[ეკა ბაქრაძე]
ქვეყანაში ვაუჩერული ბუმი წარმატებით გრძელდება. ერთი ვაუჩერის დარიგება მთავრდება თუ არა, მეორეს დარიგება იწყება, ამავე დროს მესამე ტიპის ვაუჩერების გამოჩხრეკაზე ფიქრი მიმდინარეობს. ხელისუფლება წლების განმავლობაში მოსახლეობიდან ამოქაჩულ ფულს, სასაცილო ვაუჩერების სახით „დიდსულოვნად“ აბრუნებს.
ელექტროენერგიისა და სურსათის ვაუჩერების შემდეგ, შესაძლოა, ბუნებრივი აირის ვაუჩერებიც დარიგდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლება ბუნებრივ აირზე 20-ლარიანი ვაუჩერების გაცემას გეგმავს. თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროში არ ადასტურებენ. მათი თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ ელექტროენერგიისა და სურსათის ვაუჩერების დარიგება მიმდინარეობს.
სხვათა შორის, ზამთარი უკვე გადაგორებულია და მოსახლეობას გაზის გადასახადი უკვე ნაკლებად შეაწუხებს. ასე რომ, ბუნებრივი აირის ვაუჩერების დარიგება ზაფხულის პერიოდში მათთვის დიდი შეღავათი არ იქნება. ეს უფრო გაზის სადისტრიბუციო კომპანიებს წაადგება, რომლებიც შემოსავლები მკვეთრად შეუმცირდება.
თუმცა, ამ ეტაპზე, რა დროს გაზის ვაუჩერებია, როდესაც ზოგიერთი აბონენტი ნაჩუქარი ენერგოვაუჩერებითაც კი ვერ სარგებლობს. აჭარის ადგილობრივი ტელეკომპანია ტვ-25-ის ინფორმაციით, სერვისცენტრებში ვაუჩერის გამოსაყენებლად მისულ აბონენტებს თანხა ანგარიშზე არ ხვდებათ.
გარდა ამისა, მომხმარებლები ენერგოვაუჩერების დარიგების შემდეგ ენერგოკომპანიის მხრიდან მოხმარებული ენერგიის ხელოვნურად გაზრდის ფაქტებზე მიუთითებენ.
„ენერგო პრო ჯორჯიაში“ მოხმარებული ენერგიის ხელოვნურად გაზრდის ფაქტებს უარყოფენ, თუმცა სხვა ხარვეზებზე საუბარს გაურბიან.
რაც საქართველოში ვაუჩერიზაცია დაიწყო, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს კამათი რამდენად მნიშვნელოვანია ამა თუ იმ ოჯახისთვის დენისა და სასურსათო ვაუჩერების გამოყენება. ინტერნეტს სივრცეში სპეციალური გამოკითხვაც კი ჩატარდა და ამგვარი შედეგები დაფიქსირდა:
მკითხველთა 16,5%-მა განაცხადა, რომ ეს მათთვის მნიშვნელოვანი შეღავათია. ვაუჩერული მხარდაჭერა უმნიშვნელო შეღავათად მიიჩნია გამოკითხულთა 32,4%-მა, ხოლო 42,3%-მა კი დააფიქსირა, რომ ვაუჩერები მათი ოჯახისთვის არაფერს შეცვლის. ვაუჩერების გაჩუქებას რესპონდენტთა მხოლოდ 8,8% აპირებს.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის მაგდა ანიკაშვილის განცხადებით, გამოკითხვის შედეგები იმის მაჩვენებელია, რომ ინფლაციასთან ბრძოლის „ვაუჩერული“ მეთოდი არაეფექტურია და ეს თანხები უმჯობესი იყო, სხვა მიმართულებით, მაგალითად, რეგიონების გამრიცხველიანებაზე დახარჯულიყო, რაც დღემდე სერიოზული პრობლემაა.
„რთულია თქვა, რომ ცუდია, როდესაც ხელისუფლება მოსახლეობას თუნდაც ამ მცირე თანხით ეხმარება, მაგრამ არსებობს ეფექტური და არაეფექტური დახმარებები. ეს ნაბიჯი ხელისუფლების პიარ-კამპანიას ემსახურება: ტრაგიკომიკურია, როდესაც მთელი დღის განმავლობაში გადის სიუჟეტები იმის შესახებ, თუ როგორ ურიგებენ გაჭირვებულ ხალხს მაღალჩინოსნები 20-ლარიან ვაუჩერებს“, - აცხადებს ანიკაშვილი.
ჯერჯერობით, სურსათის ვაუჩერების პიარკამპანიური გაჩუქება არ დაწყებულა, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები ტელეკამერებს რომ ხელიდან არ გაუშვებენ, ყველასათვის ცხადია.