“თამარ სანიკიძე პრემიერს ატყუებს!.. განათლების სფეროში მარაზმი გრძელდება!”

“თამარ სანიკიძე პრემიერს ატყუებს!.. განათლების სფეროში მარაზმი გრძელდება!”

პროფესიული განათლების პროფკავშირისთავჯდომარე, „ეროვნული პროფესიული საბჭოსწევრი დენის დავითაშვილი განათლების მინისტრის მუშაობით უკმაყოფილოა და პრემიერ-მინისტრ თამარ სანიკიძის გადაყენებას ურჩევს:

 

- პირველ სექტემბერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ფინანსთა  სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა. ამ პროექტს გავეცანი და გავვოცდი - იმის მაგივრად, რომ პროფესიული განვითარებისთვის საბიუჯეტო ასიგნებანი მომატებულიყო, ანუ 28 მლნ ლარი გაზრდილიყო, თამარ სანიკიძემ მისი სამმილიონნახევრით შემცირება გადაწყვიტა, თუმცა ჩემი გაოცება ამით არ დასრულებულა. სამი წელია, განათლებისა და ფინანსთა სამინისტროების მესვეურებისგან ვითხოვ, ბიუჯეტი ისე არ მიიღონ, თუ გეგმა თითოეული კოლეჯის მიხედვით არ იქნება შედგენილი და ამით ნათლად გამოჩნდება, როგორ ითვლიან განათლების სამინისტროს მუშაკები კოლეჯებისთვის აუცილებელ თანხებს... სხვათა შორის, 8 კოლეჯს სასწავლო სახელოსნო არ აქვს, რის გარეშეც ხარისხიანი და პროფესიული განათლების მიღება წარმოუდგენელია. ასე იყო თუ ისე, ბოლოს, დიდი ბრძოლის შემდეგ, მივაღწიე, რომ 2015 წლის ბიუჯეტში, განათლებისთვის სარეაბილიტაციო თანხა, რომელიც მხოლოდ 20 მილიონი ლარია, ცალკე გამოყვეს.

- ბატონო დენის, 20 ილიონი საკმარისი არაა?

- განათლების მინისტრმა და მის მიერ დანიშნულმა განათლების ხარისხის ეროვნული მართვის ხელმძღვანელმა, ელენე ჯიბლაძემ ეროვნული საბჭო უხეში კანონდარღვევებით გაუგებრად დააკომპლექტეს, განათლების ე.წ. ექსპერტები დაიქირავეს, რომელთა სახელი და გვარიც აქამდე არავის გაუგია. ამ არაკომპეტენტურმა ადამიანებმა, ერთობლივი ძალისხმევით, ავტორიზაცია იმ კოლეჯებს მიანიჭეს, რომლებშიც შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არ არსებობს. ასევე, არაა დამტკიცებული პროფესიული სტანდარტები, რომლითაც პროგრამები უნდა შემუშავებულიყო. ყველაფერ ამის გარეშე კი ავტორიზაცია სრული ბლეფია. აგერ, მეორე წელი გადის და, პროფესიულ განათლებაში 2012 წელს შექმნილი პრობლემები უფრო ღრმავდება და ეჭვგარეშეა, რომ სამინისტროს ხელმძღვანელობა დარგის პრობლემებში ვერ ერკვევა. სანიკიძისა და განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ჯიბლაძის წყალობით, პროფესიული განათლება უფსკრულისკენ მიექანება! სახელმწიფო კოლეჯების განვითარებისა და მათთვის ინფრასტრუქტურული, სასწავლო მასალების, პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით არაფერი კეთდება და ამაში, თუ კოლეჯებს დაათვალიერებთ, თავადაც დარწმუნდებით! დიახ, სარეაბილიტაციო სამუშაოებს 20 მილიონი არ ეყოფა.

ხალხი ახალი ხელისუფლებისგან, პირველ რიგში, სამართლიანობის აღდგენას ელოდა. სანიკიძე პირობას დებდა, რომ უმუშევრად დარჩენილი მასწავლებლები კოლეჯებს დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ ეს დაპირება დაპირებად დარჩა.

