„ჩვენ უნდა შევაკავოთ რუსეთის მხრიდან ნებისმიერი აგრესია“

„ჩვენ უნდა შევაკავოთ რუსეთის მხრიდან ნებისმიერი აგრესია“

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ნატო-ს წევრ ქვეყნებს წერილობით მიმართავს და მოუწოდებს, მეტი პრაქტიკული დახმარება გაუწიონ ალიანსის არაწევრ ქვეყნებს უსაფრთხოების გასაძლიერებლად. დევიდ ქემერონი ალიანსს სთავაზობს, შეთანხმდნენ თავდაცვის ახალი შესაძლებლობების გაძლიერებაზე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. 

„მაშინ, როდესაც ინვესტიციებს ვდებთ შეიარაღებულ ძალებში საკუთარ ქვეყანაში, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ სხვა ქვეყნების პრატიკული დახმარებისთვის, რომელთაც საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერება სჭირდებათ. ავღანეთის მაგალითზე ჩვენ ვისაწვლეთ, რა სარგებლობა მოაქვს სხვა ქვეყნისთვის გაწეულ დახმარებას, ააშენოს საკუთარი შეიარაღებული ძალები, რათა უკეთესად შეძლონ საკუთარი რეგიონის დაცვა. მინდა, უელსის სამიტზე შევთანხმდეთ მსოფლიოს სხვა ნაწილებში, მაგალითად საქართველოსა და შუა აღმოსავლეთში ახალი თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მისიებზე“, - ნათქვამია დევიდ ქემერონის წერილში. 

ამასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს რუსეთთან გრძელვადიანი ურთიერთობების სტრატეგიის გადახედვისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ აუცილებელია რუსეთის მხრიდან ნებისმიერი აგრესიის შეჩერება. 

„რუსეთ-უკრაინის ექვსთვიანი კრიზისი ფონზე ჩვენ უნდა შევთანხმდეთ გრძელვადიან ზომებზე, რომელიც გააძლიერებს ჩვენს უნარს, სწრაფი რეაგირება მოვახდინოთ ნებისმიერ საფრთხეზე, ასევე დავარწმუნოთ პარტნიორი ქვეყნები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ღელავენ და შევაკავოთ რუსეთის მხრიდან ნებისმიერი აგრესია“, - ამბობს თავის წერილში დევიდ ქემერონი.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, გამოხმაურება მოჰყვა თბილისში. თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია ამბობს, რომ თავდაცავის კარი ღია გვაქვს, სრულად შევიარაღდეთ და საკუთარი შეიარაღებული ძალები მოვიყვანოთ ადეკვატურ მზადყოფნაში. მისი თქმით, განცხადებები, რომელიც კეთდება რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე  საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების მიმართ მხარდაჭერაზე, ძალიან მნიშვნელოვანია. 

„ეს არის ის, რასაც საქართველოს ხელისუფლება ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში და ბოლო წლების განმავლობაში აკეთებდა და დიალოგში იყო შესული დასავლელ კოლეგებთან. დღეს დგება ის დრო, როდესაც ჩვენ ვართ თანაბარი პარტნიორები. საქართველოს, ბუნებრივია, აქვს სრული უფლება და მოვალეობაც, დაიცვას საკუთარი ქვეყანა.

ამისთვის მას სამხედრო შეიარაღება სჭირდება. ეს ნიშნავს იმას, თუ როგორ ამაღლდა ნდობა ქართველებსა და ნატო-ს ქვეყნებს შორის, თუ როგორ განმტკიცდა პოლიტიკური ნდობა ჩვენს ქვეყნებს შორის. აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, კარი ღია გვაქვს სრულად შევიარაღდეთ და საკუთარი შეიარაღებული ძალები მოვიყვანოთ ადეკვატურ მზადყოფნაში“, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

საგარეო საქმეთა მინისტრი კი განმარტვას, რომ მიესალმება ყველა განცხადებას, რომელიც ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ემსახურება.

„ჩვენ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად რასაკვირველია ვმუშაობთ, მიუხედავად განცხადებებისა და ეს უკვე მიმდინარეობს გარკვეული პერიოდის განმავლობაში. თავდაცვის მინისტრი აქტიურად არის ჩართული მოლაპარაკებებში ჩვენს პარტნორებთან სწორედ ამ კუთხით.

რასაკვირველია, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მიმდინარე პოლიტიკური კრიზისით, რომელიც არის ახლა უკრაინაში, მაგრამ ეს არ არის ჩვენთვის სპონტანური იდეა, რადგანაც, როგორც გითხარით, ჩვენ უკვე დიდი ხანია ამ თემაზე ვფიქრობთ, ვმუშობთ და შესაბამის შეხვედრებსაც ვგეგმავთ“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

პაკეტი, რომელსაც საქართველო ნატოსგან ელის, სწორედ ამ მიმართულებით არის საინტერესო, რადგანაც ემსახურება სამხედრო მოსამსახურეების კვალიფიკაციის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ქემერონის მოწოდება ალიანსისთვის, რომ შეთანხმდნენ თავდაცვის ახალი შესაძლებლობების გაძლიერებაზე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, მნიშვლენოვანია, საქართველოსთვის როგორც ნატოს არაწევრი ქვეყნისთვის.

„როგორც იქნა ჩამოყალიბდა ერთმნიშვნელოვანი მიდგომა და უკვე რუსეთის მოქმედებები და რუსეთი, აღარ აღიქმება როგორც პარტნიორი, არამედ, აღიქმება როგორც საფრთხე და რისკი უსაფრთხოების. როგორც ნატოს მხრიდან, ასევე დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოებისგან ცალსახად გაჟღერდა, რომ შემდეგი ნატოს სამიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იქნება, თუ რა შესაბამისი განვითარება უნდა მოჰყვეს ამას ნატოში თავდაცვითი შესაძლებლობის გაძლიერების კუთხით.

სწავლებების დაგეგმვა, თავდაცვის შესაძლებლობების კოლექტიური განვითარება, მათ შორის ნატოს წევრობისკენ მიმსწრაფველი ქვეყნების ჩართვა პროგრამებში, რომელსაც ჭკვიანური თავდაცვის სახელი ჰქვია, საქართველოს ჩართვა ძალიან სერიოზულად დგას დღის წესრიგში. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ სწორედ, იმ საკითხის ნაწილი, რომელიც ჩვენ უნდა გადმოგვეცეს ულესის სამიტზე სექტემბერში, იქნება ძალიან მნივნელოვანი კომპონენტი“, - აცხადებს გიორგი მუჩაიძე.