იაპონიაში მომხდარი ტრაგედია ქართულ ინტერნეტფორუმებზე გასული კვირის მთავარი გასარჩევი თემა იყო. მართლაც, როგორ არაფერში გაუმართლათ იაპონელებს... ტერიტორიაც წყალში ჩაგდებული დაგლეჯილი ძველი ქამარივით არა აქვთ? მიწაც არ არგუნა წესიერი ღმერთმა ასეთ მშრომელ ხალხს, აქეთ წყალი, იქით წყალი, ზემოთ წყალი, ქვემოთ წყალი.
აბა, რუსები უნდა აცდენდნენ ამხელა ადგილს დედამიწაზე? იაპონელებს რომ მისცა რუსეთის მიწა, ორ წელიწადში ედემს ააშენებდნენ...
Dato-Tolordava: “აი ამიტომაც იყო საჭირო, რაც შეიძლება მეტი მიწების დაპყრობა თავის დროზე, რასაც აკეთებდნენ რუსები მთელი მათი ისტორიის განმავლობაში. საარსებო სივრცე აუცილებელია ნებისმიერი ქვეყნისათვის, იაპონელებს კი ეს არა აქვთ, არადა, იმ ადამიანური და ინტელექტუალური რესურსებით, რაც იაპონელებს გააჩნიათ, მათ თავისუფლად შეეძლოთ ამ საარსებო სივრცის მოპოვება, მაგრამ ეს მათ არ(ვერ) გააკეთეს“.
ძალიან მაინტერესებს, ქართველი გარემოს დამცველები რას ამბობენ ამ ყველაფერზე. ყველაზე მეტად იაპონია იცავს და უფრთხილდება გარემოს, მაგრამ მაინც ასეთ საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა...
სანამ იაპონიაში ეს საშინელი ამბები ხდებოდა, გაირკვა, რომ დონალდ ტრამპი საქართველოში არც ერთი დოლარის ინვესტირებას არ აკეთებს. როდემდე! როდემდე!
გეგა22: “ბიჯო, თქვენ მართლა გჯეროდათ, რომ ტრამპი აქ ცათამბჯენებს ააშენებდა? არც “სილქ როუდი“ არ ააშენებს არავითარ ცათამბჯენებს, ისევე როგორც არ აშენდა უამრავი სხვა პროექტები (მაგ. სასტუმრო ჰაიატი, აქსის თაუერსი, საქანელა, სტადიონი ბათუმში, უნივერმაღი რუსთაველზე, 100 საავადმყოფო და ა.შ).
ცათამბჯენები კი არა, ქვეყნის დედაქალაქის ცენტრში, რუსთაველზე, რეკონსტრუქცია ვერ გაუკეთეს იმელის შენობას, სადაც კემპინსკის სასტუმრო უნდა ყოფილიყო და არის ახლა დანგრეული შენობა. ასევეა ვარდების მოედანზე. რეალურად ხდება შავი ფულის ლეგალიზება და სხვა არაფერი“.
ოღონდ რამე ააშენონ და გაათეთრონ ის შავი ფული, მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ არავითარი “ტრამპ–ტაუერი“ აქ არ აშენდება.
რიგითი ფორუმელის ნააზრევიდან: “ვინც გავა ქუჩაში იმას გავყვები...“.
Bazuka: “ხელფასიც ნორმალური მაქვს და პერიოდულად უცხოეთიდანაც მეხმარებიან. ახლა შემოვედი სახლში, გასვლისას ჯიბეში მედო 100 დოლარიანი, კურსი კვლავ დაწეულა და 169.6 ლარი მერგო, ავტოში ჩავასხი 23 ლიტრი ბენზინი (კვირის ბოლომდე ან მეყოფა ან არა) რაშიც 50 ლარი დავტოვე.
