საპარლამენტო უმცირესობა აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე უარყოფითად აისახება. უცმირება ამბობს, რომ ხელისუფლებისთვის მთავარი პრიორიტეტი აღმოჩნდა არა ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავება, არამედ პოლიტიკური ოპონენტების დევნა.
For.ge მიხეილ მაჭავარიანს ესაუბრა.
სასამართლომ ექსპრეზიდენტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა მიმართავს ინტერპოლს, რომ მიხეილ სააკაშილიზე გამოცხადდეს საერთაშორისო ძებნა. რა პოზიცია აქვს „ნაციონალურ მოძრაობას?
- ამ ხელისუფლებას შურისძიების და პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესების გარდა, არაფერი არ აინტერესებს. ისეთ მოსამართლესთან დაამთხვია პროკურატურამ საქმის შეტანა, ვისთანაც წინასწარ ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა. თვითონ საქმე არის ძალიან სუსტი, საქმეში არც ერთი მტკიცებულება არაა. ეს არის სირცხვილი ამ მთავრობის. ადამიანები რომლებიც ქვეყნის ღალატში იყვნენ მხილებული, გმირებად გამოაცხადეს, მიხეილ სააკაშვილი კი წინასწარ პატიმრობაში მისცეს.
ე.წ. „პატარკაციშვილი-იმედის“ საქმე საპნის ბუშტივით გასკდება. 2007 წლის მოვლენები იყო საკმაოდ მძიმე, რომელიც მიმართული იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ვის უხარია ეს ყველაფერი? - უხარია რუსეთს. ყველა ჩვენი მეგობარი აშშ და ევროკავშირი არის შეწუხებული. კი, ბატონო, გააგრძელონ, ეს არ მიიყვანას ამ ქვეყანას სიკეთემდე. მათ ეშინიათ ერთადერთი ოპოზიციური ძალის და არის მცდელობა, რომ გაგვანადგურონ. ვერც ბურჯანაძის და ვერც კუკავას ჩვენებით ამას ვერ მიაღწევენ. არაფერი იმ საქმეში არ წერია გარდა იმისა, რომ ვასიკო მაღლაფერიძე ყვება რაღაცა ზღაპარს თათბირის შესახებ, რომელსაც ვანო მერაბიშვილი ატარებდა და რომელსაც გიგი უგულავა თურმე არ ესწრებოდა.
მაღლაფერიძე ამბობს, რომ გიგი უგულავა ესწრებოდა ამ თათბირს...
- გიგი უგულავა გავიდა და მოვიდაო - ამბობს.
რაც ნიშნავს, რომ უგულავა იყო 4 ნოემბერს შსს-ში. რაც შეეხება ნომებრის მოვლენებს, რის გამოც ექსპრეზიდენტი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება - 7 ნოემბერი მოხდა, ასევე მოხდა ტელეკომანია „იმედში“ შეჭრა, არხის გათიშვა, კანონიერი მფლობელისთვის ტელევიზიის წართმევა, ეს დანაშაული არ უნდა იყოს გამოძიებული?
- ეს არის სუბიექტური გამოძიება. თუ თქვენ ამბობთ, რომ გამოძიებული იქნას ეს საქმე, სხვა არის. თქვენ თუ ამბობთ, რომ ვის მიმართაც გაეხარდება დღევანდელ ხელისუფლებას ბრალის წარდგენა, მას უნდა წაუყენონ ბარლი, ეს არაა გამოძიება. უკაცრავად, მაგრამ გამოძიებული არ უნდა იყოს რა ხდებოდა 7 ნომებრამდე და რას ელეპარაკებოდა ერეკლე კოდუას პატარკაციშვილი? ყველაფერი ისე იყო, როგორც ახლა ყვებიან? არ იყო მცდელობა და მოწოდება, რომ ხელისუფლება დაემხოთ? კი, ბატონო, გამოძიებული იქნას, მაგრამ მტკიცებულება არ არსებობს სააკაშვილის წინააღმდეგ.
თუ კი მცდელობა და ხელისუფლების დამხობის მოწოდება იყო, რა უშლიდა მაშინდელ ხელისუფლებას ხელს, რომ ეს საქმე გამოეძიათ და ადამიანები, რომლებიც იყვნენ ეჭვმიტანილი ხელისუფლების დამხობაში, პასუხისგებაში მიეცათ?
