კანონიერი ქურდები და ნაციონალები

კანონიერი ქურდები და ნაციონალები

ეშმაკმა დასწყევლოს სკლეროზი! მართლაც რომ ცუდი რამ არის გულმავიწყობა, ტვინის გათხელება და კიდევ ათასი ბახაბუხი, თავის ქალას რომ ასკდება, შიგნიდან რომ გიღიტინებს და ვერა და ვერ ხვდები, რაა ეს? ცუდია, როცა არც ის გახსოვს, როდის რა გახსოვდა, როდის რას აკეთებდი და რა გინდოდა, გაგეკეთებინა. ცუდი რამ არის, რომ არ გახსოვს, რა უნდა გახსოვდეს და რა არა, ცუდია, ცუდი...

აი, მიშას, ჩვენი ქვეყნის (ახლა არ მითხრათ, აბა, ქვეყანაო?) პრეზიდენტყოფილს ახსოვს, გზებს რომ აგებდა, მაგრამ არ ახსოვს, ეს რომ ბიუჯეტით კეთდებოდა და არც ის ახსოვს, ერთხელ გაკეთებულს რამდენჯერმე გაკეთება რომ სჭირდებოდა. გაქრეს სადღაც რამაზ ნიკოლაიშვილი და მისი გაკეთებული საქმე, ვინც კი იცნობს ყველა ამბობს, _ კიდევ კარგად გააკეთაო.

ჰო, გზებზე ნიკოლაიშვილი გამახსენდა, ნიკოლაიშვილზე კი ისევ ნიკოლაიშვილი. აი, ის არ მახსენდება, ახლა სადაა ეს ნომერ პირველი მეგზევე. სამაგიეროდ მახსოვს ერთის ნათქვამი. მართალია, ის ერთი ვინაა, დამავიწყდა, მაგრამ რაც მითხრა, ზუსტად მახსოვს, _ რამაზ ნიკოლაიშვილი “ამათ”, ანუ კოაბიტაციის ნგრევაზე მეოცნებე ხელისუფლებას შეეკრაო, მიიღესო რა, მთლად თავის რიგებში არა, მაგრამ კარგადააო. სიმართლე გითხრათ, დავწყნარდი. ნიკოლაიშვილზე კოჰაბიტაცია გამახსენდა და ვერა და ვერ გავიხსენე, როგორ იწერება ეს სიტყვა “კო”-სა და “აბიტაციას” შორის ასობგერა “ჰ” უნდა ჩავწერო, “ხ” თუ არაფერი?!

მე მომყავს “მოწმედ” ეშმაკი და მისი წყევლა, თორემ სკლეროზი სულაც არ განიცდის ამას. სკლეროზი ყოველთვის “მოდაში” იყო, არის და იქნება. მაგალითად, ჩვენს “დიდ პოლიტიკოსს” მიშას, სააკაშვილს, დაავიწყდა, უფრო “დიდმა პოლიტიკოსმა” ბაბუმ, იგივე ედუარდ-გიორგი შევარდნაძემ რომ გაზარდა და დასვა თავის ნა-სკამ-არ-ზე, ამიტომ გამზრდელის დაკრძალვაზე გაზრდილი არ ჩამოვიდა, თორემ განა მართლა იმ პროკურატურის შეეშინდა, ამას წინათ უცხოელი იურისტები რომ მოიწვიეს “საქმეში ჩასახედად”? მიშას ისინიც დაავიწყდა, ვისაც ედავებიან, მგონი, ბიუჯეტის ფული გაფლანგეო; მიშას ისინიც დაავიწყდა, ვინ არიან, ახლა რომ, მგონი, ედავებიან, ხალხს აწამებდითო...

მიშას ვინც უნდა და როცა უნდა, მაშინ ავიწყდება, სანდრაც კი დაავიწყდა სადღაც “ჩერდაკში” და დიდი ამბავი, დედა დავიწყებოდა. ისე, რა სასაცილო მომენტია, სატირალი რომ არ იყოს, დღემდე ვერავინ გაარკვია, ჰოლანდიელი ემიგრანტი მიშასთვის მოქმედია თუ ყოფილი, ისე როგორც დღემდე ვერავინ გაარკვია, აი, მაგალითად, პარლამენტარი მარიამ საჯაია რას სწავლობს ამდენს და “ამფერ-იმფერს”, დეპუტატის მანდატს თავი დავანებოთ ამომრჩეველიც რომ დაავიწყდა...

