დიტო გელოვანი: გრიშაც მაგარია!!!

დიტო გელოვანი: გრიშაც მაგარია!!!

- გუჩო, გუჩო... გამო ერთი... გამო რა, ერთი წუთი... გამო, გამო... ადექი, რა, შეჩემა... მეგრელი სადაა, ტო? მეგრელიც გამოვიდეს. ბაბუ... ბაბუ, დავაი, გამოდით, რა... პუშკინა, კაროლა, ტატულა, პოლკაცა, ჩარლიკა, პეპო, არამა, ზამირა, ფართუკა, ჭრელა, სიმონიჩა, მახო, ჟღვინტლა, ვანიკო, მიქელა, ძინ-ძინა, ლამპოჩკა, ეშმაკა, მეგრელო... მეორე მეგრელო, გულივერა, სამსონა, უბიცა, პოლკოვნიკა, რადიონა, პეტროვიჩ, ანდრო, ხინკალა, ხალიანი, კარუზო, ბარბაცა, მირო, ხუხო, კაკია, ელდარა, ცალტვინა, ბუხუ, ბანდურა, ნადირა, ვაშაკა, ტილო, ბამპერა, მურმანა, ტყიბულა, ნახვრეტა, მასხულა, ჟიჟო, მილანა, მასტერა, სტრელეცა, ლომი, ხეჩო, ნოდარა, მაშხალა, წრიპა, ქელეხა, ზავოდა, პიპინო, ტრამალა, ბორია, ჟანო, ლექტორა, შამილა, დადუნა, ცუცო, ტატო, ვიქტორა, გოგიჩა, ნელო, გურამიჩა, ალპაჩინო, ვალოდია, მოკლე, შვიშტოკა, გუჩო, გამოდით, რა, გამოდით დავაი... გამოდით, ე, ნახეთ, ტო... ეხლა რა ვქნათ? ეხლა რა ვქნათ, ჩემი დედა...

(აკა მორჩილაძე, ”სანტა ესპერანსა”)

 

”იაპონიის საელჩოსთან ხვალ, თბილისის #64-ე, #72-ე, #47-ე და #151-ე საჯარო სკოლების 100-მდე მოსწავლე თანაგრძნობის ბარათებითა და ყვავილებით მივა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე, სკოლის დირექტორები და მოსწავლეები სამძიმრის წიგნში ჩანაწერს გააკეთებენ და ამ სიმბოლური ქმედებით იაპონელი ხალხისადმი თანადგომას გამოხატავენ. თანაგრძნობის აქცია იაპონიის საელჩოში ხვალ, 11.00 საათზე გაიმართება” - ა, ბატონო, ამაზე მეტი კეკელკობა და საზიზღრობა გაგიგიათ? ჯერ რევოლუციის დაანონსებას ვერ მივჩვეულვართ და უკვე თანაგრძნობის დაანონსება დაიწყეს. სულ ნინო ბურჯანაძის ბრალია - არისტოკრატმა ქალმა კეკელკები ეგრე არ უნდა გააბლატაოს.

 

ეგეთ დაგეგმილ და გაპიარებულ თანაგრძნობას ვერ ვიტან, არადა, გასულ კვირაში იმდენი იყო, ბოლოს თვლას შევეშვი და გადავწყვიტე, რომ თუ თვლაა, ისევ ქვიშისა და ვარსკვლავების თვლა სჯობს.

 

წინასწარ დაგეგმეს, რომელი სკოლები მივიდოდნენ; წინასწარ დაგეგმეს, რამდენი მოსწავლე მივიდოდა; წინასწარ დაგეგმეს, ვინ მიიტანდა ვარდს, ვინ - გვაზდიკას და ვინ - ვენოკს.

 

”ხვალ დილის ცხრის ნახევარზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე გაიღვიძებს, წამოდგება, ხალათს მოისხამს, ყავას მოადუღბს, იაპონია გაახსენდება და მწარედ ამოიოხრებს” - მალე ასეთ ნიუს-ანონსებსაც წავიკითხავთ.

 

ქურდულ სამყაროს რომ ებრძვიან, გასაგებია, მაგრამ ქურდაძის სამყარო ნაკლებია? ეგ არის რაც არის - მაგ სამყაროში იზრდებიან ქურდებიც, ნასედკებიც და სნობებიც. ყველა პრობლემა მაგ სამყაროდან მოდის, მაგ. ეს: ”ქართული დროშით მცურავი, ლიბიიდან გაქცეული გემი ,,ვასილიოს N"-ი კვლავაც მალტაში, ვალეტას პორტის რეიდზე დგას. ”ვასილიოს N”-ის ეკიპაჟს ვალეტას პორტში შესვლის ნებართვა ჯერაც არ მიუღია. როგორც გემის კაპიტნის, ივერი ყურაშვილის შვილმა, გიორგი ყურაშვილმა, რომელიც ასევე ”ვასილიოს N”-ზე მუშაობს, ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, გარკვეული პრობლემა მალტის პორტშიც შეექმნათ”.

