[სანტიაგო გაუჩო]
წინა კვირის სპორტულ მოვლენებზე საუბარი ერთი ფაქტით მინდა რომ დავიწყო. 11 – 12 მარტს ფეხბურთში, საქართველოს ეროვნული პირველობის მორიგი ტურის შეხვედრები ჩატარდა. ერთ-ერთ სპორტულ გაზეთში ტოტალიზატორ Bwin-ის იმ ფსონებს გავეცანი, რომელიც ზემოთ ნახსენებ საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს ეხებოდა.
ჩემი ყურადღება ერთმა მათგანმა მიიქცია. საუბარი მაქვს “ზესტაფონი” – “კოლხეთის” დაპირისპირებაზე. თავად განსაჯეთ: 1.80 3.10 4.33. საბუკმეიკერო საქმეებში გაუთვითცნობიერებულ მკითხველს ავუხსნი, რომ პირველი ციფრი “ზესტაფონის” მოგებას აღნიშნავს, მეორე ფრეს და მესამე სტუმრების წარმატებას.
მავანი და მავანი შემეკამათება, რომ ასეთ წვრილმანს გადამეტებული ყურადღება მივაქციე. ამ თამაშის წინ მასპინძლები 50 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებოდნენ, სტუმრები კი 22 ქულით ბოლოსწინა ადგილზე. იმერულმა კლუბმა მეორე ეტაპი ოთხი მოგებითა და ერთი ფრით დაიწყო. ქართული ფეხბურთის სპეციალისტების აზრით სასწაულზე მეტი სენსაცია უნდა მომხდარიყო რომ “ზესტაფონს” ფინანსურ კრიზისში და იმ მატჩის წინ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩენილ სტუმრებთან დაგეგმილი სამი ქულა იოლად არ მოეპოვებინა. უცხოურმა ტოტალიზატორმა ჩემთვის გაუგებარი მოსაზრებით გია გეგუჩაძის შეგირდების სავარაუდო წარმატება არაბუნებრივად მაღალი კოეფიციენტით შეაფასა. ერთი კი ვიფიქრე, ალბათ წინასწარ რაღაცა იყნოსეს და მათ ფხიზელ თვალებს არაფერი გამოეპარაო, მაგრამ ეს ყოველივე საზღვარგარეთელი ბუკმეიკერების შეცდომას დავაბრალე.
იმ საღამოს ერთმა ნაცნობმა დამირეკა, რომელიც ინტერნეტის საშულებით სწორედ რომ მაღლა მოხსენიებულ საბუკმეიკერო დაწესებულების მუდმივი სტუმარია და “ზესტაფონი” – “კოლხეთის” შეხვედრის შესახებ აზრი მკითხა. ისიც გაკვირვებული იყო მასპინძლების მოსალოდნელ წარმატებაზე გამოქვეყნებული გაზრდილი კოეფიციენტის სიდიდით. რასაკვირველია მისი შეშფოთება სიცილად არ მეყო და “ზესტაფონის” მოგებაზე სოლიდური თანხის ჩამოსვლა ვურჩიე.
მეორე დღეს ამ გუნდების მატჩი ფრედ – 0:0 დასრულდა. “მთელი ჩემპიონატის ერთ-ერთი უმთავრესი სენსაცია” – ასე მოინათლა ამ მატჩის შედეგი ქართულ სპორტულ პრესაში. რასაკვირველია შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ ეს ორი გუნდი რაიმე წინასწარ გარიგებაში ვამხილო და ე.წ. “ჩაწყობაში” დავადანაშაულო. ბოლოს და ბოლოს იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში, ლიდერმა “მილანმა” წყალწაღებული “ბარი” ვერ დაამარცხა, ესპანეთში კი მორიგ ცალკარა შეხვედრაში “ბარსელონამ” “სევილიას” ძლევა ვერ მოახერხა.
მაგრამ ამ ორ თამაშში ორივე ფავორიტს მოგებაზე დაბალი “კუშები” ჰქონდათ, საქართველოს პირველობის ლიდერს კი წინასწარ გაბერილი კოეფიციენტი. ტოტალიზატორის ნებისმიერმა სტაჟიანმა მოთამაშემ იცის, რომ ანალოგიურ შემთხვევებში საბუკმეიკერო კანტორებს გარკვეული ინფორმაციები გააჩნიათ და წინასწარ თავს იზღვევენ.
რამდენიმე თვის წინ, საქართველოს პირველობის რამდენიმე თამაშის წინ უცხოური ტოტალიზატორების მიერ გამოქვეყნებულმა კოეფიციენტებმა ჩვენში გარკვეული ვნებათა-ღელვა გამოიწვია, მაგრამ ეს ყველაფერი მასპინძელი გუნდის შეცვლასა და ამ პატივსაცემი დაწესებულებების სპეციალისტების შეცდომებს დააბრალეს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეჭვი ნამდვილად არ შემაქვს “ზესტაფონი” – “კოლხეთის” შეხვედრის შედეგის კულისებს მიღმა გარიგებაზე, ამისი დამამტკიცებელი ფაქტებიც არ გამაჩნია. შეკითხვა კი გამიჩნდა. რა მიზეზმა გამოიწვია ეს გაზრდილი კოეფიციენტი. ამ თემას პირადი მოსაზრებით დავასრულებ. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის თამაშების შედეგების გამოცნობა სხვადასხვა ტოტალიზატორებში შეგვეძლოს. ჩვენს ქვეყანაში ფინანსურად გაუმართავი გუნდები კიდევ მრავლად მოიძებნება.
