[რეზონანსი]
ბოლო ერთწლიანი ტენდენციით, ბინის დაქირავებასა თუ დაგირავებაზე მოთხოვნა მკვეთრად იყო შემცირებული. სიტუაცია შეიცვალა ახალი კანონმდებლობის მიღების გამო, რომელიც ბინის გამქირავებლებისთვის 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულებას შეეხება. უძრავი ქონების სააგენტოების წარმომადგენლები თვლიან, რომ ამით ბინის გაქირავების მაჩვენებელი აიწევს. ამასთან, არ გამორიცხავენ, რომ გახშირდეს ამ გადასახადისგან თავის არიდების შემთხვევა იმისდა მიუხედავად, რომ გადაუხდელობის გამო ბინის მეპატრონეები სოლიდური თანხით დაჯარიმდებიან.
საგადასახადო კოდექსის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ ბინის გაქირავებით მიღებული შემოსავალი ადრე 12%-ით იბეგრებოდა, ამ ეტაპზე მისი მოცულობა 20%-მდე გაიზარდა.
უძრავი ქონების სააგენტოს თანამშრომელი მზია კილაძე განმარტავს, რომ ბინის გაქირავებაზე გადასახადის გადახდის ვალდებულება ფასებს გაზრდის.
„ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი დარღვეულია. ქირის ფასის კლება აქამდე მოთხოვნის შემცირებით იყო გამოწვეული. ახლა მოიმატებს, რადგან საშემოსავლოს გადახდის ვალდებულება ფასების კორექტირებას გამოიწვევს. მოთხოვნა, ალბათ, ისევ დაბალი დარჩება, რადგან ბინის დაქირავების მსურველი ნაკლებადაა. სამაგიეროდ, გაიზარდა მოთხოვნა გირაოზე, ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობაა, თუმცა პრობლემები აქაც არის. ადრე ხალხი ვალებს იღებდა საქმის წამოსაწყებად და ამ მიზნით უწევდა ბინის დაგირავება. ახლა ეს ინიციატივაც ჩაკვდა.
გირავნობის შემთხვევები რამდენადმე შენარჩუნდა თბილისის პერიფერიებში, სადაც ბევრია რაიონიდან ჩამოსული ხალხი და მისთვის ბინის დაგირავება უფრო მომგებიანია, ვიდრე მისი დაქირავება. ქალაქის ცენტრში ფართების დაგირავება, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა“, - ამბობს მზია კილაძე.
უძრავი ქონების სფეროს ექსპერტი გურამ ფალავანდიშვილი ამბობს, რომ ბინის ქირასა და გირაოზე მოთხოვნაც არის გაზრდილი და ფასიც, თუმცა ამ ცვლილების მიზეზად ის საშემოსავლო გადასახადის ზრდას არ მიიჩნევს. მისი აზრით, ამ შემთხვევაში ბაზარზე ცვლილებისათვის ქვეყნის ეკონომიკური ფაქტორი აღმოჩნდა გადამწყვეტი.
„საშემოსავლო გადასახადის ვალდებულების გამო არ გაზრდილა ბინის ქირისა და გირაოს ფასი, ეს უფრო ეკონომიკურ სიტუაციაზეა დამოკიდებული. მით უმეტეს, როცა ბინის ქირა საარსებო მინიმუმზე ნაკლებია, გადასახადის ვალდებულებას გამორიცხავს. შეღავათისთვის აუცილებლად უნდა იყოს რაღაც ზღვარი. ზოგი გაჭირვების გამო აქირავებს ბინას და დროებით სხვა ბინაში გადადის, ასეთი პირი გადასახდს, ცხადია, ვერ გადაიხდის. ასეთი შემთხვევები აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული“, - აცხადებს ფალავანდიშვილი და დასძენს, რომ ამ ბოლო დროს ბინის გაყიდვაზე, ქირასა და გირაოზე ფასის ზრდა ეკონომიკური ფაქტორითაა გამოწვეული.
