„სააკაშვილის ქონების დაყადაღებასთან პოლიტიკას კავშირი არ აქვს“

„სააკაშვილის ქონების დაყადაღებასთან პოლიტიკას კავშირი არ აქვს“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღებით პროკურატურა და მოსამართლე პოლიტიკური გადაწყვეტილების მონაწილე გახდა.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის და მისი ოჯახის წევრების ქონება დააყადაღა. სააკაშვილის ადვოკატის, ოთარ კახიძის ცნობით, დაყადაღებულია მიხეილ სააკაშვილის, მისი მეუღლის, შვილების, დედის, მამის და ბებიის ქონება.

ადვოკატის განცხადებით, დააყადაღებულია ყვარელში სააკაშვილის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომლის ფართობიც 2 ჰექტარზე ნაკლებია, ასევე ყვარლის საცხოვრებელი სახლი 75 კვადრატული მეტრის ფართით; ბებიის, მზია წერეთლის 500 კვადრატული მეტრი ნაკვეთი ოზურგეთში და მისი 10 წლის ავტომობილი „ტოიოტა რავ 4“; ასევე გიული ალასანიას საკუთრებაში არსებული 0.2 ჰექტარზე ნაკლები ფართობის მიწის ნაკვეთი ყვარელში; მეუღლის სანდრა რულოვსის საკუთრებაში არსებული ბინა და მანსარდა თბილისში; ბებიის საკუთრებაში არსებული მშენებარე ბინა თბილისში და 17 წლის „ჰონდა აკორდი“.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, „ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, რაც ადასტურებს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია და პროკურატურა და სამწუხაროდ, მოსამართლე ამ გადაწყვეტილების მონაწილეები არიან. პოლიტიკური გადატყვეტილებაა ის, რომ მთვარ და ერთადერთ ოპოზიციურ პარტიას „ნაციონალური მოძრაობას“, მის ლიდერს მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ საქმიანობაში ხელი შეუშალონ“.

შეიძლება იყოს თუ არა პროკურატურის და სასამართლოს გადაწყვეტილება საშუალება, სააკაშვილისთვის პოლიტიკური საქმიანობის ხელშეშლისა, ამ თემაზე ექსპერტი, ლევან ალაფიშვილი გვესაუბრება.

ლევან ალაფიშვილი: პოლიტიკოსების საქმე, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ინტერპრეტაციები და პოლიტიკური რიტორიკაა - ეს გასაგებია. სხვა საკითხია, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვა და ამ შემთხვევაში, ეს პროკურატურა იქნება თუ სასამართლო, მიმდინარეობს თუ არა ყველა პროცედურა კანონმდებლობისა და იმ სტანდარტების დაცვით, რასაც ადამიანის უფლებები ჰქვია.

სწორედ ამ კუთხით ხდება ხოლმე სხვა სახელმწიფოების ან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მსგავსი ქმედების პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად შეფასება და აღქმა, მხედველობაში მაქვს სამართალდამცველი ორგანოების ქმედება.

თუ ამას გავითვალისწინებთ, გავრცელებული მწირი ინფორმაციის მიუხედავად, როგორც იურისტმა, შემიძლია დავინახო, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის ფარგლებში იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება და პოლიტიკური ნაწილი რომ მოვაცილოთ, არაფრით არ განსხვავდება სხვა ე.წ. რიგითი ადამიანების ან შედარებით დაბალ საფეხურზე მყოფი ჩინოვნიკების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებებისგან.

პოლიტიკურად გამოიყენებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი და მისი მხარდამჭერი გუნდი უცხოეთში, სხვადასხვა ინსტიტუტების დასარწმუნებლად, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, ადვილი მისახვედრია - ვფიქრობ, ამას შეეცდებიან, მაგრამ რამდენად წარმატებულად, ამას დრო გვიჩვენებს.

ისე, ცუდი არ იქნება, პოლიტიკოსები როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, სულ ცოტა ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილებებიც გაიხსენონ - თუნდაც ოქრუაშვილის მიმართ, როდესაც წინა ხელისუფლების პირობებში დაუყადაღეს ქონება. თანაც ვიცით, რომ ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევა ერთადერთი არ იყო. მაშინ თუ ეს არ იყო პოლიტიკური დევნა და სასამართლოსა და პროკურატურაზე გავლენა დღეს პირიქით არის?!

რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, თუ ყველა პროცედურა დაცულია, ამ გადაწყვეტილების გამო პოლიტიკურ დევნაზე საუბარი უსაფუძვლოა.

სააკაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ამ ფაქტს სტრასბურგში გაასაჩივრებენ. იურიდიული საფუძველი თუ არსებობს ამ ფაქტის სტრასბურგში გასაჩივრებისთვის?

- სხვა ინსტიტუციებისგან განსხვავებით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო, როგორც თვითონ დასახელებიდან ჩანს, იხილავს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს, იქნება ეს სამართლიანი სასამართლო, საკუთრების ხელყოფა თუ სხვა ფუნდამენტური უფლებები.

