ყოველთვის მაინტერესებდა, თუ როგორ იზრდებიან გმირები. ჰოდა, ქვემო ალვანში წასვლა გადავწყვიტე... მინდა, ვნახო, სახლი სადაც ჩვენი დროის გმირი გიორგი ანწუხელიძე დაიბადა... სოფელი თუშთა საფიხვნოა - ლამაზი და შეუდრეკელი... აქ ბევრია საინტერესო და უცნაური... გზად მოფუსფუსე ქალები მხვდებიან... ვჩერდები და ვეკითხები: - გიორგი ანწუხელიძის სახლი საითაა? მიმასწავლეს, თან დააყოლეს, ჩვენ გიას ვეძახითო...
ბავშვობა...
სულ რაღაც 23 წელი იცოცხლა...
მის ბავშვობაში განსაკუთრებული არაფერი ყოფილა: მამა ფიზიკურად შრომობდა, დედა შვილებისათვის თავს არ ზოგავდა და გაჭირვების დასამარცხებლად სამუშაოს ყველგან ეძებდა... შინ კი იყო ერთი ქალი, ქალი, რომელმაც როგორც კი გია დაინახა, მიხვდა, მისი იყო, მისი ცხოვრების აზრი...
ამ ქალს ეთერი ჰქვია..
არ გათხოვილა...
საკუთარი ბიოლოგიური შვილები არ ჰყავს...
სამაგიეროდ, ჰყავს სამი შვილი - სამი ძმისშვილი... ჰყავს გია, რომელიც მის ცხოვრებას აზრს აძლევს...
საღამოა...
გიას ბავშვობა სიბნელესთან ასოცირდება...
90-იანი წლების დასაწყისი...
არც დენი და არც მშვიდი ცხოვრება...
მამიდა, ძილის წინ, პატარა ანწუხელიძეს მიუწვებოდა და ზღაპრის მოყოლას დააპირებდა, მაგრამ გიას ზღაპრები არ უყვარდა...
უყვარდა ისტორია...
განსაკუთრებით კი, ერთი ქალის ცხოვრება...
დღეს ეთერ ანწუხელიძე სინანულით ამბობს:
- ნეტა, არ მელაპარაკა ამდენი ქეთევან წამებულზე... რომ ვეუბნებოდი, დედოფალი მხნედ მიდიოდა და თავი არ დაუხრია, ისე აწამეს-მეთქი, სულგანაბული მისმენდა... ღმერთო, თურმე, ვის ჰბაძავდა...
სკოლა...
არ იყო ბეჯითი მოსწავლე...
თუმცა, როგორც ყველა თუშს, უყვარდა ჭიდაობა...
ამიტომ, ხშირად შინ დახეული პერანგით ბრუნდებოდა...
მეგობრებისთვის განსაკუთრებული გული ჰქონდა...
წიგნები?
მისი უსაყვარლესი წიგნი ლევ ტოლსტოის “ჰაჯი მურატი” იყო -
იჯდა და კითხულობდა...
და თუ მის ცხოვრებას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ამ წიგნმა ქართველ გმირზე განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინა...
შინ მარჯვე იყო - ფუსფუსი უყვარდა, ეზოში, მიწაზე, თურმე, ჯოხით ხაზავდა, თუ როგორ სახლს ააშენებდა, როცა გაიზრდებოდა...
იმხანად, ალვანში კარატეს წრე გახსნილა...
სამი გაკვეთილის მერე, გიას უთქვამს, დღეობაზე, ერთი ჭიდაობისას უფრო მეტს ისწავლის კაციო...
და აი, ასე დარჩა თავისი ქვეყნის ფალავნად...
სულ 23 წელი იცოცხლა....
სულ 23 წელი უყურა ამ ქვეყანას...
იმ დღეს კი...
თბილისში მამა და მამიდა ეწვივნენ...
ექიმთან წაიყვანა... დიაგნოზებს გადახედა...
მერე, გორში, ორსული ცოლი და შვილი გააცილა დასასვენებლად...
საღამოს დაწვა...
მშვიდი ძილი მამიდამ შეაწყვეტინა:
- მეთაურმა დარეკა, განგაშიაო!
ადგა და წავიდა...
კართან მისული უკან მოტრიალდა, მამას აკოცა, მამიდას ჩაეხუტა და უთხრა გული რაღაცნაირად მაქვს, მაკას ხშირად დაურეკე, რამე არ დასჭირდეს, მიხედე შენებურადო...
მიდიოდა და ცოლისა და შვილის დარდი მიჰქონდა...
და ტოვებდა იმედს, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა!
არ ვიცი, რაზე ფიქრობდა ომის დროს...
სამაგიეროდ, ვიცი, ჰაჯი მურატი როგორ უყურებდა სიკვდილის წინ....
