვიანია, მაგრამ მას ნაკლი აქვს, რომ გამოუცდელია.
თუ რომელი ორი მიზეზის გამო ვერ გადავა გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციაში? - ამას for.ge-ს ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც ლევან ბერძენიშვილთან ჩავწერეთ:
მინისტრები პრეზიდენტს დაუპირისპირდნენ და აცხადებენ, რომ გიორგი მარგველაშვილი მათ არ ესალმებათ, ხელს არ ართმევთ და ა.შ. ფაქტია, რომ მხარეებს შორის დაძაბულობაა, მაგრამ იქნებ, თქვენ გვითხრათ, რა ხდება მთავრობასა და პრეზიდენტს შორის?
- ვინ ვის არ მიესალმა, ეს საკანონმდებლო პრობლემა არ არის. კონსტიტუციურად უფლებამოსილებების გამიჯვნა უნდა მოხდეს, რადგან ყველას უმაღლესი განათლება აქვს და ბავშვები არ არიან, მაგრამ საკუთარი უფლებები ყველას თავისებურად ესმის. როგორც იურისტები ამბობენ, პრეზიდენტს საკუთარი ვალდებულებები ისე არ ესმის, როგორც კონსტიტუციაში წერია. 2010 წელს, როდესაც კონსტიტუცია იქმნებოდა, ის მოხდა, რაც ხშირად ჩვენისთანა ჩამორჩენილ ქვეყანაში ხდება. კონსტიტუციამ ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მოდელი გაითვალისწინა, რომელიც ისტორიულად არ მოხდა. ანუ, მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი ვერ გახდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ გაემარჯვა და სააკაშვილი პრემიერი გამხადრიყო, პრეზიდენტის სახელი და გვარი ხალხს არ ეცოდინებოდა, რადგან ის არანაირ პრობლემას არ შექმნიდა. კონსტიტუციაში პირდაპირ ჩადებულია წინააღმდეგობა მთავრობასთან. შევეცადეთ რაღაცეები გაგვესწორებინა, მაგრამ არ გასწორდა. კონსტიტუციაში არ წერია, რომ გაერო-ში პრემიერი მიდის, მაგრამ ეს იკითხება. ასევე წერია, რომ პოლიტიკას პარლამენტი შეიმუშავებს და მთავრობა ახორციელებს. არსად არ წერია, რომ პრეზიდენტი პოლიტიკას აყალიბებს. ამასთანავე, წერია, რომ ის ქვეყნის პირველი პირი კი არის, მაგრამ საგარეო პოლიტიკაზე მთავრობას უნდა დაეკითხოს. პრეზიდენტმა ვინმესთვის ხელის ჩამორთმევა საგარეო მინისტრს არ უნდა ჰკითხოს, მაგრამ სად წავიდეს და სად არა, ეს უნდა იკითხოს. უელსის სამიტზეც ასე მოხდა. პრეზიდენტი წავიდა და მთავრობაც თან ახლდა.
თუმცა, მინისტრები ამბობენ, რომ პრეზიდენტი მათ ცუდად სწორედ უელსის სამიტზე ექცეოდა...
- გაუგებარია, მაგრამ ამ საქმეში ვერ ჩავერევი. ამ თვალსაზრისით მინისტრებს ვენდობი. კანონით, პრეზიდენტი სააკაშვილივით ისეთი მძლავრი არ არის. წინამორბედები სხვა გაქანების და სხვა დონის ფიგურები იყვნენ, ვის მოსწონს და ვის არა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ მარგველაშვილი პოლიტიკაში ჯერ არც სააკაშვილია, არც შევარდანაძე და არც გამსახურდია. მარგველაშვილი პირდაპირ პრეზიდენტი გახდა, მას სხვა პოლიტიკური თანანმდებობა არ ჰქონია და ასე არ ხდება ხოლმე. სააკაშვილი უმრავლესობის ლიდერი და მინისტრი მაინც იყო. პრეზიდენტი გუნდიდან არ უნდა გაირიყოს და რამენაირად საერთო ენა უნდა ვიპოვოთ. კონსტიტუცია ისე უნდა მოვაწყოთ, რომ მან იცოდეს, სად უნდა წავიდეს და სად არა. მართალი გითხრათ, მსგავსი პრობლემები ნიქსონთან იყო. მასზე ამბობდნენ, არ მომესალმა, ხელი არ ჩამომართვა, ქედმაღლურად შემხედა და ასე შემდეგ. ამ მხრივ, არც პირველი ვართ და არც უკანასკნელნი. უცნაურსაც ვერაფერს ვიზამთ. ერთხელ მსოფლიო გავარკვირვეთ, როცა ხალხს პარლამენტის თავმჯდომარე ავარჩევინეთ. ჩვენი წილი კურიოზები გვაქვს.