პირველი, რისი ყიდვაც მქონდა დაგეგმილი (ბავშვების პატრონს) ეს იყო ხორცი. რომელ მაღაზიაშიც არ შევედი, საქონლის რბილი 15 ლარზე ნაკლები არსად არ იყო, ამიტომაც 2 კილოგრამში 32 ლარი გადავიხადე, ყველი, ისეთი, რომ შეჭამო - 8 ლარი. ცხიმი, მწვანილი, 4 ცალი ბანანი, რძე, წვენი, 2 კოლოფი სიგარეტი და სახლში დავბრუნდი 20 ლარით. ასე ცხოვრება აღარ შეიძლება! მოკლედ, ვინც პირველი გავა საპროტესტოდ, იმას მივყვები გინდაც შალიკო იყოს!“
გამარჯობა, ჯიმშერ! - საუბარი ქართული ეგზორციზმის აუცილებლობაზე.
lasha_alo: “გამარჯობა, ჯიმშერ! სხვები შეიძლება “ალტერ ეგოთი“ მოგმართავენ ან გონებაში ჩამჯდარ საბჭოთა მეტასტაზებს გიწოდებენ, მე ასე მოგნათლე (თუმცა, არც ორიგინალური ვარ). იმედია, არ გეწყინება. ძალიან კაპრიზული ხარ, მეოცნებე, ზარმაცი.... რაც მთავარია, განვითარების შესაძლებლობას არ აძლევ კაცს. პროფესიონალიზმი არ გიყვარს, კერპობა გინდა და თან კერპებს ეძებ. მოკლედ, ნარცისიზმის აპოლოგეტი ბრძანდები.
ჯიმშერ, გახსოვს ისტორიის წიგნისაკენ რომ მიბიძგე? “დიდი ისტორიული წარსულიო“, “მებრძოლი ერიო“ - ჰმ, შენ რა გითხარი... წავიკითხე და აღმოვაჩინე, თუ რაოდენ წარმოსახვითია ეს სამყარო. მატიანეს ტექსტების სამყაროში გარნისის პერიპეტიებიც ღიად ჩანს, თან - მსოფლიო ისტორიის წიგნიც დესერტად დავაყოლე და თურმე ერთი, საინტერესო, მაგრამ ჩვეულობრივი ხალხის ნაწილი ვყოფილვარ. ჰმ, ვეღარ მომატყუილებდი, ფირფიტა მოაბრუნე , “1000 ქართულ სირცხვილზე“ ალაპარაკდი. ვაი შენს პატრონს, შე უბედურო...“.
“ჰომო სოვეტიკუსი“ უნდა გადაშენდეს ჩვენი გონიერებიდან. არაფერი ზემაგიური არაა ამისათვის საჭირო, მივყვეთ მსოფლიო განვითარების დინებას.
რა კარგი იყო მაშინ, ერთად ვიყავით როცა...
mera: “გახსოვთ დარჩეული “ანტონოვკა“ ვაშლი 50 თეთრი რომ ღირდა? საზამთროს 10 თეთრად რომ იყიდდი? აზერბაიჯანელი ხანუმები ვედრო პომიდორს ლარად ატარებდნენ ნავთლუღში...
ყურძენი 20 თეთრად... “ლევი“ ბენზინი საგარეჯოში 20 თეთრი იყო. ახლანდელი ფასები რომ მაშინ ყოფილიყო კი ამოვწყდებოდით ერთიანად. არადა, ლარის კურსი ბევრად არ შეცვლილა. მაშ, რისი ბრალია ეს სარეკორდო ფასები? ვცხოვრობთ ახლა უკეთესად, ვიდრე მაშინ? წავედით წინ სოციალურ საკითხებში? მახინჯი ეკონომიკა გვაქვს თუ ასეც უნდა იყოს?“
რადგან ახლა ცხოვრების დონის მხრივ წინ წასვლა არ ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ განვითარებული ეკონომიკის მოტანილი კეთილდღეობა იქაჩება სხვაგან! სად იქაჩება და ვინ ცხოვრობს გადასარევად, ეგ თქვენც კარგად იცით...
