პოლიტიკური მოძრაობა ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერი, კახა კუკავა, რომელიც ამავდროულად თბილისის საკრებულოს წევრია, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ აზერბაიჯანი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შუაზე გაყოფას ითხოვს.
იმას, თუ რაზე დაყრდნობით აკეთებს ამ განცხადებას და რატომ ჩავიდა დავით გარეჯში ეკა ბესელიასთან, ”ეროვნული ფორუმის” ლიდერებთან და ”ქართული პარტიის” წარმომადგენლებთან ერთად, კახა კუკავასთან ჩაწერილი ინტერვიუდან შეიტყობთ.
კახა კუკავა: 2 კვირის წინ მერაბიშვილი ბაქოში იყო, სადაც ალიევს შეხვდა. მას, არც ერთი სხვა შეხვედრა არ ჰქონია და ალიევი-მერაბიშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით, არც ქართულ და არც აზერბაიჯანულ მხარეს არანაირი ინფორმაცია არ გაუვრცელებია. საერთოდ, პროტოკოლი ასეთი ტიპის შეხვედრებს არ იცნობს, რომ შს მინისტრი სხვა ქვეყანაში წავიდეს და პრეზიდენტს შეხვდეს.
ჩვენი ინფორმაციით, ეს შეხვედრა დავით გარეჯში არსებულ ვითარებას შეეხებოდა - აზერბაიჯანი კომპლექსის შუაზე გაყოფას ითხოვს. საქართველოს ხელისუფლებისგან ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რეალურად გვემუქრება თუ არა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მეცხვარეების სადგომი პუნქტების გახსნის საფრთხე.
4 წლის წინ სააკაშვილმა გვითხრა - ”ჩემს ძმათან, ილხამთან ერთად, მოვილაპარაკებ და საზღვარი იქ ისე გაივლის, რომ ჩვენი კულტურული ძეგლები ჩვენს ტერიტორიაზე მოხვდება”. უკვე 4 წელი გავიდა და რაღაც არ ჩანს ამ ”ძმების” მოლაპარაკების შედეგად რაიმე საქმე წინ წასულიყო, ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ. ჯერ კიდევ კომუნისტების დროს ლამის დაიქცა ქვეყანა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს საფრთხე, რომ ემუქრებოდა, მრავალთასიანი გამოსვლები ეწყობოდა...
28 მარტს, 14 საათზე, თბილისის საკრებულოში ფრაქციის სხდომაზე ამ საკითხის განხილვა გვაქვს დაგეგმილი და გამოძახებული გვყავს საგარეო სამინისტროში საზღვრების დელიმიტაციაზე პასუხისმგებელი პირი, რომელსაც პასუხს მოვთხოვთ და ასევე ნიკა ვაჩეიშვილი. ჩვენ გვაინტერესებს, საერთოდ რად გვინდა ეს სააგენტო და რა ბიუჯეტი არის მისთვის გამოყოფილი, თუ დავით გარეჯისთვის არ არის განსაზღვრული არც ერთი თეთრი?!
გარდა ამისა, სხდომაზე პროკურატურის წარმომადგენელიც დავიბარეთ, რათა დავაზუსტოთ - პროკურატურაზე სისხლის სამართლის საქმის გადაცემა ვაჩეიშვილის და ”რუსთავი 2”-ის ფანტაზია იყო თუ, ამ საქმეში არის რაიმე კონკრეტიკა.
აქვთ საკრებულოში მოსვლის ვალდებულება თქვენს მიერ დასახელებული უწყებების წარმომადგენლებს?
- იურიდიულად ისინი ვალდებულები არ არიან საკრებულოში მოვიდნენ. მაგალითად, თუ ვაჩეიშვილს კულტურული მემკვიდრეობა აღელვებს, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩვენი საზღვრები, უნდა მოვიდნენ. მით უმეტეს, ასეთი პრაქტიკა არსებობს, როცა ჩვენ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს ვიწვევთ ხოლმე, რომელთაგან ზოგი მოდის და ზოგი არა.
