„აშშ-ში უკვე მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილებები“

„აშშ-ში უკვე მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილებები“

უკრაინა, როგორც ნატო-ს არაწევრი ქვეყანა, აშშ-ის მთავარი პარტნიორის განსაკუთრებულ სტატუსს არ მიიღებს. განცხადება ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა გააკეთა. ბარაკ ობამას განცხადებით, უკრაინას უკვე აქვს აშშ-სთან თანამშრომლობის მსგავსი სტატუსი. უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკო ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის უარი განპირობებულია იმით, რომ უსაფრთხოებისა და თავდაცვით სფეროში თანამშრომლობა უფრო მეტია, ვიდრე ნატო-ს წევრობის გარეშე მთავარი პარტნიორის სტატუსი. უკრაინის პირველი პირი აცხადებს, რომ უკრაინამ უფრო მეტი მიიღო, ვიდრე სთხოვეს.

უკრაინასთან დაკავშირებით ბარაკ ობამას განცხადება არ ნიშნავს ავტომატურ უარს, რომ აშშ-ის მთავარი მოკავშირის სტატუსს საქართველოც ვერ მიიღებს. ვინაიდან, საქართველო და აშშ ერთმანეთთან ორმხრივ ფორმატში ურთიერთობენ -სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში, გარდა ამისა, არსებობს ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილებებიც, სადაც საქართველომ მიიღო არსებითი პაკეტი. ეს პაკეტი კი, საქართველოს საშუალებას აძლევს, რომ ორმხრივად იმუშაო ნატო-ს ყველა პარტნიორ ქვეყანასთან, ამიტომ თანამშრომლობა გაგრძელდება.

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, აშშ-ში პოლიტიკური გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია იმის თაობაზე, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა ამაღლდეს. მისივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების ფარგლებში გათვალისწინებულია ბევრი საკითხი, მათ შორის მოძველებული ვერტმფრენების პარკის განახლება. 

„აშშ-ის თავდაცვის მდივნის მიერ ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის დროს გაკეთებული განცხადება, გაუხსნან საქართველოს მოთხოვნების შესრულების შესაძლებლობა, ნიშნავს, რომ აშშ-ში უკვე მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილებები, ამაღლდეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა. მათ შორის ერთ-ერთია ვერტმფრენების გადმოცემა-შესყიდვის საკითხი, რომელიც ჩვენ ძალიან გვჭირდება.

ბუნებრივია, ეს არის ჩვენი საჰაერო პარკის განვითარების და განახლების გეგმასთან შესაბამისობაში. არის სხვა საკითხებიც, რომელთა გადაწყვეტას უახლოეს პერიოდში ველოდებით. მთავარია, არსებობს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მეტყველებს, რომ აშშ ჩაერთვება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში“, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ. 

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ალექსი პეტრიაშვილ არ იზიარებს ოპონენტების განცხადებას, რომ უკრაინასთან მიმართებაში აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება ნიშნავს, რომ აშშ-ის მთავარი მოკავშირის სტატუსს საქართველოც ვერ მიიღებს. პეტრიაშვილი for.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ ასეთი მიდგომები ვაშინგტონში არ არსებობს.

პოლიტიკური გადაწყვეტლება მიღებულია იმის თაობაზე, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა ამაღლდეს. უკრაინასთან მიმართებაში აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება ნიშნავს, რომ აშშ-ის მთავარი მოკავშირის სტატუსს საქართველოც ვერ მიიღებს, როგორც ამაზე თქვენი ოპონენტები საუბრობენ?

ალექსი პეტრიაშვილი: არ ვიზიარებ მათ განცხადებას, ასეთი მიდგომები ვაშინგტონში არ არსებობს. პირიქით, ძალიან სერიოზულ, მნიშვნელოვან და სტარტეგიულ თემებზე ვსაუბრობთ. გვაქვს მსჯელობა და გვინდა, რომ ამერიკელ პარტნიორებთან ყველა ძირითადი მიმართულებით - თავდაცვისუნარიანობის, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა იყოს. შეიძლება ვიღაცას ამის სურვილი ჰქონდეს, შეიძლება ამის სურვილი არც ჰქონდეს, მაგრამ პოლიტიკური პოზიცია აიძულებდეს მას ამგვარი განცხადების გაკეთებას. გარწმუნებთ, რომ ვერავითარი შეფერხება საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კუთხით, ვერ მოხდება.

ჩვენც ვისურვებთ, რომ დემოკრატიზაციის პროცესში კიდევ უფრო მაღალ მწვერვალებს მივაღწიოთ, ვირდე ახლა გვაქვს, მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავს, რომ თუ არ იქნება შემდგომი პროგრესის დემონსტრირება მაშინ, რაღაცა შეფერხებები მოხდება. რეალაურად სადაც იყო შეფერხება, ეს იყო 2008 წლის ომის შემდეგ. მართლაც არაფორმალური სანქციები იყო და ყველამ კარგად იცის.

