ცემის და თვითმკვლელობის ახალი ფაქტები ციხეში

ცემის და თვითმკვლელობის ახალი ფაქტები ციხეში

სამი გარდაცვლილი და ერთი ნაცემი პატიმარი - ასეთია ბოლო სამი დღის სტატისტიკა საქართველოს ციხეებიდან. რუსთავის #6 განყოფილებაში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ერთი პატიმარი, 50 წლის ზ.ს., გარდაიცვალა (ის ჩამომხრჩვალი იპოვეს), მეორე კი, 21 წლის ჯ.ქ.,  ფიზიკური დაზიანებებით ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ორი პატიმარი გარდაიცვალა (ერთი - თვითმკვლელობით) #17 დაწესებულებაშიც. ნაცემი პატიმარი თავის ადვოკატთან, ნინო არველაძესთან საუბარში აცხადებს, რომ ციხეში პატიმრები თვითმკვლელობამდე მხოლოდ ძლიერი ზეწოლის შედეგად მიდიან.

რას მიჰყავს პატიმრები სუიციდამდე და რა პასუხი აქვს სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელობას პატიმრის ცემის ფაქტზე?

პატიმარ ჯ. ქ-ს ადვოკატი, ნინო არველაძე, რადიო თავისუფლებას მოუთხრობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმარი სარემონტო სამუშაოების გამო რუსთავის #6 დაწესებულების დაშლის დროს,  გლდანის მერვე საპყრობილეში  გადაყვანისას, ბადრაგებმა სცემეს. პატიმარმა ადვოკატი  გააფრთხილა, რომ ის თვითმკვლელობას არ გეგმავდა და თუ მას რამე დაემართებოდა, სუიციდის ფაქტი თავიდანვე გამოერიცხა:

„სწორედ ამ დაშლის და გადაყვანის პროცესში მოხდა ეს ფაქტი და შელაპარაკება. მას უთხრეს, როგორ იყურები ბიჭო, სად იყურებიო, რაზეც პატიმარი მათ შეეპასუხა, უთხრა, რომ მას მსგავსი არაფერი უქნია, არც  უთქვამს და კამერებში ჩანაწერების ნახვა და გადამოწმება მოითხოვა და სწორედ ამ მომენტში მისცვივდნენ და ცემა დაუწყეს. მე ვნახე პატიმარი და მას ფეხზე, მკლავზე, სახეზე აღენიშნება დაზიანებები და შემიძლია დავადასტურო, რომ ის არის ნაცემი. მან ასევე მითხრა, სიკვდილს არ ვაპირებ და თუ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავი ჩამოვიხრჩე, ეს არ იქნება სიმართლე, რადგან თავს აქ არავინ იხრჩობს თავისით, ყველაზე ზეწოლას ახდენენო“, - აცხადებს ნინო არველაძე.

ამჟამად პატიმარი ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება.

პატიმრის დაზიანების ფაქტის შესახებ ოფიციალური განცხადება სასჯელაღსრულების სამინისტრომაც გაავრცელა და მომხდარი რეჟიმის თანამშრომლებისათვის პატიმრის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევით ახსნა, თუმცა ოფიციალური ვერსია არ ემთხვევა ადვოკატ ნინო არველაძის განცხადებას, რომ 21 წლის პატიმარი საშინლადაა ნაცემი.

როგორც რადიო თავისუფლებას სასჯელაღსრულების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ თეა პერტაიამ განუმარტა, ციხის თანამშრომლებს კანონით, პატიმრის მხრიდან წინააღმდეგობისა და თავდასხმის შემთხვევაში, პროპორციული ძალის გამოყენების უფლება აქვთ, თუმცა თუ ისინი საკუთარ უფლებამოსილებას გადაამეტებენ, არც ეს ფაქტი დარჩება ადეკვატური რეაგირების გარეშე. ჯერჯერობით ეს კონკრეტული საქმე ძიების პროცესშია:

„ჩემი ინფორმაციით, მან რეჟიმის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა რა მოხდა კონკრეტულად ადგილზე, ეს შესწავლის საგანია, პროცესში ჩართულია გენერალური ინსპექციაც“.

16 სექტემბერს სასჯელაღსრულების სამინისტრომ ასევე გაავრცელა ინფორმაცია სასჯელაღსრულების #6 დაწესებულებაში პატიმარ ზ.ს-ს გარდაცვალების შესახებ. ის ციხის თანამშრომლებმა საკუთარ საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს. თეა პერტაია ამბობს, წინასწარი მონაცემებით, პატიმარმა თავი ჩამოიხრჩოო. ამ საქმეზეც გამოძიება მიმდინარეობს.

18 სექტემბერს სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურმა #17 დაწესებულებაში კიდევ ერთი პატიმრის, ნ.შ-ს, გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა. სამინისტროს ცნობით, პატიმარმა საძილე არტერიის საპროექციო არეში მიიყენა ნაკვეთი დაზიანება, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

ამ ჩამონათვალს მიემატა ასევე #17 დაწესებულებაში კიდევ ერთი პატიმრის, დ.ა-ს, გარდაცვალების ფაქტი - სახალხო დამცველის ცნობით, პატიმარი, სავარაუდოდ, მწვავე ინფარქტით გარდაიცვალა. სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ჩვენს რადიოსთან საუბარში შენიშნავს, რომ როცა ასეთ მოკლე პერიოდში სამი პატიმარი იღუპება, უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ სისტემაში სერიოზული პრობლემებია:

„თუნდაც სუიციდის პრევენციის თვალსაზრისით, ციხეებში ამ მიმართულებით მომუშავე პირთა როლი გაძლიერებეული უნდა იყოს, მაგრამ როდესაც დაწესებულებებში არ ჰყავთ ფსიქოლოგები,  სამედიცინო პერსონალის დანაკლისია, ცხადია, ამ პრობლემასთან ბრძოლა რთული იქნება. თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ ზოგადად დამოკიდებულებაა შესაცვლელი პატიმართა გარდაცვალების ფაქტების მიმართ. ეს ისე აღიქმება, თითქოს ჩვეულებრივი ამბავი იყოს და არა ტრაგედია. არადა, ყველა ასეთი ფაქტი უნდა იყოს საგანგაშო დაწესებულებებისათვის და მთლიანად სისტემისათვის“.