მოკლედ, რააა... დასწყევლოს ეშმაკმა სკლეროზი...

მიშას ახსოვს, “არაფერი რომ არ მოუპარავს”, მაგრამ არ ახსოვს ნაპარავი (არამს რომ ეძახიან ჩვენში) ფული “ვარდების რევოლუციის” “საძირკველში” რომ ჩადო. მიშას არ ახსოვს, ვინ ეხმარებოდა “რეფორმების” გატარებაში ან თუნდაც გზების დაგებაში, მაგრამ ზუსტად ახსოვს, რომ ეს ყველაფერი თავად გააკეთა და ზოგადად, მიშა რომ არა, საქართველო არ იარსებებდა, მეტიც, გაზეთ “ნიუ-იორკ თაიმსისთვის” მიცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი ამბობდა: “უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ საქართველო თანამედროვე სახელმწიფოდ ვაქციეთ; მომდევნო ხუთ წელიწადში მას თანამედროვე საზოგადოებად ვაქცევთ _ 100%-ით თანამედროვე საზოგადოებად” და კიდევ უფრო მეტი: “საქართველო-რუსეთის ომის გარდაუვალი აუცილებლობა არ იარსებებდა, თუ საქართველო არ იარსებებდა, როგორც სახელმწიფო”. ანუ რომ არა აგვისტოს ომი, საქართველო ვერ შედგებოდა, მსოფლიო ვერ დაგვინახავდა. არადა, სულ რაღაც რამდენიმე წლით ადრე მიშა აღფრთოვანებული იყო “პუტინის პატიოსანი თვალებით”, რა თქმა უნდა, ახლა ეს არც მიშას ახსოვს და არც სხვებს, ასე ვთქვათ, მისიანებს...

კიდევ რა არ ახსოვთ? ბევრი რამ. მაგალითად, ის, რომ თავის დროზე მიშას ე.წ. კანონიერი ქურდები უჭერდნენ მხარს. რატომ გამახსენდა ახლა ეს? ბოლო დროს იმდენი ილაპარაკეს კანონიერ ქურდებზე, იმდენჯერ “ეძებეს” “დაკარგულები” “ბნელ ოთახში”, უბრალოდ, გვერდი ვერ ავუარე თემას, თორემ სკლეროზშეყრილებს როგორ გავაგებინებ იმას, რომ ქურდების ფულს ყველა ეპოქაში ერთნაირად ასდიოდა სისხლის სუნი?

“ვარდების რევოლუცია” ასე წარმატებულად არ დასრულდებოდა, ნაციონალების გვერდით შავი სამყარო რომ არ დამდგარიყო. ნაციონალების ე.წ. სახეებს, დღეს რომ “ცნობად სახეს” ასე გულმოდგინედ იხოკავენ, არც ერთხელ არ გაუპროტესტებიათ კონკრეტული ადამიანების ბრალდება _ “ვარდების რევოლუციის” დროს მიხეილ სააკაშვილს გვერდიდან არ მოსცილებია ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი! წინასაარჩევნო ისტერია კარგა ხანია დამთავრდა. მართალია, ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა, მაგრამ გასარკვევი უკვე გარკვეულია _ სააკაშვილმა და მისმა გუნდა წააგო! ბეჭებზე დაცემა არაა კარგი საქმე, სხვა რომ არაფერი, პოლიტიკურად ხერხემალში გადატეხას რომ გადარჩე, დაცემაც მტკივნეულია და დავარდნაც... რეიტინგის! რეიტინგს თავი დავანებოთ, ბელადის დაცემაც არაა სახარბიელო საქმე, პროკურატურას შემთხვევით რომ გაუვარდეს და ტყვია მიზანში მოხვდეს, მიშას ციხე არ ასცდება და მერე “ცნობადი სახეების” დახოკვა იმ მოტივით, რომ “გალიაში ბულბულები ზიან” და “აბა, ყვავებს ვინ დაიჭერს, კარგო”-ს “ღიღინი” მსოფლიოს აღარ შეაშფოთ-აღაშფოთებს.

“ნაციონალურმა მოძრაობამ”  არჩევნებამდე, ანუ “დო ი პოსლე” კანონიერი ქურდების თემა წამოწია. მოკლედ, თემა იმდენად “აქტუალურია და საჭირო”, სოციალურ ქსელშიც კი გაჩნდა ახალი გვერდი _ “ჩაიცუცქე საქართველო, ქურდი ბიძო მოდის, “ობშიაკისთვის” ფული უნდა დაყაჭო!” უფრო სერიოზულად კი ერთადერთი კახა კალაძე აღმოჩნდა “ჩახუტებული ქურდებთან”, სათანადო სურათიც გამოქვეყნდა და სათანადო კომენტარიც გაკეთდა, _ ჩემთან, როგორც მსოფლიოში ცნობილ ფეხბურთელთან, იმდენ ვინმეს აქვს სურათი გადაღებულიოოო... ისე, პრინციპში, “სადღაც, რაღაც ნაწილში” კალაძე მართალია, ეგრე მიშას პუ-წ-ინთანაც აქვს სურათი გადაღებული და იმასაც კი ამბობდა, პუტინს ალალი კაცის თვალები აქვსო და რა? მიშა პუ-წ-ინისტია? 

ხელისუფლება, რომელიც არჩევნებში წაგების შემთხვევაში, ძველი დროისა და განუკითხაობის დაბრუნებით იმუქრება, სულ ცოტა, ძველ დროზე დამოკიდებული არ უნდა იყოს. ხელისუფლება, რომელიც არჩევნებში წაგების შემთხვევაში ხალხს ქვეყანაში ე.წ. კანონიერი ქურდების დაბრუნებით აშანტაჟებს, სულ ცოტა, თავად არ უნდა ჰქონოდა წარსულში ამ კატეგორიის ხალხთან შეხება და კიდევ ერთი, ხელისუფალი, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლიდან ცოტა ხანში კანონში შეტანილი ცვლილებით ე.წ. კანონიერ ქურდებს სტატუსის გამო 10-წლიან სროკზე უშვებს, კატეგორიებად არ უნდა ჰყოფდეს ამ “სამყაროს ჩინებს”. და როცა არსებობს ფაქტები, ჩამცუცქავები ჩაცუცქულებს ჩასაცუცქებლად როგორ უცუცქდებიან, მაშინ კეთილი უნდა ინებო და, სულ ცოტა, გაჩუმდე, სამუდამოდ თუ არ დამუნჯდები. სააკაშვილი ხელისუფლებაში ე.წ. კანონიერი ქურდების დახმარების გარეშე რომ არ მოსულა, ამაზე წლების წინათ პირველად ბონდო შალიკიანმა გააკეთა განცხადება. მაშინ შალიკიანმა ნაციონალების ერთ-ერთ დამფინანსებლად ტარიელ ონიანი გამოაცხადა. იმ პერიოდში მე, ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი, საკუთარ ინფორმატორებზე დაყრდნობით დეტალურად ვწერდი, როგორ გაურჩიეს ტარიელ ონიანს კანონიერმა ქურდებმა საქმე და როგორ ჩაარტყეს მას. არაქურდად მოსმული ონიანი კარგა ხანს ამტკიცებდა, რომ კანონიერი ქურდი იყო და მისივე ნებართვით, ხელდასხმითა და ხელშეწყობით გავრცელდა ვიდეოფირი, სადაც აღბეჭდილია რუსეთის შსს-ს შენობის დერეფანში მოსიარულე ონიანი, რომელსაც ეკითხებიან _ ვინა ხარ? ის პასუხობს _ კანონიერი ქურდი! ეს ხდება იმ დროს, როცა ონიანს უკვე ჩაარტყეს და არაქურდად მოსვეს. ამის შემდეგ, ონიანს, რომელსაც “სხადნიაკზე” აწ გარდაცვლილმა კანონიერმა ქურდმა იაპონჩიკმა