უკვე წელიწადნახევარია, რაც ჰერები (ინგილოები) კახში ქართული კულტურის ცენტრის აღდგენას ითხოვენ. ადგილობრივმა ქართველებმა შესაბამისი წერილით აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მიმართეს. სამართლიან მოთხოვნაზე ადექვატური რეაგირება დღემდე არ მომხდარა.
კახის ქართული კულტურის ცენტრი 2009 წლის წლის 4 ოქტომბერს დაიწვა. შენობას ცეცხლი დილის ოთხ საათზე გაუჩნდა. ხანძრის შედეგად ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
სამწუხაროდ, კახის რაიონის ადმინისტრაცია კულტურის ცენტრის აღდგენას და ქართველებისთვის დაბრუნებას აღარ აპირებს. სავარაუდოდ, ცენტრის ადგილს სხვა დანიშნულების ახალი ნაგებობა დაიკავებს. კახში მცხოვრებ ქართველებს კი კლუბის შენობას სთავაზობენ, რომელიც თითქმის მთლიანად გაპარტახებულია და მასში მუშაობა შეუძლებელია. ადგილობრივების ინფორმაციით, იქ არცერთი სკამი და მაგიდა არ დგას.
აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრო პრობლემატური საკითხის გადაწყვეტაზე პასუხისმგებლობას, როგორც წესი, კახის ადგილობრივ ადმინისტრაციას აკისრებს და ამით ხელებსაც იბანს. ხოლო ადმინისტრაციას საინგილოს ქართველების კანონიერი მოთხოვნები ყურადღების ღირსადაც კი არ მიაჩნია. მათი ამგვარი დამოკიდებულება თბილისში „არამეგობრულ ჟესტად“ ფასდება. თუმცა ქართული მხარის რეაქცია, სამწუხაროდ ამაზე შორს არ მიდის.
ამის საპირისპიროდ, საქართველოში ეთნიკური აზერბაიჯანელების კულტურულ თვითმყოფადობას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. აქ ფუნქციონირებს აზერბაიჯანული კულტურის ცენტრები, თეატრი, კლუბები, ბიბლიოთეკები, სკოლები და ა. შ. ბოლო ათწლეულებში ქვემო ქართლში მეჩეთები და სხვა რელიგიური დაწესებულებები აშენდა. ამასთან დაკავშირებული ნებისმიერი მცირე პრობლემა თბილისის და ბაქოს კონსტრუქციული განხილვის საგანი ხდება.
ამ დროს საინგილოში ქართული კულტურის ერთადერთ ცენტრს ხანძარი უჩნდება, რის შედეგადაც მას საერთოდ ართმევენ იქაურ ქართველებს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ზაქათალის და ბელაქნის გამაჰმადიანებულ ინგილოებს ქართველებად საერთოდ არ აღიარებს და მათი სრული ასიმილაციისკენ ისწრაფვის. ამ ფონზე კახში ქართული კულტურის ცენტრის შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კახის კულტურის ცენტრი 2001 წლის მაისში საქართველოსა და აზერბაიჯანის კულტურის მინისტრებმა დააფუძნეს. საზეიმო გახსნისას ითქვა, რომ ამ კულტურულ–საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ყოველთვის ქართული ჰანგების ხმა უნდა ისმოდეს. სამწუხაროდ იმ დროიდან მოყოლებული აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კულტურის ცენტრის თანამშრომლების არცერთი საშტატო ერთეული არ დაამტკიცა. მათ ხელფასს არავინ უხდიდა. მუშაობა შიშველ ენთუზიაზმზე მიდიოდა.
კულტურის ცენტრის დირექტორი გივი ნადირაშვილი და თანამშრომელი მალხაზ ნუროშვილი ინგილო მოსწავლეებს ქართულ ხალხურ სიმღერებს ასწავლიდნენ. ცენტრში ქართული ცეკვის ფორმები და ჩოხებიც ჰქონდათ. თუმცა ცენტრს არანაირი დაფინანსება არ ჰქონია და მხოლოდ ეროვნული კულტურის სიყვარული ამოძრავებდათ.
ცენტრის ხელმძღვანელობასა და ადგილობრივ აღმასრულებელ ხელისულებას შორის თავიდანვე არსებობდა დაპირისპირება ცენტრის შენობასთან დაკავშირებით. რანდენიმე წლის წინ ადმინისტრაციამ კულტურის ცენტრის ორი ოთახი სოფელ კახინგილოს საკრებულოს გადასცა. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრის დირექტორი და თანამშრომლები ამის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.