სხვათა შორის, თამარ სანიკიძის სურვილით, პროფესიული განათლების კოლეჯებში სწავლა 5 ნოემბერს იწყება და ეს მაშინ, როცა ყველა სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი სწავლას 15 სექტემბერს იწყებს. ეს ხომ საჯარო და კერძო კოლეჯების დისკრიმინაციაა?

- კოლეჯებში სწავლა 5 ნოემბერს რა მოტივით იწყება?

- საჯარო პროფესიულ კოლეჯებში საბუთების მიღება 6 სექტემბერს იწყება და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. ამის გამო, საუკეთესო ნაკადი უმაღლეს სასწავლებლებში წავა, დანარჩენი კი, პირდაპირ კერძო კოლეჯში მივა, რადგან გამოცდების ეშინია და ფულის გადახდას ამჯობინებს. ყველაზე სუსტები მოდიან სახელმწიფო კოლეჯებში, რის გამოც კოლეჯების ხელმძღვანელები და მასწავლებლები უკმაყოფილონი არიან, მაგრამ ხმას არ იღებენ, რადგან სამსახურის დაკარგვის ეშინიათ. ზოგი კი ხმას იმიტომ არ იღებს, რომ დირექტორების კონკურსის ჩატარება არ აწყობს. ყველაფერ ამის გამო, პროფესიულ კოლეჯებში განათლების ხარისხი ძალიან დაბალია.

- დღის წესრიგში სახელმწიფო კოლეჯების გაუქმების საკითხიც ხომ არ დგას?

- ვხვდები, სანიკიძე და მისი მოადგილე ყველაფერს აკეთებენ, რომ სახელმწიფო კოლეჯების ავტორიტეტი დაკნინდეს, რის შემდეგი ეტაპიც, ალბათ, ის იქნება, რომ სახელმწიფო კოლეჯების დაფინანსება კერძო კოლეჯებზე წავა. ეს ბიზნესია. თავის დროზე, შაშკინისა და ბენდუქიძეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების წყალობით, 4 საუკეთესო პროფესიული კოლეჯი, საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან არასამეწარმეო არაკომერციულ პირად ჩამოყალიბდა, შესაბამისად, ბიუჯეტიდან დაფინანსებაც შეუწყდათ. სასწავლებლების დაფინანსებაზე უარი კოლეჯის 50%-იანი წილის მფლობელმა კახა ბენდუქიძემ განაცხადა. ასეთი გაურკვეველი მდგომარეობის გამო, კოლეჯებში სტუდენტების მიღება შეჩერებულია და ამ კოლეჯებს გაუქმება ელით, მაგრამ თამარ სანიკიძე ამაზე არ ფიქრობს.  გაუგებარია, თუ რა სამართლებრივი და მორალური უფლება აქვს ყოფილ სახელმწიფო მინისტრს, რომ სახელმწიფოს ის არ დაუბრუნოს, რაც თავის დროზე უკანონოდ წაართვა, თან ისე, რომ ერთი თეთრიც არ გადაუხდია? დარწმუნებული ვარ, თუ ამ საქმით შესაბამისი ორგანოები დაინტერესდებიან და გაარკვევენ, რის საუძველზე გაფორმდა ეს ხელშეკრულება, ძალიან ბევრ ადამიანს საქმე ცუდად წაუვა. ამიტომ ჯობია, ამ ადამიანებმა წართმეული ქონება ნებით დააბრუნონ.

- ბატონო დენის, რამდენიმე უნივერსიტეტს, იმ მოტივით, რომ სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა, განათლების სამინისტრომ ავტორიზაცია გაუუქმა. ეს კანონი კოლეჯებზე რატომ არ ვრცელდება?

