საქართველოსსაგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ განცხადებას - „საქართველოს ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემის შურისძიების მიზნით გამოყენებით ევროპულ გზას სცდება და ქვეყანას აზიანებს“, - არაკორექტულს უწოდებს და სასამართლოზე ზეწოლად აფასებს. შვედეთის პირველი დიპლომატის განცხადების საპასუხოდ, საქართველოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ყოველთვის ყურადღებით ეკიდება მსგავს განცხადებებს, მაგრამ ემორჩილება კანონს და აკეთებს იმას, რასაც კანონი მოითხოვს.
საქართველოს ხელისუფლების ოფიცილური პირების განცხადებას, განცახებით უპასუხა ბილდტმა. „საქართველოში რევანშის პოლიტიკის გამო, საერთაშორისო შეშფოთება იზრდება. ეს ზიანს აყენებს ქვეყანას“, - წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი „ტვიტერზე“.
კარლ ბილდტმა განცხადება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების საქმის კომენტირებისას გააკეთა. როგორც ცნობილია, საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევასა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე. მოგვიანებით, მას ბრალი დაუმძიმდა, საქმე ეხება პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ფაქტს.
მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს.
„ჩვენი ამოცანაა არ დარჩეს არანაირი პასუხგაუცემელი კითხვა და რაც მთავარია, უზრუნველვყოთ ის, რომ კანონზე მაღლა არ იდგეს არავინ, რა თანამდებობაც არ უნდა ჰქონდეს მას წარსულში. თუ ერთი მხრივ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმპცია, რომლისკენაც ყველა მოგვიწოდებს და აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ ყოველთვის უნდა იყოს დაცული, მეორე მხრივ, არ შეიძლება მიმდინარე პროცესს მიანიჭო ესა თუ ის კვალიფიკაცია.
ბატონი ბილდტი მიმდინარე პროცესს, რომელიც ჯერ არ დამთავრებულა და არავინ იცის რა იქნება საბოლოო წერტილი, კვალიფიკაციას ანიჭებს, რომ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული. ეს ჩემი აზრით, არ შეიძლება, რადგან ესეც გარკვეული ზეწოლაა, თუ გნებავთ სასამართლოზე და მთელს პროცესზე“, - აცხადებს მაია ფანჯიკიძე.
დევნილთა და განსახლების მინსტრს, სოზარ სუბარს ის უკვირს რატომ დააგვიანა კარლ ბილდტმა ამდენი ხანი პოზიციის დაფიქსირება. მისივე თქმით, ხელისუფლება ყოველთვის ყურადღებით ეკიდება მსგავს განცხადებებს, მაგრამ ემორჩილება კანონს და აკეთებს იმას, რასაც კანონი მოითხოვს. მინისტრის, განმარტებით, იმის გამო, რომ ვინმე სენატორი, თუნდაც საქართველოს ყველაზე დიდი მეგობარი, შეიძლება დარჩეს უკმაყოფილო, ქვეყანა ვერ იტყვის უარს კანონის აღსრულებაზე.
„არიან ადამიანები, რომელთა რეაქციასაც მე ყოველთვის ველოდები. მაგალითად, როდესაც კარლ ბილდტის წერილი გამოქვეყნდა, ერთადერთი რაც გამიკვირდა - ამდენი ხანი რატომ დააგვიანა ამ ადამიანმა „ტვიტერზე“ ან სადმე თავისი პოზიცია რომ დაეფიქსირებინა. წინასწარ ვიცოდით რა პოზიციაც ექნებოდა მას, მაგრამ მთლიანობაში საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულება არის ის, რომ სისტემური დანაშაულებები, რომელიც იყო ჩადენილი, უნდა იქნას გამოძიებული და იქნება კიდეც გამოძიებული. ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი. ეს არის ნორმალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ერთადერთი წინაპირობა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს შვედეთში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე, რომლის განცხადებით, შვედეთი საქართველოს აქტიური მხარდამჭერი და ლობისტი ქვეყანაა.
„შვედეთი საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. ეს არის ქვეყანა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ერთ-ერთი მხარდამჭერია, რომელიც აქტიურად ლობირებს საქართველოს ევროკავშირში და რომელიც, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დონორია. აქედან გამომდინარე, ჩვენ შვედეთის პოლიტიკას სწორედ ამ გადასახედიდან ვაფასებთ და არა „ტვიტერზე“ გაკეთებული განცხადებით“, - ამბობს კონსტანტინე ქავთარაძე.
პარალელურად ცნობილი ხდება, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილი გამოუგზავნეს აშშ-ის სენატორებმა ჯეიმს რიშმა, ჯინ შაჰინმა, მარკო რუბიომ და ჯონ მაკკეინმა. სენატორები წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების გასამართლებასთან დაკავშირებულ საფრთხეზე საუბრობენ და კანონის უზენაესობის დაცვის აუცილებლობას უსვამენ ხაზს. მაია ფანჯიკიძე არ ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ სენატორების წერილი დამალა. მისი თქმით, ყველა წერილზე, რომელიც გამოიგზავნა, შესაბამისი კომენტარი გაკეთდა. თუმცა, წერილის შინაარს ფანჯიკიძე არ აკონკრეტებს.
პარლამენტის წევრი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ „ტვიტერზე“ გამოქვეყნებული განცხადება, არ უნდა განვიხილოთ როგორც ოფიციალური განცხადება. პარლამენტარის განცხადებით, გასაგებია, რომ ის სააკაშვილის მეგობარია, მაგრამ ყველას და მათ შორის კარლ ბილდტს ბერძენიშვილი ურჩევს აღიჭურვონ მოთმინებით და დაელოდონ სასამართლოს გადაწყვეტილებას. ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ შევედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, ორ ქვეაყანას შორის დაძაბულობის საფუძველი არ გახდება.
„გარდა იმისა, რომ ეს არის მეგობრობა და მეგობართან ვალდებულება, შვედეთის მხარეს არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, შვედეთთან არანაირი ურთიერთობის გაფუჭება მოსალოდნელი არაა. ეს არის კერძო აზრი. როგორც ჩანს, რაღაც მეგობრული ვალდებულებები არსებობს, ჩვენ მათ მეგობრულ საქმეში ვერ ჩავერევით, გვაქვს სასამართლო და ვაპირებთ სამართლიანი ენით საუბარს. საქართველოს ურთიერთობა დასავლეთთან არ შეფერხდება, იმიტომ, რომ საქართველო არ იყო, არ არის და არც არასოდეს იქნება სააკაშვილი.
მესმის, შეიძლება ვიღაცეებმა გვითხრან, რომ რა მოხდა მერე, დააშავა, დაანებეთ თავი, მაგრამ კანონის უზენაესობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ თავი არ დავანებოთ არავის, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, რომ დაელოდონ სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლევან ბერძენიშვილმა.