ერთ-ერთ ბრალდებად პოლიტიკაში გარევა, ბადრი პატარკაციშვილის დასმენა და რამდენიმე კანონიერი ქურდის ჩაშვება წაუყენა (რაზედაც, სხვათა შორის, ონიანს საპირისპირო გამაბათილებელი არგუმენტები არ ჰქონდა), რამდენჯერმე აპატიმრებენ, “პარსავენ”, ფულს ახევენ და ისევ უშვებენ. საბოლოოდ ონიანი მაინც დააპატიმრეს და ახლა ის ციხეში ზის. როცა საქართველოში გასკდა ამბავი ონიანის ნაციონალებთან კონტაქტის შესახებ, სააკაშვილმა ვერის ბაღთან კანონიერი ქურდების სურათები (პლაკატი) გამოფინა, სადაც ონიანის სურათიც იყო ჩასმული. ამ პლაკატმა ზუსტად ერთი დღე “იცოცხლა”, ვიღაცამ დაწვა და დღემდე არაა ცნობილი, დაიწყო თუ არა პოლიციამ ამ ფაქტის გამოძიება. რეალობა ერთია _ პლაკატი იმ დღის შემდეგ არავის უნახავს! სააკაშვილის იდეამ _ მე ყველა კანონიერი ქურდის წინააღმდეგი ვარ, _ მხოლოდ ერთი დღე იცოცხლა და ისე გარდაიცვალა, მეორედ მისი განმეორების სურვილი არავის გასჩენია. გადის დრო და ჩემთვის ცნობილი ხდება, რომ მაშინ ეს პლაკატი (მიუხედავად იმისა, რომ ერთი დღე “იცოცხლა” პლაკატმა, სურათის გადაღება ამ “ნახოდკასთან” მაინც მოვასწარი) თავად ნაციონალების დაკვეთით დაწვეს, მიზეზი ის სატელეფონო ზარი იყო, რომელიც მაშინ მოსკოვიდან გაისმა და რომლითაც ქურდებმა ნაციონალებს კატეგორიულად მოსთხოვეს პლაკატის ჩამოხსნა. ამ ვერსიას ვერსიის დონეზე თუ განვიხილავთ, მაშინ გასაგებია, რატომ არ დაიწყეს პლაკატის დაწვის გამო გამოძიება. ჩვენთვის, ასევე, ცნობილი ხდება, რომ ამ პლაკატის დამზადება მაშინ რამდენიმე ათასი დაუჯდათ და, ფაქტობრივად, ერთი დღისთვის (და ამ ერთმა დღემ მხოლოდ სააკაშვილი შეძრა) საქართველოს ბიუჯეტმა პენსიონერების გარკვეული ნაწილის ერთი თვის პენსია “შესანსლა”. ამის შემდეგ სააკაშვილი მთავრობის სხდომაზე სპეციალურ “ჩართვას” აკეთებს და სტადიონების თემას კანონიერი ქურდების თემით ცვლის.

სწორედ მაშინ დამიქნია თითი სააკაშვილმა პირველად “მაღალი ტრიბუნიდან” და სწორედ მაშინ უწოდა სტატიის ავტორს, ანუ მე, პირველად ბინძური ჟურნალისტი. ამ “ბინძურმა ჟურნალისტმა” თავისი “სიბინძურის” დასამტკიცებლად სასამართლოდან მოიპარა (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) უკვე დაარქივებული საქმიდან განაჩენი. განაჩენის მიხედვით, ირკვევა, რომ მელიას ჯერ ცოლი დაუპატიმრეს და შემდეგ შესთავაზეს “ჩეინჯი”. ჩამოდის მელია საქართველოში, აკავებენ მას, უშვებენ ცოლს და უკვე მიდის გოგიასთან მოლაპარაკებები. გოგია დასთანხმდა საპროცესო გარიგებას და თავისუფლების სანაცვლოდ სამი მილიონი გადაიხადა.