- „ნაციონალურ მოძრაობამდე“ რა ხდებოდა ისიც გამოიძიონ, ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ რა ხდებოდა ისიც გამოიძიონ და მერე გამოიძიონ თენგიზ კიტოვანმა ჯარი როგორ შეიყავანა აფხაზეთში. 26 მაისი იცით როგორ იყო? - არსებობდა ორი გეგმა გენერალ ჯანაშვილის და გენერალ ლორთქიფანიძის. მინისტრმა დაავალა ჯანაშვილს მისი გეგმით მოქმედება, ეს ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა აიღოს ჯანაშვილმა. იმის გამო, რომ რამდენიმე პოლიციელმა გადაამეტა უფლებამოსილებას, ოპერაციის ხელმძღვანელი კი არ მისცეს პასუხისგებაში, არამედ მინისტრი.
რაც შეეხება 7 ნოემებერს, თუ იყო, ძალის გადამეტება, არსებობენ კონკრეტული პიროვნებები.მიხეილ სააკაშვილმა აიღო პოლიტიკური პასუხიმგებლობა, გადადგა და ჩაატარა არჩევნები. საქმის მასალებში არანირი მტკიცებულება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არ არსებობს. 7 ნოემბერს ბურჯანაძეს დააგვიანდა პარალამენტში მოსვლა, როცა მოვიდა ეს ყველაფერი მიმდინარეობდა, ეს მოხდა სპონტანურად. მოხდა იმიტომ, რომ გადაწყვიტეს რუსთაველის მომიტინგეებისგან გაწმენდა.
სწორი გადაწყვეტილება იყო, ამ ფორმით რუსთაველის გაწმენდა მომიტინგეებისგან? ფორმაზე რას იტყვით?
- არ იყო სწორი გადაწყვეტილება, ემიტინგათ რამდენიც უნდოდათ. ისევ ვამბობ, თუ ეს ყველაფერი მოხდა, პოლიტიკურად პასუხისმგებლობა სააკაშვილმა აიღო. რაც შეეხება სხვა ფაქტებს, ვერც ერთი ფაქტი სააკაშვილის წინააღმდეგ არ არსებობს.
ალბათ, გახსოვთ თქვენი კოლეგა კობა დავითაშვილი, რომელიც სასიკვდილოდ იქნა ნაცემი და აღმოჩნდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ეს არაა ფაქტი?
- კონკრეტულმა პირმა აგოს პასუხი. ახლა იცით რას მეუბნებით?! ნუგზარ წიკლაურს რომ სცემეს, ამიტომ, პრემიერ მინისტრი უნდა გასამართლდეს ოდესმე?! მესმის, ძალიან მძიმე ფაქტი იყო, ისევე როგორც ვალერი გელაშვილის წინააღმდეგ რაც მოხდა, ისიც ყველაფერი სასამართლოზე გაირკვევა. ტყუილია ის ჩვენენები, არ არსებობს ასეთი რამე. რეალურად სხვა რაღაცა იყო და ამაზე ილაპარაკა კოდუამ. მასთან ჩასული იყო საკმაოდ მაღალი თანმდებობის პირი, მე ვიცი ვინც იყო ჩასული.
დამიკონკრეტეთ ვინ იყო ჩასული?
- ვინაიდან თვითონ არ თქვა, მეც არ ვიტყვი. მან შესთავაზა, რომ მოდი ან ვითანამშრომლოთ, ან შენი საქმე იქნება ცუდადო. ალბათ, დრო მოვა და თვითონ ერეკლე იტყვის ვინ იყო ჩასული. როგორც კი მიიღო უარი, ორ თვეში დაიწყო კოდუას წინააღმდეგ ეს კამპანია. კობა დავითაშვილიც მახსოვს, სხვა ადამიანებიც მახსოვს და ისიც მახსოვს სამწუხაროდ პოლიცილები როგორ ურტყამდნენ მომიტინგეებს, ძალის გადამეტებით და არადეკვატურად. ალბათ, ბედუკაძისი არ იყოს, ამ ხალხის ნაწილი დღესაც მუშაობს პოლიციაში.
იმიტომ, რომ შენ გინდა პასუხისგებაში მისცე კეზერაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი და ზედ სააკაშვილიც დააყოლო, არასწორია.
რაც შეეხება „იმედის“ საქმეს, ობიექტურობისთვის მაშინ ისიც ვთქვათ, რომ საქმე გვაქვს აბსურდთან. ერთ შემთხვევაში ქეის ჩვენებით ხელისუფლებამ ქეის წაართვა ტელევიზია. მე ვიყავი სასამართლოზე, სადაც ქეი იკითხებოდა, მან თქვა, რომ ბადრის სურვილი იყო 5 წლით ამეღო ტელევიზია და ეს ოჯახს არ უნდა სცოდნოდაო, 5 წლის მერე ბადრი დაიბრუნებდა ამ ტელევიზიას, ასეთი მოლაპარაკება გვქონდაო და ეს იცოდა ხელისუფლებამო. ხოლო დღევანდელი ვერსიით, რის გამოც ბრალი წაუყენეს სააკაშვილს, თურმე, ქეის მეშვეობით წაართვა ტელევიზია სააკაშვილმა პატარაკაციშვილს. ქეის ამ ორი ჩვენებიდან რომელია სწორი, გვითხრას პროკურატურამ.