არსებული ვითარებიდან გამომდინარე, პრობლემები ვისშია - მარგველაშვილში თუ, ღარიბაშვილში?
- პრობლემა იყო დემეტრაშვილში, რომელმაც ასეთი კონსტიტუცია მიიღო, პრობლემა კანონშია. პრეზიდენტი, რომელსაც არანაირი უფლება არ აქვს, სახალხო გზით არჩეულია. არჩევნების მიხედვით, ღმერთია, რეალური ძალაუფლებით დეპუტატის დონეზეც კი არ არის, რადგან საკანონმდელო ინიციატივის წარდგენის უფლებაც კი არ აქვს. მთელ ქართველ ხალხს მეც რომ ავერჩიე, იმის დაჯერება მეც გამიჭირდებოდა, რომ რეალურად არაფერი შემიძლია. ვინც კონსტიტუციას წერდა, მან თქვა, რომ პრეზიდენტი არავინ არ არის, მაგრამ თან დაწერა, ვითომ არის და რაღაც ფუნქციები აქვსო. ომის შემთხვევაში, პრეზიდენტის ფუნქციები სერიოზულია, მაგრამ სამიტზე ვინ წავა, ეს სადავო არ არის. გაერო-სთან დაკავშირებით მოქმედებაში შეიძლება არცერთი მხარე არ იყო კორექტული, მაგრამ არსით მართალი პრემიერი იყო. გაერო-ში პრემიერი უნდა წავიდეს. არსით საქართველოს დირექტორი დიახ, პრემიერია, რომელიც აღჭურვილია ვიზიტებით. კონსტუტიტუციას თუ ვინმე გულდასმით წაიკითხავს, იტყვის, რომ მარგველაშვილის ძალა და გავლენა ერთი პროცენტია, ხოლო ღარიბაშვილის 97 პროცენტი. „რესპუბლიკელები“ საპარლამენტო მოდელს ვგულშემატკვრობთ და ვფიქრობ, რომ საქართველოს ძლიერი პრეზიდენტი არ სჭირდება. ამ წუთას არ ჰყავს, მაგრამ არც მომავალში სჭირდება. ქვეყანას გამართული და სერიორული კანონები სჭირდება და არა ძლიერი პრეზიდენტი. ძლიერები გვყავდნენ და კი იცით, რა დღეში ვართ.
ფაქტია, რომ ხელისუფლებამ გუნდში არსებული პრობლემები შიგნით ვერ მოაგვარა და ურთიერთბრალდებები საჯაროდ ისმის. გიორგი მარგველაშვილი, რომელიც საზოგადოების ფართო მასებისთვის ცნობილი ფიგურა არ იყო, კანდიდატად დააყენეთ და მას მხარი 63 პროცენტმა დაუჭირა. ამჟამად კი, გვესმის, რომ თურმე, პრეზიდენტმა საგანელიძეს შვილის დაბადება არ მიულოცა და ამიტომ ის შეიცვალა. საზოგადოებას რას ეუბნებით, უკაცრავად, მარგველაშვილი „მოგვწონდა და ახლა აღარ მოგვწონს“? არ ფიქრობთ, რომ ხალხს მოსწინდა ეს კინკლაობა?