ინტერნეტში მეორე “ჯავახკის“ ჯგუფსაც, დაარსების დღე ეტირა! მორიგი ქართული ინტერნეტ–გამარჯვება!
ImereTinski: “ჩვენი დიდი ძალისხმევის და ერთად დგომის შედეგი სახეზეა (facebook–ზეა) მეგობრებო! დიდი ლოდინის შემდეგ (რომელიც სულ რაღაც 36 საათი გაგრძელდა) საიტის ადმინისტრაციამ იკადრა და ყურად იღო გაეუქმებინა კიდევ ერთი ანტიქართული შინაარსის მატარებელი და საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი
გასაუქმებელი კიდევ ბევრია! Facebook–ის გვერდზე სადაც უკვე 400–მდე ადამიანია გაწევრიანებული (ჯგუფი შეიქმნა 3 დღის წინ) აქტიურად აქვთ გაჩაღებული ანტი ქართული განწყობის ჯგუფებთან და ელემენტებთან სამართლიანი “კიბერ ომი“ Facebook-ზეც და youtube-ზეც ჯგუფი სრულიად დამოუკიდებელია და თავისუფალი, ჯგუფის შექმნის იდეა ფორუმზე დაიბადა და ვისაც სურვილი გაქვთ შემოგვიერთდით და შეატყობინეთ თქვენ მეგობრებსაც!“
თუკი “ისინი“ ჯავახეთზე იქაჩებიან, ჩვენ ლორეს ხეობაზე უნდა “ვიჩალიჩოთ“ მით უმეტეს, ეგ ტერიტორია 1918-ომის შემდეგ გამოცხადდა ნეიტრალურად და მერე როგორღაც სომხეთის საზღვრებში მოექცა...
გავიხსენოთ “ჩაფუშული“ სამთავრობო პროექტები, ზარ–ზეიმით წამოწყებული და ჩუმად გამქრალი...
Mdogvi: “რატომღაც პირველ ასეთ პროექტად მახსენდება 2 ავტობუსი ხალხი რომ მიაყენა სააკაშვილმა გაზის ბალონების დამამზადებელ საწარმოს და სამუშაო ადგილები “შეაწერა“. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს საწარმო საბოლოოდ გაკოტრებულა.
მაგ პერიოდში (მორიგი წინასაარჩევნო პერიოდი იყო) ბიუჯეტიდან გამოიყო თანხა და ეძლეოდა იმ საწარმოებს, რომლებიც სამი თვით უმუშევარს დაასაქმებდა. რა ბედი ეწია მაგ პროექტს? რა დაუჯდა გადასახადის გადამხდელს ასეთი “საბიუჯეტო სიბრიყვე? დანარჩენი თქვენ გაიხსენეთ“.
100 ახალი საავადმყოფო იყო ყველაზე სამწუხარო “ჩაფუშული“ პროექტი. დანარჩენები მე არ ჩამითვლია სერიოზულად და, შესაბამისად, იმედიც არ მქონდა.
ოცდაათლარიანი ვაუჩერი, იუდას ოცდაათი ვერცხლი....
ozzy_ka10: “აქვს თუ არა მისტიური დატვირთვა 30-ლარიან ვაუჩერს? ამის დაბეჯითებით მტკიცებას არ შევუდგები. უბრალოდ გავავლებ რამოდენიმე მარტივ პარალელს. რატომ მაინცა და მაინც 30 ლარი და არა 25 ან 35? თუ გავიხსენებთ 2008 წლის ზამთარში დევნილებისათვის დარიგებულ 30 ლარიან დანამატს, რომელსაც არანაირი ახსნა არ ჰქონდა, ცხადია გაგვიჩნდება ბუნებრივი ეჭვი ციფრზე 30. მიუხედავად 2008 წლის 30 ლარსა და 2011 წლის 30 ლარს შორის შესყიდვის უნარს შორის დიდი სხვაობისა 30 ლარი მაინც უცვლელად დარჩა. აქედან გამომდინარე ეჭვი 30 ლარიანი ვაუჩერის მისტიურობაზე იზრდება.