სააკაშვილი გოგიას შემთხვევაში არ გამოსულა და ამ “სპეცოპერაციაზე” არ ულაპარაკია, ისე, როგორც, მაგალითად, სკანდალური ნარკოტრანზიტის საქმის დროს გამოვარდა და ეჭვმიტანილ ბოჭორიშვილს ნარკობარონი უწოდა (არც გამოძიება იყო დაწყებული წესიერად და მით უმეტეს, არ არსებობდა სასამართლო განაჩენი), თან მისი ოჯახიდან ამოღებული ფული წინასწარ დახარჯა და პირველკლასელებს ნეთბუქები დაჰპირდა! სააკაშვილი გასაგები მიზეზებით გაჩუმდა. ხმა არ ამოუღია მერაბ გოგიასაც. მას თავისუფლება სამ მილიონად უღირდა, მით უმეტეს, სულ რაღაც, ერთი წლით ადრე გოგია ტარიელ ონიანს მოკვლით დაემუქრა და ეს მუქარა უნდა შეესრულებინა, მაშინ ამის საშუალება ჯერ კიდევ ჰქონდა, მაშინ ონიანი “სვაბოდაზე” იყო! ესპანეთის მიერ მოპოვებულ მასალებში წერია, რომ გოგია ნაწყენია ონიანზე, იმიტომ რომ ამ უკანასკნელმა თავისი მეგობრები გაწირა. წესით, გოგიას ეს არ უნდა გაჰკვირვებოდა, ონიანმა თავის დროზე მეგობრები კი არა, საკუთარი შვილი გაწირა. ვისაც მახსოვრობა არ ღალატობს, ალბათ, გაახსენდება სპეცოპერაცია “კრაზანა”, რა დროსაც ევროპაში ქურდები “პაჭკა-პაჭკა” დააპატიმრეს, მაშინ ძირითადად ონიანის კლანი გამოკეტეს, მართალია, ცოტა ხნით, მაგრამ მაინც, გისოსებს მიღმა. სწორედ მაშინ უღალატა თავის საძმოს ონიანმა, შვილი პოლიციელებს მიუგდო და აახვია. იმ პერიოდში “იმედზე” გადაცემა “დროებამ” ამ საქმეზე გააკეთა სიუჟეტი და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, წამყვანმა გიორგი თარგამაძემ კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი ბიზნესმენად, თან ცნობილ ბიზნესმენად გამოაცხადა. მაშინ ცოტამ თუ იცოდა, რომ ეს ცნობილი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილთან ახლობლობდა (ნუ, ასეც შეიძლება ვთქვათ, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ კოდუას პატარკაციშვილი ონიანის ჩარევის შემდეგ შეხვდა) და, ალბათ, აწ უკვე ყოფილ ნომერ პირველ ქდმ-ელს სხვაგვარად არ შეეძლო. მელიამ ონიანს ანგარიში ვერ გაუსწორა. ონიანი კარგა ხანს იმალებოდა და მერე მოხდა ისე, რომ დააკავეს. ციხეში კი დღემდე გაძლიერებული დაცვა იცავს. ეს ის პერიოდია, როცა კრიმინალური სამყარო ორად გაიყო. ერთნი ონიანის ბანაკში დარჩნენ, მეორენი _ დედ ხასანთან. ყველაზე გავლენიანი კანონიერი ქურდი, რომელიც დიდ საშიშროებას უქმნიდა ონიანს, ლაშა შუშანაშვილი იყო. იმხანად ეს დამალულ-დაფარული არ გახლდათ და არც მორიგებულ-შერიგებულან მას შემდეგ შუშანაშვილი და ონიანი. შუშანაშვილი არაა ის კაცი, ონიანს დაუჯდეს მაგიდასთან. ის ახლა საბერძნეთის ციხეში ზის და როგორც ამბობენ, ავადაა.  