ერთ–ერთი გავრცელებული ვერსიით, ქართული კულტურის ცენტრის დაწვით კახის გამგეობა იყო დაინტერესებული. ცნობილი იყო, რომ მათ შენობის განადგურება, ხელში ჩაგდება და საცხოვრებელი სახლის აშენება უნდოდათ. მეორე ვერსიაა, რომ ხანძრით შეიძლება მესამე ძალა იყოს დაინტერესებული. ვინაიდან არსებობოს მცდელობები, რომ ხელოვნურად დაიძაბოს საქართველოსა და აზერბაიჯანის დღევანდელი კეთილმეზობლური ურთიერთობები.
რაც შეეხება კულტურის ცენტრის აღდგენას, როგორც უკვე მოგახსენეთ კახის აზერბაიჯანული ადმინისტრაცია შენობის აღდგენას და ქართველების დაბრუნებას აღარ აპირებს. ამის დასტურია კიდევ ერთი ფაქტი. ხანძრის გაჩენიდან მოკლე ხანში, იქ ადგილზე კახის პოლიციის უფროსის მოადგილე მივიდა და ქართულენოვანი აბრის ჩამოხსნა მოინდომა. სწორედ იმ აბრის, რომელზეც ეწერა, რომ იქ ქართული კულტურის ცენტრი ფუნქციონირებდა.
როდესაც მას იქაურმა ქართველებმა წინააღმდეგობა გაუწიეს ის წავიდა და შემთხვევის ადგილზე რაიონის კულტურის სამსახურის უფროსი მოიყვანა. მან უკვე მთლიანად ჩამოხსნა ეს აბრა და წაიღო. ადგილობრივმა ქართველებმა ჰკითხეს, თავის ადგილზე ყოფილიყო, რას გიშლიდათო. მან კი უპასუხა – ჩვენ არ გვინდა სხვებმა გაიგონ, რომ აქ ქართული კულტურის ცენტრი არსებობდა და დაიწვაო.
თუმცა რა უნდოდათ მათ რეალურად, ეს მოვლენების შემდგომმა განვითარებამ აჩვენა. კახის ქართველები კულტურის ცენტრის ჩამორთმევით უკიდურესად აღშფოთებულნი და შეურაცხყოფილნი არიან. ისინი ამ საკითხში თბილისის მხრიდან თანადგომას მოითხოვენ, თუმცა შედეგი არ ჩანს.
„საქართველოს და აზერბაიჯანის მეგობრობა ცალმხრივი წესით არ უნდა ვითარდებოდეს. რამდენად კარგად ესმით ეს კახში და ბაქოში, ამას კახის ქართული კულტურის ცენტრის ისტორია გვიჩვენებს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საინგილოს ქართველებს ისეთივე კონსტიტუციით გარანტირებული კულტურულ–საგანმანათლებლო უფლებები გვექნება, როგორც ეს საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს აქვთ“, – აცხადებენ ჰერები.
ზურაბ პაპიაშვილი, კახის მცხოვრები: „კულტურის სფერო, ფაქტიურად, აქ სრულიად მიტოვებულია. არ იმართება ქართული მუსიკის, პოეზიის საღამოები, მხატვრების გამოფენები. ადრე, ჩვენთან იყო იმის საშუალება, რომ მცირედით მაინც ყოფილიყო მსგავსი ღონისძიებები. მაგრამ, რაც ქართული კულტურის ცენტრი დაიწვა, კულტურული ცხოვრება სრულიად ჩაკვდა.
მე ვიცი, რომ საქართველოში აზერბაიჯანული კულტურის ბევრი ცენტრი მოქმედებს. საქართველომ შარშან გამოთქვა სურვილი, რომ საკუთარი ხარჯებით დააფინანსებდა კახში ქართული კულტურის ცენტის აღდგენას, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს შემოთავაზება უარყო და თითქოს საკუთარ თავზე აიღო ამ ცენტრის აღდგენა. სამწუხაროდ, დღეს კულტურის ცენტრის ადგილზე ისევ ისეთივე დანგრეული შენობაა.“
კახის ქართული კულტურის ცენტრის გუშინდელი და დღევანდელი მდგომარეობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქვე: http://www.youtube.com/watch?v=Mvc_9IYDeys