 

მოკლედ, ქართველებს მალტაზეც არ გვიშვებენ და რამე თუ არ ვიღონეთ, მალე ფოთშიც აღარ შემოგვიშვებენ. თუმცა, ეგ რა მოსატანია იმასთან, რაც გასულ კვირაში დავით ბაქრაძსთან დაკავშირებით მოხდა - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ისრაელში არ შეუშვეს. ვიზიტი გადაიდოო - დიდხანს და ამაოდ იძახდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლაზასტი ”მერსედესი, ნინო კალანდაძე, მაგრამ საინფორმაციო საშუალებებმა იმძლავრეს და ნინიჩკებიც იძულებული გახდა, დანებებულიყო და მაქსიმალური სიამოვნება მიიღო.

 

რა თქვა მედიამ? მედიას არც არაფერი უთქვამს, უბრალოდ ქნესეთის თავმჯდომარის განცხადება გაავრცელა - სანამ ფუქსი და მისი ძმაკაცი ციხეში არიან, იჯდეს ბაქრაძე და ომის კოვზებით მოგებაზე იოცნებოსო. ფუქსი ხომ გახსოვთ? ის კი არა, კაპიტან ვრუნგელის შულერი მეზღვაური... ებრაელ ბიზნესმენზე გეუბნებით, სააკაშვილმა რომ მოატყუა, გილაურმა რომ ჩამოიტყუა, მერაბიშვილმა რომ დაიჭირა და ახლა ხათუნა კალმახელიძესთან გრძელვადიან პაემანზე რომ ოცნებობს.

 

”მე თვითონ ისრაელის პრესაში ექვსი სხვადასხვა მიზეზი ვნახე. სპიკერის გადატვირთული გრაფიკით დაწყებული, პალესტინასთან დასაწყები მოლაპარაკებებით დამთავრებული”, - განაცხადა ვაშაძემ და ის ანეკდოტი გამახსენდა, გიჟმა სქელტანიანი წიგნი რომ დაწერა და პირველ გვერდზე რომ წერია ”წავედი მამიდასთან სტუმრად ცხენით”, ბოლო გვერდზე რომ წერია ”ჩავედი მამიდასთან” და დანარჩენი ფურცლები მხოლოდ ”დინგ-დინგ” და ”აჩუ-აჩუ” რომ არის.

 

შუაშიც ჩაიხედეთ, გრიგოლა, წუგზარა, გოკა-გაბა, პეტრე-ცისკარა, კოვზა-დათო, ტანკა-ხათუნა, ჩოყლაყა, პადოშა... შუაში ჩაიხედეთ და გაიგებთ. მთავარი გაგებაა!

 

მიშა მაგარიაო და, გასულ კვირაში დავრწმუნდი, რომ გრიშაც არ არის მასზე ნაკლები. გრიგოლ ვაშაძემ გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს თქვა: ”დავით ბაქრაძის ისრაელში ვიზიტის გადადება ორი ქვეყნის ურთიერთობებზე გავლენას იქონიებს იმდენად, რამდენადაც არ შედგა ვიზიტი, რომელიც წინ წაიყვანდა ჩვენს ურთიერთობებს”, ხოლო მეორე დღეს მისგან შევიტყვეთ, რომ ისრაელის ნაციონალური ანტიტერორისტული ცენტრმა საქართველო რისკის შემცველი ქვეყნების ნუსხიდან ამოიღო.

 

”რამდენიმე დღის წინ ისრაელმა ეს შეზღუდვები მოხსნა, დანარჩენი ქვეყნებისთვის შეზღუდვები კვლავ ძალაში დატოვა, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველოში სამართლებრივი კუთხით, ადამიანის დაცულობის თვალსაზრისით, ყველაფერი ნორმალურად არის”, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

ჯერ ერთი, ამის თაობაზე იქნებ ფუქსისთვისაც გვეკითხა რამე და მეორეც - იმ სიიდან რომ ამოგვიღეს, იქნებ სხვა, უარეს სიაში გადაგვსვეს? ესეც ხომ უნდა ვიცოდეთ?! იმ ქვეყანაში, სადაც გზებს კობა ბექაური აგებს, ყველა გზა ციხეში მიდის. ასეთი ქვეყნების სიაში, ჯერ-ჯერობით, მხოლოდ საქართველოა, რადგან კობა ბექაური გზებს მხოლოდ საქართველოში აგებს და მხოლოდ საქართველოშია, რომ კაცმა, რომელიც რუსთავის საპყრობილის აგებით ამაყობს, კარისკენ მიუთითა თავის აღმზრდელს - კაცს, რომელიც ბერლინის კედლის დანგრევით ამაყობდა.

