შპს "აქსმშენი" ორთაჭალაში იუსტიციის სამინისტროს ახალ შენობას აშენებდა. ზედამხედველობა კი იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსნებს - ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ზაზა ჩიჩუასა და მის მოადგილეს ზაზა გადელიას ევალებოდათ. მათ, ასევე, უნდა განეხორციელებინათ შესრულებული სამიშაოს მიღება-ჩაბარება, თანხების ანაზღაურება და ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების კოორდინაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ უკვე გამოუტანა გამამტყუნებელი განაჩენი, რის საფუძველზეც, ზაზა ჩიჩუას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო ზაზა გადელიას - 6 წლით. შპს "აქსმშენის" გენერალურ დირექტორს იორჰან აქსუს ქრთამის მიცემის გამო 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ამ ბრალდებას სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 218-ე მუხლებიც დაემატა, რაც გადასახადების გადაუხდელობასა და ანგარიშფაქტურის გაყალბებას გულისხმობს. საბოლოოდ კი, თურქ ბიზნესმენს 12 წლით აღკვეთა თავისუფლება.რაც შეეხება მის მოადგილეს, ქრთამის მიცემის გამო, ქართულ საპყრობილეში ის 5 წელს დაჰყოფს.
მიუხედავად იმისა, რომ ქრთამის აღების ფაქტი, ოფიციალურად, დადასტურებული არაა, ქართველი მაღალჩინოსნების ქმედებას მიეცა შემდეგი კვალიფიკაცია:
იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსნები, რომელთაც ევალებოდათ იუსტიციის სამინისტროს ახალი შენობის მშენებლობაზე ზედამხედველობა, გარკვეულ დარღვევებზე თვალის დახუჭვის მიზნით ქრთამს იღებდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის საელჩო უკვე დაინტერესდა ამ საქმით და ოფიციალურ ნოტას ამზადებს. როგორც ვარაუდობენ, ებრაელი ბიზნესმენების დაკავების შემდეგ, შეიძლება, ეს საქმე კიდევ ერთ სკანდალად იქცეს, რაც, სავარაუდოდ, ასევე უარყოფითად იმოქმედოს საქართველოს, როგორც დემოკრატიული და სამართლიანი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე და არც უცხოური ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.