ოპოზიციონერი დეპუტატი დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ მმართველ გუნდში პოლიტიკური კრიზისია. მისი შეფასებით, მარგველაშვილმა თანამდებობის დაკავებით როლი მოირგო, იგრძნო, რომ პრეზიდენტია, კონსტიტუციაში ჩაიხედა და თავის როლზე პრეტენზიები გაუჩნდა, ამას კი ივანიშვილი ვერ იტანს, რომელსაც კონსტიტუცია სულ ფეხებზე ჰკიდია.
თუ როგორ აფასებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კოალიციაში მიმდინარე პროცესებს, ამის გარკვევის მიზნით, for.ge დავით დარჩიაშვილს ესაუბრა:
ამერიკაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ჩაიშალა. გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, „პრეზიდენტის ინსტიტუტის საწინააღმდეგოდ ნაბიჯები გადაიდგა“. როგორ აფასებთ, მმართველ გუნდში განვითარებულ მოვლენებს?
- ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გრამატიკულ ფორმას, პრეზიდენტს ვიზიტი ჩაეშალა, თუ ჩაუშალეს. თუ ჩაუშალეს, ეს პოლიტიკური სკანდალია, რადგან პრეზიდენტს გაერო-ში ოფიციალური მიწვევა ჰქონდა და ვიზიტი ვინ ჩაუშალა? ეს სახელისუფლებო კრიზისი და პოლიტიკური სკანდალია. თუ ის ფაქტორია, რომ პრეზიდენტმა ვიზიტის ორგანიზებას თავი ვერ მოაბა და პოლიტიკურ წნეხს ვერ გაუძლო, ეს მის პიროვნულ უნარ-ჩვევებზე მიუთითებს. მართალი გითხრათ, მმართველ გუნდში დაპირისპირება გარდაუვალი იყო იმიტომ, რომ ეს არის არაპოლიტიკური კოალიცია, სადაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანია პოლიტიკოსი, მაგრამ ისინიც მესამე ხარისხოვან როლებს თამაშობენ. სამწუხაროდ, მათ შორის არის დავით უსუფაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარეს ფორმალურად მაღალი თანამდებობა უკავია, მაგრამ მეტ პოლიტიკურ ამინდს უმრავლესობის სხვა წევრები ქმნიან და პარლამენტიდან აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი გამორიცხული ხდება. იმ ადამიანებმა, რომელთაც ხელში თანამდებობები ჩაიგდეს და პოსტებს მოერგენ, ივანიშვილის კლიენტურაა. ისინი ანგარიშვალდებულები სწორედ ივანიშვილის მიმართ არიან. პარლამენტარიზმის სირცხვილია, რომ უმრავლესობამ მანდატი ასეთ მთავრობას და პრემიერს მისცა.
რაც შეეხება მარგველაშვილს, ჩანს, რომ ის ამ კლიენტებიდან ამოვარდა და ამას მთლად ის უფროსი ვერ იტანს, რომელიც ქვეყანაში თავს ქურდად გრძნობს. მარგველაშვილის მიმართ ისრები სწორედ ივანიშვილის მხრიდან მოდის. როგორც ჩანს, მარგველაშვილმა თანამდებობის დაკავებით როლი მოირგო, იგრძნო, რომ პრეზიდენტია, კონსტიტუციაში ჩაიხედა და თავის როლზე პრეტენზიები გაუჩნა. ამას ის ადამიანი ვერ იტანს, რომელსაც კონსტიტუცია სულ ფეხებზე ჰკიდია. სხვათა შორის, პარლამენტის თბილისში ასე ქურდულად გადაპარვა იმაზე მიუთითებს, რომ მათ კონსტიტუცია მართლა ფეხზე ჰკიდიათ.
მმართველი გუნდი კონსტიტუციურ ჩანაწერებზე აქცენტირებს და ამბობს, რომ ამერიკაში პრემიერ-მინისტრი უნდა მიდიოდეს. მათ პოზიციას იზიარებთ?