 

ამ ქვეყანაში მესაფლავეების პოზიციაზე ვაკანსიებია. კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობააო და, ”ჰერმესმა” ვაკანსიები გამოაცხადა. ”გახდი შენი ქალაქის მეეზოვე” უკვე გუშინდელი დღეა, დღეს აქტუალურია, ”გახდი შენი ქალაქის მესაფლავე”.

 

”ამ სისტემაში ბევრი რამ უნდა შეიცვალოს. სასაფლაოს დირექტორებიც კი ჭირისუფლის ინტერესებზე უნდა იყვნენ ორიენტირებულნი და არა - კონკრეტულ ინტერესებზე”, - განაცხადა ვალერიან სხიერელმა, ”ჰერმესის” დირექტორმა. ”დასამარხი კიდევ ბევრია” - ასეთ სლოგანს ვთავაზობ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.

 

ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ ლეპ-ტოპებით და სერიოზული სერთიფიკატებით აღჭურვილ თანამედროვე მესაფლავეებს. Ctrl-X - ამოთხრა, Ctrl-V - დაკრძალვა, Ctrl-S - დამახსოვრება.

 

სხვათა შორის, ის პარტიები, რევოლუციას რომ ქადაგებენ, კომპიუტერის კლავიატურაზე მხოლოდ ერთ ოპერაციას - Shift-Delete-ს აღიარებენ.

 

მოკლედ, დღეს სურათი ასეთია: ზოგს რევოლუცია უნდა, ზოგს - არჩევნები. ვისაც რევოლუცია უნდა, ის არჩევნებზე უარს არ ამბობს, ხოლო ვინც არჩევნებს ემხრობა, ის სულაც არ ემიჯნება რევოლუციას. ანუ, ერთი ”ქოლგეითია”, მეორე - ”ბლენდამედი”. გრძნობთ განსხვავებას? მე - ვერა. აი, სულ სხვა საქმეა შალვალეიბორისტული (სოსომშრომელი) ნესტანპარტია, რომელიც საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ არის რეკომენდირებული.

 

გასულ კვირაში ლეიბორისტებმა ევოლუციის რევოლუციური ხედვა წარმოადგინეს - ოთხი ახალი ინციატივა, რომელთა განხორციელების შემთხვევაში, ხელისუფლების სამართლიანად შეცვლა და ძალაუფლების ხალხისთვის გადაცემა მოხდება.

 

პირველი - ამომრჩეველს, რომელიც არ მივა არჩევნებზე, მაგრად დაერხევა.

მეორე - კომისიას, რომელიც პარიტეტულად არ იქნება დაკომპლექტებული, მაგრად დაერხევა.

მესამე - თუ არ განხორციელდება საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ხმების ხელახალ გადათვლას უზრუნველყოფს, მაგრად დაერხევა არჩევნებს.

მეოთხე - გაუქმდეს მაჟორიტარიზმი, თორემ დაერხევა საქართველოს.

 

ეს ინიციატივები ნესტან კირთაძემ გაახმოვანა. ვუსმენდი და ვფიქრობდი: ”ქარი კვლავ არხევს ნაცნობ ლელიანს...”

 

გასულ კვირაში ეკონომიკისა და მდგრადი ზნეობრივი განვითარები მინისტრი, ვერა ქობალია უცნობ ლელიანს - ელმავალმშენებელ ქარხანას ეწვია. სამინისტროს ინფორმაცია იყო - ”მინისტრი ქარხანას დაათვალიერებს და გადაიარღების შედეგებს გაეცნობა”. როგორც ხვდებით, ეს იყო ანონსი, თუმცა, დაათვალიერება და გაცნობა - ერთია, გაგება - მეორე, ისევე როგორც, ერთია - მაგიდაზე ცეკვა და მეორე - ცეკვა ელმავალზე. ქობალიას ქარხანაში საქართველოს მთავარი პრავადნიკი, ირაკლი ეზუგბაიაც გაჰყვა. სანამ რკინიგზაში დაიწყებდა მუშაობას, რკინიგზის შესახებ ეზუგბაიამ მხოლოდ ის იცოდა, რომ მატარებელი ამეგობრებს ადამიანებს.

