დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა. თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მიხეილ დარჩიაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უელსში გამართულ ნატოს სამიტზე განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა. მინისტრის მოადგილემ სტუმრებს საქართველოსთან დაკავშირებით სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებსა და შედეგებზე ინფორმაცია პირადად მიაწოდა და სამიტზე მიღებული პაკეტის იმპლემენტაციის შესაძლებლობები განიხილა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტს. მიხეილ დარჩიაშვილმა ყურადღება ჩაკ ჰეგელის ვიზიტის პოლიტიკურ მნიშვნელობასა და საქართველო-აშშ-ს ორმხრივ თანამშრომლობაზე გაამახვილა.
მოგვიანებით შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მიხეილ დარჩიაშვილმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა და მათი მოსაზრებები მოისმინა.