„რუსეთის ფინანსურ წრეებში პანიკაა“

„რუსეთის ფინანსურ წრეებში პანიკაა“

რუსეთისათვის უკვე დაწესებული თუ სამომავლოდ დასაწესებელი სანქციებიდან ერთ-ერთი ყველზე რადიკალური ზომაა საბანკო ანგარიშსწორების ელექტრონული სისტემიდან, ე. წ. SWIFT-იდან გათიშვა. ეს საკითხი ევროკავშირის წინაშე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დააყენა, თუმცა ამ ერთი კვირის წინ დამტკიცებულ სანქციებში ეს ზომა არ არის გათვალისწინებული, ამ დღეებში ევროპარლამენტმა თანახმობა განაცხადა, რომ უკრაინაში ვითარების გაუარესების შემთხვევაში, რუსეთი სვიფტიდან გათიშონ. ევროპარლამენტმა ევროკავშირის ქვეყნებს პოზიციების განმტკიცებისკენ და რუსეთთან ურთიერთობების გადახედვისკენ, ასევე სტრატეგიულ პარტნიორობაზე უარის თქმისკენ მოუწოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროპარლამენტარებმა ევროკავშირს მოუწოდეს, თუ რუსეთი არ შეასრულებს უკრაინაში ვითარების დეესკალაციის მიზნით წაყენებულ პირობებს, კვლავაც ძალაში დატოვონ ანტირუსული სანქციები. ასევე მოუწოდებენ ახალი სანქციების შემოღებისკენ. ეს თეზისები ასახულია რეზოლუციაში „ვითარება უკრაინაში, ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობის მდგომარეობა“, რომელიც სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე მიიღეს.

რეზოლუციაში ევროკავშირის ქვეყნებისადმი ასევე ხაზგასმულია მოწოდება, გაუქმდეს რუსეთთან დაგეგმილი შეთანხმებები ენერგეტიკულ სფეროში, მათ შორის გაზსადენ „სამხრეთ ნაკადის“ თაობაზე.

რა პრობლემები შეიძლება შეექმნას საქართველოს საბანკო და არა მხოლოდ საბანკო სისტემას დასავლეთის მორიგი სანქციის ამოქმედების შემთხვევაში, ამ თემაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, რომან გოცირიძე გვესაუბრება.

ბატონო რომან, მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს, იქნებ ორიოდე სიტყვით გვითხრათ, რას წარმოადგენს სვიფტი, რამდენად უალტერნატივოა იგი დღევანდელ ელექტრონულ ეპოქაში და რამდენად სწრაფად შეიძლება მისი ჩანაცვლება?

- სვიფტი (SWIFT)- Society for Worldwide Interbank Einancial Telecommunication, იშიფრება როგორც „ორგანიზაცია მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციებისათვის“. მისი ფუნქციაა ინფორმაციის გადაცემა და საერთაშორისო გადარიცხვების განხორციელება. იგი დაარსდა 1973 წელს. მისი დამფუძნებელი 15 ქვეყნის 239 ბანკი იყო და ფუნქციონირებს ბელგიური კანონმდებლობის საფუძველზე. სათაო ოფისი მდებარეობს ბრიუსელში. რაიმე სახის შეზღუდვის დაწესება მის საქმიანობაში შეუძლია მხოლოდ ევროკავშირს.

დღეისათვის მასში გაერთიანებულია 10 500 საფინანსო ორგანიზაცია მსოფლიოს 215 ქვეყნიდან. ამ სისტემაში ჩართული ბანკი ფლობს თავის უნიკალურ კოდს, ე.წ. სვიფტკოდს. ერთი დღის განმავლობაში ხდება გადახდები 6 ტრილიონ დოლარზე მეტი ოდენობით.

სვიფტი არის ყველაზე საიმედო და სწრაფი სისტემა. იგი ფაქტობრივად არის მონოპოლისტი და სერიოზული ალტერნატივა არ გააჩნია. არის ძველი, ტელექსის სისტემა, მაგრამ ის, ალბათ, უკვე აღარც აქვთ სერიოზულ ბანკებს და სპეციალურად რომ დაუბრუნდნენ მას რუსეთისათვის საეჭვოა და ასეც რომ მოხდეს, ეს უკვე წინა საუკუნის ოთხმოციანი წლების ტექნოლოგიაა.