ასე რომ, პოლიტიკურ ჭრილში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო არ იმჯელებს. ამდენად, შესაძლოა, მსჯელობის საგანი გახდეს, რამდენად იყო კანონთან შესაბამისობაში ესა თუ ის გადაწყვეტილება. მაგრამ ერთიცაა და იმედია, ამას სააკშვილის ადვოკატიც დაადასტურებს, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც გასაჩივრების პროცედურები ქვეყნის შიგნით ამოიწურება. რამდენად წარმატებული იქნება, ან და როდის იქნება, ეს უცნობია, რადგან ჯერ საჯაროც კი არ არის დაყადაღების შესახებ გადაწყვეტილება.

ინფორმაცია სააკაშვილის ადვოკატმა გაავრცელა და საუბარია ყვარელში არსებულ სახლზე, მიწის ნაკვეთზე, რამდენიმე ავტომობილზე და .. თუ გავითვალისწინებთ, რომ საუბარი იყო სააკაშვილის მილიარდერობაზე, ეს ჩამონათვალი საკმაოდ მწირად გამოიყურება...

- შესაძლოა, ადამიანს ძალიან ბევრი ქონება ჰქონდეს, მაგრამ იქიდან პროკურატურამ ოპტიმალურად ჩათვალოს ქონების გარკვეული ნაწილი და უზრუნვეყოფის სახით მხოლოდ ერთ ნაწილზე მოითხოვოს ყადაღა. ამ მონაცემების მიხედვით ვერ ვიმსჯელებთ, სააკაშვილი არის თუ არა, ან იყო თუ არა მილიარდერი. ლოგიკური და სამართლებრივი კავშირიც არ არის, ერთადერთი რამის გამო, რომ პროკურატურამ შეიძლება მიალიარდიანი ქონებიდან მოითხოვოს მხოლოდ გარკვეული ნაწილის დაყადაღება, სააკაშვილის ან მასთან დაკავშირებული პირების მიმართ. გარდა ამისა, არ ვიცით, საბოლოოდ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პროკურატურა.

რა გაგრძელება ექნება ამ ყველაფერს, იმის გათვალისწინებით, რაც უკვე ცნობილია?

- რამდენიმე დღის წინანდელი ინფორმაციით, სააკაშვილის ინტერპოლით ძებნის თაობაზე დოკუმენტაცია უკვე გადაგზავნილია. რას იზამს ინტერპოლი, ეს სხვა საკითხია. იქ არის ე.წ. ორი ფილტრი, ე.წ. სიაში ჩასმის, რომელიც თვითონ ინტერპოლში ხდება და მეორე - უკვე ცირკულარში ჩასმის შემდეგ კონკრეტული ქვეყანა გადმოსცემს თუ რა საქართველოს სააკაშვილს, დაიწყება თუ არა ექსტრადიციის პროცედურა და რამდენად წარმატებული იქნება ის.

აქ უკვე კითხვის ნიშნები და სკეფსისი ჩნდება, მითუმეტეს, ორი ასეთი პროცესი, ვერ ვიტყვი, რომ წარმატებული, უკვე სახეზე გვაქვს. მხედველობაში მაქვს საფრანგეთში - კეზერაშვილის, საბერძნეთში კი ჯერ კიდევ მიმდინარე ახალაიას პროცესები. იმ ქვეყნებში ეს საკითხები უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ. ვინ რა გავლენას მოახდენს და როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ამაზე წინასწარ მსჯელობა შეუძლებელია.

თუმცა, ჩვენს ხელისუფლებას მოუწევს დაფიქრება, რადგან გარდა ევროპული პრეცედენტებისა, ალბათ უნდა გაითვალისწინოს თუნდაც ბოლო განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა. ვფიქრობ, რომ ასეთმა განცხადებებმა გარკვეული გავლენა შეიძლება მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე თუკი ექსტრადიციის საკითხი დადგება.

თუ გავიხსენებთ, თავის დროზე ირაკლი ოქრუაშვილიც არ გადმოსცა საქართველოს საფრანგეთის მთავრობამ, შეიძლება პარალელების გავლება?

- საქმის შინაარსის მიხედვით ანალოგიებზე საუბარი არ იქნება სწორი, რადგან სრულად არ ვიცით, რა მუხლებით მიმდინარეობს დევნა. გარდა ამისა, ანალოგიები კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით საკმაოდ რთულად მოსაძებნია. ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით პროცედურები ყველა შემთხვევაში ერთი და იგივეა.