- ჯერჯერობით კატასტროფა რომ სახელისუფლებო სტრუქტურები დაინგრა, არ არის, მაგრამ ეს ყველაფერი საფიქრალია და ეს სარგებლობას არც ქვეყანას არ მოუტანს და არც რომელიმე თანამდებობას. გამარჯობას ვინ ვის არ ეუბნება, ეს ნუ გაგიკვირდებათ. უნივერსიტეტის რექტორის არჩევის წესზე აზრი გამოვხატე, ეს ერთ-ერთ დეპუტატს არ მოეწონა და არ მომესალმა. ასე ვერ ვიცხოვრებთ. თქვენთან არ მოვირბინე და ეს არ გითხარით, მაგრამ საგანელიძემ თქვა, პრეზიდენტმა ასე გააკეთაო, მე კი ოჯახის წევრებს ვუთხარი. ეტყობა, ყველას ჩემი მოთმინება არ აქვს, მაგრამ ვინც არ ესალმება და იპრანჭება, უნდა დაფიქრდეს, რადგან პრეზიდენტობა ასე არ არის. ხალხმა რომ აგირჩია, საქმე არ არის საგანელიძეს გამარჯობა არ უთხრა.
პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილს თუ შეხვედრიხართ? თქვენთან მიმართებაშიც შეცვლილია?
- დასაკვირვებლად არ მინახავს, მაგრამ როცა ვნახე, ცუდი ვერაფერი შევატყვე. მე რომ მკითხოთ, მარგველაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატი არ იყო. ჩემთვის რომ ეკითხათ, ვიტყოდი, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ სხვანაირად გადაწყდა და ახლა უნდა მივხედოთ, რომ არ გაირიყოს.
პრეზიდენტის ოპოზიციაში გადასვლას გამორიცხავთ?
- ორი მიზეზის გამო გამოვრიცხავ. პირველ რიგში, ის პოლიტიკოსი არ არის, მას უნდა რომ იყოს, მაგრამ ამას დრო სჭირდება და მეორე, მას პარტია არ ჰყავს. პარტიის შემქნას დრო სჭირდება, კანონით კი, პრეზიდენტს პარტიის შექმნის უფლება არ აქვს. ამიტომ, ოპოზიციაში როგორ უნდა გადავიდეს? მაგაზე ცოტა უფრო მსოფლიო სახელიანი რომ იყო სააკაშვილი და ოპოზიციაში იყო, რა მოიგო? გიორგი მარგველაშვილს თუ აქვს ნაკლი ისაა, რომ ის გამოუცდელია, თორემ, ის ძალიან ჭკვიანი კაცია. ვინმეს არ ეგონოს, რომ საკითხებში ვერ გაერკვევა. ხელი უნდა შევუწყოთ, რომ ასეთი განვითარება არ მოხდეს, თორემ, საფრთხე, რომ ნაციონალებს შეეკვრება და ა.შ. სასაცილოა.
თუმცა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალების მიზანია, მარგველაშვილი ოპოზიციაში გადაიყვანონ და ამის მიზნით, მას პოლიტიკურ ამბიციებს უღვივებენ...
- ამას ნაციონალები რომ ცდილობენ, რა არის გასაკვირი? - დიახ, ცდილობენ და სიტუაციის ისე დახატვა უნდათ, რომ თითქოს, წერა-კითხვაში ვერ ერკვევიან და კონსტიტუციის ვერ კითხულობენ. კონსტიტუციით ვის რა უფლებამოსილება აქვს, ძალიან კარგად იციან. აბა, პრემიერი სააკაშვილი ყოფილიყო და პრეზიდენტს რაიმეზე ხმის ამოღება ეცადა, წარმოგიდგენიათ, რას იზამდნენ? ამდენ დროს მსოფლიოს არცერთი საზოგადოება არ დახარჯავდა არც მარგველაშვილზე და არც მითუმეტეს მურმან დუმბაძეზე.
რამდენად მართებულად მიგაჩნიათ ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც პრეზიდენტად მარგველაშვილი მოიყვანა, ერთი წლის თავზე მას დაუპირისპირდა და აკრიტიკებს, პრემიერს კი აქებს?
- მერე რა მოხდა? - ივანიშვილი არის ერთი მოქალაქე, რომელსაც რაც უნდა, იმას იტყვის. ივანიშვილი სახელისუფლებო ბერკეტებს არ ფლობს. თუ ლევან ბერძენიშვილს საექსპერტო ცოდნას ეკითხებიან, დიდი ამბავი, რომ აზრი ივანიშვილს ჰკითხეს. კაცს, რომელმაც ქვეყანა გადაარჩინა. ფატალური საუბარი, რომ ქვეყანას ბიძინა მართავს გაზვიადებულია. ყველამ ხმა უნდა ჩაიკმინდოს და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა ლაპარაკობდეს? - ასე არ გამოვა. რატომ გგონიათ, რომ ივანიშვილმა ხმა უნდა ჩაიკმინდოს? მას ვინ გააჩუმებს, ან რატომ უნდა გაჩუმდეს? ლევან ბერძენიშვილი და მურმან დუმბაძე არ ვჩუმდებით და ივანიშვილი რატომ გაჩუმდება?
