[ნიკა ასლანიძე]
სანამ ხელისულფება “ეკოლოგიურ გამოწვევებზე” ღრმად ჩაფიქრებულა, საგაზაფხულო სტიქიების კარს მოგვადგა. ეს შეიძლება პირდაპირ ითქვას, რადგან ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება და წყალდიდობა და მეწყერიც ყოველი გაზაფხულის თანამდევი მოვლენებია.
უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ეკოლოგიური გამოწვევების საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლება ბიომრავალფეროვნების და მოქალაქეების კეთილდღეობის დაცვის პირობას იძლევა. იგეგმება, რომ ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტში ჩაიწეროს - საქართველოს ეკოლოგიური უსაფრთხოების პოლიტიკა მიზნად ისახავს მოსახლეობისა და გარემოს უსაფრთხოების დაცვას ბუნებრივი რესურსების მნიშვნელოვანი შემცირების, გარემოს დაბინძურების ბუნებრივი მოვლენების და ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი უბედურებების პრევენციის გზით.
მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს შემდეგს: ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მასშტაბურ საწარმოო ინციდენტებს და ისეთ ბუნებრივ მოვლენებს, როგორიცაა წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი და მიწისძვრა.
მთავრობა ვალდებულებას იღებს გარემოს დაბინძურების საწინააღდეგოდ ეფექტური ღონისძიებები გატაროს, მოახდინოს ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების პრევენცია და საქართველოს ტერიტორია რადიოაქტიური თუ სხვა მავნე ნარჩენებისაგან გაწმინდოს, ყურადღება მიაქციოს შავი ზღვის დაბინძურებას და ა.შ.
ხელისუფლება ირწმუნება, რომ აზერბაიჯანს, სომხეთს, თურქეთსა და საქართველოს შორის წარმატებული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს რეგიონში გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების გაძლიერებას.
სანამ ხელისუფლება რაღაც დოკუმენტების მომზადებით და პარლამენტში განხილვით არის დაკავებული, მანამდე საქართველოში მორიგი სეზონური სტიიქის პერიოდი დადგა. სპეციალისტები საგანგაშო პროგნოზს აკეთებენ - ამჟამად 11 ათასი ოჯახი წყალდიდობისა და მეწყერის რისკის ქვეშაა.
სტიქია განსაკუთრებით ბოლო წლებში აქტიურობს. გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჭარბი ატმოსფერული ნალექების შედეგად 2010 წელს განსაკუთრებით აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი, კახეთი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონები დაზარადა.
შარშან სხვადასხვა გამოკვლეული და შეფასებული იქნა 366-მდე დასახლებული პუნქტი და 2750 საცხოვრებელი სახლი, რომელთაგან 822 ოჯახი აღმოჩნდა მაღალი საშიშიროების რისკის ქვეშ. თუმცა, როგორც გეოლოგები ვარაუდობენ, სტიქიური პროცესები მომავალშიც გაგრძელდება და გამორიცხული არ არის, რომ მისი მასშტაბებიც საგრძნობლად გაიზარდოს.
მაგალითად, 2010 წლის მსგავსად, პროცესები 2011 წელს გააქტიურდება აჭარაში. მეტიც, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, ზოგიერთ უბანზე დაფიქსირებული გააქტიურებული კერების აქტივიზაცია და ახლების პროვოცირება მთელი წლის განმავლობაში განმეორებით არის მოსალოდნელი. მეწყერსაშიში პროცესების გააქტიურებას კი მთელი აჭარის ტერიტორიაზე ელიან.
იმ შემთხვევაში, თუ დიდი რაოდენობით ატმოსფერული ნალექი მოვიდა და ამასთან, სეისმური ფონიც გააქტიურდა, გეოლოგები სტიქიური პროცესების გააქტიურებას სამცხე-ჯავახეთშიც გარდაუვლად მიიჩნევენ. ღვარცოფებისა და მეწყერის მოვარდნის საფრთხე კი როგორც ბორჯომს, ასევე ახალციხეს, ახალქალაქს და სხვა მუნიციპალიტეტებს ემუქრება.
უფრო მეტად მძიმე მდგომარეობაში კი მცხეთა-მთიანეთის რეგიონი აღმოჩნდება. ამ რეგიონში საკმაოდ რთული გეომორფოლოგიური პირობებია, რაც განაპირობებს ისეთი საშიში გეოლოგიური პროცესების განვითარება-გააქტიურებას, როგორიცაა მეწყრები, ღვარცოფები და ნაპირების გარეცხვა.
“11 ათასზე მეტ ოჯახს, რომლებიც დღემდე ბუნებრივი კატასტროფების შედეგად დაზიანებულ სახლებში ცხოვრობენ, წყალდიდობის შემთხვევაში, ამ გაზაფხულზე სერიოზული რისკის ქვეშ ყოფნა მოუწევთ. მათთვის არც 2009 და არც 2010 წელს არაფერი გაკეთებულა.
თუმცა, ეს არ არის სრული მონაცემები იმისა, თუ რამდენ ოჯახს უწევს კიდევ რისკის ზონაში ცხოვრება. ჩვენი ორგანიზაციის გათვლებით, ასეთი ოჯახების რიცხვი ბევრად მეტია, ვიდრე 11 ათასი”, - განაცხადა “კავკასიის გარემოსდაცვითი ქსელის” წარმომადგენელმა რეზო გეთიაშვილმა.
ბოლო 10 წლის სტატისტიკით, სახელმწიფოს მიერ სტიქიების პრევენციაზე დახარჯული თანხა 40-ჯერ ჩამოუვარდება სტიქიისგან მიღებული ზარალის ოდენობას. რაც შეეხება რეაგირებას, ქვეყანა სტიქიების შედეგების 1%-ის აღმოფხვრას ახერხებს, 70 დაზარალებულიდან კი მხოლოდ ერთია უზრუნველყოფილი ნაწილობრივი დახმარებით.