თუმცა გააჩნია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ეს მხარეებზე იქნება დამოკიდებული. ალბათ გვახსოვს იუსტიციის მინისტრის სკეფსისი, როდესაც ამბობდა, რომ პროკურატურამ ჯეროვნად ვერ დაიცვა პოზიცია და ამიტომ არ გადმოეცა ესა თუ ის პირი საქართველოს და ა.შ. გარკვეულწილად, ანალოგიები შეიძლება ვეძებოთ პროცედურებსა და პოლიტიკური გარემოს აღქმაში უცხოელების მიერ.

კიდევ ვიმეორებ, პოლიტიკური დევნის საფრთხის გამო ითქვა უარი როგორც ირაკლი ოქრუაშვილის, ასევე კეზერაშვილის შემთხვევაშიც. გარდა ამისა, პოლიტიკური მდგომარეობის გამო ოქრუაშვილს პოლიტიკური დევნილის სტატუსიც კი მიენიჭა.

როგორცნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, საქართველოს ხელისუფლება ამ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ საქმიანობაში შეუშალოს ხელი...

- სხვა როგორ უნდა შეუშალოს ხელი, როდესაც მას საქართველოში ჩამოსვლის უფლება არ აქვს? მას ის სტატუსი აქვს, რომლის საუფძველზეც დააკავებენ. სხვა საკითხია, სასამართლო რას შეუფარდებს, მაგრამ როგორც მინიმუმ, დააკავებენ. ამის გამო ის ვერ დაბრუნდება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.

სხვა ხელშეშლა არ ვიცი, ნახევრად ირონიულად თუ ვიტყვით, პირიქით, საერთაშორისო ასპარეზზე პოლიტიკურ კონტექსტში სააკაშვილის წარმოჩინებას, პირიქით ხელს შეუწყობს, წონას შემატებს. ეს არის საშუალება თვითონ სააკაშვილისთვისაც, რომ ქვეყნის გარეთ პოლიტიკური წონის ზრდის კვალობაზე გავლენა მოახდინოს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზეც და საკუთარ პოლიტიკურ მომავალზეც.

რა მაქვს მხედველობაში - თუ გამოცხადდება დევნა, მას შეუძლია, შეგნებულად გადაკვეთოს რომელიმე დემოკრატიული ქვეყნის საზღვარი, სადაც მას დააკავებენ, წავა ექსტრადაციის პროცესი და თუ სუსტად იქნება წარმოჩენილი საქართველოს სახელმწიფოს პოზიცია, აშშ-სა თუ საფრანგეთის კაზუსის გამო, რაც უკვე პრეცენდენტად შეიძლება გამოიყენონ ამა თუ იმ სასამართლოში, შეიძლება სააკაშვილმა მოიგოს ექსტრადირების პროცესი, დარჩეს გისოსებს მიღმა, არ გადმოეცეს საქართველოს, და რეალურად შექმნას ველი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომელიც გავლენას მოახდენს ქვეყნის შიგნით მისი პოლიტიკური ძალის თუ მხარდამჭერების მდგომარეობაზე.

სხვა მხრივ, იგივე სტატუსის მიხედვით თუ ვიმჯელებთ, ჩვენი საარჩევნო კანონმდებლობა ისეთია, რომ კანონის მიხედვით მას აქტიური პოლიტიკური საქმიანობის უფლება, იქნება ეს არჩევითი ორგანოები თუ დანიშვნითი, ისედაც შეზღუდული ექნება, რადგან მას არ ექნება ცხოვრების ცენზი საქართველოში და 2016-2017 წლებში მას არჩევნებში მონაწილეობის ცენზი არ ექნება.

ანუ, გამოდის, რომ პირდაპირ თუ ირიბად, მაინც ეშლება ხელი პოლიტიკურ საქმიანობაში...

- პოლიტიკურ საქმიანობაში ხელშეშლას რას დავარქმევთ, ეს უნდა განვსაზღვროთ ზუსტად, თუკი პარტიულ პოლიტიკურ საქმიანობაზეა საუბარი, ამ შემთხვევაში მას ხელი არ შეეშლება და არც ეშლება. რამდენადაც ცნობილია, ის კვლავ პარტიის თავმჯდომარეა. უშუალო კომუნიკაციის პრობლემა შეიძლება არსებობდეს, მაგრამ დღევანდელი კომუნიკაციის საშუალებების პირობებში, ჯერჯერობით, ახერხებენ ურთიერთობას. ასევე ქვეყნის გარეთაც იმართება შეხვედრები და ა.შ.

რაც შეეხება დანარჩენს, არჩევნების გზით ის კანდიდატი ვერ იქნება და ეს უკვე გადაწყვეტილი საკითხია, ცხოვრების ცენზის და არა სამართლებრივი დევნის გამო და ამას საარჩევნო კანონმდებლობა წყვეტს. კიდევ ერთხელ მინდა მოვიყვანო ოქრუაშვილის მაგალითი, ოქრუაშვილი საქართველოში იყო და სწორედ ამ ცენზის გამო, მან არჩევნებში ვერ იყარა კენჭი. ასე რომ, აქ პოლიტიკა არაფერ შუაში არ არის.