ოპონენტები ამბობენ, რომ ხელისუფლებაში პოლიტიკურ კრიზისს ამჩნევენ. მათ პოზიციას იზიარებთ?
- მმართველ გუნდში პოლიტიკური კრიზისი იქნებოდა, პრეზიდენტს ხელისუფლების ბერკეტი რომ ჰქონოდა. კაცს ძალაუფლება მართლა არ აქვს. რაც აქვს, ნეტა, ღმერთმა იმის განხორციელების უნარი მისცეს, ამ ადგილზე თავის თავი იპოვოს. რაიმე გსმენიათ, რომ 90-იან წლებში პოლიტიკურმა კრიზისმა ჩეხეთი მოსპო? ჩეხეთის პრეზიდენტი იყო არა მარგველაშვილი, რომელიც კარგი კაცია, მაგრამ გამოუცდელი პოლიტიკაში, არამედ ვაცლავ ჰაველი, ხოლო პრემიერი ვაცლავ კლაუსი. მათ შორის, ზუსტად ის დამოკიდებულება იყო, რაც ჩვენთან არის. პრეზიდენტს ჰაველს გაცილებით მეტი უფლებამოსილება ჰქონდა, მაგრამ მათ შორის კინკლაობა იყო, თუმცა, იქ საქმე ხელის არჩამორთმევამდე არ მისულა, მაინც ევროპაა... ჩეხეთში საახალწლოდ დებატები იყო იმაზე, ხალხისთვის პირველად თუ ვის უნდა მიელოცა. პრემიერი, პრეზიდენტი და რელიგიის წინამძღოლი ერთად გამოვიდნენ, მაგრამ ჰაველმა მილოცვა მაინც მოასწო და ამაზე მთელი ერი მოკვდა სიცილით. მოვლენების არასწორად მიწოდება ხდება, რომ თითქოს, ეს ყველაფერი დამანგრეველია.
პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არსებული დაპირისპირების მიზეზებს ვეძებ და მახსენდება, რომ გიორგი მარგველაშვილს პარლამენტში, თებერვალში, მთავრობა არ მოჰყვა. ასევე მის გამოსვლას ტაში დეპუტატებმა არცერთხელ არ დაუკარით, რომ გკითხეთ, რატომ? - მიპასუხეთ, რომ პომპეზურობა არ გსურდათ, მაგრამ როცა უწყებას პრემიერი ესტუმრა, მას ტაში და ოვაცია არ მოაკელით. ასევე, ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის დროს, საკანონმდებლო ორგანოში მარგველაშვილი არ დაპატიჟეთ. არ ფიქრობთ, რომ პრეზიდენტის მხრიდან გაუცხოებას ხელი თქვენც შეუწყვეთ?
- კონსტიტუციით, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას მთავრობა არ უნდა დაესწროს. ხომ ხედავთ, რაღაცეებში ვერ ერკვევა და დაიჯერებს, რომ მთავრობის დირექტორია, რაც ასე არ არის. კონსტიტუციონალისტი რომ ვიყო, მთავრობას ვეტყოდი, რომ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას არ დაესწრონ, რათა არ იფიქროს, რომ უფროსია. ფიქრობს, გონია, არ უნდა დაიჯეროს კონსტიტუციაში რა წერია. მეორე მხრივ, მის მიმართაც არ არის საღი დამოკიდებულება. რომ ეშლება, უნდა გავუსწოროთ და არა ის, რომ შეკრულია სხვასთან, ცუდია და აშ. პრობლემა მოსაგვარებელია. გიორგი მარგველაშვილთან არის პრობლემები, არის მომენტები როცა ის ადამიანურად მართალია, მაგრამ სასახლეში შესვლა პოლიტიკურად არასწორია.