თავის დროზე, შს მინისტრმა მერაბიშვილმა ეკა ზღულაძე რამდენჯერმე “აფრინა უსტარით ხელში” საბერძნეთში და მოითხოვა შუშანაშვილის ექსტრადირება. ამის მიუხედავად, ცოტა ხნის წინ რამდენიმე საიტმა, რომელიც ცნობილია, როგორც ხელისუფლებასთან დაახლოებული კი არა, ბიუჯეტზე მჯდომი საიტი, გამოაცხო მთავარი ნიუსი, რომ თურმე შუშანაშვილი საქართველოში ჩამოდის, სარგებლობს ამ არჩევნების შედეგებით და რომ თურმე შუშანაშვილი ონიანის “საძმოდანაა”. რა უნდოდა ამით ეთქვა ხელისუფალს? ბევრი არაფერი _ შუშანაშვილი ჩამოდის და ონიანი ჩვენიანი სულაც არაა! აი, ეს იყო მესიჯი, რომელმაც არ გაამართლა. სააკაშვილს ტყუილად ჰგონია, რომ ვიღაცა ყრუა, ვიღაცა ბრმა და ვიღაცა მუნჯი! მიუხედავად იმისა, რომ მიშას საიტებმა, რომლებმაც ვერა და ვერ გაიგეს, რომელი ქურდი ვის კალთაში ზის, ან ვის ბანაკშია, დააპიარეს, რომ ისინი მალე გამოაქვეყნებდნენ კალაძისა და კანონიერი ქურდების სკანდალურ სატელეფონო ჩანაწერებს, დღემდე არ ჩანს ეს ჩანაწერები და პერსპექტივაშიც რომ ვერ და არ გამოჩნდება, ფაქტია. ის, რაც გამოაქვეყნეს, წყალი რომ იყო და არც არაფერი, უკვე სადავო არაა.

როცა კანონიერი ქურდების თემას და მათს ხელისუფლებასთან კავშირს ვეხებით, არ უნდა დაგვავიწყდეს ის კანონიერი ქურდები, რომლებიც ციხიდან ზარ-ზეიმით გაუშვეს და საზღვრამდეც კი მიაცილეს. არავინ იცის, დემეტრაძე რატომ იჯდა ციხეში. ფეხბურთელს ედავებოდნენ, რომ მას თურმე კანონიერ ქურდ ვატო ყიფიანთან ჰქონდა კავშირი. ჯერ ერთი, ყიფიანი კანონიერი ქურდი არაა (თუ სკაიპით მონათლა ვინმემ და ვერ გავიგეთ, იმიტომ რომ არ გაახმაურეს, ეს უკვე სხვა თემაა) და მეორეც, ციხიდან გამოსული ყიფიანი ნაციონალური ხელისუფლების ჩინოსნებმა საზღვრამდე მიიყვანეს და გააცილეს და როგორ აღვიქვათ ეს ამბავი? ახალაიები არ გამოდიან (მათ “ნაჩალნიკ” მერაბიშვილზე არაფერს ვიტყვი, ან ადეიშვილზე) კანონიერ ქურდებთან დაკავშირებულები? თუ ამ გაცილებას ქვეყნის უსაფრთხოება მოითხოვდა? საზღვრამდე მიაცილეს, ასევე, კანონიერი ქურდები (მოქმედი თუ ჩარტყმული) ყურშა, წრიპა და კიდევ რომელი ერთი გავიხსენოთ იმისთვის რომ სააკაშვილი დარწმუნდეს _ ყველაფერს ვხედავთ, ყველაფერი ვიცით! როცა კანონიერ ქურდებზე ვლაპარაკობთ, კარგი იქნება, თუ უკრაინის არჩევნებსა და კანონიერ ქურდს ხმელიძეს, იგივე ხმელოს გავიხსენებთ. ხმელო, მხოლოდ იმიტომ ჩასვეს ძებნაში, რომ მან გივია თარგამაძეს უარი უთხრა ტიმოშენკოს სასარგებლოდ “მუშაობაში”. ერთი რამ ვერ გაითვალისწინა ხელისუფლებამ, როცა ხმელიძე ძებნაზე დასვა და მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო: ესენი არ ელოდებოდნენ, რომ ამ საქმეში ფარული ჩანაწერები ჩაიდებოდა, რომლითაც დასტურდება, როგორ ემუქრება გივია თარგამაძე ხმელიძეს, _ თუ არ დამეხმარები, მე შენ გიტირებ დედას, ძებნაზე გადაგცემ და დაგიჭერო. როგორც კი ეს დოკუმენტაცია, თავისი ჩანაწერითურთ, საქმეს დაერთო, გამოძიება შეჩერდა!