- თუკი ისინი შეთანხმებოდნენ, მაშინ ამერიკაში ვინც სურდათ, ის წასულიყო და ეს ცირკი არ გაემართათ. საქართველო კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელით არ იმართება და კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი წარმომადგენლობითი ფუნქციით სარგებლობს და ამავე დროს, ის პასუხისმგებელია ქვეყნის უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, ყმაწვილ პრემიერს კეთილი ენება და გვერდზე გამდგარიყო. ქვეყნის პრეზიდენტისთვის ანგარიშის არ გაწევა, სრულიად მიუღებელია.
იმის გამო, რომ პრეზიდენტს ხშირად იცავთ, ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილი კონკურენციაშია მთავრობასთან და ამით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ახარებს...
- პირველ რიგში, რაც არ მახარებს და ამ ქვეყანაში ივანიშვილის შემდეგ აღარაფერი არ მახარებს, ეს არის ის, რომ კონსტიტუციურ მოდელს ფეხქვეშ თელავენ. თუ მათ ფუნქციების გამიჯვნა სურდათ, პირველ რიგში, საკონსტიტუციო კომისიას ახალი მოდელი მოემზადებინა და ფუნქციების გადანაწილება დაეწყოთ. ჯერჯერობით, არის ის, რაც არის. დღეს მოქმედი კონსტიტუცით, პრეზიდენტს პატივი უნდა სცენ. იმედია, მარგველაშვილის ადვოკატად ვერ გამოგვიყვანენ, რადგან მასთან წლების განმავლობაში დიდი დაპირისპირება არსებობდა, მაგრამ აქ ლაპარაკია ინსტიტუტზე. ვხედავთ, რომ სავალალო და არგასახერებელი სწორედ ის არის, რომ ივანიშვილმა ოჯახის თუ პირადი ბიზნესის მოურავი ახალგაზრდა ბიჭი უცებ ყველას თავზე დაასვა და თავად პროცესებს კულისებიდან მართავს. ამას კი, მთავრობას ეძახის. ამ ბოლო დროს კი, ეს ბიჭი სულ „ნაეზდებს“ აკეთებს ხან ვისზე და ხან ვისზე. თან მას დანით ჭიკაიძე დაჰყვება.
თქვენ პრემიერს აკრიტიკებთ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი მთავრობისა და განსაკუთრებით ირაკლი ღარიბაშვილის მუშაობით კმაყოფილია...
- ივანიშვილი კმაყოფილი რატომ არ იქნება? მის წარმოდგენაში საქართველო სახელმწიფო კი არ არის, არამედ პირადი სამშობლოა, რომელიც ისე უნდა იმართებოდეს, როგორც მას პირადად აწყობს. ამას ღარიბაშვილი ასრულებს. ივანიშვილს არ ადარდებს, რომ ბიუჯეტში გარღვევებია, შემოსულობებს ვერ იცავენ, ხარჯებს ვერ გასწევენ, კრიმინალი იზრდება და დაუცველობის განცდა სულ უფრო და უფრო მატულობს. მთავრობის ეფექტურობა სწორედ ეკონომიკასა და უსაფრთხოებაში გადადგმული ნაბიჯებით უნდა შეფასდეს და არა იმით, რას იტყვის ივანიშვილი.
„ნაციონალურ მოძრაობას“ აპოკალიფსური სურათის დახატვაში ადანაშაულებენ. ერთის მხრივ, პრეზიდენტს იცავთ, მეორეს მხრივ, განსაკუთრებით თავს მთავრობას ესხმით. ჩანს თუ, პრეზიდენტის მიმართ ლოიალურად ხართ განწყობილი?
