"თანხის ერთიანად გადახდა ბევრად უფრო იაფი გვიჯდება, ვიდრე იჯარით ფართის აღება“

პარლამენტი 1 155 600 ლარად ღირებული ავტოსადგომის ყიდვას აპირებს. ამ მიზნის განსახორციელებლად საკანონმდებლო ორგანოში შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია. დეპუტატებმა დადგენილება მიიღეს, რომლის გათვალისწინებითაც, საკანონმდებლო ორგანო ეკონომიკის სამინისტროს 2014 წლის ბიუჯეტიდან 1 155 600 ლარს გადაურიცხავს, უწყება კი, ამ თანხით 77 ავტომობილის დასაყენებლად ფართს შეიძენს. კერძოდ, საუბარია, პირველი სკოლის უკან მდებარე ახალი საცხოვრებელი კომპლექსის ნულ სართულზე ფართის შეძენაზე, რომლის თაობაზეც პოლიტიკურ ძალებში აზრთა სხვადასხვაობაა.

უმცირესობა აცხადებს, რომ უამრავი პრობლემის ფონზე ზრუნვა იმაზე მიდის, დეპუტატების მანქანები სად დადგეს, უმრავლესობა კი, წინა ხელისუფლების მიერ დადებულ შეთანხმებაზე აპელირებს.

როგორც for.ge-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ზურაბ მელიქიშვილმა განუცხადა, ნაცვლად იმისა, რომ პარლამენტმა თანხები შეიმციროს და ეს თანხები სოციალურ პრობლემებს მოახმაროს, უწყება ავტოსადგომის ყიდვას აპირებს.

„ამდენი პრობლემის ფონზე, ზრუნვა იმაზე მიდის, დეპუტატების მანქანები სად დადგეს და არა იმ ადამიანებზე, რომლებიც პრობლემების მოგვარების მიზნით, პარლამენტის კარებთან დგანან. მაშინ, როცა ეკონომიკა გაჩერებულია, ბიუჯეტში პრობლემები აქვთ და შემოსულობებს ვერ ავსებენ, თანხები სოციალურ პროექტებში უნდა ჩადონ და არა ახალ ფინანსურ ვალდებულებებში“, - განაცხადა მელიქიშვილმა.

ოპონენტის საპასუხოდ, for.ge-სთან საუბარში ზურაბ ტყემალაძე იმ შეთანხმებაზე საუბრობს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიდო. დეპუტატის ინფორმაციით, ავტოსადგომი 77 მანქანის განთავსებაზე იქნება გათვლილი.

„სამშენებლო კომპანიას პირველი სკოლის უკან ტერიტორია იმ პირობით გამოუყვეს, რომ ერთი სართული იჯარით პარლამენტს გადაეცემოდა, ამის სანაცვლოდ კი უწყებას ყოველთვიურად გადასახადი უნდა ეხადა. უკეთესი შესაძლებლობა მოვძებნეთ. სჯობს, თანხა ერთიანად გადავიხადოთ და ეს ბევრად უფრო იაფი გვიჯდება, ვიდრე იჯარით ფართის აღება“, - აცხადებს ტყემალაძემ.

კანონმდებელის ცნობით, აღნიშნული კომპლექსი „კაპიტალ ვასტოკმა“ ააშენა, რომელმაც კორპუსი გაყიდა, მაგრამ იმ პირობით, რომ ფართი პარლამენტს გადაეცემოდა.

„წინა ხელისუფლებას სწორი გაუკეთებია, რომ პარლამენტს ავტოსადგომი გამოუძებნა. იცით, რომ პარლამენტთან მანქანის შეჩერებაც კი რთულია, არათუ, დაყენება“, - დასძენს ტყემალაძე, რომლის მსგავსად, ავტოსადგომის შესყიდვის სურვილს იწონებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ებანოიძე.

კანონმდებელი for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ პარლამენტი პარკინგის გარეშე შეუძლებელია იყოს.

ებანოიძის თქმით, ეს სადგომი ყველას სჭირდება.

„პარლამენტისთვის დაგეგმილი ხარჯებიდან რაღაც მოვიკელით და ეს გავაკეთეთ. მაგალითად, რა მოვიკელით? - ამ წელს ავტოპარკის განახლება იგეგმებოდა, მათი შენახვა უკვე ზარალიანიც კი არის, მაგრამ ეს საქმე გადავდეთ. ავტოსადგომს ამ მოწვევის პარლამენტისთვის არ ვყიდულობთ მხოლოდ. ამით, სხვა მოწვევის პარლამენტებიც ისარგებლებენ. სახელმწიფო ფაქტიურად აქტივს ყიდულობ, რომელსაც გაუფასურება არ ემუქრება. ამასთანავე, პარლამენტს თუ დასჭირდება ავტოსადგომს გაყიდის კიდეც. რა შუაშია აქ, „ქამრის შემოჭერა“ და ასე შემდეგ“, - განგვიცხადა ებანოიძემ, რომელსაც ვკითხეთ, უპრიანი ხომ არ იქნება, დეპუტატებმა ხარჯების გაწევის ნაცვლად, „ქამრები შემოიჭირონ“.

რაც შეეხება აღნიშნულ კომპლექსს, მისი მშენებლობა წლების წინ დაიწყო და ამის წინააღმდეგ გამოდიოდა „ჰამქარი“, რომელიც თვლიდა, რომ კორპუსი რუსთაველის გამზირის იერ-სახეს აუშნოვებდა. აღსანიშნავია, რომ ამ კომპლექსში თაბუკაშვილის ქუჩაზე დანგრეული ბინის მფლობელების განთავსებაც იგეგმება.