ვერა ქობალია ხეირიანად ჯერ არ დანიშნულა და ეკონომიკის სამინისტროში უამრავი ვაკანსია გაჩნდა. მინისტრის მოადგილეები განცხადების დაწერას ერთმანეთს ასწრებენ. ვინც თავად ვერ ხვდება, რომ თანამდებობა დატოვოს, მას თავად მინისტრი კარნახობს ან სულაც სააკაშვილი თავისი მრავალნაცადი მეთოდით აიძულებს წასვლას.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ზურაბ ალავიძემ თანამდებობა დატოვა. ალავიძემ პოსტის დატოვებს უკვე და აღნიშნა, რომ ახალი მინისტრი თანამდებობაზე ახალი მოადგილეებით მოდის. “თანამდებობა დავტოვე. ახალი მინისტრი ახალი გუნდით მოდის და, შესაბამისად, პოსტი დავტოვე”, - განაცხადა ალავიძემ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ სამინისტროში სტრუქტურული რეორგანიზაცია იგეგმება.
ეკონომიკური განვითარების მინისტრს 5 მოადგილე ჰყავდა და, შესაბამისად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეთა რაოდენობა არ შეიცვლება, თუმცა ძველი ალბათ არავინ დარჩება. ალავიძის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის პოსტი გრიგოლ გობეჯიშვილმაც დატოვა.
გობეჯიშვილი ეკონომიკის სამინისტროში ზურაბ პოლოლიკაშვილთან ერთად მივიდა. იგი წლების განმავლობაში ფინანსთა მინისტრის მოადგილედ, ხოლო შემდგომ შემოსავლების სამსახურის უფროსად მუშაობდა.
ყველაზე ხმაურიანი მაინც ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოხსნა შეიქნა. ზაალ აბაზაძე ტურიზმისა და კურორტების ხელმძღვანელის თანამდებობაზე სულ რაღაც 8 თვე მუშაობდა, მაგრამ ვერა ქობალიას მოსვლამ და სააკაშვილის აგრესიამ იგი უმუშევარი დატოვა.
“აჭარის რეგიონში, რომელიც საქართველოს მეათედია, სამ წელიწადში 2,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია იდება. ეს იმიტომ, რომ აჭარას კარგი მთავრობა ჰყავს. ლევან ვარშალომიძემ ზუსტად იცის, რამდენი ტურისტი შედის ყოველდღიურად მის მხარეში. რამდენიმე დღის წინათ კი, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ერთ-ერთ ტელეარხზე ტურისტების რაოდენობის შესახებ დასმული შეკითხვებიდან ვერცერთს პასუხი ვერ გასცა და არაფრის გაგნებაში არ იყო”, - განაცხადა პრეზიდენტმა ტელეეთერით.
ამ განცხადების შემდეგ ზაალ აბაზაძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. მოგვიანებით, გაირკვა ისიც, რომ აბაზაძემ განცხადება მინისტრ ვერა ქობალიას მოთხოვნის საფუძველზე დაწერა. რაც შეეხება ტურიზმის დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელს, ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ იქნება ზაალ აბაზაძის შემცვლელი.
ზაალ აბაზაძემდე ტურიზმისა და კურორტების თავმჯდომარის პოსტი პეტრე კანკავას ეკავა, ის ამ თანამდებობაზე მხოლოდ 7 თვის განმავლობაში მუშაობდა. ვიდრე ამ თანამდებობაზე კანკავა დაინიშნებოდა, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი თითქმის 9 თვის განმავლობაში ხელმძღვანელის გარეშე იყო, მის მოვალეობას კი დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ბექა ჯაყელი ასრულებდა.
მანამდე კი ტურიზმის დეპარტამენტს ოთარ ბუბაშვილი ხელმძღვანელობდა. ის ამ თანამდებობაზე ასევე ეკონომიკის ყოფილმამინისტრმა გიორგი არველაძემ წარადგინა.
ოთარ ბუბაშვილმა კი მაშინ საბა კიკნაძე შეცვალა, რომელსაც ტურიმზის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა 2004 წლიდან 2006 წლის დეკემბრის ბოლომდე ეკავა. ჯერჯერობით სწორედ საბა კიკნაძეა რეკორდსმენი ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის ხანგრძლივობის მხრივ.