ბარბარე რაფალიანცის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტში 30 მომხრე ხმით 28-ის წინააღმდეგ ჩავარდა. ინიციატივას მხარი საპარლამენტო უმრავლესობამ არ დაუჭირა, მათ შორის, თავი შეიკავეს ელისო ჩაფიძემ და ვიქტორ დოლიძემ, რომლებიც იდეის მომხრეებად მოიაზრებოდნენ. საკანონმდებლო ორგანოში კომისიის შექმნის საკითხზე მსჯელობა რამდენიმე საათის განმავლობაში ურთიერთბრალდებების, კამათისა და ბოლოს შეხლა-შემოხლის ფონზე წარიმართა.
უმცირესობა-უმრავლესობის წევრებს შორის დაპირისპირება გიგა ბუკიას გამოსვლამ გამოიწვია, რომელმაც „ნაციონალურ მოძრაობას“ წარსული გაახსენა. გამოსვლის შემდეგ, ბუკიას პლენარული სხდომის დარბაზის გარეთ გასვლა პავლე კუბლაშვილმა შესთავაზა, ამის საპასუხოდ კი პაატა კვიჟინაძემ კუბლაშვილს მიმართა: „სად მიგყავს ბიჭო?“. ამ რეპლიკის შემდეგ, ერთმანეთს ომარ ნიშნიანიძე და კობა სუბელიანი დაუპირისპირდნენ. ნიშნიანიძე დევნილთა ყოფილი მინისტრისკენ ფიზიკურად გაიწია და მიმართავდა „შენ ვინღა ხარ, ბიჭო?!“.
მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ მხარეებს შორის ინციდენტი ამოიწურა, კენჭისყრაზე საკითხი დადგა და როგორც შედეგებიდან ირკვევა, კომისიის შექმნას მხარი უმცირესობის დამსწრე შემადგენლობამ სრულად დაუჭირა, ასევე მხარდაჭერა დააფიქსირეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმა - მურმან დუმბაძემ და სერგო ხაბულიანმა. ელისო ჩაფიძე და ვიქტორ დოლიძე კი დარბაზში იყვნენ, მაგრამ მათ საკითხის მხარდაჭერისგან თავი შეიკავეს. არადა, აღნიშნული დეპუტატები მიმდინარე კვირას, კომისიის შექმნის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ. უფრო მეტიც, ევროინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარემ კომისიის შექმნა ბიუროს სხდომაზე მოითხოვა და აღნიშნა, რომ ამ საქმეს წერტილი უნდა დაესვას. დოლიძეს ამ განცხადების გამო პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მიკროფონიც კი გამოურთო.
„ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობას კომისიის არშექმნის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ 2012 წელს 30 სექტემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ ამ ტრაგედიით ისარგებლა და ხალხს ეუბნებოდნენ, ბავშვის მკვლელებისთვის ხმა არ მიეცათ.
როგორც for.ge-ს გიორგი ვაშაძემ განუცხადა, ოპონენტები პოლიტიურ სპეკულაციებზე საუბრობენ, მაგრამ ავიწყდებათ, რომ პოლიტიკურ სპეკულაციას 2012 წლის 30 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა. მისი თქმით, საარჩევნო უბნებზე „ოცნების“ მიერ მობილიზებული ხალხი იდგა და ამბობდა, რომ ბავშვის მკვლელებისთვის ხმა არ მიეცათ.
„პოლიტიკური სპეკულაცია რომ დამთავრდეს. კომისიის შექმნას ამიტომ ვითხოვთ. რეალური გამოძიება უნდა ჩატარდეს და არა ზღაპრებით ვიცხოვროთ, თუ რატომ ვერ სრულდება გამოძიება. „ქართულმა ოცნებამ“ ამ ტრაგედიით ისარგებლა და ყველამ კარგად იცის, ამ ფაქტმა არჩევნების შედეგზე თუ რა გავლენა მოახდინა. ღვინიაშვილის ტარგედიაზე და ჩვენს ფსიქოლოგიურ პრობლემაზე არ ვსაუბრობ, რაც ამ პირებმა მაშინ შეგვიქმნეს“, - აცხადებს ვაშაძე, რომლის პათოსს იზიარებს გოკა გაბაშვილი.
