“მხედრიონელმა” ქალმა დეპუტატის ვაჟი სამი გასროლით მოკლა

“მხედრიონელმა” ქალმა დეპუტატის ვაჟი სამი გასროლით მოკლა

მაკა მოსიაშვილი ჟურნალისტია, რომელიც 2007 წლის 19 აპრილს სისხლის სამართლის კოდექსის 180- მუხლით დააპატიმრეს... მართალია, მაკას დანაშაული არ უღიარებია, მაგრამ საპყრობილეში ხუთი წელი გაატარა - “მატროსოვის ციხე”, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ვადამდე დატოვა... ისე, ჟურნალისტის დაპატიმრება შეიძლება, პოლიტიკურ ანგარიშსწორებადაც ჩაითვალოს - დაპატიმრებამდე მაკა მოსიაშვილი მაღალჩინოსანი კახელინაციონალებისშავ-ბნელ საქმეებს იძიებდა... საგულისხმოა, რომ საქმეში ბრალდებული, სააკაშვილისმარჯვენა ხელი”, ამჟამად ქვეყნიდან გაქცეული ზურაბ ადეიშვილი ფიგურირებს... “ქართული სიტყვაგთავაზობთ ამონარიდს მაკას ციხის დღიურიდან... სხვათა შორის, სამი შვილის დედის ციხეში დაწერილი დღიური მალე წიგნად გამოვა, რომელსაც ასე ერქმევა - “ამბები მიხეილის ციხიდან”...

ის ახლა ჩემთან არ არის, მაგრამ წუთებს ვითვლი - ვიცი, რომ გავა დაუსრულებელი 15 წელი და... მასთან ჩავალ სოფელში, ჩავეხუტები და ვეტყვი, რომ მასზე ძალიან არავინ და არაფერი მიყვარს...

დავურეკე - დაბადების დღე აქვს...

ვუთხარი, რომ ვულოცავ და მინდა, რომ დიდხანს იცოცხლოს და ბედნიერი იყოს...

ვუთხარი, რომ ვცოცხლობ მისთვის და ბებოსთვის... მინდა, ბებო ცოცხალი დამხვდეს და მშვიდად წავიდეს ამ ქვეყნიდან...

ვეიმედებოდე, რომ ჩემს შვილთან მე ვარ...

მე კი, უნდა დავიძინო და სიზმარში მაინც ვნახო...

წითელი კარი ფრთხილად გამოვხურე...

კიბეზე ჩავირბინე და ტელეფონის რიგში ჩავდექი...

ვურეკავდი უცნობს, პატიმრის შვილს და უნდა მეთქვა, რაც დედამისმა დამაბარა...

ის გოგო სადღაც შორს, რომელიღაც სოფელში 15 წლის ხდებოდა და 12 წელი იყო გასული, რაც დედა არ ენახა...

დედას კი, 15 წელი ჰქონდა მისჯილი...

ტელეფონში სასიამოვნო ხმა გაისმა...

გადავეცი დედის დანაბარები...

მადლობა გადამიხადა და მკითხა, ჯანმრთელობით როგორ არის, რამე ხომ არ სტკივა... უთხარი, რომ მეც ძალიან, ძალიან მიყვარსო...

იმ საღამოს ვიკითხე, როდის მოხვდა ციხეში... რატომ, რისთვის?

12 წელი იყო გასული და არაფერი შეეხო...

არაფერი...

მასზე მხოლოდ ლეგენდები დადიოდა...

არავისთან ჰქონდა ურთიერთობა...

აი, ასე: 15 წელი მოიხადა კარჩაკეტილმა, მარტომ, უხმოდ და უთქმელად...

და ბოლოს, ზუსტად ამ ამბიდან 3 წლის მერე დამიძახა:

- 15 ივნისს “ზვანოკი” მაქვს, წასვლამდე ერთი დღით ადრე მინდა, ვინმესთან ერთად ვიყო, მეშინია, ბოლო ღამეს საკანში გული არ გამისკდეს...

შევთანხმდით და მარტო მე გავაცილე...

დღესაც არ ვიცი, მე რატომ ამირჩია...

ვცვლი მის სახელს, დანარჩენი კი, ყველაფერი სრული სიმართლეა...

 

ლენა

სკოლა რომ დავამთავრე, სწავლა უნივერსიტეტში გავაგრძელე.

ეროვნული მოძრაობის ტალღა ახალი აგორებული იყო და მეც ჩავები...

მოკლედ, 9 აპრილმაც, საბჭოთა კავშირის დაშლამაც, სამოქალაქო ომმაც... ჩემს თავზე გადაიარა...

შეიძლება, ახლა ცუდად ჟღერს, მაგრამ მაშინ სიამაყით გავხდი “მხედრიონელი”...

სად აღარ ვიარე იარაღაკიდებულმა...

სამაჩაბლო...

აფხაზეთი...

“მხედრიონელების” დაჭერა რომ დაიწყეს, ბედზე გადავრჩი, ბედზე...

იქ, “მხედრიონში”, ერთი ბიჭი გავიცანი, ერთმანეთი შეგვიყვარდა...

ორსულად დავრჩი...

სოფელში, დედასა და მამასთან უნდა ჩავსულიყავით...

სამეგრელოდან იყო...

ზუსტად მაშინ, როცა წასასვლელად ვემზადებოდი, ზუგდიდის ცენტრში ჩაცხრილეს...

მე კი, დავრჩი ორსული...

რაიონში, მშობლებთან ჩავედი და ვუთხარი, რომ მალე დედა გავხდებოდი...

სახლიდან ძმამ და დედმამამ გამომაგდეს...

იმ ღამეს მეზობლებმა შემიფარეს...

დილით ისევ თბილისში დავბრუნდი...

