როგორ აიძულეს პროკურორმა ინგა გოგიამ და გამომძიებელმა ირაკლი გოჩიაშვილმა ლაშა ფირცხალაიშვილს არჩადენილი დანაშაულის აღიარება
ბოლო დროს გახშირებული კრიმინალური ფაქტების ფონზე, შსს-მ გადაწყვიტა, პატრულირება გაამკაცროს. პარალელურად, ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობოები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ რჩევებს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენი მიხვრა-მოხვრა პატრულს ,,გონივრულ ეჭვს” გაუჩენს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას განცხადებით, ე.წ. რეიდების შედეგები ძალიან კარგია და საზოგადოება პოზიტიურად და დადებითად აღიქვამს. “ეს არ არის რეიდები, როგორც საბჭოთა რეალობისთვის იყო ცნობილი, არ არის 20 წლის განმავლობაში ძველ პოლიციის შესახებ კანონში ჩარჩენილი რეგულაცია. ეს არის სრულიად ახალი, სპეციალური საპოლიციო კონტროლი, რომელიც შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. ამ რეგულაციის შემოღების დროს ხანგრძლივი დებატები გვქონდა პარლამენტში, რათა მომხდარიყო ადამიანის უფლებების მაქსიმალური დაცვა. ეს ემსახურება პრევენციულ ღონისძიებებს, რომ თავიდან იქნას აცილებული ყველანაირი დანაშაული და სამართალდარღვევა. პოლიციელები ამ ღონისძიებას მაქსიმალური სიზუსტით და კანონის დაცვით ასრულებენ”, - აცხადებს იზორია.
საქმე, რომელზეც ,,ქართულ სიტყვას” ადვოკატმა რუსუდან ქორჩილავამ უამბო, პოლიციელების თავნებობას ეხება, რის გამოც სრულიად უდანაშაულო ადამიანმა საპატიმროში რამდენიმე წელი გაატარა. ამასთან, ფინანსურად და მორალურადაც დაზარალდა. აღსანიშნავია, რომ ეს ინციდენტი ხელისუფლების შეცვლამდე მოხდა და იმედია, აღარასოდეს განმეორდება.
ლაშა ფირცხალაიშვილი ვაგზლის ტერიტორიაზე მდებარე დუქანში დაცვის სამსახურის თანამშრომლად მუშაობდა. 2010 წლის 22 სექტემბერს, გვიან ღამით, მთვრალ მოქეიფეებს შორის ჩხუბი და აყალმაყალი ატყდა. ფირცხალაიშვილმა სამსახურეობრივი მოვალეობა შეასრულა - მოჩხუბრები გარეთ გაიყვანა, დააშოშმინა და ისევ ე.წ. სარდაფული ტიპის დუქანში მიბრუნდა...
როგორც ჩანს, ხმაურით შეწუხებულმა მაცხოვრებლებმა პოლიციაში დარეკეს და დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს მეოთხე განყოფილების თანამშრომლები - ირაკლი იოსავა და თორნიკე სურმავა მყისიერად შემთხვევის ადგილზე გაჩნდნენ, მაგრამ რატომღაც დამნაშავეებს კი არა, დაცვის თანამშრომელს ეცნენ...
დუქანთან ,,ავერსის” აფთიაქია, რომელსაც სათვალთვალო კამერები აქვს. ჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ დაცვის თანამშრომელი სარდაფიდან ამოდის, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ ერთ პოლიციელს ხელში პისტოლეტი უჭირავს და ტარით ლაშას ურტყამს, რომელიც თავზე ხელებს იფარებს. მეორე პოლიციელი კი, ამხანაგს იარაღს ართმევს და დაცვის თანამშრომელს მანქანისკენ მიათრევს... ლაშა ფირცხალაიშვილი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზეზით დააკავეს.
საქმეს დიდუბე-ჩუღურეთის ამავე განყოფილების გამომძიებელი ირაკლი გოჩიაშვილი იძიებდა. ინციდენტის მონაწილე პოლიციელები საქმეში ფიგურირებდნენ, როგორც დაზარალებულები, თან ცრუ ჩვენებას იძლეოდნენ - ამბობდნენ, რომ ჟილეტები ეცვათ და, წინააღმდეგობის გაწევის დროს, ფირცხალაიშვილმა ტანზე შემოახიათ. სინამდვილეში, იმ საღამოს ცხელოდა და ყველას მოკლესახელოიანი მაისური და პერანგი ეცვა.
