რუსული სანქციები დასავლეთში შემორჩენილი ნეტარმორწმუნე იდიოტებისთვის

რუსული სანქციები დასავლეთში შემორჩენილი ნეტარმორწმუნე იდიოტებისთვის

რუსეთში მოამზადეს კანონპროექტი „აგრესორი ქვეყნების“ შესახებ. კანონპროექტის ავტორები რუსი პარლამენტარები არიან. ისინი რუსეთისთვის სანქციების დამწესებელ სახელმწიფოებს „აგრესორ ქვეყნებად“ აცხადებენ და შესაბამისად, მათი დასჯისთვის ემზადებიან.

კრემლის პოლიტიკის ერთგული ყოველდღიური გამოცემა „იზვესტია“იუწყება, რომ საკანონმდებლო ინიციატივა გზას გაუხსნის პოტენციურ შეზღუდვებს რუსეთში მოქმედი კონკრეტული კომპანიებისთვის. კრემლის სურვილია, საპასუხო დარტყმა განახორციელოს ევროკავშირსა და აშშ-ზე, რომლებიც ამ დღეებში მსჯელობენ მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე მოსკოვის მხრიდან აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების სავარაუდო მხარდაჭერის გამო.

„ერთიანი რუსეთის“ წარმომადგენელი, დეპუტატი ევგენი ფიოდოროვი აცხადებს, რომ კანონპროექტში გათვალისწინებული მასშტაბური ზომები რუსეთის ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, შეზღუდოს ის სააუდიტო და საკონსულტაციო კომპანიები, რომლებიც „აგრესორ ქვეყნებად“ მიჩნეულ სახელმწიფოებში არიან რეგისტრირებულნი.

ანალიტიკოსები კრემლის ამგვარი ინიციატივის განხორციელების პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებენ, რადგან ეს თავად რუსეთს მიაყენებს ზიანს და რუსეთის კომპანიების იზოლაციას გამოიწვევს. ამდენად, საეჭვოა რუსეთს მართლა უნდოდეს ამ გზით სვლა.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ უკვე ისეთ რეჟიმში შევიდა რუსეთი-დასავლეთის ურთიერთობა, რომ შინაარსზე მეტად ფორმას აქვს მნიშვნელობა. თანდათანობით, ორ სამყაროს შორის პირისპირ დგომა სულ უფრო მკაფიოდ ღებულობს ცივი ომის კონფიგურაციას. რა თქმა უნდა, „აგრესორი ქვეყნების“ შესახებ მომზადებული კანონპროექტის ეფექტურობა რუსეთისთვის ნულია, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ფორმა, რომ რუსეთი არ ნებდება დასავლეთს და მასაც აქვს რაღაც ბერკეტები.

„ჩვენ ვბრუნდებით იმ რეალობაში, როდესაც თუნდაც იგივე საბჭოთა კავშირი, თითქოსდა, რაღაც ზიანს აყენებდა დასავლეთს. ბევრს არ ესიამოვნება, მაგრამ მაგონდება ის პერიოდი, როცა საქართველომ ეკონომიკური ბლოკადა გამოუცხადა რუსეთს. იმხანად სამტრედია გადაიკეტა და რუსეთისკენ არ მიდიოდა პროდუქცია. იმდროინდელ ერთ-ერთ პრეფექტს, დღეს კი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს (ზვიად ძიძიგური-რედ. ) დღეს ამის გახსენება არ სიამოვნებს, მაგრამ მაშინ თურმე კინაღამ „დაახრჩო“ რუსეთი ეკონომიკურად. ყოველ საღამოს ტელევიზია გადმოსცემდა - დღეს საქართველომ რუსეთში არ გაუშვა სამი ვაგონი საქონელი და რა ეშველება რუსეთს?! კრიზისი, დეფოლტი, თურმე მორჩა, დაიშალა რუსეთი. დასავლეთისთვის რუსეთის ეს სანქცია სპილოსთვის ნემსის შერჭობაც არ არის, მაგრამ ფორმა კონფრონტაციულია, სულ უფრო და უფრო ღრმავდება კონფრონტაციული მიდგომა რუსეთსა და დასავლეთს შორის. მე ვიცი, კიდევ რაღაცები მზადდება და საშემოდგომო სესიისთვის დუმა განიხილავს 14-15 კანონპროექტს დასავლეთის წინააღმდეგ. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, აქ შედის ეკონომიკური სანქციებიც. არადა, სულ რაღაც ორი კვირის წინ ლავროვი და პუტინი აცხადებდნენ, ჩვენ არ წავალთ დასავლეთის გზით და ეკონომიკურ სანქციებს არ გამოვუცხადებთ დასავლეთსო. მახსოვს ლავროვის განცხადება, ეს ჩვენი სტილი არ არის. ახლა ხომ ხედავთ, უკვე ამ ზღვარსაც გადააბიჯეს ამ ვითომ სანქციებით“,-აცხადებს სოსო ცინცაძე და განმარტავს, რომ აღნიშნულ კანონპროექტს რუსეთის დუმა მიიღებს, მაგრამ თვითონვე იციან, რომ ეფექტი არ ექნება, რადგან სანქციადაწესებულ უცხოურ აუდიტორულ ფირმებს იმდენი სამუშაო აქვთ აზიაში, ევროპასა და ამერიკაში, რომ რუსეთის ბაზარი მათთვის უმცირესი შეიძლება იყოს. ურალოდ, ეს „სანქციები“ გათვლილია დასავლეთში შემორჩენილი ნეტარმორწმუნე იდიოტებისთვის.