 

ამდენს ვლაპარაკობ და სულ მიმავიწყდა მიშა, მაგრამ როცა შენ დაგივიწყებენ, შენც უნდა დაივიწყო. მიშამ დაგვივიწყა - მთელი კვირა ამერიკაში იყო. ”დელეგაციის ვიზიტი წარმატებით მიმდინარეობს. ვიზიტი იმაზე მეტად წარმატებით განხორციელდა, ვიდრე მოლოდინი გვქონდა”, - განაცხადა ნინო კალანდაძემ და გაწითლდა.

 

”ნინოს მგზავრობა იმაზე წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი” - ალბათ ასე ამბობდა ნონოს მამა ამ შვიდი-რვა წლის წინ, როდესაც შეიტყო, რომ მისმა ქალიშვილმა თვითმფრინავში თვით გია ბარამიძე გაიცნო.

 

გია ბარამიძე გასულ კვირაში ბოსნია-ჰერცოგოვინაში გაემგზავრა და თუ ვინ გაიცნო მან ამჯერად თვითმფრინავში, ამას მაშინ გავიგებთ, როდესაც მიშიკო მორიგ სამთავრობო კარუსელს დაატრიალებს.

 

გასულ კვირაში აქტიურად ტრიალებდა ერთი ნიუსი - ”იაპონელ ხალხს თანადგომა და სამძიმარი საქართველოში მოქმედმა 70-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოუცხადა”. თქვენი არ ვიცი, ჩემთვის კი ეს ერთდროულად მოულოდნელიც არის და დაუჯერებელიც. თქვენი არ ვიცი, მე კი სხვა დროს (ყოველ შემთხვევაში - ამ ბოლო 7-8 წელიწადში) არ გამიგია, რომ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას გრანტისა და დონორის გარეშე რამე გაეკეთებინოს.

 

რა ვქნა, არ მჯერა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გააკეთეს, მაგრამ, ალბათ, ”პოსლეზე” გააკეთეს. ”მაგნა” და ”80” პოსლეზე არ აგიღიათ? აგიღიათ! ახალგაზრდობა გამახსენდა...

 

მომავალ წელს ”როლინგ სთოუნზი” მსოფლიო ტურნეს გამართვას გეგმავს. ჯგუფს 50 წელი უსრულდება. გასულ კვირაში ტურნე გამართა ლადო ვარძელაშვილმა, რომელსაც ამ ბოლო დროს ვლადიმერ ვარძელაშვილს უწოდებენ და რომელიც, დარწმუნებული ვარ, სულაც არ იქნება წინააღმდეგი თუ ერთ დღესაც მას ვლადიმირ ვარძელაშვილს დაუძახებენ. ვლადიმირს, ოღონდ, არა როგორც ვისოცკის, არამედ, როგორც პუტინს.

 

წინასწარ ვიყავით გაფრთხილებულები: ”სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი დღეს, რუსთავში, კინოთეატრ ”რუსთაველში” ადგილობრივ ახალგაზრდობას შეხვდება. შეხვედრაზე მინისტრი ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებაზე, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების განვითარებასა და სამინისტროს ახალ ინიციატივებზე ისაუბრებს, ასევე ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხებს.

შეხვედრას ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე დაესწრება”.

 

კითხვა პასუხი იქნებოდა, იმის დედა ვატირე!!!

 

კითხვა: ”შორისდებული ერთ ასოზე?” პასუხი: ”ო”.

კითხვა: ”ცხოველი ორ ასოზე?’ პასუხი: ”კუ”.

კითხვა: ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სამ ასოზე?”

 

ბოლო კითხვაზე ვარძლაშვილს სახე შეეცვალა. კითხვის ავტორს თავში არმატურა ჩაარტყა დავით კირკიტაძემ, შემდეგ კი ბოდიში მოუხადა და კომპიუტერი აჩუქა.

 

თუმცა, კითხვა - ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სამ ასოზე?” - ნამდვილად აქტუალურია და სასწრაფოდ ითხოვს პასუხის გაცემას. ბარემ აქ ვარ და შევეცდები, ვუპასუხო.

 

კითხვა: ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სამ ასოზე?”

პასუხი: ”დიახ, ნამდვილად სამ ასოზე, ოღონდ - ბევრ სამ ასოზე!”

 

გ. (გამაიღებენ?) - ნიკავ, ეგ არავინ იცის. ეგ მართლა არავინ იცის. ერთი დრო მოვა, ნახავ, მაშინ გეტყვის ხეტია, ნიკაუ, აბა, გამაიღე პაპაშენის ქამარ-ხანჯალიო. გამაიღებ?

- არა მაქ, ტო... - იცინოდა ნიკა.

- არა... ეგრე რო კაცი გეტყვის, იმას უნდა წაჰყვე... გამაიღებ?

- გამაიღე ჩვენთან სხვა რამეს ნიშნავს...

(აკა მორჩილაძე, ”სანტა ესპერანსა”)