აშშ-დან შეიარაღების მიღებაზე არ იყო თანხმობა. არავითარი დასაბუთებული და დამტკიცებული სანქციები არ ყოფილა, მაგარამ არც ე.წ. მწვანე შუქი არ იყო იმისათვის, რომ საქართველოსთვის შეიარაღების გადმოცემა ან შესყიდვა მომხდარიყო. ვთვლი, რომ დღეს ეს შეზღუდვები მოხსნილია. ამ სფეროში ჩვენ შეფერხება არ გვაქვს.

თავდაცვის მინისტრის შეფასებით, აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არის დამოუკიდებელი...

- თანაც, თუ დავაკვირდებით შემდგომ რეაქციებს, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩვენ იმაზე მეტიც მივიღეთ, ვიდრე ვითხოვდით. ამის უკან რა დგას, რა არის კონკრეტული მოლაპარაკების შედეგი, ალბათ, ეს ახლო მომავალში გამოჩნდება და აისახება უკრაინის სტაბილურობაზე, უკრაინის სუვერენიტეტის განმტკიცებაზე და მისი ევროპული არჩევანის უზრუნველყოფაზე. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აშშ-ი არის საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი.

სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, ყველაფერი კეთდება აშშ-ის ადმინტრაციისა და საქართველოს ხელისუფლების მიერ. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გარდა ამ კანონპროექტისა, აშშ-ის პრეზიდენტმა არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ საქართველოს, მოლდოვას, უკრაინას უნდა აღმოუჩინონ კონკრეტული დახმარება საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, მათი თავსებადობის ასამაღლებლად.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ნატოს სამიტის მეორე დღესვე გააკეთა განცხადება, რომ აშშ-ი განაგრძნობს აქტიურ მხარდაჭერას საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის და საქართველოს თავდაცვითუნარიანობის ამაღლებისთვის. ეს ყველაფერი ერთ სიბრტყეში უნდა განვიხილოთ და არა როგორც ცალკეულად აღებული კანონპროექტი, რომ თითქოს, რაღაცა გარღვევა იყოს ჩვენს შორის ურთიერთობებში. ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკის და იმ სტრატეგიული ურთიერთობის, რომელიც აშშ-სა და საქართველოს შორის არსებობს.

რაც შეეხება კანონპროექტს, რომელიც სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობ თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავა, მაგრამ როგორ ფიქრობთ, კონგრესის მხარდაჭერას ჰპოვებს ეს კანონპროექტი?

- შესაძლოა კონგრესმა მიიღოს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს გადასაწყვეტი იყო აშშ-ის ადმინისტრაციის. მე ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან სერიოზულად და აქტიურად ვითარდება სტრატეგიული მიმართულებებით თანამშრომლობა. ბუნებრივია, ვისურვებ კიდევ უფრო მეტს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ძალიან გეგმაზომიერად და ძალიან ინტენსიურად მიდის მუშაობა ორი ძირითადი მიმართულებით - საქართველოს თავსებადობა ნატოს შეიარაღებულ ძალებთან, საქართველოს ნატოში გაწევრიანების დაჩქარება და ასევე საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში რუსულენოვანი ამერიკის ხმისა და რადიო თავისუფლების მაუწყებლობის პრიორიტეტულობას. 10 მილიონი დოლარი გამოყოფა სამი წლის განმავლობაში ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ. საქართველოს ოფიციალურად დეკლარირებული აქვს, რომ უნდა გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა, ასევე გაცხადებული გვაქვს, რომ არ გვინდა დაძაბული ურთიერთობა რუსეთთან, რამდენად სწორი იქნება ამის ფონზე რუსულ პროპაგანდაში ჩართვა?

- ეს პრობლემა გაცილებით უფრო მწვავედ იდგა და აშკარად გამოჩნდა უკრაინაში, ძალიან მძაფრად იყო მოლდივაში. მათი გამოცდილება და ჩვენი საკუთარი წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე, შევიმუშავეთ კომუნიკაციის სტრატეგია, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ საზოგადოებამ მიიღოს სიმართლე და არ იკვებებოდეს მითებით, რომელიც მიმართულია ევროკავშირის და ნატოს წინააღმდეგ.

იმისათვის, რომ ჩვენი მიზნები განვახორციელოთ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე, რა არის ჩვენი მიზნები, საითკენ მიდის ჩვენი ქვეყანა და არ გახდეს იმ პროპაგანდისტული მანქანის მსხვერპლი, რომელიც გაცილებით უფრო დახვეწილია, ვიდრე ეს იყო საბჭოური წლების „საუკეთესო“ პერიოდში. ამიტომ, ცალსახად ძალიან მნიშვნელოვანია ეს მხარადაჭერა ჩვენთვის.