ამ ფაქტორს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც რამდენიმე წლის წინ უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გორის “დილას” მაგალითს გაგახსენებთ. მაშინ შიდა ქართლის რეგიონის ამ წარმომადგენელს ეკონომიურად ისე უჭირდა, რომ მოარული ხმების თანახმად, თავის შესანახად სამ ქულას 500 დოლარად ( გუნდზე 500 დოლარად ) “ჰყიდდა”.
როგორც ამბობენ მიმდინარე ჩემპიონატი წინა წლებისაგან განსხვავებით უფრო სუფთაა. ამის მიუხედავად, რა გარანტიაა რომ თავად მოთამაშეები საბუკმეიკერო დაწესებულებებში საკუთარი კლუბების მოსალოდნელ წარმატება-წარუმატებლობებზე გარკვეულ თანხებს არ ჩამოდიან და ამით საბოლოო სპორტულ შედეგებზე ზეგავლენას ახდენენ. სანამ ფინანსურად მომძლავრებული პირველობა არ გვექნება, წინააღმდეგი ვარ ტოტალიზატორების პროგრამებში საქართველოს ჩემპიონატის შეხვედრების შეტანისა.
წინა კვირის ერთ-ერთი გმირი ქართველი ფეხბურთელი პავლე ხორგუაშვილი აღმოჩნდა. ეს უკანასკნელი ფინეთში ასპარეზობს და კლუბი “როვანიემის” ღირსებას იცავს, რომელიც მიმდინარე სეზონში იქაურ უმაღლეს დივიზიონში გადავიდა. გასულ წელს გარიგებულ თამაშებში მონაწილეობის ბრალდებით ფინეთის პოლიციამ ექვსი მოთამაშე დააკავა, მათ შორის “როვანიემის” ოთხი წევრი. ხორგუაშვილი მათ რიცხვში აღმოჩნდა. ამ ინციდენტზე დაწვრილებით საუბარი არ მსურს, რადგან ის ქართული მას-მადიის საშუალებებით სათანადოდ გაშუქდა.
ჩემი ყურადღება მხოლოდ ორმა ფაქტმა მიიქცია. ჩანდა მვაბა, ჩილეშე ჩიბვე, ნჩიმუნია მვეეტვა ეროვნებით ზამბიელები არიან და ხორგუაშვილთან ერთად ეჭვმიტანილთა სიაში ირიცხებიან. ამ ნუსხაში არც ერთი ფინელი ფეხბურთელი არ ირიცხება. რა გაუჭირდა ისეთი ქართველს, რომ საქმე ზამბიელებთან დაიჭირა და საკუთარი მომავალი ეჭვის ქვეშ დააყენა. საინფორმაციო საშუალებებში გაჟღერდა ცნობაც, რომ ჩვენმა თანამემამულემ ფინეთში საქართველოს საელჩოს დახმარებაზე უარი განაცხადა.
რას იზამ, ჩვენს საკონსულოებსა და უცხოეთში მოღვაწე დიპლომატებს სახელი გაფუჭებული აქვთ და ხორგუაშვილის მაგალითიც ალბათ ამისი დამადასტურებელია. უცხოეთში მოღვაწე ქართული დიპლომატიური კორპუსის დისკრედიტაციაში ბრალი რომ არ დამდოთ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გამოქვეყნებული ის არაერთი ფაქტი გაიხსენეთ, სადაც ამ პროფესიის წარმომადგენლები გაჭირვებაში ჩავარდნილი საქართველოს მოქალაქეების პრობლებებს უგულებელყოფენ.
26 მარტს თბილისში დიდი საფეხბურთო ჯახია. ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ეროვნული გუნდი ხორვატიის ნაკრებს უმასპინძლებს. ამ შეხვედრის შესახებ, ასევე ხორვატიის ნაკრებზე და მის ისტორიაზე დაწვრილებით მომავალ წერილში ვისაუბრებ. დღეს კი ბატონი ზურაბ ჟვანია მინდა რომ გავიხსენო. ერთ-ერთ ადრინდელ ინტერვიუში, ბატონმა ზურაბმა ჩვენი მომავალი მეტოქე განსაკუთრებულად გამოარჩია.
“მინდა მოგიყვანოთ ხორვატი ფეხბურთელების ძალიან შთამბეჭდავი მაგალითი. ის, რაც მათ 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გააკეთეს, ნამდვილი პატრიოტიზმი იყო – მთელი მსოფლიო ტაშს უკრავდა მათ, თავგამოდების გამო. ხორვატმა ფეხბურთელებმა ყველას დაანახეს, რომ ხორვატებს შეუძლიათ ბრძოლა და უფრო მდიდარი მოწინააღმდეგის ძლევა. დარწმუნებული ვარ, თუ საქმეს სწორად ავაწყობთ, ჩვენს ფეხბურთს ძველ სტანდარტებს დავუბრუნებთ”.