თუ მათ აქვთ რაიმე კონსტრუქციული პოზიცია და მართლაც აღელვებთ კულტურული მემკვიდრეობა და ანაღვლებთ საზღვრები, უნდა მოვიდნენ; ფრაქციის სხდომაზე მათ ტყავს არავინ გააძრობს, სამუშაო განხილვა იქნება. თუ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და ვაჩეიშვილი ოპოზიციასთან არ მოვა, მაშინ ოპოზიცია მივა მათ ოფისთან, სამინისტროსთან და როგორმე მოვნახავთ მათზე ზეწოლის საშუალებებს.
რა მიზნით ჩახვედით დავით გარეჯში, გასულ შაბათს?
- 8 მარტს, ცხრასაათიანი ”კურიერის” ნომერ პირველმა სიუჟეტმა, რამდენიმე გარემოების გამო ყურადღება მიიქცია. პირველი ის, რომ ”რუსთავი 2” კულტურულ მემკვიდრეობაზე დიდი ზრუნვით არ გამოირჩევა. პირველ ბლოკში, პირველი სიუჟეტი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოებს, რომ დაუთმეს, თავიდანვე უცნაური გვეჩვენა.
განსაკუთრებით გაუგებარი იყო ტონი, რომლითაც ვაჩეიშვილი ლაპარაკობდა; რაღაც სტანდარტები შეიძლება კიდეც დაირღვა, ან არ დაირღვა, მაგრამ ტონი ის კი არ იყო, რომ აი, ჩვენ ვზრუნავთ და აღდგენა გვინდაო?! ვაჩეიშვილმა დაახლოებით ასეთი რამ თქვა - როგორ გაბედა ვიღაცამ და აქ აღდგენითი სამაუშაოები დაიწყოო.
და ბოლო წვეთი, რამაც ჩვენი იქ ჩასვლა განაპირობა, ის გახლდათ, როდესაც ახსენეს, რომ ამ საქმის პროკურატურისთვის გადაცემას აპირებდნენ. ანუ ვაჩეიშვილი ბერების საქმის პროკურატურისთვის გადაცემას აპირებს. სტალინის შემდეგ ასეთი ფაქტი არ მომხდარა, რომ ბერები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცათ. ამგვარი განზრახვა ტრაგიკულიც არ არის, უფრო კომიკურია, როცა ბერს მონასტრის აღდგენის გამო გადასცემ სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
სიუჟეტში ნაჩვენები იყო, რომ მეექვსე საუკუნის კლდეში ნაკვეთ მონასტერს მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა გაუკეთეს.
- კი, მაგრამ მეტალოპლასტმასის გარდა იქ სხვა ვერაფრით დაიცავენ ფრესკებს, რომელსაც წყალი ესხმება. ამ წუთას იქ მეტალო-პლასტმასია ერთადერთი, რაც იცავს მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე საუკუნის უნიკალურ ფრესკებს ნალექისგან, მტვრისგან.
თავხედურია ვაჩეიშვილის პოზიცია, რომლითაც იგი ”რუსთავი 2”-ს ეთერში გამოვიდა. პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ერთი კარგად არის საცემი, იმიტომ რომ მეექვსე საუკუნის ფრესკას თუ წყალი დასდის, თუ ჩიჩქნიან და ამ დროს ვიღაცამ მეტალოპლასტმასი ააფარა, აქ რა საკითხი უნდა დადგეს, რომ იმ ვიღაცამ მეტალო-პლასტმასი რატომ ააფარა, თუ იმან, ვისაც შესაბამისი სამუშაოების ჩატარება ევალებოდა, რატომ არ შეიწუხა თავი?! ვაჩეიშვილმა მიიტანა რაიმე უკეთესი საშუალებები და იქაურმა მოსახლეობამ და ეკლესიამ უარი უთხრა და მაინცდამაინც მეტალოპლასტმასი დააყენეს, თუ რა?!
რა სურათი დაგხვდათ დავით გარეჯში, რომ ჩახვედით?
- კომპლექსის სიახლოვეს არის სოფელი უდაბნო, სადაც მოსახლეობის 90% სვანეთიდანაა ჩამოსახლებული. მთელი სოფელი გვერდზე უდგას სასულიერო პირებს, რომლებიც გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ. რომ იცოდეთ, ეს ჩვეულებრივი სოფელი არ არის - 3-4 წლის ბავშვები მორწმუნეები არიან და დაახლოებით 6-7 კილომეტრს გადიან, რომ წირვას დაესწრნონ. ჭკუასუსტი უნდა იყო, ასეთ ადამიანებს დააბრალო ფრესკების, ან მონასტრის დაზიანება.
