როგორც ჩანს, "ნაციონალებისთვის" წმინდა აღარაფერი დარჩა - არც ოჯახი, არც ცოლი, არც შვილი და არც ხატი. რამდენიმე დღის წინ ერთმა "ნაციონალმა" "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე პრემიერ-მინისტრის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის ფოტო დადო, შემდეგ ეს ფოტო თითქმის ყველა "ნაციონალმა" აიტაცა და დაიწყეს სიბინძურეების წერა, რომლის გამეორებასაც არ ვაპირებ. ამ ფაქტმა არაერთი ცნობილი ადამიანი გამოიყვანა მოთმინებიდან, მაგრამ ყველაზე დიდი აჟიოტაჟი მაინც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, მანანა კობახიძის კომენტარს მოჰყვა:
"როცა სრულიად უცნობი ადამიანები უკანასკნელი სიტყვებით ილანძღებიან, ყოვლად უზნეო და ამორალურ პოსტებს დაგიდებენ ეს ვითომკაცები, სინამდვილეში არაკაცები, ბილწსიტყვაობენ და თანაც ქალის მიმართ, აი, მერე მეუღლემ ან ძმამ ან შვილმა მართლა შუბლი რომ გაუხვრიტოს, მერე არ გვითხრას ვინმემ, კრიმინოგენური ვითარება დამძიმდაო, შეურაცხყოფისა და ლანძღვის თმენის ვალდებულება ნამდვილად არ აქვთ ადამიანებს. ისე, პოლიტიკოსიც ადამიანია!"
სამწუხაროდ, ჩვენი არასამთავრობოების დიდი ნაწილი ცალმხრივად მიუდგა საკითხს და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულა:
"პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ პოლიტიკოსსა და საჯარო პირს, სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებით, აქვს საჯარო კრიტიკის, მათ შორის, უსაფუძვლო თავდასხმის მიმართ თმენის ვალდებულება და ეს გამოხატვის თავისუფლებით დაცული სამართლებრივი პრინციპია. აღსანიშნავია, რომ სიტყვის თავისუფლება მოიცავს არა მხოლოდ იმგვარ ინფორმაციას ან იდეას, რომელსაც კეთილგანწყობით ხვდებიან, ან ნეიტრალურია, არამედ ისეთ ინფორმაციასაც, რომელიც შეურაცხმყოფელია, შოკისმომგვრელი და ამაღელვებელი. მანანა კობახიძის განცხადება აჩენს შესაძლებლობას, ის წავიკითხოთ, როგორც მუქარა პოლიტიკური ოპონენტებისა და განსხვავებული კულტურული ფასეულობების მქონე ადამიანების მიმართ, ვისაც შეურაცხმყოფელი კომენტარი გაუკეთებია პირადად მისი ან მისი თანამოაზრეების შესახებ. გარდა ამისა, მანანა კობახიძის განცხადება, ქალს წარმოაჩენს, როგორც არასრულფასოვან არსებას, რომელსაც თავად არ შეუძლია საკუთარი ღირსების დაცვა და დამოკიდებულია მისი ოჯახის წევრი კაცების ქცევაზე. ეს მიდგომა განსაკუთრებით შემაშფოთებელია გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელის მხრიდან და საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს მიერ გაცხადებული გენდერული პოლიტიკის განხორციელებას".
მე პირადად ძალიან ბევრი სულელური განცხადება წამიკითხავს, მაგრამ ასეთი - არასოდეს. თურმე ქალი არასრულფასოვანია, როცა ის დამოკიდებულია მისი ოჯახის წევრი კაცების ქცევაზე და ეს საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს მიერ გაცხადებული გენდერული პოლიტიკის განხორციელებას, ანუ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, ძირს უთხრის საქართველოს ინტერესებს (ვაი, თქვენს პატრონს!); თურმე ის "ნაციონალები", რომლებიც ათასგვარ სიბინძურეს აფრქვევენ პრემიერ-მინისტრის მეუღლის მისამართით, განსხვავებული კულტურული ფასეულობების მქონე ადამიანები არიან. შეიძლება პარლამენტის ვიცე-სპიკერს ცოტა სხვანაირი შინაარსის განცხადება უნდა გაეკეთებინა, შეიძლება ასეთი ხისტი კომენტარი მართლაც არ იყო საჭირო, მაგრამ არც "ფემინისტების დამოუკიდებელ ჯგუფს", არც "ქალთა ფონდს", არც "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფს", არც "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს", არც "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტს", არც "მედიის განვითარების ფონდს", არც "საქართველოს რეფორმების ასოციაციას", არც "იდენტობას" და არც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას" არ დაუგმია ის ფაქტი, რაც განცხადების გაკეთებამდე მოხდა, პირიქით, ყველა ამ არასამთავრობო ორგანიზაციამ ბინძური ადამიანები კულტურული ფასეულობების მქონე პირებად მონათლა. იმ არასამთავრობოების ნაწილი, რომლებმაც თავი გაიგიჟეს, პირდაპირ თუ ირიბად იმართებიან "ნაციონალური მოძრაობიდან". მაგალითად, "საქართველოს რეფორმების ასოციაციას" ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, შოთა უტიაშვილი.