შვიდი თვის ორსული ვიყავი, ბებიაჩემმა კითხვა-კითხვით რომ მომაგნო... მომკიდა ხელი და სოფელში, თავისთან წამიყვანა..

გოგო მეყოლა...

სიხარული და შურისძიება ერთმანეთში მქონდა არეული...

ჩემი საყვარლის მკვლელი უნდა მეპოვნა და ჩემი მშობლებისათვის პასუხი გამეცა, გაჭირვებაში რომ მიმატოვეს...

ბებიამ სიტყვა მომცა, რომ არც დედაჩემს და არც მამაჩემს შინ არ შემოუშვებდა...

მე დედის დედა დამიდგა გვერდზე, დედამ კი, ხელი მკრა...

როცა ბავშვი ძუძუდან მოვიშორე, ისევ თბილისში დავბრუნდი - ბავშვი ბებოს დავუტოვე... ისე ვშრომობდი, როგორც შემეფერებოდა...

იარაღს ძალიან კარგად ვხმარობდი, მიზანში სროლაც ვიცოდი...

სოფელში თითქმის ყოველ კვირას ჩავდიოდი....

ბავშვთან თამაშში ჩამეძინებოდა და მეორე დღეს, დილით, ისევ უკან ვბრუნდებოდი...

მოკლედ, დიდი ძიების მერე, ჩემი შეყვარებულის მკვლელი ვიპოვე - ის ახლადარჩეული პარლამენტარის თავზეხელაღებული ვაჟი გახლდათ...

ბევრი არ მიფიქრია, როგორ უნდა “ავკიდებოდი”....

როგორც დახვეწილი მეძავი, ასე აღმოვჩნდი მის მკლავებში...

საწოლზე წამოგორებული გაჰკიოდა, მლანძღავდა, თმას მქაჩავდა... და როცა თავი ყველაზე მაგარი ეგონა, იარაღი ამოვიღე და შუბლზე დავადე...

სამჯერ ვესროლე...

მერე, იატაკზე დაღვრილი მისი თბილი სისხლი თეთრეულით მოვწმინდე და მკვდარს ვუთხარი:

- სისხლის სუნი გიყვარს?.. ახლაც არ მოგცემ სისხლის ყნოსვის ბედნიერებას...

შენ ხომ, მისი სისხლის სუნით დატკბი, ვინც მიყვარდა... ახლა მე შენი სისხლით ვტკბები!

ამ მკვლელობიდან 3 წელი ისე გავიდა, ეჭვიც არავის გასჩენია, დეპუტატის ვაჟი ვიღაცა ქალმა მოკლა, თუნდაც მეძავმა...

მისი მკვლელობისთვის 4 კაცი დაიჭირეს, ოთხივეს სასჯელის მაქსიმალური ზომა მისცეს...

დეპუტატმა მამიკომ ყველაფრი გააკეთა, რათა ახალი ადამიანები გაეუბედურებინა...

მაშინ ეს საქართველოში ყველაზე გახმაურებული მკვლელობა იყო...

რამდენიმე თვის მერე, რაიონში, ჩემი მშობლების სახლს ცეცხლი მოედო და ხანძარმა ყველაფერი შთანთქა...

მე კი, მშვიდად და წყნარად ვცხოვრობდი...

არაფერი მადარდებდა...

1997 წლის შემოდგომა იყო...

ბებომ დამირეკა, ბავშვი კრუნჩხვაშია და მიშველეო...

რეანიმაციაში გადმოყვანილი დამხვდა ჩემი გოგონა, ისეთი პატარა იყო, ისეთი უსუსური...

ექიმები მხრებს იჩეჩდნენ და მეუბნებოდნენ, რომ იმედის მოცემა არ შეეძლოთ..

არ ვიცი, დილით რა ძალამ გადამაწყვეტინა...

ახლაც არ ვიცი, ეს რატომ გავაკეთე...

მახსოვს, რომ ვტიროდი და ღმერთს ვევედრებოდი, ბავშვი გადაერჩინა...

ამ დროს ადამიანები ეკლესიაში მიდიან... მე კი, პოლიციაში წავედი... და უფროსს ყველაფერი მოვუყევი... სამჯერ მომაყოლა - არ სჯეროდა...

მერე, წავიყვანე და ის იარაღი მივეცი, რითიც მოვკალი...

მაშინვე დამაკავეს...

7 თვის განმავლობაში არ ვიცოდი, როგორ იყო ჩემი შვილი...

ბოლოს, დაკითხვაზე მოსულ გამომძიებელს ვუთხარი, ჩვენებას მაშინ მიიღებ, თუ ჩემი შვილის ახლადგადაღებულ სურათს მომიტან-მეთქი...

მართლაც, მომიტანა - ბავშვი ბედზე გადარჩენილიყო....

მე კი, ყველაზე საშინელ და მძიმე პირობებში მაცხოვრა პარლამენტარმა მამამ... შვილის მკვლელის ნახვა უნდოდა და... მნახა.

ციხეში შემოსულმა მცემა...

შემეშინდა...

“ზონაზე” თქვეს, რომ ჩემს მოკვლაში ფულს იხდიდნენ...

იზოლირება მოვითხოვე და აი, ასე: წლები გამოკეტილმა გავატარე...

აი, რატომ არ მყავს მეგობარი...

არასოდეს მინანია, რომ მოვკალი და სახლი გადავწვი...

არც ვინანებ...

კბილი კბილის წილ!

P.S. აი, ასეთი ლენას თავგადასავალი, რომელიც 15 წლის მერე, შვილან დაბრუნდა... ვიცი, რომ ღრმად მოხუცი ბებია ცოცხალი დახვდა და სული ლენას მკლავებში დალია... ბებიას არ სჯეროდა, რომ მკვლელი შვილიშვილი ყავდა...