ბარბარე რაფალიანცის საქმის თაობაზე უმცირესობა საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ამ საქმით მოვიდა, მაგრამ ორი წელი გადის და საქმე თაროზეა შემოდებული.
2012 წლის 30 სექტემბერს მომხდარ საზარელ ფაქტზე, for.ge დეპუტატ გიორგი ღვინიაშვილს ესაუბრა, რომელიც მანანა ბერიკაშვილმა მაშინ ბავშვის გარდაცვალებაში დაადანაშაულა.
ბატონო გიორგი, ბარბარე რაფალიანცის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვთ, რატომ?
- ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ამ საქმეს ორ კვირაში გახსნიდა, მაგრამ ამის შემდეგ ორი წელი გავიდა და ეს საქმე არ იხსნება. ტრაგიკული საქმე „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა. პირველ რიგში, ჯერ ბავშვის მდგომარეობა არ იყო ცნობილი, რომ მანანა ბერიკაშვილმა მე დამადო ხელი, ასევე საეჭვოდ დაემთხვა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ალასანიას გურჯაანში ჩამოსვლა და მან ხელი „ნაციონალური მოძრაობისკენ“ გამოიშვირა. ამასთან, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ტელევიზიები ადგილზე რამდენიმე წუთში იყვნენ და ეს ფაქტი შუქმებოდა ისე, რომ თითქოს ყველაფერი ჩვენი ბრალი იყო. 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს საარჩევნო ყუთებთან ხალხი იმ განწყობით მიიყვანეს, რომ ნაციონალები ბავშვებს ჭამენ. პოლიტიკური მიზნებისთვის სიბინძურე გამოიყენეს.
რატომ ჭიანურდება საგამოძიებო პროცესი?
- ამ ტრაგიკულ ფაქტთან, რა კავშირშია „ქართული ოცნება“? - ეს საქმე გამოიყენეს, მაგრამ ფაქტია, რომ ახლა არ იხსნება. ეს შემთხვევა ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო და დარტყმა პირადად ჩემს თავზე გადავიტანე. რა თქმა უნდა, ეს მთელს გუნდს შეეხო, მაგრამ ანალიზი ადასტურებს, რომ კოალიციამ ეს საქმე გამოიყენა. გულუხვ დაპირებებთან ერთად, რომელიც ახლა არც ღარიბაშვილს აღარ ახსოვს და არც ბიძინა ივანიშვილს, ამ საქმითაც მოვიდნენ ხელისუფლებაში. მათი ქმედებები ზუსტად ოლიგარქების სტილია. ხელისუფლებაში მსგავსი ხერხებით პუტინიც მოვიდა, ბესლანი გაიხსენეთ. „ქართული ოცნების“ ბრალეულობის შესახებ ეჭვები კიდევ უფრო რაფალიანცების ოჯახის ადვოკატის განცხადებამ გაამწვავა, რომელმაც ბავშვის გარდაცვალებაში ბრალი კოალიციას დასდო. ჯანყარაშვილს და სხვებს ამ ქალისთვის დავალება ჰქონდათ მიცემული, რომ ამ საქმეს ნათელი არ უნდა მოჰფენოდა. საგამოძიებო კომისიის შექმნას, სწორედ ამიტომ ვითხოვთ. ორი წელი გადის, მაგრამ არაფერი კეთდება. პირიქით, ადვოკატი ამბობს, რომ მასთან ზარები გრძელდებოდა და ზეწოლას აგრძელებენ.
კომისია სავარაუდოდ, არ შეიქმნება. უმრავლესობა თქვენ პოლიტიკურ სპეკულაციებში გადანაშაულებთ...
- თუ არ შეიქმნება, ეს დასტური იქნება, რომ ამ საქმის გახსნა ხელისუფლებას არ აწყობს. პარლამენტს რატომ არ უნდა, რომ ამ საქმეს ნათელი მოეფინოს? რეალურად, რა მოხდა, იმ ღამეს? - ამ საშინელ დღეს ათი თვის ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. რატომ არ უნდა აწყობდეთ? თუ საპარლამანტო უმრავლესობა ამ კომისიას არ შექმნის ყველა ეჭვი დადასტურდება და პასუხისმგებლობა უმრავლესობაზე გადავა.
ამ საქმეში ბრალი თქვენ დაგდეს და გასაგებია, კომისიის შექმნას რატომ ითხოვთ, მაგრამ თქვენი ინფორმაციით, 2012 წლის 30 სექტემბერს რა მოხდა?
- წინასწარი ვერსიებზე ლაპარაკისგან თავს შევიკავებ, იმიტომ, რომ დანამდვილებით ვერაფერს ვერ ვიტყვი. დანამდვილებით ვიცი, რომ ეს ტრაგიკული ფაქტი „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა და ეს შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანდა. მანანა ბერიკაშვილმა ეს მკვლელობა პირდაპირ მე დამაბრალა და საუბრობდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბავშვებს ხოცავენ. იმ სოფელში საკმაოდ მაღალი შედეგი ვაჩვენე, რადგან ხალხი მიცნობს. მათ ძალიან კარგად იცოდნენ, ხმას ვის აძლევდნენ, მაგრამ ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს ეს დააჯერეს. ტყუილით მოსული ხელისუფლებაა და ახლა ან გვითხრან რა ხდება, ან არ ვიცი.
თქვენს ბრალეულობაზე საუბრისას, ჩვენთან ინტერვიუში ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ „ღვინიაშვილს შეიძლება სხვა საქმეებში დანაშაული აქვს, ან არ აქვს და ეს სასამართლომ უნდა დაადგინოს, მაგრამ ამ საქმეში ის სუფთაა და დამბრალებელი არ იყო მართალი“...
- ლევან ბერძენიშვილმა რა თქვა არ ვიცი, მაგრამ სხვა საქმეებსაც გადასწვდა. თუ ღვინიაშვილი რომელიმე სხვა საქმეში დამნაშავეა, მზად არის, პასუხი აგოს, მაგრამ ამ საქმეში ვინც დამნაშავეა, პასუხი მასაც აგებინონ. მზად ვარ, სადაც დამნაშავე ვარ, პასუხი ვაგო.
როდესაც რაფალიანცის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვთ, რათა სიმართლე გაირკვეს, თავის დროზე, თქვენ რატომ არ შექმენით კომისიები - ბუტა რობაქიძის, სანდრო გირგვლიანის, ვაზაგაშვილის და სხვათა მკვლელობებზე?
- დიახ, გირგვლიანის საქმეც ძალიან მძიმე იყო, მაგრამ გირგვლიანის საქმეზე ოთხი პიროვნება სასჯელს იხდიდა.
თუმცა, როგორც ცნობილია, სწორედ ეს ოთხი პიროვნება, საკმაოდ კარგ პირობებში ცხოვრობდა...
- დეტალები არ ვიცი და ვერ ვისაუბრებ. გირგვლიანის საქმე ასე თუ ისე გაიხსნა. იმ პერიოდში გამომძიებელი ვიყავი და გამოძიება რა ეტაპზეც იყო, ახლაც ისეა. ამ საქმეზე თუ ვინმე იმხილებოდა, დაპატიმრებული იქნა. გირგვლიანის საქმე უმძიმესია, მაგრამ არანაკლებია რაფალიანცის საქმე და გაიხსნას.