უნდა შეიქმნას თუ არა კიბერპოლიცია, რომელიც შეურაცხმყოფელ განცხადებებს მოიკვლევს და მის ავტორ ბინძურ ადამიანებს დასჯის? ამ თემაზე "ალიას" თავად მანანა კობახიძე ესაუბრება:
- იპოვეს ახალი სკანდალი "ნაციონალებმა". ინტერნეტში გაავრცელეს ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის ფოტო, ქალს შეურაცხყოფას აყენებდნენ მიზანმიმართულად, რათა ვინმე წამოეგოთ პროვოკაციაზე. რა თქმა უნდა, ხელისუფლების წევრები ვალდებული ვართ, კრიტიკა მოვისმინოთ, ბევრი რამ მოვითმინოთ, ბევრი რამ ავიტანოთ. როცა პოლიტიკაში მიდიხარ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, მაგრამ როდესაც ეს ყველაფერი სცდება ადამიანურობის ფარგლებს, უნდა აილაგმოს. მე ასეთი ჯგუფებისგან არ ვითხოვ განსაკუთრებულ ზრდილობას, ამაზრზენი სიბინძურე არ უნდა ვრცელდებოდეს. თან საკუთარი გვარ-სახელებით შემოდიან და აწყობენ პროვოკაციებს. მე ვერ დავეთანხმები იმ ექსპერტებსა და "ენჯეოებს", რომლებსაც მიაჩნიათ, რომ თურმე უკიდეგანოა გამოხატვის თავისუფლება, თურმე ვიღაცებს შეუძლიათ, ნებისმიერი სახის შეურაცხყოფა მოგვაყენონ და ჩვენ ეს უნდა ვითმინოთ. ასე არ არის, ეს არის არასწორი ინტერპრეტაცია. არსებობს ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი, რომელიც იცავს ადამიანის უფლებას, გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ამ მუხლსაც აქვს ფარგლები - არ შეიძლება, ადამიანს პირადი შეურაცხყოფა მიაყენო მუდმივად და ეს დარჩეს უპასუხოდ. შენ შეიძლება თქვა, რომ მანანა კობახიძე უნიჭო პოლიტიკოსია, ამაზე არავინ არაფერს ამბობს, მაგრამ, როცა უხამს გამონათქვამებზე გადადიხარ, ეს უკვე აღარ არის გამოხატვის თავისუფლება. ამ ახლად გამომცხვარ "ენჯეოებს" იმაზე კი არ აქვთ პრეტენზია, საიდან მოდის სოციალურ ქსელებში ამდენი ბოღმა და სიძულვილი, აქეთ მარიგებენ ჭკუას. ეს "ენჯეოები" არის "ნაცებისგან" შექმნილი, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობენ, ადამიანი წყობიდან გამოიყვანონ.
- ხომ არ დადგა დრო, რომ შეიქმნას კიბერპოლიცია? რატომ უნდა ჰქონდეს ვინმეს იმის საშუალება, აგინოს ადამიანებს, მიაყენოს შეურაცხყოფა და ის დაუსჯელი დარჩეს?
