„უელსში ჩვენ ვაპირებთ ვაჩვენოთ, რომ ნატო ნიშნავს ბიზნესს“

„უელსში ჩვენ ვაპირებთ ვაჩვენოთ, რომ ნატო ნიშნავს ბიზნესს“

ნატო-ს გენერალური მდივნი, The Financial Time-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ამბობს, რომ უელსში, სექტემბრის სამიტზე ნატო მიიღებს სამოქმედო გეგმას, რათა გააძლიეროს ალიანსის მზადყოფნა, რომელიც მიმართული იქნება დიდი ბრიტანეთის თავდაცვის კომიტეტის რეკომენდაციების შესაბამისად. ანდერს ფოგ რასმუსენი ამბობს, რომ ალიანსი ეძებს გზებს, თუ როგორ შეიძლება საუკეთესოდ განთავსდეს ნატოს თავდაცვისა და შეკავების ძალები.

„განვიხილავთ გაძლიერების ზომებს, მათ შორის მოწყობილობების წინასწარ განთავსებას. კიდევ ერთხელ გადავხედავთ ჩვენს თავდაცვით გეგმას, საფრთხის შეფასებას, დაზვერვის გაცვლის შეთანხმებას, ადრეული გაფრთხილების პროცედურებსა და კრიზისის საპასუხო გეგმას. მზადყოფნას რესურსები და ძლიერი პოლიტიკური ნება სჭირდება. გასული ხუთი წლის განმავლობაში ნატო-ს მოკავშირეებმა თავდაცვითი დანახარჯები საშუალოდ 20 პროცენტით შეამცირეს, რუსეთმა კი თავდაცვითი ბიუჯეტი 50 პროცენტით გაზარდა.

რამდენადაც ჩვენი ეკონომიკა გაუმჯობესებას იწყებს, უნდა გადავხედოთ თავდაცვითი ხარჯების გაზრდას. შესაძლოა, ეს ადვილი არ იყოს, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ზოგიერთმა ქვეყანამ - პოლონეთმა, რუმინეთმა და ბალტიის ქვეყნებმა უკვე დაიწყეს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა. ველი, სამიტი გვიჩვენებს, რომ მზად ვართ მეტი ინვესტიციები განვახორციელოთ ჩვენი თავდაცვის გასაძლიერებლად. რუსეთის ქმედებები არ უნდა იქნას იგნორირებული. „ცივი ომის“ შემდგომი მსოფლიო წესრიგი სასწორზე დევს. ასე რომ, ნატო-მ ახლა იმაზე მეტი უნდა გააკეთოს, ვიდრე ოდესმე. უელსში ჩვენ ვაპირებთ ვაჩვენოთ, რომ ნატო ნიშნავს ბიზნესს“, - ამბობს ანდერს ფოგ რასმუსენი.

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით დასტურდება, რომ ნატო-ს შემდგომი სამიტის ძირითადი ნაწილი მიეძღვნება სწრაფი რეაგირების შესაძლებლობების გაზრდას და რუსეთიდან აგრესიის შემთხვევაში რეაქციის ორგანიზებას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, 2015, 2016 და 2017 წლებში საქართველო არის ნატო-ს სწრაფი რეაგირების შენაერთების ნაწილი.

„ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა უკვე სერტიფიცირება გაიარეს. სწორედ ასე შევიტანთ ჩვენი შეიარაღებული ძალები წვლილს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად ევროატლანტიკური სივრცის დაცვის საქმეში, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ფედერაციასთან მოხდება სამხედრო დაპირისპირება“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ განცხადებებს კონკრეტული გადაწყვეტილებები მოჰყვეს. მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ მოახლოებულ ნატო-ს უელსის სამიტზე შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული, რათა საქართველოს ინეტრესები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული და თავდაცვისუნარიანობა გამტკიცებული. 

„ძალიან არ მინდა, რომ განცხადებები დარჩეს განცხადებებად. საქართველო არის აგრესიის ქვეშ, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია და ეს არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

უნდა აღინიშნოს, რომ ნატო ბოლო რამდენიმე თვეა აქტიურად მსჯელობს, რომ საჭიროა ნატო-ს წევრ ქვეყნებში თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება. ექსპეტრები ვარაუდობენ, რომ ეს პროცესი სავარაუდოდ ნატო-ს პარტნიორ ქვეყნებშიც გაგრძელდება. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება მნიშვნელოვანია როგორც საკუთრივ ნატო-ს წევრი სახელმწიფოებისთვის, ასევე პარტნიორი ქვეყნებისთვისაც.

„იმედი მაქვს, რომ მეტი ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება მოკავშირეების მხრიდან, მათ შორის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების თვალსაზრისით, იგივე, პარტნიორ ქვეყნებთან, პირველ რიგში, საქართველოსთან მიმართებით. საქართველოს ხელისუფლება მუდმივ კავშირშია ნატოელ კოლეგებთან და ქვეყანა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით მუშაობას განაგრძობს. ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, საფრთხე ყოველდღიურია. რუსეთი სად წავა, კაცმა არ იცის. მზადყოფნა პარტნიორებთან თანხვედრაში უნდა იყოს“, - აცხადებს ვიქტორ დოლიძე.