სასამართლოზე დაცვის მხარემ, კანონის შესაბამისად, სათვალთვალო კამერის ჩანაწერი წარადგინა, მაგრამ ჩანაწერი არც სახელმწიფო ბრალდების მხარეს უნახავს და არც - სხვა ვინმეს. პროკურორმა ინგა გოგიამ კი აგდებულად განაცხადა: ,,აქ კინოდარბაზი არ მაქვს, რომ ფილმები ვნახო, ან დადეთ საპროცესო, ან ექვს წელს მივცემ!”
ყველასთვის ნათელი იყო, რომ არსებობდა უდავო მტკიცებულება, რაც ლაშა ფირცხალაიშვილის დანაშაულს აქარწყლებდა, მაგრამ პროკურორი ინგა გოგია და გამომძიებელი ირაკლი გოჩიაშვილი, ლაშასგან დანაშაულის აღიარებას, სამი თვის განმავლობაში, დაჟინებით ითხოვდნენ, თან ემუქრებოდნენ. იმაზეც კი წავიდნენ, რომ ლაშას დედაზე ზემოქმედება მოახდინეს - იცოდნენ, ლაშა ავადმყოფი დედის ნერვიულობას ერიდებოდა... დედა-შვილი ერთმანეთს შეახვედრეს და დედამ შვილს გარიგებაზე წასვლა სთხოვა. ამან გატეხა ლაშა და იძულებული გახდა, გარიგებას დასთანხმებოდა.
ოჯახს მოკრძალებული შემოსავლები ჰქონდა, ფულს სხვა გზით ვერ გადაიხდიდნენ. ამიტომაც, ერთადერთი საცხოვრებელი სამოთახიანი ბინა ბანკში ჩადეს, რომ საპროცესო გარიგების ხუთი ათასი ლარი გადაეხადათ. გარკვეული დროის მერე, ბინა დაიკარგა, რადგან ოჯახმა ბანკის ვალი ვერ გადაიხადა.
5 ათასი ლარი საპროცესო გარიგება და წელიწადნახევარი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დანგრეული და ქუჩაში დარჩენილი ოჯახი - ასეთია ლაშა ფირცხალაიშვილის ამბის დასასრული.
მართალია, ის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ შეწყალებულთა რიგებში აღმოჩნდა და ბრალიც მოეხსნა, მაგრამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ, სრული რეაბილიტაცია გადაწყვიტა - იმედი ჰქონდა, რომ სამართლიანობის აღდგენის ეგიდით მოსული ახალი მთავრობა მის საქმეს გადახედავდა, სადაც აბსოლუტური უდანაშაულობის მტკიცებულება არსებობს.
როგორც ადვოკატი რუსუდან ქორჩილავა ამბობს, მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექცია თავიდან ამ საქმით დაინტერესდა - დაკითხა მოწმეები, ტელეკომპანია ,,იმედმა” სიუჟეტიც მოამზადა, მაგრამ საქმე ამის იქით არ წასულა.
“დღესაც არავის აინტერესებს უსამართლოდ დასჯილი მოქალაქის შელახული თავმოყვარეობა, პოლიციელებიც, პროკურორიც, მოსამართლეც - ყველა ადგილზე არიან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში პროკურატურა მოქალაქის კი არა პოლიციის ინტერესებს იცავდა”, - ამბობს ლაშა ფირცხალაიშვილის ადვოკატი რუსუდან ქორჩილავა და დასძენს, - “ეს ტენდენცია შენარჩუნებულია - პროკურატურა დღესაც პოლიციის ინტერესებს იცავს. მართალია, პროკურატურას ბევრი რეზონანსული საქმე აქვს გამოსაძიებელი, მაგრამ ხომ არ შეიძლება, ცალკეული პიროვნებების უფლებები ამ გახმაურებული საქმეებით ილახებოდეს? ამ ხალხის უკან ხომ ოჯახები, მეგობრები, ახლობლები დგანან, ანუ ისინი, ვისაც პოლიტიკოსები ელექტორატს ეძახიან და მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როცა საარჩევნო ყუთებს ამზადებენ!”
იმის გასარკვევად, აღნიშნულ საქმეში მონაწილე პოლიციელები უწყებაში ისევ მუშაობენ თუ არა, “ქართული სიტყვა” შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ნინო გიორგობიანს დაუკავშირდა. “ფაქტზე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებდა. იოსავა აღარ მუშაობს სამინისტროში”, - განაცხადა გიორგობიანმა.