ეს ინტერვიუ 2002 წლითაა დათარიღებული და მასში ბატონი ზურაბის ერთმა გამონათქვამმა განსაკუთრებულად დამაინტერესა:
“რა არის ნიჰილიზმი? როცა ქართველებს აღარ გვჯერა წარმატების და ყველას ხელი აქვს ჩაქნეული. და როცა ასიათასიანი სტადიონი ფეხზე დადგება, გულშემატკივრები წამოდგებიან და გამარჯვების შემდეგ დასჭექენ, დამარცხდება ნიჰილიზმი და იქმნება სულისკვეთება, რომელიც აძლიერებს სახელმწიფოს”.
26 მარტისათვის მთელი საქართველო განსაკუთრებულად ემზადება. დიდი ხანია ასეთი აჟიოტაჟის მომსწრე არ ვყოფილვარ. თემურ ქეცბაიას ბიჭებმა ხალხს მომავალი წარმატებების რწმენა დაუბრუნეს. იმედი მაქვს რომ ჩვენი გუნდის დაუმარცხებელი სვლა ხორვატიასთან მატჩის შემდეგაც გაგრძელდება.
დღევანდელი წერილი სახალისო თემით მინდა რომ დავასრულო. რამდენიმე დღის წინ ერთი ნაცნობი კალათბურთის სპეციალისტი შემხვდა და ძველი პერიოდიც გავიხსენეთ. საუბარია გასული საუკუნის 80-იან წლებზე, როდესაც თბილისის სპორტის სასახლეში იმდროინდელი სსრკ-ის პირველობის შეხვედრები ტარდებოდა. ჩემმა ახლობელმა ერთი ფაქტი მოიყვანა.
“მაშინდელი მოთამაშეები ძალიან ბევრს სვამდნენ და პირადად შევსწრებულვარ იმ ფაქტს, როდესაც რამდენიმე საათში ტკაჩენკომ და ბელოსტენნიმ თორმეტი ნახევარლიტრიანი არყის ბოთლი გამოცალეს. მეორე დღეს კი მოედანზე ვითომც არაფერი ჩვეულებრივად ირჯებოდნენ” - მიმტკიცებდა ახლობელი. სიმართლე გითხრათ არ დავუჯერე, მაგრამ ცოტა ხნის წინ ერთ მოგონებას წავაწყდი. ცნობილი რუსი კალათბურთის მწვრთნელი ვლადიმერ გომელსკი არვიდას საბონისის შესახებ შემდეგ ამბავს იხსენებდა:
“1986 წელი იყო. მეგობრებთან ერთად სასტუმრო “სოიუზის” რესტორანში ვისხედით. სულ მალე დარბაზში საბონისი, ხომიჩუსი, კურტინაიტისი და ვალტერსი შემოვიდნენ. ნაკრების შეკრებაზე ორი დღით ადრე ჩამოვიდნენ და თავისუფალი დრო ჰქონდათ. საბასი და მისი მეგობრები მაგიდას მიუსხდნენ. რა შეუკვეთეს ვერ გეტყვით, მაგრამ ის კი მახსოვს, რომ ოთხივე არაყს სვამდა, თანაც საკმაოდ ენერგიულად.
გადის ერთი საათი და ხომიჩუსი ჩვენ გვამჩნევს. ოთხეულიდან ყველაზე გამბედავი საბონისი გამოდგა, რომელიც ჩვენს მაგიდას მოუახლოვდა, დაჯდომის ნებართვა აიღო და პირდაპირ მითხრა, ვლადიკ, შენი ნებართვით შენი მეგობრების სადღეგრძელო უნდა დავლიოო.
ბუნებრივია, ჩემი მხრიდან უარის თქმა საბასისადმი უპატივცემულობის გამოხატვა იქნებოდა. საბონისმა ლუდის ნახევარ ლიტრიანი ჭიქა არყით შეავსო და დაგვლოცა. ზუსტად ერთი წუთის შემდეგ ლუდის ჭიქას კვლავ არყით ავსებს და ჩვენს სადღეგრძელოს ხელმეორედ ამბობს. ანუ, საბონისმა დაახლოებით ერთ წუთში ერთი ლიტრი არაყი დალია.
ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში ამხანაგური შეხვედრა ჩავატარეთ, საბასმა კი ვარჯიშზე დააგვიანა და მამაჩემისაგან მისი გაცდენის ნებართვა აიღო. მამა დაეთანხმა, რადგან ხედავდა, რომ საბასს თვალები დასიებული ჰქონდა. როგორ გგონიათ, რა შედეგით დაასრულა საბასმა მატჩი იტალიის ნაკრების წინააღმდეგ? ტაიმნახევარში მან 23 ქულა დააგროვა”.