სვიფტის გათიშვა პირდაპირი დარტყმაა ინვესტიციებზე ან ვაჭრობაზე. მაგალითად, როგორ უნდა გადაუხადონ ფული ევროპულმა კომპანიებმა „გაზპრომს“ მიწოდებული გაზის სანაცვლოდ? - ტომრებით? - ეს ხომ სასაცილოა.

გამოდის, რუსეთმა პირველად იგრძნო საფრთხე, რომ მართლაც შეიძლება უფრო მძიმე ზომებს მიმართოს დასავლეთმა? როგორც რუსული მედიიდან გახდა ცნობილი, რუსეთმა უკვე დაიწყო მზადება მსგავსი საკუთარი სისტემის შესაქმნელად და მთავრობასა და ცენტრალურ ბანკსაც დაევალა ამის თაობაზე წინადადებების მომზადება...

- ეს არის წარმოუდგენლად მძიმე სანქცია რუსეთისათვის და ასევე საკმაოდ მძიმე მთელი მსოფლიოს საფინანსო სისტემისათვის. მისი ამოქმედების ალბათობა საკმაოდ დაბალია, მაგრამ, რადგან რუსეთმა დაიწყო თადარიგის დაჭერა, გამორიცხული არაფერია.

ასევე არავის ეგონა ირანის წინააღმდეგ სანქციებში სვიფტიც თუ მოჰყვებოდა, მაგრამ 2012 წელს ეს მოხდა. სხვათა შორის, ეს ერთადერთი შემთხვევაა სვიფტიდან ქვეყნის გამორთვისა.

ამიტომაც დაიწყეს რუსეთში მის ალტერნატივაზე ფიქრი. რუსული ბანკები ასევე გამალებით ხსნიან ანგარიშებს ჩინეთის, ჰონკონგის, სინგაპურის და აზიის სხვა ქვეყნების ბანკებში. ეს ერთის მხრივ მიუთითებს მათ მიერ რისკების ადეკვატურად შეფასებაზე, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ ფლობენ რაღაც შიდა ინფორმაციას და არ ელიან რუსეთის ხელისუფლების მხრიდან საომარო მოქმედებების რელურად შეწყვეტას. ასეა თუ ისე, რუსეთის ფინანსურ წრეებში პანიკაა.

რამდენად რეალურია, რომ რუსეთმა სვიფტის ალტერნატივა შექმნას?

- რაღაც სუროგატი შეიძლება გაკეთდეს, მაგალითად, რუსეთის ბანკები შესაძლოა, ქსელში ჩაერთონ, მაგრამ საერთაშორისო სისტემაში მაინც ვერ ჩაერთვებიან და მოუწევთ უამრავი სირთულის გადალახვა, შემოვლითი გზების ძიება და დიდი ზარალის ფასად საერთაშორისო ტრანზაქციების წარმოება.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თუ რუსეთს გათიშავენ, საქართველოს რაიმე ზიანი არ მიადგება...

- არასერიოზული განცხადებაა და მოსახლეობისა და ბიზნესის იაფფასიანი დამშვიდებისკენ არის მიმართული. უფრო სწორი იქნებოდა ეთქვათ, რომ ამის ალბათობა არის ძალიან მცირე, ამ ეტაპზე არ არის აქტუალური და სამომავლოდ მოემზადებიან მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში.

თუმცა, არც იმაზე შეიძლება თვალის დახუჭვა, რომ ეს უკვე ევროპარლამენტის რეზოლუციაში აისახა და არა მხოლოდ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ინიციატივაა.

