შეიძლებოდა თუ არა ექვსი წლის წინ, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთთან ომის თავიდან აცილება? ეს შეკითხვა ისევ აქტუალურია ომიდან ექვსი წლის შემდეგ და მას 7 აგვისტოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი პასუხობს - მისი აზრით, ეს შესაძლებელი იყო, საქართველოს მაშინდელი მთავრობა რომ პროვოკაციას არ აჰყოლოდა. 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის წლისთავს ეხმაურებიან საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები - 7 აგვისტოს მუხათგვერდის სასაფლაოზე მათ ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი მოინახულეს.
7-8 აგვისტოს საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის ექვსი წლისთავს აღნიშნავენ. 7-ში, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა პირველი კომენტარები გააკეთეს. წინდაუხედავი ნაბიჯი და ომში ჩათრეული საქართველო - ასე აფასებს ექვსი წლისწინადელ მოვლენებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი:
„დღეს უკვე ყველა ფაქტი ადასტურებს, რომ ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მაშინელი ხელისუფლება პროვოკაციის მსხვერპლი აღმოჩნდა თავისი ავანტიურისტული პოლიტიკის გამო, მაინც ჩანს, რომ თავისი საგარეო გავლენები ვერ გამოიყენეს საიმისოდ, რომ საქართველოს საკითხი ყოფილიყო იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც დღესაა. ვხედავთ, რაც ხდება უკრაინაში და მსოფლიო დღეს ხელახლა აფასებს აგვისტოს ომსაც“.
მაშინდელ ხელისუფლებას დიპლომატიის დონეს უწუნებს ამჟამინდელი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარიც, რომელიც დღეს წლების წინ ომის შედეგად დაზარალებული ადამიანების - დევნილების - დასახმარებლად საქართველოსთვის გამოყოფილი თანხების არამიზნობრივად ხარჯვაზე ლაპარაკობს:
„საქართველოს ტერიტორიების 20% დღესაც ოკუპირებულია. რა თქმა უნდა, დიპლომატია რომ უკეთესად ყოფილიყო გამოყენებული, ალაბთ, შესაძლებელი იქნებოდა ამ კონფლიქტის გამწვავების თავიდან აცილება. რაც შეეხება დევნილებს, ძალიან სამწუხაროა, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ის უზარმაზარი დახმარება, რაც საქართველოს მთელმა მსოფლიომ გაუწია, უმრავლეს შემთხვევაში არაადეკვატურად გამოიყენეს“.
„სამწუხაროა, რომ საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ომი თავიდან ვერ აიცილა. ამ ომის შედეგები დღეს ორ ქვეყანას შორის მთავარ გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს, ქვეყნის ნაწილი კი დღემდე ოკუპირებულია“ - ეს სიტყვები კი სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილს ეკუთვნის.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე საერთაშორისო ასპარეზზე 2008 წლის აგვისტოს ომი ახლებურად გაიაზრება, - აცხადებს საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე. მისი თქმით, თუ თავის დროზე არ მიენიჭა ამ ომს ის მნიშვნელობა, რაც უნდა მინიჭებოდა, „დღეს ყველა აცნობიერებს, რომ ჩვენს რეგიონში, პოსტსაბჭოთა სივრცეს რომ უწოდებენ, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა რჩება აქ მცხოვრები ხალხების, სახელმწიფოების რეალური თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის განმტკიცების გზაზე, ისევ და ისევ იმ ერთი წყაროდან მომდინარე საფრთხეების გამო, რომელსაც, კარგად ვიცით, რუსეთის ფედერაცია ჰქვია".
7 აგვისტოს მუხათგვერდის სასაფლაოზე, ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც მივიდნენ. უმცირესობის ერთ-ერთი წევრის, გიორგი კანდელაკის, განცხადებით, სწორედ 7 აგვისტოს გადმოკვეთა პირველად რუსეთის ჯარმა საქართველოს საზღვარი:
„სწორედ შვიდ აგვისტოს გადმოკვეთა რუსეთის ჯარმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც საქართველოს სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ ამ სამხედრო აგრესიისთვის წინააღმდეგობა გაეწია და ომის დაწყების თარიღიც ამიტომ სწორედ 7 აგვისტოა“.
უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ კი შენიშნა, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები არის დასტური იმისა, თუ რა სერიოზული საფრთხის წინაშე იდგა საქართველო 2008 წელს: „ჩვენი, პოლიტიკოსების, ვალია, არა მხოლოდ მუდმივად გვახსოვდეს ის გმირები, ვინც სიცოცხლე შესწირა ქვეყანას, არამედ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი თავისუფლება, ჩვენი სახელმწიფო და ის ევროპული და თავისუფალი მომავალი, რომლისთვისაც ქართველი გმირების არაერთმა თაობამ გაწირა თავი“.
ომიდან ექვსი წლის შემდეგ იმის თქმა, რომ შეიარაღებული კონფლიქტის თავიდინ აცილება შეიძლებოდა, სწორად არ მიაჩნია პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას და ამას, მისი აზრით, უკრაინის მაგალითიც ადასტურებს:
„ეს იყო რუსეთის მიერ დიდი ხნის წინ განსაზღვრული მოცემულობა, რომელსაც საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლება - სააკაშვილის ხელისუფლება იქნებოდა ეს თუ შევარდნაძის - ამას ვერ ასცდებოდა, იმ გეოპოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება მისდევს. თანამედროვე უკრაინის მაგალითიც ამას გვიჩვენებს: უკრაინამ თითქოს ყველაფერი დათმო, მაგრამ ყირიმის ანექსია მაინც მოხდა, ხომ?“
კორნელი კაკაჩია რადიო თავისუფლებასთან საუბარში ასევე შენიშნავს, რომ ომის დაწყების თაობაზე სახიფათო განცხადებები კეთდება და თუ დღევანდელი ხელისუფლება სააკაშვილის ხელისუფლებისკენ ხელს მხოლოდ იმიტომ იშვერს, რომ მოსკოვში ვიღაცას ასიამოვნოს, მაშინ ამისათვის ძალიან ცუდი დროა შერჩეული:
„საქართველოს ბევრი მოქალაქე შესაძლოა არ იყოს სააკაშვილისა და მისი პოლიტიკის მომხრე, მაგრამ უმრავლესობა მაინც მეტ-ნაკლებად თანხმდება იმ აზრზე, რომ სააკაშვილის ხელისუფლება რუსეთთან მიმართებით აბსოლუტურად მართალი იყო და ის საკუთარ სამშობლოს იცავდა. ამიტომ იაფფასიანი, ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე განცხადებები, ვფიქრობ, არ იმოქმედებს სააკაშვილის წინააღმდეგ და, პირიქით, შეიძლება ის ნაწილიც, რომელიც ცდილობს მოვლენებს ობიექტურად შეხედოს, ხელისუფლების წინააღმდეგ განეწყოს ასეთი განცხადებების გამო“.