10 მილიონი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ

10 მილიონი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ

კანონპროექტი, რომელიც აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ნატო-ს წევრობის გარეშე აღიარებს აშშ-ის მთავარ პარტნიორად. კანონპროექტს მხარი დაუჭირა კომიტეტის 18-მა წევრმა, წინააღმდეგი არც ერთი არ იყო. ეს კანონპროექტი განსაზღვრავს ნატო-ს წევრობის გარეშე საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, როგორც აშშ-ის მთავარ პარტნიორებს და ითვალისწინებს 10 მილიონი დოლარის გამოყოფას სამი წლის განმავლობაში ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ.

კანონპროექტით ასევე განსაზღვრულია სანქციების დაწესება „როსობორონექსპორტისა“ და თავდაცვით სფეროში სხვა რუსული წარმოების წინააღმდეგ, რომელიც არასტაბილურობას უწყობს ხელს საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვასა და სირიაში. ასევე, კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციების დაწესებას რუსული „გაზპრომის“ წინააღმდეგ, თუ კი, აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ „გაზპრომი“ უარს ამბობს ბუნებრივი აირის მიწოდებაზე ნატო-ს წევრი ქვეყნებისა და საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთვის. გარდა ამისა, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში რუსულენოვანი „ამერიკის ხმისა“ და „რადიო თავისუფლების“ მაუწყებლობის პრიორიტეტულობას.

კანონპროექტი, რომელიც აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო, ჯერ ძალაში არაა შესული. იმისათვის, რომ კანონპროექტი ძალაში შევიდეს, მთელი რიგი პროცედურაა გასავლელი, მათ შორის დოკუმენტი უნდა შევიდეს წარმომადგენლობით პალატაში, შემდეგ ისევ სენატში დაბრუნდება, ეგზავნება აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას და მხოლოდ პრეზიდენტის მიერ მასზე ხელმოწერის შემთხვევაში ხდება მისი შესრულება სავალდებულო.

მაგრამ, ეს იმ შემთხვევაში ხდება შესაძლებელი, თუ კანონპროექტი დამტკიცებული იქნება წარმომადგენლობით პალატაში. როგორი იქნება წარმოამდგენლობითი პალატის გადაწყვეტილება, ამაზე საუბარი ჯერჯერობით რთულია, თუმცა ნატო-საქართველოს აღმასრულებელი საბჭოს დირექტორი გიორგი მუჩაიძე იმედოვნებს, რომ კანონპროექტი კონგრესის მხრადაჭერას ჰპოვებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ზალკაიანის განმარტებით, ამ ნაბიჯით აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. მისივე თქმით, ეს არის გამოხატულება აშშ-ის მიერ ჩვენი ქვეყნისადმი განსაკუთრებული ინტერესის.

„იმისთვის, რომ რეზოლუციამ საბოლოო სახე მიიღოს, კიდევ საკმაო პროცედურაა გასატარებელი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი დროულად იქნება შესრულებული. ამ ნაბიჯით კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა“, - ამბობს დავით ზალკალიანი.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, რეზოლუცია, რომელზეც სენატი მუშაობს აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობას თვისობრივად ახალ ეტაპზე აიყვანს.

„ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება, გარკვეული პროცედურებია გასავლელი, მაგრამ პოლიტიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით, ეს რეზოლუცია საქართველოს თანამშრომლობას აშშ-თან, როგორც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თვისობრივად ახალ საფეხურზე აიყვანს ყველა ძირითადი მიმართულებით. პირველ რიგში, ეს ეხება უსაფრთხოებას, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, ასევე ეხება ისეთ სფეროებს, როგორიცაა მედიაკომუნიკაცია, ეკონომიკა და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ერთად იქნებიან აღიარებული აშშ-ის მთავარ მოკავშირეებად“, - აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.

გიორგი მუჩაიძე ამბობს, რომ პირველ რიგში, საქართველოს მთავარი მიზანი უნდა იყოს ეროვნული მიზნების გატარება, მათ შორის საგარეო და უსაფრთხოების მთავარი პრიორიტეტების - ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაცია.

მისივე განცხადებით, რაც შეეხება კონკრეტულ კანონპროექტს, ძალიან მნიშვნელოვანი შინაარსიის კანონპროექტია და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აშშ-ის მხარადაჭერას როგორც უკრაიანის, ასევე მოლდოვას და საქართველოს მიმართ.

„რაც შეეხება კითხვას პროპაგანდასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო ქმედებებზე, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მთავარი მიმართულება იქნება რადიო მაუწყებლობის დაფინანსება. ამ მიმართულებით იქნება პროპაგანდისტული ქმდებების მხრივ ნაბიჯები გადადგმული, რაც მისასლმებელია, მაგრამ საბოლოოდ კანონპროექტი არაა დამტკიცებული და ძალაში შესული“, - აცხადებს გიორგი მუჩაიძე.