და რადგან ჰაჯი მურატი თავის იდეალად მიაჩნდა, ლევ ტოლსტოის სიტყვებით დავასრულებ გიორგი, იგივე გია ანწუხელიძის ცხოვრებაზე თხრობას:
“მტრები ბუჩქიდან ბუჩქისკენ ყიჟინითა და კივილით გადარბოდნენ და სულ უფრო და უფრო ახლოვდებოდნენ. ჰაჯი მურატს კიდევ მოხვდა მარცხენა გვერდზე ერთი ტყვია. ის ჩაწვა თხრილში, ისევ გამოაძრო ახალუხიდან ბამბა და ახალ ჭრილობაში ჩაჩურთა. გვერდითი ჭრილობა სასიკვდილო იყო და ჰაჯი მურატი გრძნობდა, რომ კვდებოდა. მის წარმოდგენაში მოგონებები და სახეები გასაოცარი სისწრაფით ცვლიდნენ ერთმანეთს. მას ხან ღონიერი აბუნუნცალ-ხანი ეჩვენებოდა, რომელსაც ჩამოთლილი და ჩამოკიდებული ლოყა ეჭირა ცალი ხელით, ხოლო მეორეთი მტერს ებრძოდა ხანჯლით, ხან კი, დაუძლურებულ, სისხლნაკლულ მოხუც ვორონცოვს ხედავდა, ხედავდა მის ცბიერ, თეთრ სახეს და ჩაესმოდა მისი ტკბილი ხმა, ხანაც შვილი იუსუფი წარმოუდგებოდა თვალწინ, ხან - მეუღლე სოფიათი, ხან კი, - გაფითრებული, წითურწვერიანი და თვალებმოჭუტული თავისი მტერი შამილი.
ჰაჯი მურატი არ იძროდა, მაგრამ მგრძნობიარობა ჯერ კიდევ შერჩენოდა. როცა
მასთან პირველად მისულმა ჰაჯი-აღამ დიდი ხანჯალი დაჰკრა თავში, ჰაჯი მურატს
მოეჩვენა, თითქოს ჩაქუჩებს ურტყამენო, მაგრამ აღარ ესმოდა, ვინ აკეთებდა ამას და რატომ. ეს იყო ჰაჯი მურატის შეგნების უკანასკნელი კავშირი მის სხეულთან.
მერე აღარაფერს გრძნობდა. მტრები კი, ჭრიდნენ და თელავდნენ იმას, რასაც მასთან უკვე არავითარი კავშირი არ ჰქონდა. ჰაჯი-აღა პირქვე დამხობილ ჰაჯი-მურატს ფეხით შესდგა ზურგზე, ორი დარტყმით მოჰკვეთა თავი და ფრთხილად, წუღები სისხლით რომ არ გაესვარა, ფეხით გადააგორა. კისრის არტერიებიდან ალისფერმა სისხლმა და თავიდან შავმა სისხლმა ითქრიალა და ბალახი მორწყა...”
ცნობისთვის: 23 წლის გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს მაშინ დაიკარგა, როცა ვაზიანის 21-ე ბრიგადა, ცხინვალის ე.წ შანხაის რაიონს უტევდა. მოგვიანებით, რუსულ ინტერნეტსაიტებზე მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ დატყვევებულ ქართველ სამხედროს ოსი “ბოევიკები” და რუსი ოკუპანტები აწამებენ - გიორგის ზურგზე რიგრიგობით ახტებიან და აიძულებენ, მიწას აკოცოს. კადრებში, ასევე, ჩანს, რომ ანწუხელიძეს პირიდან სისხლი სდის, თუმცა მტერს წინააღმდეგობას უწევს და მიწისკენ ბოლომდე არ იხრება. ვიდეოში, ასევე, ჩანს, რომ გიორგის ბევრი ხალხი ახვევია. ქართველი გმირი ღობესთან ჰყავთ მიმწყვდეული და ფეხებით ურტყამენ.
გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის ნოემბრამდე დაკარგულად ითვლებოდა, ნოემბერში კი, ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს. გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი გიორგი ანწუხელიძე იყო.
გიორგი სამხედრო-სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ, 2001 წელს, ჯერ თბილისში, მოგვიანებით კი, სენაკში მსახურობდა. 2008 წლის მაისიდან ვაზიანის მეოთხე ბრიგადის 41-ე ბატალიონის კაპრალი იყო.
წელს, 18 აგვისტოს, გიორგი ანწუხელიძე 30 წლის გახდება...
P.S. ძალიან მინდოდა, გამეცნო გიორგის დედა, თუმცა ინსულტით, საავადმყოფოში წევს... სამაგიეროდ, გავიცანი მამიდა, რომელმაც - არც მეტი, არც ნაკლები - ჩვენი დროის გმირის აღზრდასა და ჩამოყალიბებას საკუთარი ცხოვრება მიუძღვნა...