- რეალური ვითარება ასეთია: მინისტრმა სანიკიძემ და მისმა პირველმა მოადგილემ, ნატრიაშვილმა არ იციან, თუ როგორ გათვალონ სამინისტროს ბიუჯეტი. ბიუჯეტის შედგენისას უნდა გაეთვალისწინებინათ, რომ ისეთი დარგი, როგორიც პროფესიული განათლებაა, ქვეყნისთვის ძალიან საჭიროა და ამ საკითხს ფაქიზად უნდა მისდგომოდნენ, ანუ იმ 750 მილიონ ლარში ჩატეულიყვნენ, რაც ფინანსთა სამინისტრომ  რეაბილიტაციისთვის 2014 წელს გამოყო. ისიც ცნობილია, რომ განათლების სამინისტროს ეროვნულმა ცენტრმა შარშან, სტანდარტების შესამუშავებლად, 686 000 ლარი გაანიავა, თუმცა ერთ სტანდარტზეც არ უმუშავია. ახლა კი, ახალი პროგრამა უნდა შეიმუშაონ და ამაზეც თანხა გამოუყვეს. გამოდის, რომ დაუმტკიცებელი სტანდარტების შემუშავებისთვის ფულს “აპრავებენ”. განათლების სისტემაში სრული ანარქიაა - თამარ სანიკიძე სხვას არ უჯერებს, თავად კი, იმის კომპეტენცია არ ჰყოფნის, რომ სამინისტრო მართოს!

- ამ თემებზე მინისტრთან პირადად თუ გისაუბრიათ?

- ხუთჯერ მივმართე და ხუთივეჯერ მიპასუხა, ამ საკითხებზე ჩემი პირველი მოადგილე ნატრიაშვილი მუშაობსო. ვიდრე სანიკიძესა და ნატრიაშვილს არ გაუშვებენ, პროფესიულ განათლებას არაფერი ეშველება. ეროვნული პროფესიული საბჭოს მუშაობა ისედაც ჩაშლილია. სანიკიძე, რომელიც ამ საბჭოს თავმჯდომარეა, ვალდებულია, ყველა საჭირბოროტო საკითხი ეროვნული საბჭოს ფორმატში განიხილოს, მაგრამ თემატური ჯგუფების მუშაობა საერთოდ გააუქმა და ამდენი ხანია, ახალი ფორმატის მუშაობით დაწყებას გვპირდება, თუმცა უშედეგოდ.

- თუ თქვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, რას აპირებთ?

- გვერდით ძალიან ბევრი ადამიანი დამიდგება, თუმცა აქციების ჩატარებას არ ვგეგმავ. კონტაქტი მაქვს მთავრობის კანცელარიასთან და ყველას გავაგებინებ, თუ როგორ ატყუებენ სანიკიძე და ნატრიაშვილი პრემიერ-მინისტრს!

-კერძოდ, რაში ატყუებენ?

- სამართლიანობა არაა აღდგენილი - სანიკიძემ უკანონოდ გათავისუფლებული პედაგოგები სამსახურში არ დააბრუნა. ასევე, არ აღჭურვა კოლეჯები შესაბამისი ასიგნებებით. პედაგოგებს დაბალი ანაზღაურება აქვთ. თანხების მითვისება ხდება... 4 კოლეჯი ბენდუქიძის მმართველობაშია და მისი დაბრუნება დღემდე ვერ მოხერხდა. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ძმა ბენდუქიძის უნივერსიტეტში მუშაობს და მთავრობა რადიკალურ ზომებს ამიტომაც არ იღებს.

- რომელ მაღალჩნოსანი გყავთ მხედვლობაში?

- როცა პრემიერ-მინისტრს შევხვდები, ამ კაცის სახელს და გვარს მას ვეტყვი... იმედია, ამ პრობლემებსაც ეშველება.

სამწუხაროდ, განათლების სფეროში ის მარაზმი გრძელდება, რასაც ადგილი წინა ხელისუფლების დროს ჰქონდა. მოვითხოვ: პრემიერმა ღარიბაშვილმა განათლების სამინისტროში საკადრო ცვლილება განახორციელოს და თამარ სანიკიძე ისეთი მინისტრით შეცვალოს, რომელიც საქმეს დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდება.