საქართველოში ბალტიისპირული საეჭვო მედიკამენტების მოზღვავებაა

საქართველოში ბალტიისპირული საეჭვო მედიკამენტების მოზღვავებაა

[ნიკა ასლანიძე]

ყველასთვის მოულოდნელად გაირკვა, რომ საქართველოში მედიკამენტების 80% ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან შემოდის.  წარსულს ჩაბარდა ის დროს, როდესაც წამლების ყველაზე დიდი მომწოდებლები უკრაინა, ინდოეთი და სხვა მსგავსი ქვეყნები იყვნენ. ამჯერად ფარმაცევტულ ბაზარზე ვითარება მკვეთრად შეცვლილია და ეს ცვლილება მაინცდამაინც დიდად სახარბიელო არ არის. 

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ”ერთიანობა საზოგადოების განვითარებისთვის” ხელმძღვანელმა, თინათინ ტურძელაძემ განაცხადა, ექსპერტებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს ბაზარზე წამლის მაღალი სანდოობის ქვეყნებიდან შემოტანის გადაწყვეტილებას, თუმცა რეალური სურათი, მოულოდნელი აღნოჩნდა. 

”ამ სიაში შესული იყო ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც არათუ მაღალი სანდოობით არ ხასიათდებიან, არამედ ისინი ევროპულ ბაზარზე დაშვებულიც არ არიან”, - განაცხადა ტურძელაძემ და დაინტერესდა, რატომ არ მოხვდა ე.წ. სანდო ქვეყნებში ისრაელი. 

ტურძელაძესთვის გაუგებარია რა რეიტინგების მიხედვით მიიღეს გადაწყვეტილებები იმ ქვეყნებთან მიმართებაში, საიდანაც საქართველოში მედიკამენტები შემოდის. ამ კითხვაზე მთავრობას პასუხი არ აქვს. როგორც ჩანს, ბალტიისპირელების ბაზარზე გაბატონება მათთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. 

”წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” კანონში ცვლილება 2009 წლის ოქტომბერში შევიდა. მისი მიზანი ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლიის მოსპობა, კონკურენციის ამაღლება და მედიკამენტების გაიაფება იყო. 

ამ წესების თანახმად, მაღალი სანდოობის ქვეყანაში ან ორგანოში დარეგისტრირებული პრეპარატის ქვეყანაში შემოტანისას იმპორტიორი აღარ გადის რეგისტრაციას და მხოლოდ საჭირო დოკუმენტაციას წარმოადგენს. ამასთან, თუკი აქამდე მედიკამენტების შემოტანა პირდაპირ მწარმოებლისაგან ხდებოდა, ახლა უკვე წამლის უშუალოდ ბაზარზე შეძენა და შემოტანა შეიძლება. 

ამ ყველაფერს მალევე ფარმაცევტების მიერ მედიკამენტების გაიაფება, ხოლო ოდნავ მოგვიანებით სხვადასხვა ფერის იაფი აფთიაქების გახსნა მოჰყვა. ასეთმა აქიცებმა ერთი პერიოდი გაამართლა, მაგრამ დაახლოებით 1 წელიწადში ყველაფერი ძველ კალაპოტს დაუბრუნდა.

ის კი არა, იანვარ-თებერვალში ბობოლა ფარმაცევტები წამლების დამატებით გაძვირებაზე ალაპარაკდნენ, მაგრამ ლარის კურსის სწრაფმა გამყარებამ, ეს გადაწყვეტილება დრეობით შეაჩერა. 

ამ პრობლემების გადასაჭრელად ჯანდაცვის ექსპერტები მედიკამენტების ხელისაწვდომობისა და ხარისხის პრობლემის გადასაჭრელად ხელისუფლებასთან შუამავლობას ოპოზიციას სთხოვენ.  

როგორც ”ერთიანობა საზოგადოებრივი განვითარებისათვის” ხელმძღვანელმა, წამლის სააგენტოს ყოფილმა უფროსმა თინათინ ტურძელაძემ განაცხადა, ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ პრობლემებს შორის ყველაზე თვალშისაცემი მედიკამენტების ხელმისაწვდომობაა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი ხარისხი. მისი ინფორმაციით, სტანდარტების არარსებობის გამო, საქართველოში წამლების ხარისხი ვერ მოწმდება. 

ტურძელაძის თქმით, მისი ორგანიზაცია სტანდარტების დასადგენად და დასამკვიდრებლად სახელმწიფოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებულ პროექტს სთავაზობს, რომლის ღირებულება რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს. 

”ჩვენი ორგანიზაცია პროექტისათვის საჭირო თანხას სახელმწიფოს ჩაურევლად ბიზნესსექტორიდან მოიზიდავს”, - აღნიშნა თინათინ ტურძელაძემ. ამ სტანდარტების დასამკვიდრებლად იგი ხელისუფლებისაგან შესაბამისი მემორანდუმის გაფორმებას ითხოვს.  ამისათვის კი პარლამენტში მთავრობის მოსმენისას ამ საკითხის დასმის თხოვნით საპარლამენტო ოპოზიციას მიმართა.