ორივე ვაუჩერი დარიგდა კრიზისის დროს ხალხის დახმარების მიზნით. რამდენად შეუმსუბუქებს სოციალურ მდგომარეობას თითოეულ ოჯახს თავად განსაჯეთ. გავითვალისწინოთ ისიც, რომ იგი დარიგდა საქართველოს ყველა ოჯახისთვის, მიუხედავად სოციალური მდგომარეობისა. იბადება საეჭვო კითხვა: რატომ, მთელი ქვეყნისთვის? იმიტომ რომ მისი აღების და შემდგომ თუნდაც სხვისთვის გადაცემის შემთხვევაში 30 ლარი აღებული იქნება. გაიხსენეთ, იუდამაც უკან დააბრუნა 30 ვერცხლი. პირადად მე უარი ვთქვი და ხელიც არ მოვაწერე მოტანილ ვაუჩერს“.
აკადემიკოსებს შარშან საახალწლოდ ინდაურები რომ დაურიგეს რატომ არ გააპროტესტეს? კარგად შეწვეს და მიირთვეს. მიბაძეთ მათ!
ფანჯარაში მტრედია, “დიხანია“ არ გვყოფნის...
Armagedonidze: “ქართველებს არაფრის ბოლომდე მიყვანა არ გამოგვდის (ამას რომ ვწერ, პირველ რიგში, ჩემს თავსაც ვგულისხმობ). აქ ხომ ყველაფერი მულიაჟია.... ბუშისათვის ნასროლი ხელყუმბარაც კი. აბა გაიხსენეთ, ამ 20 წლის განმავლობაში რომელი შიმშილობა დამთავდრა ლეტალურად? თუ ლეტალურად არა, ყოველ შემთხვევაში გონების წასვლით მაინც....არც ერთი! პუტჩი რომ პუტჩი იყო, ისიც რაღაცა თეატრალური იყო. კარგად მახსოვს ფოსტის შენობასთან ავტობუსებით იყო გადახერგილი რუსთაველი. ავტობუსს იქით ნამდვილი ომი იყო, ავტობუსს აქეთ ხალხი იდგა და იმაზე მსჯელობდა თუ რა სდებოდა ავტობუსს იქით.
ხალხს რევოლუციის აქტის შესრულება უნდა მაგრამ თვითონ რევოლუცია - არა. მაგრამ ამ აქტის შესრულებაც არ გამოდის რადგან ამ ვირეშმაკა ხელისუფლებამ ჭკუა ისწავლა და არ ეწინააღმდეგება ამათ – იმიტინგეთ, თავში ქვა გიხლიათო ეუბნება და ამიტომაც ესენი მორალურ კმაყოფილებას ვერ აღწევენ და სულ ხელახლა უნდათ ამ აქტის ჩატარება“.
დღეს ჩვენი ოპოზიციური ელიტა ახლა იმ ქურდს გავს, რომელსაც კარები ღია დაუხვდა და ქურდობის აქტს ვერ ატარებს.
და კვლავ იაპონია და კვლავ ფორუმული პათეტიკური მოწოდებები...
MONTY: “მგონი, ყველა დარწმუნდა, რომ ბირთვული სადგურები ყველგან შეიძლება გახდეს უდიდესი კატასტროფის მიზეზი და მგონი დროა შევუერთდეთ გერმანელ არასამთრავრობოებს და გაეროს და სხვა საერთაშორისო ქვეყნებს. მოვთხოვოთ ბირთვული სადგურების დაუყოვნებლივ დახურვა, რადგან ბირთვული სადგურების აფეთქების შედეგად არამარტო თვითონ ზარალდებიან, არამედ კაცობრიობა ზარალდება!“.
დახურვით კი დავხურავთ მარა, ამ გამდიდრებულ ურანს რა ჯანდაბა ვუყოთ? ამოგირბენინებთ და ცოტა ხნით შეგვინახე, კარგი?