სხვათა შორის, ამ სანქციით ყველაზე მეტად რუსეთის შემდეგ დაზარალდება ინგლისი, რადგან ლონდონი არის მსოფლიოს მთავარ ფინანსური ცენტრი. ეს ფაქტი გვიჩვენებს, რამდენად მორალურია დიდი ბრიტანეთის მიდგომა უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება საქართველოს, შარშან რუსეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა იყო 778 მილიონი დოლარი ( ანუ ამდენივე გადარიცხვა მოხდა იქით და აქეთ საბანკო არხებით). მიმდინარე წელიწადს ეს ციფრი მილიარდს გადააჭარბებს. ამას დამატებული მომსახურების სექტორში წარმოებული ტრანსაქციები ( ტურიზმი, ავიაგადაზიდვები, ფოსტა და ა.შ.) - ესეც მრავალ მილიონს შეადგენს.

საქართველოს ენერგეტიკა „თელასიდან“ დაწყებული, ელექტროსადგურებით და გადამცემი ხაზებით დამთავრებული, დიდწილად რუსულია, ისევე როგორც უამრავი სხვა რუსული საწარმო (ბანკიც), რომლებიც ყოველდღიურ კავშირში არიან რუსეთთან და არავითარი პრობლემა არ იქნებაო?! - გასაკვირია.

ბორჯომს რომ გაყიდი და ღვინოს, ფული როგორ უნდა გადმოგირიცხონ? ან ხორბალს რომ იყიდი, როგორ უნდა გადარიცხო? ეს ხომ ორჯერ ორია. ნახე, რამდენია სავჭრო ბრუნვა, რამდენი - მომსახურების ბალანსი, რამდენი - კაპიტალის შემოდინება რუსეთიდან და მარტივად მიხვდები, რა პრობლემებს ეჯახები.

რაც შეეხება მოქალაქეების მიერ გადმორიცხვებს?

- ეს არ ხდება სვიფტის მეშვეობით. ძირითადად, სწრაფი გზავნილების სისტემით ხორციელდება. თუმცა, სიძვირის გამო, ბევრი საბანკო არხებსაც იყენებს. შარშან მოქალაქეების მიერ გადმორიცხულმა თანხებმა 800 მილიონი დოლარი შეადგინა. (სულ 1, 55 მილიარდი, შარშან მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან). მხოლოდ რუსეთიდან მიღებული ვალუტა უფრო მეტია, ვიდრე მიმდინარე წელს ქვეყანაში მოსალოდნელი უცხოური ინვესტიციები ერთად აღებული.

შეფერხებები აუცილებლად იქნება სატრანსფერო ოპერაციების დიდი რაოდენობისა და თანხის დიდი მოცულობის გამო. კვლავ ამოქმედდება ფულის ჯიბით გადმოტანის სისტემა (თვითმფრინავით, ავტომობილებით), რაც საბანკო სფეროსაც დააზარალებს. ლარის სტაბილურობასაც შეუქმნის საფრთხეს. ვნახოთ, რა იქნება.

ივლისში საქართველოში კერძო პირების გადმორიცხვებმა უკრაინიდან იკლო 29%-ით, რუსეთიდან, 3%-ით. რუსეთის სანქციები აუცილებლად აისახება ამ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე და იქ დასაქმებული ქართველების შემოსავლებზეც. რუსული რუბლი უკვე 15%-ით გაუფასურდა დოლართან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ვინც ფულს საქართველოში რიცხავდა, 15 პროცენტით შეუმცირდა უცხოური ვალუტა. ამის გარდა, რუსეთში ინფლაციური პროცესებიც დაიძრა, რაც მათ საოჯახო შემოსავლებზეც იმოქმედებს.

ამიტომ, ირიბად მაინც შეექმნებათ პრობლემები. მთელი რუსეთი და არა მარტო რუსეთი (შრომითი მიგრანტები უკრაინიდან, კავკასიიდან, შუა აზიიდან) მიაწყდება ამ სწრაფი გადარიცხვების სისტემას. პირველ რიგში, გაძვირდება მომსახურება, სხვა ტექნიკურ პრობლემებზე რომ არ ვისაუბროთ. საწარმოებმაც რომ დაიწყონ მისი გამოყენება, ადვილი მისახვედრია, რა სურათს მივიღებთ. რუსეთი ირანი არ არის, რომ სვიფტის გათიშვა რბილად გადასატანი გახდეს.