”რუსთავი 2”-მა სისულელე გადასცა, რომ ვიღაცა რაღაცის რესტავრაციას აკეთებს, ან რაღაცას დააშენებს. წარმოიდგინეთ, რომ ამ სამუშაოების ჩატარებამდე, მხოლოდ მონასტრების სახურავები ჩანდა, დანარჩენი ყველაფერი ქვიშით და მტვრით დაფარული იყო და სასულიერო პირებმა ქვიშით და მტვრით დაფარული მონასტერი გაწმინდეს.
რაიმე დაზიანდა, ან დაიკარგა გაწმენდითი სამუშაოების დროს?
- ეს დადასტურებული არ არის. ”რუსთავი 2” აპელირებდა, რომ ფრესკებს თვალები აქვს ამოჩიჩქნილი. წლების მანძილზე აქ აზერბაიჯანელი მეცხვარეები იყვნენ, ეჭვი მათზე არ მიაქვთ და როგორ წარმოგიდგენიათ, ამას მამა სერაპიონი გააკეთებდა, მეუფე იობი თუ რომელიმე სხვა სასულიერო პირი?!
დავით გარეჯი მეუფე იობის ეპარქიაში შედის?
- მეუფე იობის ეპარქიაში არ შედის, მაგრამ კონკრეტულად ამ ადგილას მეუფე იობის კურთხევით მიდის გაწმენდითი სამუშაოები. მეუფე იობი ამ ხელისუფლებას თვალში არ მოსდის და ჩვენთვის გასაგებია რატომ ატეხეს ასეთი აჟიოტაჟი, ამ გაწმენდით სამუშაოებზე.
რამდენი ხანია, რაც გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს?
- ერთი წელია მიმდინარეობს.
და რა თქვეს იქაურებმა - ვაჩეიშვილმა და მისმა სააგენტომ მართლა არაფერი იცოდა ამის შესახებ?
- რა თქმა უნდა, იცოდა. ახლა რასაც ვიტყვი, დიდი პოლიტიკური და სამართლებრივი ბრალდება არ არის, მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას - ”ვაჩეიშვილი აქ ისე მოდის, კოლმეურნეობის თავმჯდომარე გეგონება; ხომ შეიძლება ან სალოცავში შევიდეს, ან სანთელი დაანთოს?! არა, ამას არ აკეთებს; მოვა, მღვდლებს, როგორც სამოქალაქო პირებს დატუქსავს, მითითებებს მისცემს და გაიქცევაო”.
მართალი რომ გითხრათ, აქამდე ვაჩეიშვილის მიმართ არანაირი უარყოფითი განწყობა არ მქონდა და დარწმუნებული ვარ, ეს ვაჩეიშვილის ამბავი არც არის, პირდაპირი პოლიტიკური დაკვეთაა - საკაშვილსა და მერაბიშვილს უნდათ მონასტრის ნახევარი აზერბაიჯანს გადასცენ; თუ ეს იქნება მიწაწაყრილი სალოცავი და აზერბაიჯანს ისე გადაეცემა, პრობლემა არ არის, მაგრამ თუ ეს იქნება მოქმედი მონასტერი და დღეს უკვე ეს მოქმედი მონასტერია, სადაც მეუფე იობი წირავს და სვანები არიან, ცოტა რთული გადასაცემია ნებისმიერი სხვა სახელმწიფოსთვის.
აი, ამან გამოიწვია მათი აღშფოთება. ეს არის საქართველოს ტერიტორიების გაჩუქების პოლიტიკის გაგრძელების კიდევ ერთი მცდელობა.
რაზე დაყრდნობით აცხადებთ, რომ მონასტრის ნახევრის აზერბაიჯანისთვის გადაცემას აპირებენ?
- რა თქმა უნდა, ეს არ არის ოფიციალური ინფორმაცია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ იმაზე, რომ ამგვარი საფრთხის შემცველი ინფორმაციები მოგვაწოდონ. 8 მარტს ”რუსთავის 2”-ს ეთერში გასული სიუჟეტისთვის არ მიყურებია, მოგვიანებით ინტერნეტის საშუალებით ვნახე. ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა არაოფიციალური არხებით შემომითვალა - ”მიაქციეთ ამ თემას ყურადღებაო”.