- რა თქმა უნდა, ჩვენი, ყველას უფლებაა, რომ ასეთი სიბინძურისგან ვიყოთ დაცული. მე უნდა მქონდეს საშუალება, ასეთ დროს პოლიციას მივმართო განცხადებით და დაიწყოს გამოძიება. სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინ ჩემს ტელეფონზე მოდიოდა შეურაცხმყოფელი შეტყობინებები, მივმართე პოლიციას და სამ დღეში სიმაღლის მიხედვით შემორეკეს გამომძიებლის კაბინეტში დამნაშავეები. ისინი ან სოლიდური თანხებით უნდა დაჯარიმებულიყვნენ, ან, სულ მცირე, თითო წლით წასულიყვნენ ციხეში. ვინაიდან მათ წერილობით მოინანიეს და ბოდიშები იხადეს, ჩემი ნებართვით გაათავისუფლეს. ასე უნდა იყოს ამ შემთხვევაშიც, რა მნიშვნელობა აქვს, რა ფორმით მომაყენებს ვიღაც ვიგინდარა შეურაცხყოფას?
- კი, ბატონო, თქვენ გაქვთ თმენის ვალდებულება, მაგრამ ხომ შეიძლება, მე მართლა შუბლი გავუხვრიტო ვიღაცას?
- სხვათა შორის, მარტო მე არ მაქვს თმენის ვალდებულება, თუ მე ვარ საჯარო მოხელე, თქვენ ხართ, თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, საჯარო პირი. მე არ ვახალისებ არავითარ შურისძიებას, ეს არის რეალობა, შეიძლება ადამიანი რაღაც მაპროვოცირებელი ქმედების შედეგად მართლა მივიდეს იქამდე, რომ ვიღაცას შუბლი გაუხვრიტოს. კიბერდანაშაული კანონით ჩვეულებრივი დანაშაულია და ისჯება სხვადასხვა სახით. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მიდის სერიოზული მუშაობა, რომ ასეთი დანაშაულის გამოძიებისა და გახსნის მექანიზმები დაიხვეწოს. მე არ ვფიქრობ, რომ აქ რაიმე საკანონმდებლო ცვლილებებზე უნდა იყოს საუბარი, ალბათ, უფრო საჭიროა მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების დახვეწა. თუმცა თუ კანონში ცვლილებების შეტანა იქნება საჭირო, არც ეს არის პრობლემა, ამ საქმესაც მოვერევით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნინო გიორგობიანის განმარტება:
"კიბერდანაშაულის საკითხების მთავარ მარეგულირებელ საერთაშორისო დოკუმენტს წარმოადგენს ევროპის საბჭოს 2001 წლის კონვენცია, რომლის რატიფიცირებაც საქართველომ 2012 წელს მოახდინა. აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს კიბერსივრცეში ჩადენილ იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, რომლის დასჯადად გამოცხადება ევალება კონვენციის ყველა წევრ სახელმწიფოს. ამასთანვე, კონვენცია წევრ ქვეყნებს ავალდებულებს, შექმნან კიბერდანაშაულთან ბრძოლის შიდა ეროვნული სპეციალიზებული დანაყოფები. საქართველოში კიბერდანაშაულის დასჯადობის საკითხებს არეგულირებს სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე თავი, რომლის თანახმადაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს კიბერსივრცეში ჩადენილი შემდეგი ქმედებები: კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება, კომპიუტერული მონაცემისა და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა. აღნიშნულთან ერთად, დანაშაულს წარმოადგენს ბავშვთა პორნოგრაფიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევა და კიბერსაშუალებებით ჩადენილი ტერორიზმი. გარდა ამისა, 2012 წელს მიღებულ იქნა კანონი "ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ", რომელიც აწესებს ინფორმაციული უსაფრთხოების ზოგად სტანდარტებს საჯარო და კერძო სექტორისთვის. 2013 წლის მაისში საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კიბერუსაფრთხოების სტრატეგიას 2013-2015 წლებისთვის, რომელიც წარმოადგენს კიბერუსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელ მთავარ დოკუმენტს. სტრატეგიას გააჩნია სამოქმედო გეგმა, სადაც დეტალურად გაწერილია დაგეგმილი ღონისძიებები. თუ ვინმემ ინტერნეტ-სივრცეში მოგაყენათ შეურაცხყოფა, ან დაგემუქრათ, თუ თქვენ გახდით კიბერთავდასხმის მსხვერპლი, ან ფლობთ ინფორმაციას კიბერდანაშაულის თაობაზე, გთხოვთ, მიმართოთ განცხადებით პოლიციას, ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონებზე: 112 - უფასო ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში, ტელ.: 2 41 12 96; 2 41 17 67".