ფასადური დაპირისპირების ახალი ეტაპი

ფასადური დაპირისპირების ახალი ეტაპი


 

 

მცირეხნიანი შესვენების შემდეგ, საქართველოში ფასადომანიის პრობლემა კვლავ დადგა. მიზეზი ძველია. საქმე ეხება შენობების ფასადებზე უხარისხოდ ჩატარებულ სამუშაოებს, უზღვავი რაოდენობით დახარჯულ თანხებს და სრულ უპასუხისმგებლობას ამჯერადაც.

ის, რაც წლების წინ სიღნაღში ხდებოდა, ახლა უკვე დედაქალაქში მიმდინარეობს. განსაკუთრებული ეჭვები არსებობს აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებზე. ოპოზიციას და ამ უბნის მოსახლეობას დიდი ეჭვი აქვს, რომ სარესტავრაციო სამუშაოები ზერელედ და ზედაპირულად ხორციელდება.

2007 წლიდან 2009 წლის ჩათვლით, ფასადების მოწესრიგებისთვის თბილისის მერიამ 16.04 მილიონი ლარი დახარჯა. მომდევნო წლების ბიუჯეტებში ცალკე ეს ხარჯი მითითებული არ არის. მარტო 2009-2011 წლის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის, რომელშიც ლომის წილი გზების რეაბილიტაციას უკავია, მერია 356 მილიონ ლარს ხარჯავს.

“ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ქალაქის კეთილმოწყობითი სამუშაოების ჩასატარებლად გამართული ტენდერები აბსოლუტურად გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს. მისი თქმით, ტენდერში ის კომპანები მონაწილეობენ, რომლებიც წინასწარ არიან გარიგებულნი ქალაქის ხელმძღვანელობასთან. შესაბამისად, სხვა კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის მიღების სურვილი აღარ აქვთ.

აბაშიძის ინფორმაციით, შემოწმების მასალებიდან დგინდება, რომ 10 კომპანიაზე, რომლებმაც კონკურენტის გარეშე ტენდერებში გაიმარჯვეს, თითქმის 12 მლნ ლარია განაწილებული უკანონო ტენდერების გზით. “ამიტომაც არის, რომ სამუშაოები არის უხარისხოდ შესრულებული. ეს მანკიერი წესი უნდა აღმოიფხვრას”, - ამბობს აბაშიძე.

აბსოლუტურად საპირისპირო შეხედულება აქვს თბილისის განვითარების ფონდის დირექტორს, გიორგი საბანძეს. იგი თვლის, რომ მოსაზრება, თითქოსდა დავით აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე რესტავრაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოები ტარდება ზედაპირულად და ეს მხოლოდ ფასადების ზერელე აღდგენაა, მცდარია. 

“მიმდინარეობს კომპლექსური ღონისძიებები, რომელიც ძირეულად შეცვლის არსებულ რეალობას. დამუშავებული პროექტების შესაბამისად, ხდება ყველა შენობის ფუნდამენტებისა და მზიდი კონსტრუქციების გამაგრება, შიდა კომუნიკაციების (წყალგაყვანილობა, საკანალიზაციო ქსელი, სანიაღვრე ქსელი) შეცვლა, სახურავებისა და მათი მზიდი კონსტრუქციების რეკონსტრუქცია და ახალი მასალებით გადახურვა, ისტორიული წყაროების კვლევის, ანალიზისა და სისტემატიზაციის საფუძველზე ფასადების რესტავრაცია და ისტორიული აუთენტური იერსახის დაბრუნება.

გამზირზე არსებული ყველა მაგისტრალური კომუნიკაციის:  მაგისტრალური მიწისქვეშა წყალსადენის, კანალიზაციის კოლექტორის, სუსტი დენების სისტემების რეკონსტრუქცია. აქვე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გამზირის, როგორც ურბანული განაშენიანების ისტორიულად ჩამოყალიბებისა და არსებობის მანძილზე პირველად ხორციელდება მაგისტრალური სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა, რომელიც რადიკალურად შეცვლის რეალობას და მოხსნის შენობების სარდაფებისა და ეზოების გაწყლიანების არსებულ პრობლემას, ასევე უხვნალექიანობის პირობებში უზრუნველყოფს ჭარბი ნალექის მოდინების მოცილებას და გატარებას”, - ამბობს საბანაძე.

საზოგადოდ, ისტორიული უბნების რესტავრაცია-რეაბილიტაცია რთული პროცესია. ამიტომაც სამუშაოების მიმდინარეობის თვალსაზრისით განსხვავებულ მიდგომასა და სპეციფიკას მოითხოვს.  მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება თამარ მეფის გამზირიდან მარჯანიშვილის მოედნამდე აღმაშენებლის გამზირის რესტავრაცისა და რეკონსტრუქციის სამუშაოების დასრულება.

“გამზირის პირობითად მეორე ნაწილის (მარჯანიშვილის მოედნიდან საარბრიუკენის მოედნამდე) პროექტირება ფაქტობრივად დაიწყო. იგეგმება რესტავრაცია-რეაბილიტაცია, როგორც მარცხენა სანაპიროზე მიმდებარე უბნებში, ისე ძველ თბილისში მარჯვენა სანაპიროზე დაწყებული სამუშაოების გაგრძელების თვალსაზრისით”, - აღნიშნა საბანაძემ.

თუმცა, მეორე მხრივ საუბარია არა იმაზე, რომ რაღაც არ კეთდება, არამედ იმაზე, თუ როგორ უნდა კეთდებოდეს და როგორ კეთდება, ასევე - ვინ უნდა აკეთებდეს და ვინ აკეთებს.