გადავხედოთ სტატისტიკასაც: ოფიციალური მონაცემებით, 2012 წელს ციხეში გარდაიცვალა 67 პატიმარი (აქედან 58 - ჯერ კიდევ ყოფილი ხელისუფლების მმართველობის დროს), 2013 წელს - 25. 2014 წელს გარდაცვლილია 16 პატიმარი. რაც შეეხება სუიციდს, 2013-2014 წლებში სულ 10 სუიციდის შემთხვევაა დაფიქსირებული: 2013-ში 6 ფაქტი, 2014-ში -  4.

შედარებისთვის: 2011 წელს, ასევე ოფიციალური მონაცემებით,  14-მა პატიმარმა მოიკლა თავი.

ყოფილი სახალხო დამცველი, ამჟამად კი არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი, გიორგი ტუღუში სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული ვითარების შესახებ რადიო თავისუფლებას რამდენიმე მოსაზრებას უზიარებს. ტუღუშის თქმით, ზოგადად, ამნისტია ციხეებში არაერთ პრობლემას ანეიტრალებს, იქნება ეს საყოფაცხოვრებო პირობები, სხვადასხვა სერვისების მიწოდება, საცხოვრებელი ფართი და ა.შ.. ხელმძღვანელობას უმცირდება ხარჯიც, რაც მას შესაძლებლობას აძლევს წარსულში არსებული პრობლემები ნაწილობრივ მაინც აღმოფხვრას - ამ ფონზე ამნისტიამდე და მის შემდგომ ციხეებში არსებული ვითარების ამსახველი სტატისტიკის დაპირისპირება გიორგი ტუღუშს არასწორად მიაჩნია:

„ძველი სტატისტიკა შედგენილია მაშინ, როცა სისტემაში იყო 24 500 პატიმარი, ხოლო ახალი სტატისტიკა გამომდინარეობს დაახლოებით 9 000 პატიმრიდან. ამიტომ, პირველ რიგში, სტატისტიკით მანიპულირება არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ცუდი  მცდელობა. იგივე ჯანდაცვის სერვისების მიწოდების თვალსაზრისით, ცხადია, რომ ამნისტიის ფონზე გაცილებით მეტი რესურსი გაუჩნდა სისტემას ნებისმიერი მიმართულებით“.

რაც შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა სუიციდის ფაქტებს, გიორგი ტუღუში იხსენებს, რომ ციხეებში თვითმკვლელობის სტატისტიკა (სიკვდილის გამომწვეი სხვა მიზეზებისგან განსხვავებთ) გასულ წლებში იყო ყველაზე დაბალი. ამას ადასტურებდა ოფიციალური სტატისტიკაც და სახალხო დამცველის აპარატის მიერ მოპოვებული მონაცემებიც. ის, რომ ბოლო დროს ზედიზედ რამდენიმე პატიმარმა  მოიკლა თავი, გიორგი ტუღუშის აზრით, შესაძლოა, სისტემაში  რამდენიმე პრობლემაზე მიუთითებდეს:

„ეს შესაძლოა იყოს ის, რომ ციხეებში ფსიქიატრიული სერვისები ან მოშლილია, ან საერთოდ არ არსებობს; ასევე, შესაძლოა სასჯელაღსრულების სისტემაში არ არის პერსონალი, ვისაც შეუძლია მსგავსი შემთხვევები გააკონტროლოს და წინ აღუდგეს მათ, ან სულაც ეს შეიძლება იყოს დაძაბული ფონი დაწესებულებაში, პატიმრებს შორის არსებული ძალადობის ფაქტები და ფსიქოლოგიური ზეწოლა, რამაც შეიძლება უბიძგოს ადამიანს თვითმკვლელობისკენ. ცხადია, გამოძიების გარეშე ძნელია თქვა, თუ რა იყო კონკრეტული ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანის მიზეზი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ციხეში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია, იქნება ეს ავტორიტეტული პატიმრების მოძლიერება და მათი გავლენის დამყარება უფრო სუსტებზე, მათი გაკონტროლების მცდელობა თუ სხვა“.

გიორგი ტუღუში სასჯელაღსრულების სისტემის მოქმედ ხელმძღვანელობას ურჩევს დღეს არსებულ პრობლემებს მიხედოს და თავი ანებოს წარსული მაგალითებით თავის გამართლებას. ის ასევე აღნიშნავს, რომ დასუსტებულია ციხეების  მონიტორინგის მოქმედი მექანიზმიც, ამიტომ ის ხელისუფლებას სწორედ ამ რგოლის გაძლიერებას ურჩევს. გიორგი ტუღუშის განცხადებით, ის რიტორიკა, რომ ციხეებში ვითარება გაუმჯობესდა და დამატებითი მონიტორინგი საჭირო აღარ არის, მხოლოდ თავის მოტყუების მცდელობაა.