ბათუმის აეროპორტის თანამშრომლებმა სიმულაციური სწავლება ჩაატარეს

ბათუმის აეროპორტის თანამშრომლებმა სიმულაციური სწავლება ჩაატარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის და სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომზე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო-უშიშროების დეპარტამენტის ინიციატივით, ერთობლივი გეგმიური სწავლება ჩაატარეს. ტრენინგში ავიაკომპანია „აირზენას“, ავიასაწარმოების და აეროპორტის ოპერატიული კომპანია „ტავ ჯორჯია“-ს წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

სწავლებისას, სიმულაციური ანონიმური ზარის საშუალებით ეცნობა აეროპორტის საინფორმაციო სამსახურს ასაფრენად გამზადებულ თვითმფრინავში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ, რის შედეგადაც დაიწყო სასწავლო განგაში. წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით აეროპორტის საავარიო-სამაშველო რაზმის, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამსახურის და შსს-ს სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის განაღმვის სამმართველოს თანამშრომლების მობილიზება მოხდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თვითმფრინავიდან მგზავრების დროული ევაკუაცია განახორციელეს, ამის შემდეგ თვითმფრინავი იზოლირებულ სადგომზე აეროპორტის საავარიო-სამაშველო ჯგუფმა გადაიყვანა. შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს და გაანეიტრალეს.

აღნიშნული ტრენინგის მიზანს წარმოადგენს კრიზისულ სიტუაციებში შსს-ს შესაბამისი დანაყოფების უნარების და ოპერატიულობის ხარისხის შემოწმება და ამ უწყებებს შორის კოორდინირებული მოქმედების გამოცდა. ერთობლივი გეგმიური სწავლება პირველად წელს, აპრილში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წარმატებით ჩატარდა. უახლოეს მომავალში ანალოგიური ტრენინგის ჩატარება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც იგეგმება.