გენერალურ პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა წაღვლის გამგებლის და ჩორჩანას მკვიდრის გამოკითხვა. ვაჟა ლომიძე და მანანა შეყელაშვილი უწყებაში სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
მათი განცხადებით, პროკურატურას მიაწოდეს ინფორმაცია საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების შესახებ.
ისინი აცხადებენ, რომ საგუშაგოს გახსნის შემდეგ, ვეღარ სარგებლობენ ტყით და მიმდებარე ტერიტორიით. საუბარია მილიონ კვადრატულ მეტრზე.
პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს საბოტაჟის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე. საქმის ერთ-ერთი ეპიზოდი, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, 2019 წელს, ჩორჩანასთან საგუშაგოს გახსნას ეხება.
წაღვლის გამგებლის, ვაჟა ლომიძის განცხადებით, საგუშაგოს დადგმამ ქვეყანას დადებითი არაფერი მოუტანა, პირიქით, დამატებითი ტერიტორიები დააკარგვინა.
"საგუშაგოების დადგმის ძალიან ცუდი შედეგები მოუტანა, ეს იყო არასწორად გადადგმული ნაბიჯი. დავკარგეთ მეტი, არაფერი არ მოგვიგია... დავკარგეთ ტერიტორიები, მოსახლეობა ვეღარ შედის ტყეში.
რა იგეგმებოდა, ვინ გეგმავდა, არ ვიყავით ინფორმირებულები ამასთან დაკავშირებით. ჩვენ მიერ კონტროლირებადი ტერიტორია იყო და ყველაფრით ვსარგებლობდით, იმ ადგილით, სადაც დღეს ჩვენი პოსტი დგას და იმ ტერიტორიითაც, სადაც რუსებმა ჩადგეს საგუშაგო.
ტყეში ვითომ მონიშვნებს ნახულობდნენ ხეებზე, რაც აბსურდია, არ შემხვედრია არავინ. მოსახლეობას ვამბობ, ეს საღებავით აღნიშნული მონიშვნები ენახოს. შეიძლება გაეკეთებინა მეტყევეს ვინმეს, ან ვინც დაინტერესებული იყო რაიმეთი. მოსახლეობა ვეღარ შევიდოდა ტყეში, თუ დაიჭერდნენ რუსები წაიყვანდნენ ცხინვალში", - განაცხადა ვაჟა ლომიძემ.