კანონმდებელი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ უმრავლესობამ კომისია არ შექმნა და ამით ხელიდან ძალიან კარგი შანსი გაუშვა. გაბაშვილის შეფასებით, დადგება დრო, როცა ამ საქმეში დამნაშავე ყველა ადამიანი დაისჯება.
„სჯობდა, ამ საქმიდან პოლიტიკა გამოგვეცალა და დეპუტატებს ყველაფერი ერთად გვენახა, თუ რა ეტაპზეა გამოძიება და რა გამოიძიეს. ეს საქმე გამოეკვლიათ და ძალიან ბევრ შეკითხვაზე პასუხი გაეცათ. შანსი ხელიდან გაშვებულია, მაგრამ გამორიცხულია, ეს საქმე გამოძიებული არ იქნეს. თუ როდის იქნება და ვის მიერ, არ ვიცი, მაგრამ დრო დადგება, როცა ამ საქმეში დამნაშავე ყველა ადამიანი დაისჯება“, - განუცხადა for.ge-ს გაბაშვილმა.
ოპონენტების საპასუხოდ, უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ამ თემის წამოწევა და „ქართული ოცნებისთვის“ დაბრალება, წამოუდგენელია. ვიცე-სპიკერის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქმის ცხელ კვალზე გახსნა უფრო შესაძლებელი იყო, ანუ, მაშინ, როცა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო. დეპუტატის თქმით, ადგილი აქვს პოლიტიკურ სპეკულაციებს და საგამოძიებო კომისიების შექმნა მიზანშეწონილი არ არის, რადგან ამ მძიმე ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
„ბევრი საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია, მაგრამ სამწუხაროა, რომ ეს საქმე ჯერ კიდევ გახსნილი არ არის. არ მგონია, რომ კომისიის შექმნით ამ საქმეს რაიმე წაადგეს. ჩვენი მხრიდან ის ემოციური ფონი რაც შეიქმნა, არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ რასაც ოპონენტები ახლა აკეთებენ, საერთოდ მიუღებელია. ამ თემის წამოწევა და „ქართული ოცნებისთვის“ ამის დაბრალება, წამოუდგენელია. გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ. დარწმუნებული ვარ, საქმე მალე გაიხსნება“, - აცხადებს აბაშიძე, რომლისგან განსხვავებით, უფრო რადიკალურია ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.
გია ვოლსკის მოსაზრებით, დღევანდელი დღე ნათლად ადასტურებს იმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ კომისიის შექმნის არავითარი სურვილი არ აქვს. მისი თქმით, უმცირესობას ერთადერთი ინტერესი აქვს, წარსული გაათეთრონ, სადაც სერიოზული სისხლისფერი სჭარბობს.
„ცდილობენ, თავი ისე წარმოაჩინონ, თითქოს, სამართლისათვის მებრძოლი გუნდი არიან. ეს არც დაუმალავთ. ეს ყველაფერი პირველივე სიტყვიდან ჩანდა. კომისიის ალტერნატივად რაღაც განიხილება და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში საგამოძიებო სტრუქტურებს ექნებათ ამაზე განცხადება გასაკეთებელი. არცერთი თემა არ მახსოვს, რომელიც საზოგადოებისათვის საინტერესო იყო და განცხადება არ გაკეთებულიყო“, - აღნიშნავს ვოლსკი.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 30 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში წყლით სავსე ქვევრში ათი თვის ბარბარე რაფალიანცი გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულ მკვლელობაში მანანა ბერიკაშვილმა გიორგი ღვინიაშვილი დაანაშაულა. მიმდინარე კვირას კი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქმის გამოძიების მიზნით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა.