თბილისის ზოგიერთ რაიონში ბიუჯეტის 80% უკვე გახარჯულია

თბილისის ზოგიერთ რაიონში ბიუჯეტის 80% უკვე გახარჯულია

თბილისის ზოგიერთ რაიონში ბიუჯეტის 80% უკვე გახარჯულია, რის გამოც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე დაგეგმილი პროექტების დროებით შეჩერებას არ გამორიცხავდა. მოგვიანებით ჩვენთან საუბარში გიორგი ალიბეგაშვილმა უარყო ცალკეული პროექტების შეჩერების შესახებ, თუმცა დაადასტურა, რომ თბილისის საკრებულო დედაქალაქისთვის განსაზღვრული ბიუჯეტის უკვე გახარჯული თანხის რევიზიას იწყებს. სპეციალური ჯგუფები უკვე შეუდგნენ მუშაობას და ისინი დედაქალაქის ფინანსურ მდგომარეობას შეისწავლიან.

საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობაა ვაკისა და საბურთალოს გამგეობებში, სადაც გამოყოფილი თანხის 80% უკვე გახარჯულია.

„ცალკეული გამგეობების მიხედვით, სავალალო მგომარეობაა. არის გამგეობები, სადაც 80% უკვე გახარჯულია და მომდევნო 4 თვისთვის ბიუჯეტის 20 პროცენტიღა რჩება გასახარჯი. კვლევა უკვე დაწყებულია და ამ კვირიდან ის უფრო ინტენსიურად გაგრძელდება“, - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

თბილისის საკრებულოს ნაცმოძრაობის წევრი, დეპუტატი სევდია უგრეხელიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დავით ნარმანიამ არასწორი ინფორმაცია გააჟღერა, რადგან დახარჯული კი არა, ეს არის დაკონტრაქტებული თანხები და ასეც უნდა იყოს, რადგან დარჩენილია სულ რაღაც ოთხი თვე და ზოგან შეიძლება 80%-ი გაიხარჯოს, ზოგან- 60%. მთავარია, რომ ამ ხარჯვას მათ საკრებულოს ბიურო უმტკიცებდა. ამიტომ, თუ რაიმე პრეტენზია აქვთ, უნდა ჰქონდეთ ბიუროსა და საკრებულოსთან, რადგან ყველა პროექტზე არის მათი თანხმობა.

„არის სამუშაოები, რომლებიც ტენდერებში დაკონტრაქტებული რომ არ იყოს, მაშინ ვერ განხორციელდებოდა. სამწუხაროდ, ზოგი კონტრაქტორი დაშინებული იყო „სუს“-ისგან, რომ არ შეესრულებინათ სამუშაოები და ასეც იქცეოდნენ, მაგრამ ბევრი ასრულებდა სამუშაოებს. საბოტაჟზე წივილ-კივილი მართებული იქნებოდა, თუკი თანხები დაკონტრაქტებული არ იქნებოდა. მე არ ვიცი, გიორგი ალიბეგაშვილის ნათქვამი სწორია თუ არა, მაგრამ ის იმეორებს ნარმანიას სიტყვებს. ზოგმა შეიძლება ადრე დააკონტრაქტა და მეტი დააკონტრაქტა, მაგალითად, ვაკე-საბურთალომ, ზოგმა ვერ დააკონტრაქტა. პირიქით, შარშან გვედავებოდნენ, რატომ დაგრჩათ 50 მილიონი თანხა, რატომ არ აითვისეთო? არადა, ეკონომია გვქონდა და ეს ეკონომია სასაყვედურო არაა. დაკონტრაქტება არ ნიშნავს გახარჯვას და, თუ არ უნდათ ეს დაკონტრაქტება, შეუძლიათ, მოშალონ ეს კონტრაქტები, მაგათი საქმეა. საკრებულოს ბიუროს და მაგათი „ქართული ოცნების“, შიხიაშვილის უმრავლესობით არის ყველა თანხმობა მიცემული. ვის ედავებიან? ვნახე ყოფილი გამგებლები და მათაც გამოხატეს აღშფოთება, რომ არ დაგვეკონტრაქტებინა თანხები, მაშინ შეგვედავებოდნენო“,- აცხადებს სევდია უგრეხელიძე და დაანონსებულ რევიზიას ნარმანიას პიარულ სვლად მიიჩნევს.

„ნარმანია ჩემს შესახებ იტყვის, რომ მე აქლემი ვარ და მერე უნდა ვამტკიცო, რომ არ ვარ აქლემი და არ მაქვს ორი კუზი. ბატონი გია ალიბეგაშვილი ამაში ვერ ერკვევა და იმეორებს ნარმანიას სიტყვებს, როგორც ვითომდა, დიდი ეკონომისტის. ასევე იტყუებდნენ, რომ არაფერი არ დახვდათ ხაზინაში, მაშინ, როცა 2 მილიარდი დაითვალა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა მაშინ და 2 მილიარდი დახვდათ მათ სინამდვილეში“.

სევდია უგრეხელიძის აზრით, ყველა პროექტი, რომელიც დაკონტრაქტებულია, უნდა დარჩეს, რადგან სხვაგვარად ვერ მოესწრება სეზონური ინფრასტრუქტურული პროექტები, ხოლო, თუ სოციალურ პროექტებზე დახარჯულია მეტი, ვიდრე უნდა იყოს, ეს ნიშნავს, რომ სოციალური გასაჭირი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა ორი წლის განმავლობაში, მეტ დახმარებას ითხოვს და უნდა დაამატონ კიდეც თანხები.

For.ge საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილსაც ესაუბრა. მან განმარტა, რომ არსად არ უთქვამს, თითქოს, ცალკეული პროექტები შეჩერდება და ეს ინტერპრეტაციის ნაყოფია. უბრალოდ, ყველა გამგეობას შესაბამისად შეისწავლიან და ამის შემდეგ დაკონკრეტდება, გაიხარჯა თუ არა თანხები.

რაც შეეხება გია ხუროშვილის ნათქვამს, რომ ფილოლოგი ალიბეგაშვილის საქმე გამოძიება არ არის, გიორგი ალიბეგაშვილი ამბობს, რომ მას ბრალდება არავისთვის წაუყენებია.

„არც მივცემ ჩემს თავს უფლებას, ვინმეს ბრალი წავუყენო. პირიქით, ვთქვი, რომ ძალზე ძნელია ბრალდების წაყენება ადამიანისთვის და ამას ცალკეული დასკვნების საფუძველზე შეიძლება მიეცეს მსვლელობა. წინასწარი ინფორმაციით, გამგეობებში ძალზე მძიმე მდგომარეობაა, რასაც სარევიზიო კომისია სიღრმისეულად შეისწავლის. შეიძლება დაანონსებულია კიდეც და ტენდერში გამარჯვებულ ფირმებს ევალებათ, ეს კონტრაქტები განახორციელონ, მაგრამ ამასაც სკურპულოზული შესწავლა სჭირდება. მე რევიზიის მომხრე ვარ, მანამდე ვერც დადებითს ვიტყვი, ვერ უარყოფითს. რევიზია ყველა რაიონში აუცილებელი იქნება და ათივე რაიონი შემოწმდება“, - აღნიშნა გიორგი ალიბეგაშვილმა.

„უნდოდათ ხელისუფლება?-  აი, ბურთი და მოედანი“,-  ასეთია საბურთალოს რაიონის ყოფილი გამგებლის გია ხუროშვილის პასუხი გიორგი ალიბეგაშვილისადმი. ვაკისა და საბურთალოს გამგეობებში რევიზიის შესვლის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებას გია ხუროშვილი შემდეგნაირად ეხმაურება, რომ „ფილოლოგი საკრებულოს თავმჯდომარის-  ალიბეგაშვილის საქმე გამოძიება არ არის. ამიტომ აჯობებს, „ოცნებამ“ დაასრულოს ეს მოდად ქცეული საყოველთაო პოლიტიკური დევნა და თბილისელების პრობლემებს მიხედოს.

ამასთან, ხუროშვილი ურჩევს საკრებულოს თავმჯდომარეს, წაიკითხოს ის ანგარიში, რაც მაგიდაზე დახვდა და გაიგებს, თუ რა პროექტები განხორციელდა საბურთალოს რაიონში და ასევე, გაიგებს იმასაც, რომ მოსახლეობამ საკრებულო დარჩენილი პრობლემების მოსაგვარებლად აირჩია.

თბილისის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თემურ გრიგალაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებით თუ რაიმე პრობლემაა, ეს უმრავლესობის წარმომადგენელთან - ჯაბა სამუშიასთან უნდა გადამოწმდეს, რომელმაც, სხვებთან ერთად, სამი თვის განმავლობაში 2014 წლის ბიუჯეტი ჩააგდო. მეტიც, თემურ გრიგალაშვილის თქმით, საკრებულოს „ოცნების“ წევრებმა საკუთარი თავი დაამახსოვრეს საზოგადოებას, როგორც ე.წ. ხრუშჩოვკების აფიორის ავტორებმა.

„კარგი იქნება, თუ ამ საკითხზე ახსნა-განმარტებას სწორედ სამუშია მისცემს გიორგი ალიბეგაშვილს და დეტალურად მოუთხრობს წინა მოწვევის საკრებულოში „ქართული ოცნების“ საქმიანობას. ვფიქრობ, ინფრასტრუქტურული და სხვა სახის სამუშაოების შეჩერება არ იქნება მიზანშეწონილი, რადგან ბევრი მიმართულებით, კონტრაქტები უკვე არსებობს და სამუშაოები ბოლომდეა მისაყვანი. გიორგი ალიბეგაშვილის დეტალური არგუმენტები ამის თაობაზე არ მომისმენია და, თუ იქნება დეტალური ანალიზი, მაშინ დავეყრდნობით ციფრებს და არა ზოგად განცხადებას“, - აცხადებს თემურ გრიგალაშვილი.