როცა ნაციონალები ქურდებზე დაიწყებენ ბაასს და ვინმეს წინააღმდეგ გაიშვერენ ხელს, კარგი იქნება, თუ იმ მილიონებსაც გაიხსენებენ, რომელიც “ობშიაკიდან” მოხსნა ონიანმა და ამათ “ჩაახუტა”. სწორედ ამის გამო იყო აწ გარდაცვლილმა იაპონჩიკმა ონიანს საჯაროდ რომ უწოდა... მე იმ სიტყვებს ვერ გავიმეორებ. კარგი იქნება, ასევე, ნაციონალები თუ გაიხსენებენ იმ კანონიერ ქურდებს, რომლებმაც ლომის წილი შეიტანეს ახალაიას სასარგებლოდ ციხის ბუნტსა თუ ციხის დაშოშმინებაში. კი, “დავერბოვკება” კარგი მუშაობის ერთ-ერთი ნიშანია, მაგრამ “ობშიაკიდან” აღებული ფულით ჩინოვნიკისგან (“დამვერბოვკებლისგან”) ნაშების აყრა არც კაცურში ჯდება და არც ქურდულში და, მგონი, ამაში არავინ შემედავებით. სააკაშვილის მორიგი ტრიუკი სკაიპით მონათლული კანონიერი ქურდების იდეაა. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ხმაურით დაპიარებულ საქმეში, რაღაც აგენტურული ქსელები და მოღალატეები, ივანიშვილის დაქირავებული ხალხი რომ “გააიმასქნეს და გაშიფრეს” სხვა რომ ვერაფერი მოიგონეს, სკაიპით მოინათლა ქურდადო, ერთზე “მტკიცებულება” დადეს. ცუდია, როცა დროში იწვები, გეჩქარება და თან გინდა, თქვა, რომ კანონიერი ქურდები გადააშენე, მაგრამ გჭირდება ეს კანონიერი ქურდები და რაკი სხვა გზა არა გაქვს, ინტერნეტი უნდა მოიხმო მშველელად, მერე რა, რომ სასაცილოდ არ ეყოფა ეს არავის. ცუდია, როცა საბოლოოდ გაირკვევა, “რომ ეს ის შემთხვევა არაა” და რომ ე.წ. კანონიერი ქურდი “სკაიპა” სინამდვილეში ჭკუას აცდენილი (პირდაპირი გაგებით) ადამიანია, რომელსაც, როცა ციხეში უთხრეს, კანონიერი ქურდი ხარ და ბიძინას ეხმარებოდიო, სიხარულით ცას ეწია, _ ცნობილი გავხდები, რა კარგი ამბავი მითხარითო... და კიდევ ერთი, ამ საქმეში დაკავებული ერთ-ერთი ახალგაზრდა მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა გისოსებს მიღმა, რომ მასთან წინასაარჩევნოდ ნაციონალი კოორდინატორი პოლიციელებთან ერთად მივიდა და უთხრა, _ გავლენიანი ბიჭი ხარ უბანში და დაგვეხმარე, უთხარი უბანს, არჩევნებში დაგვიჭირონ მხარიო. იდი ნა ხუიო, _ პირდაპირ მიუხლია ამ ახალგაზრდას პოლიციელებისა და კოორდინატორისთვის, ისინი კი მიდიან ნა ხუი, მაგრამ არც ეს ბიჭი დატოვეს გარეთ და ჩასვეს. ნუ, თუ ეს კანონიერ ქურდებთან ხელისუფლების “იავნი” კავშირი, “იავნი” მცდელობა არაა, მაშინ მართლა ჩალით ყოფილა ქვეყანა დახურული...

დაბოლოს, ეს, რაც წაიკითხეთ, არაფერია იმასთან შედარებით, რაც რეალობა იყო... დასაწერი კიდევ ბევრია...