- ჭორების დიდოსტატი ივანიშვილია, რომელიც „ფე-ეს-ბე“-ს ხრიკებით მოქმედებს, რადგან ჭორები და დეზინფორმაცია „ფე-ეს-ბე“-ში სერიოზული ბერკეტი და იარაღია. როდესაც, პრეზიდენტის ინსტიტუტს ასე ურტყმენ, ვამბობთ, რომ ეს პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინება და კონსტიტუციური რეჟიმისთვის წყლის შეყენებაა. ეს თუ ირიბად პიროვნულად მარგველაშვილის პოზიციის თანხვედრაში მოდის, რა ვქნათ, ამის გამო, კონსტიტუციურ დარღვევებზე თვალი დავხუჭოთ და არაფერი არ ვთქვათ?! ყველაფერს ოპოზიციას აბრალებდნენ. ისტორიიდან ვიცით, რომ ეს გამოცდილი მეთოდია, რომელიც სტალინის დროს დაიწყო და ამით მანიპულირებდნენ. ყველაფერი ტროცკის ბრალი იყო, ყველაგან საბოტაჟნიკები იყო და ბოლოს ამ ადამიანებს ხვრეტდნენ. სხვათა შორის, საბჭოთა კავშირმა საქმიანობა ამით დაასრულა. სულ ნუგზარ ფოფხაძე მახსენდება, რომელიც 9 აპრილამდე გამოვიდა და ოპოზიციური ლიდერების დაკავებას ითხოვდა. ამ გზაზე ღარიბაშვილ-ჭიკაიძე დგანან, რომლებიც იმას არ უფიქრდებიან, თუ სანამდე შეიძლება მივიდნენ.
დემოკრატიულ ქვეყანაში, თუ შეიძლება, საქართველოს ახლა დემოკრატიული უწოდო, არ შეიძლება ყველაფერი პოლიტიკურ ოპონენტს დააბრალო. პრეზიდენტსა და მმართველი გუნდს შორის დაპირისპირებაც „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალია?
თუმცა, მინისტრები მიიჩნევენ, რომ იმ აჟიოტაჟში, რაც მთავრობასა და პრეზიდენტს შორის გართულებულ თანამშრომლობას მოჰყვა, მთავრობას წვლილი არ მიუძღვის. ისინი თვლიან, რომ ქართველ ხალხს „ქართული ოცნებიდან“ არავინ აურჩევია იმისთვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ „იკეკლუცონ“. უმრავლესობა რატომ უპირისპირდება პრეზიდენტს?
- იმიტომ, რომ ასე ივანიშვილს უნდა. რა, რა და - მარგველაშვილს მეტი განათლება აქვს, ვიდრე ღარიბაშვილს. ძალიან ეჭვი მეპარება, რომ პრემიერს სორბონაში რამე ესწავლა, არადა ერთი წელი იყო. მარგველაშვილის თანამდებობიდან და ღარიბაშვილთან შედარებით წაკითხული წიგნებიდან გამომდინარე, პრეზიდენტის გარიყვას ვერავინ დაიწყებდა, რომ არა ივანიშვილის სურვილი. მარგველაშვილს რიყავენ იმიტომ, რომ ამ ადამიანებს არანაირი პრინციპები არ გააჩნიათ და ივანიშვილთან ქულების ჩაწერა უნდათ, რომელთაც მათ ან ფულით აკონტროლებთ, ან არ გამოვრიცხავ, რომ ყველას აშინებდეს და აშანტაჟებდეს.
თქვენ ერთპიროვნულად ივანიშვილის განწყობებზე აპელირებთ, მაგრამ ცნობილია, რომ ყოფილმა პრემიერმა ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის ღონისძიებაზე პრეზიდენტის არმიწვევის ფაქტი გააპროტესტა და უმრავლესობაში ზარიც კი განახორციელა, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში სასურველი სტუმარი გახდა...
- კულურუალური ინფორმაცია რამდენად სწორია, არ ვიცი, მაგრამ თუ ეს ასეა, ეს მისი თამაშის წესის ნაწილია. თამაშის წესებით, ის ბოლომდე არავის არ მიუშვებს. ივანიშვილი ეცდება, მისი მდგომარეობა დაპირისპირებებზე დაიმყაროს. მისი ერთ-ერთი მეთოდია, წინააღმდეგობების გენერირება და სულის შებერვა იმ ნაკვერჩხლისთვის, რომელიც ხელისუფლებაში არსებობს. მისი მიზანია, ერთი პირი არ შეკრან და ივანიშვილის ნაფიქრისაგან რაიმე საწინააღმდეგო არ თქვან.