საქართველო აშშ-ის მოკავშირე

საქართველო აშშ-ის მოკავშირე

უკრაინა, საქართველო და მოლდავეთი ამერიკის შეერთებული შტატების NATO-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსს მიიღებენ - ამას ითვალისწინებს უკრაინის თავისუფლების მხარდამჭერი აქტი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 18 სექტემბერს მიიღო. კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებს შესაძლებლობა ეძლევა სანქციები დაუწესოს იმ რუსულ სამხედრო,  ენერგო  და ფინანსურ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში, უკრაინაში, მოლდავეთსა და სირიაში ვითარების დესტაბილიზაციას უწყობენ ხელს. დოკუმენტი  უკრაინისთვის  სამხედრო დახმარების გაწევასაც ითვალისწინებს.

18 ხმა ნულის წინააღმდეგ - ამ შედეგით დასრულდა „უკრაინის თავისუფლების მხარდამჭერი“ აქტის კანონპროექტის კენჭისყრა. კანონპროექტი  ამერიკის შეერთებული  შტატების მიერ რუსეთის ცალკეული კომპანიებისთვის, მათ შორის, „როსობორონექსპორტისა“ და „გაზპრომისთვის“  ახალი  სანქციების დაწესებას  და უკრაინისთვის სამხედრო და არასამხედრო დახმარების უზრუნველსაყოფად  350 მილიონი ამერიკული დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი ასევე გულისხმობს  10 მილიონი ლარის  გამოყოფას  უკრაინაში, საქართველოსა და მოლდავეთში რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომდევნო სამი წლის განმავლობაში რუსულენოვანი მაუწყებლობის ხელშეწყობის მიზნით.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დამტკიცებული კანონპროექტი სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა. მისი განმარტებით, აქტის დამტკიცებისთვის კანონპროექტმა მთელი რიგი პროცედურები უნდა გაიაროს, თუმცა  დავით ზალკალიანი  ფიქრობს, რომ პროცესი არ გაჭიანურდება:

“იმისთვის, რომ ამ რეზოლუციამ საბოლოო სახე შეიძინოს, კიდევ საკმაო პროცედურებია გასატარებელი. იგი უნდა იყოს ასევე გასული წარმომადგენლობით პალატაში, შემდეგ ისევ უნდა დაბრუნდეს სენატში, გადაიგზავნოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და მხოლოდ პრეზიდენტის მიერ მასზე ხელმოწერის შემდეგ გახდება იგი უკვე სავალდებულო, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ, გამომდინარე იქიდან, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკა ამ რეგიონთან, კერძოდ, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონთან - უკრაინასთნ, მოლდოვასა და საქართველოსთან  -ურთიერთობას, ეს პროცესი იქნება დროულად შესრულებული“.

დავით ზალკალიანს მოგვიანებით იმის კომენტირებაც მოუხდა, აისახება თუ არა  საქართველოზეც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადება, რომ უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი პარტნიორის განსაკუთრებულ სტატუსს არ მიიღებს. დავით ზალკალიანის აზრით, ობამას განცხადება არ ნიშნავს ავტომატურ უარს საქართველოსთვისაც. რაც შეეხება უკრაინას, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, ბარაკ ობამასთან გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, მედიას განუცხადა, რომ უკრაინა, როგორც ნატოს არაწევრი ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი პარტნიორის სტატუსს არ მიიღებს, რადგან უკვე აქვს შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის მსგავსი სტატუსი. მისივე თქმით, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა მეტია, ვიდრე მთავარი პარტნიორის სტატუსი.

ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტიკური გადაწყვეტილებები იმის თაობაზე, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა ამაღლდეს, უკვე მიღებულია, -  განაცხადა 19 სექტემბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ. ამ გადაწყვეტილებებს შორის მინისტრმა ვერტმფრენების პარკის განახლებაც დაასახელა:

“საქართველოს თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან არის დამოუკიდებელი, ორმხრივი თანამშრომლობა. ჩვენ, ბუნებრივია, გვინდა, რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა აღმოუჩინონ უკრაინას და ასეც მოხდება, მაგრამ ჩვენი სტრატეგიული სამხედრო თანამშრომლობა ვითარდება ორმხრივ ფორმატში. ამ შემთხვევაში ერთად არის დაჯგუფებული ის ქვეყნები, რომლებიც ყველაზე უფრო მყიფე არიან რუსეთთან ურთიერთობის კუთხით  და ჩვენი უსაფრთხოების კუთხით, მათი გადმოსახედიდან, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველოს რეფორმების ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი კი, სერგი კაპანაძე, სენატის მიერ მიღებული აქტის პოლიტიკურ მნიშვნელობასთან ერთად ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ   პირველად ხდება, როცა ამერიკის შეერთებული შტატები, სენატის დონეზე, საქართველოში არსებულ მდგომარეობას გარკვეულ სანქციებს აბამს და რუსეთს პირობებს უყენებს:

“ბუნებრივია, ამ რეზოლუციის მთავარი თემა უკრაინაა, მაგრამ უკრაინასთან ერთად მოლდოვასა და საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, ძალების გაყვანა და, ზოგადად, დეოკუპაციასთან დაკავშირებული პროგრესი არის ბმაში“.

პოლიტიკური ექსპერტი ნიკა ჩიტაძე კი ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავარ პარტნიორად აღიარება საქართველოსთვის ნატოსთან ინტეგრაციის, კერძოდ, მაპის ალტერნატივა ვერ იქნება, მაგრამ თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტორია:

“ამ ეტაპზე, მოკლევადიან პერსპექტივაში, ჩემი აზრით, აქ იგულისხმება, პირველ რიგში, სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობა, ანუ საქართველოსთვის გარკვეული ტიპის შეიარაღების მიწოდება, ქართველი სამხედროების მომზადება და, პლუს, საქართველოს ეკონომიკური მხარდაჭერა“. 

„უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერის აქტი“, რომელიც უკრაინას, საქართველოსა და მოლდავეთს  ამერიკის შეერთებული შტატების  ნატოს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსს ანიჭებს, სენატორებმა რობერტ მენენდესმა და ბობ კორკერმა წარადგინეს.