რადგან ობიექტურობა ახსენეთ, ობიექტურობისთვის შეგახსენებთ, რომ ჯოზეფ ქეი იყო ადამაინი, რომელიც 2007 წელს დაუახლოვდა ხელისუფლებას და გამოჩნდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად...
- მე არ ვიცნობ მას. თუ „ნაცინალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული იყო, მაშინ მე ხომ უნდა ვიცნობდე ამ ადამინას? ის იყო ბადრის დეიდაშვილი, ქეის ჩვენების საფუძველზე იყო სისხლის სამართლის საქმე უგულავას წინააღმდეგ აღძრული. ხელისუფლებას ჯოზეფ ქეისთვის ერთი ლარის ქონება არ გადაუცია არსოდეს. „იმედი“ ვირტუალურად იყო ბადრის, რეალურად იყო ჯაოშვილის. პატარკაციშვილს თავის სახელზე ჰქონდა მარტო მთაწმინდის პარკი - არენდით.
მთაწმნიდის პარკი, რომელიც ასევე 2007 წელს წარაათვეს ოჯახს, იმ მოტივით, რომ გადასახადებს არ იხდიდა და წლების შემდეგ დაუბრუნეს...
- მთაწმნიდის პარკი არავისი არაა, მთაწმნიდის პარკი არის ხალხის. უბრალოდ, მას ჰქონდა არენდით. კი არ წაართვეს, რაღაცა ტექნიკურად არ იყო გადახდილი, დროებით გამოართვა. ოჯახის სურვილით როცა მოხდა შეთახმება, თინა ბურჯალიანსა და ოჯახს შორის გაფორმდა შეთანხმება.
რაც შეეხება სააკაშვილს და მიმდინარე გამოძიებას, „ნაციონალური მოძრაობა“ თავად მოუწოდებთ ხელისუფლებას, რომ გამოიძიონ ყველა საქმე, მაგრამ როგორც კი დადგება კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, კეთდება განცხადება, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. რა გაძლევთ საფუძველს თქვათ, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე?
- არის რამდენიმე მოსამართლე და სპეციალურად მაგ დროს ამთხვევს პროკურატურა, რომ შეიტანოს სასამართლოში შუამდგომლობა. ასეთი მოსამართლე იყო პარასკევს. სასამართლოში პრეზიდენტის წინააღმდეგ შევიდა საქმე და ერთი საათით ადრე გავაიგეთ ყველამ. დღეს სჭირდებათ ეს, თორემ ხვალინდელ დღეს რა იქნება, ამას არ აქვს მნიშვნელობა. იანუკოვიჩიც ასე იქცეოდა.მთავარი იყო, რომ დღეს ჩაესვა ლიუცენკო ციხეში, რადგან ფიქრობდა, რომ ამითი ძლიერდებოდა. მაშინაც ასეთი ვითარება იყო. მოუწოდებდნენ იანუკოვიჩს, რომ ეს არ გაეკეთებინა, მაგრამ ის მაინც აკეთებდა. ამიტომ, ვამბობ, რომ ეს იქნება ცუდი ქვეყნისთვის და ამის შედეგებს ყველა ერთად ვნახავთ. შურძიება და 37-იანი წლების მოწყობა არის ცუდი.
რაც შეეხება 4 ნოემბრის თათბირს, სწორედ ეს არის ბრალდების ერთ-ერთი ნაწილი. დღეს აცხადებთ, რომ თათბირი არ ყოფილა. თქვენ იყავით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მაშინ, როდესაც სახალხო დამცველი ითხოვდა პარლამეტისგან საგამოძიებო კომისიის შექმნას. რატომ არ შექმენით საგამოძიებო კომისა, რომელიც ადვილად დაადგენდა იტყუებოდა თუ არა სახალხო დამცველი...
