შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ხულიგნობისთვის ნასამართლევი ასლან ფ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, ხოლო 1986 წელს დაბადებული ლევან ა. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ასლან ფ-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია მოახდინა. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დიდი ოდენობით მარიხუანა და ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული ამოიღეს. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ასლან ფ. სისტემატურად ახდენდა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას. ექსპერტიზის დასკვნით, ასლან ფ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 38,9602 გრ, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 294,47 გრ ნედლი მარიხუანა. ლევან ა-ს პირადი ჩხრეკისას კი 21,54 გრ ნედლი მარიხუანა ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებისას ორივე დაკავებულს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება ასლან ფ-ს მიმართ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, ხოლო ლევან ა-ს მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).