„მდგომარეობა შეიცვალა გირაოს თვალსაზრისითაც. დაბეგვრის მექანიზმი ამ შემთხვევაშიც მოქმედებს, მაგრამ ზღვარი აქაც უნდა არსებობდეს, რაც აგრეთვე გასათვალისწინებელია. ბინის გირაოზე დღეს მაღალი მოთხოვნაა, რადგან ის ბევრად მომგებიანი პროცესია ადამიანებისთვის, ვიდრე დაქირავება. ამიტომ ვისაც შესაძლებლობა აქვს, ბინის დაგირავებას არჩევს და ეს ბუნებრივიცაა“, - ამბობს გურამ ფალავანდიშვილი.
რაც შეეხება ბინის ქირის ფასებს, ქალაქის ცენტრში დოლარებში განისაზღვრება, გარეუბნებში კი ანაზღაურება ლარშიც არის შესაძლებელი. გირაოს თანხის დაფარვა დედაქალაქის ყველა უბანში მხოლოდ დოლარებშია შესაძლებელი და მისი მინიმალური ფასი 8000-ს შეადგენს.
თბილისში ბინის ქირისა და გირაოს ფასები ამ ეტაპისთვის ასეთია: საბურთალოზე ერთოთახიანი კეთილმოწყობილი გასაქირავებელი ბინის მინიმალური ოდენობა 200-300 დოლარის ფარგლებშია. 300-500 დოლარია ვაკეში, სადაც ორ და სამოთახიანი ბინების გაქირავების ფასი 500-800 დოლარს შეადგენს და ზემოთ. ანალოგიურია გასაქირავებელი ბინების ღირებულება ვერის უბანსა და მთაწმინდა-სოლოლაკში. თუმცა, იტალიურ ეზოებში შედარებით იაფია და მისი დაქირავება ზოგ შემთხვევაში 200 ლარიდანაცაა შესაძლებელი. 150-300 დოლარია კრწანისსა და ჩუღურეთის რაიონებში. ამდენივეა, მეტ-ნაკლები ცვლილებებით, დიღმის მასივსა და დიდ დიღომში. გარეუბნებში, თემქასა და გლდანში ბინები 200-350 ლარად ქირავდება, დაახლოებით, ასეთივე ფასია ისანი-სამგორსა და ვარკეთილში.
რაც შეეხება ბინების დაგირავებას, საბურთალოზე გირაო დაახლოებით 12-15 000 დოლარის ფარგლებშია. ბინა ვაკესა და ვერისუბანში 15-25 000 დოლარად გირავდება, ამდენივეა მისი ღირებულება მთაწმინდა-სოლოლაკში, იტალიური ეზოებში კი 8 000 დოლარადაც არის შესაძლებელი. თემქასა და გლდანში გირაო 8 000-10 000 დოლარს შეადგენს, დაახლოებით ასეთივე ნიხრია ვარკეთილისა და სამგორის რაიონებში.
მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონების სფეროს ექსპერტი ბინებზე მოთხოვნის ზრდას ადასტურებს, სააგენტოების წარმომადგენლებს ამ მიმართულებით არსებულ სიტუაციაზე განსხვავებული მოსაზრება აქვთ და ირწმუნებიან, რომ მოთხოვნა ბინების დაქირავება-დაგირავებაზე კვლავ დაბალი რჩება. მათი თქმით, ამ ბოლო დროს ცენტრალურ უბნებში ბინის გაქირავება გამქირავებლისთვის დიდ დროსთან ერთად, დიდ ძალისხმევას მოითხოვს და საკმაოდ რთული გახდა. ასეთ ბინებზე ფასების შემცირება, მათი ვარაუდით, ძირითადად, ბაზარზე დამქირავებლის დეფიციტმა გამოიწვია. თუმცა, ანალოგიურ პრობლემას საკმაოდ ხშირად დედაქალაქის გარეუბნებში მცხოვრებლებიც აწყდებიან.