- ომზე რომ გამოვიძეთ მერე რა? ხომ გაიგეთ რა გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ, გადააგზავნეს სისხლის სამართლის საერთაშორისო ორგანიზაციაში რაღაცა აბსურდი, რომ ჩვენ დაგვიწყია საომარი მოქმედებები. თურმე, ჩვენს ტერიტორიაზე ჩვენ დაგვიწყია სამხედრო მოქმედება. ეს არის სირცხვილი. ახლა გულწრფელად გეუბნებით, ვერც მაღლაფერიძე, ვერც მერაბიშვილი და ვერც მიშა სააკშვილი 4 ნოემბერს 7 ნოემბერთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ. არაფერი დაგეგმილი არ იყო. ეს მოხდა სპონტანურად და ეს შეუძლია გაიხსენოს ნინო ბუჯანაძემ. სამწუხაროდ, ეს იყო სპონტანური, თუმცა არასწორი გადაწყვეტილება.
ბატონო მიხეილ მე გკითხეთ, რატომ არ შექმენით საგამოძიებო კომისია, რომლის რეკომენდაციით მოგმართავდათ სახალხო დამცველი?
- დაეყენებინა ეს საკითხი ვასიკოს, მოსულიყო, შეხვედროდა უმრავლესობას და დაეყენებინა ეს საკითხი.
სახალხო დამცველის რეკომენდაცია არ იყო საკმარისი?
- დღევანდელი სახალხო დამცველიც ითხოვს საგამოძიებო კომისიას, მაგრამ გამოყო უმრავლესობამ? ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, როდესაც სახალხო დამცველი თავისი რეკომენდაციით შემოდის. საგამოძიბეო კომისია შევქმენით 2008 წელს რუსულ ინტერვეციაზე და მერე რა, ფეხებზე არ დაიკიდეს ეს კომისია და არ იძახეს, რომ ტყუილი არისო? ყველაფერი ხელის გულზე იდო. ვასიკო მაღლაფერიძე რომ საუბრობს იმ თათბირზე, კიდევ ვიღაცამ ხომ უნდა დაადასტუროს. მამაო ჩვენოა ვასიკო მაღლაფერიძის ჩვენება? იქნებ, დავუშვათ და რაღაცა აერია, მერე?!
სწორედ ამისთვის არსებობს სასამართლო და გამოძიება, რატომ არ მისცა მიხეილ სააკაშვილმა ჩვენება, რომელიც ფაქტებით დაადასტურებდა, რომ მას პოლიტიკურად დევნიან, მას შესთავაზეს სკაიპის საშუალებით დაკითხვა...
- კოსმოსიდანაც რომ მიეცა ჩვენება, რაც უნდოდათ იმას მაინც გააკეთებდნენ. ჩათვალეს, რომ ახლა არის დრო, ასოცირება ხელმოწერილია, აგვისტოა, ამერიკაში არ სცალიათ, იქ უკრაინაა... ბევრი რამეა ერთად შეერთებული. მე ვიცი, რომ 4 ნოემბერს არავინ არ გეგმავდა 7 ნოემბერს. 4 ნოემბერს იყო მრავალრიცხოვანი აქცია, მაგრამ ისიც კარგად მახსოვს, რომ 5 და 6 ნოემბერს როგორ დაიწყო ამ აქციამ შემცირება. ისიც კი მახსოვს, რომ იარაკლი ოქრუაშვილიც ჩართეს, ესეც ბადრის დაგეგმილი იყო. ამ აქციის მთავარი სულისჩამდგმელი და დამგეგმავი იყო ბადრი პატარკაციშვილი. თავიდან ბოლომდე მოგიყვებით ბადრი პატარკაციშვილთან რა ურთიერთობა მქონდა და რა იყო ამ აქციის საფუძველი.
გისმენთ, შეგიძლიათ მოყვეთ...
- ახლა არ მცალია, მომავალ კვირას დამიკავშირდით და კი ბატონო. ეს აქცია იყო 2006 წლის გაგრძელება, როდესაც ბადრი ცდილობა ოპოზიციის გაერთიანებას და ეს არ გამოუვიდა. შემდეგ გადადგა ნაბიჯები ხელისუფლების მიმართულებით. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ „იმედთან“ დაკავშირებით საუბარი იყო ბადრისგან ინიცირებული და არა ხელისუფლებისგან. 2006 წლის აგვისტო- სექტემბერში ხდებოდა ეს ყველაფერი. ირაკლი ოქრუაშვილის გადადგომის შემდეგ ბადრი ერთი ხელით ელაპარაკებოდა ოქრუაშვილს და ოპოზიციას, მეორე ხელით ხელისუფლებას. ეს არ იყო მარტივი ისტორია და ასეთ მარტივ ფერებში არ იყო საქმე, როგორც ეს დღეს წარმოაჩინა პროკურატურამ.