ასეთებს შორის სოსო ცინცაძე რუსეთის ჯიბეზე შემყურე მიმომხილველ არიელ კოენს, რუსეთიდან გაქცეულ ებრაელს ასახელებს და კიდევ სხვა ე.წ. პოლიტოლოგებს, რომლებსაც უხვად აფინანსებს რუსეთი. მით უფრო, თავის დროზე რუსეთმა მიაღწია, რომ გაზპრომის ხელფასზე მყოფმა ექსპერტებმა საქართველოს დააბრალეს ომის დაწყება. თუმცა, რაც არ უნდა სუსტი იყოს დასავლეთი, როგორი უთანხმოებაც არ უნდა ჰქონდეს ვაშინგტონსა და ბრიუსელს, რაც არ უნდა საშინელი მარცხი განიცადოს ლიბიაში, ეგვიპტეში, სირიაში დასავლეთმა, როგორც არ უნდა დასუსტდეს ნატო და კრიზისი იყოს გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, რაც არ უნდა „ტლინკებს ყრიდეს“ გერმანია, ან სხვა რომელიმე წევრი, დასავლეთი მაინც რუსეთზე ათასჯერ ძლიერი იქნება.

„ცივი ომის პერსპექტივა ყველაზე ცუდია. რიკოშეტის პრინციპით, საქართველოც გვერდს ვერ აუვლის ამ „პერსპექტივას“. სამხედრო ომი გამორიცხულია, ამერიკის ჯინაზე რუსეთი ახლა ომს ვერ დაგვიწყებს, მაგრამ პირველი მერცხალი, ჯერ არაღმდგარი ეკონომიკური ურთიერთობები მოისპო, როგორც გაზაფხულზე უცაბედი ყინვის გამო ახლად ამოსული მოსავალი. ადვილია ჩვენი მაღალი რანგის ჩინოვნიკებისთვის თავიანთი ხელფასებით და პრემიებით გველაპარაკონ, რომ ეს კატასტროფა და ტრაგედია არ არის, მაგრამ ერთი ჰკითხეთ კახელ მევენახეს ან გორელებს, რომლებიც რუსეთის ბაზარს ელოდნენ. საქართველოში კადრების სელექცია არ ხდება. ვუსმენდი „მთავარ ტურისტს“ - გიორგი სიგუას და კიდევ კარგი, მოხსნეს. თუ ასე ხდება კადრების შერჩევა, მართლა უბედურებაა. მსოფლიოში არსად დაუნიშნავთ კულტურის მინისტრად იმპრესარიო, რომელსაც პენსიაზე გასული მომღერლები ჩამოჰყავდა საქართველოში. სამწუხაროდ, ნურავის აქვს იმედი, რომ დასავლეთ-რუსეთის დაპირისპირებისას ჭკვიანი მაიმუნივით ვიმოქმედებთ, რომელიც ვეფხვისა და ლომის ჩხუბს ხეზე ასული აკვირდება“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ იმის მაგივრად, სანქციებმა გამოაფხიზლოს რუსეთის ხელისუფლება და დააფიქროს იმაზე, რატომ უწესებენ მას სანქციებს, იგი კონტრშეტევაზე გადადის და ცდილობს, უპასუხოს შეერთებული შტატებისა და ევროპის სანქციებს.

For.ge-სთან საუბარში კახა გოგოლაშვილი აცხადებს, რომ აუდიტისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო აღიარება, ხოლო რუსეთის ბაზარი ძირითადად უჭირავს „Deloitte“-ს და „KPMG“-ს კომპანიებს, რომლებსაც ძალზე დიდი შემოსავლები აქვთ.

„მიიღებს თუ არა დუმა ამ კანონპროექტს, ამის თქმა ძნელია. მე მგონი, დაფიქრდებიან და წესით, არ უნდა მიიღონ, რადგან დააზარალებს რუსულ კომპანიებს და ეს იქნება დარტყმა საკუთარ თავზე. მართალია, ზიანს მიაყენებენ აღნიშნულ აუდიტორულ კომპანიებსაც, მაგრამ უფრო მეტ ზიანს მიაყენებენ საკუთარ რუსულ კომპანიებს, რომელთაც აღარ ექნებათ ამ საერთაშორისოდ აღიარებული სააუდიტორო ფირმების დასკვნები და მათ აღარ ენდობიან დასავლეთში. მათი საინვესტიციო და სხვა სახის საქმიანობის არეალი შეიზღუდება, ვერც კრედიტებს მიიღებენ. საერთაშორისო ბიზნესში ასეა ურთიერთობები მოწყობილი“, - აღნიშნა კახა გოგოლაშვ