28 ივლისს მოხდა ის, რაზეც ქართული საზოგადოება წლების განმავლობაში მსჯელობდა _ მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრას და ბადრი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას.
მთავარი პროკურატურის განცხადებით, „საქართველოს მაშინდელი ხელისუფლებისწარმომადგენლებისა და მისი მეთაურის - მიხეილ სააკაშვილის უკანონომოქმედების შედეგად, დაირღვა არკადი პატარკაციშვილის ოჯახის საკუთრებისუფლება, ხელყოფილ იქნა მოქალაქეთა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, მრავალმა მოქალაქემ მიიღო სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება, მოხდა დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაში უკანონოდ ჩარევა და ხელის შეშლა, რამაც ფიზიკური და იურიდიული პირის, სახელმწიფოს და საზოგადოების კანონიერი უფლებების არსებითი დარღვევა გამოიწვია. მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის, დავით კეზერაშვილის და გიორგი უგულავას მიმართ გამოტანილია ბრალდების შესახებ დადგენილებები სამსახურებრივი უფლებების გადამეტებისთვის. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ითვალისწინებს“.
პროკურატურის განცხადებაში, აგრეთვე, აღნიშნული იყო, რომ დასკვნით სტადიაშია შესული გამოძიება სხვა საქმეებზეც, რომლებზეც მიხეილ სააკაშვილი დაბარებული იყო მოწმის სახით. აქ, სავარაუდოდ, იგულისხმება ის საქმეები, რომლებზეც პროკურატურამ სააკაშვილი ოთხი თვის წინათ დაიბარა. შესაბამისად, საუბარი ეხება სანდრო გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირების შეწყალებას; სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვას; „რუსთავი 2“-ისა და „მზე“-ს კანონიერი მესაკუთრეებისთვის წილების წართმევას; გია კრიალაშვილის ლიკვიდაციას; კობა ოთანაძისა და ლევან ამირიძისა დაჭრას; სახელმწიფოს კუთვნილი შპს „აგრომეტი“-ს (აგრარული უნივერსიტეტის) ქონების გაფლანგვას; სააკაშვილის ბიძის - თემურ ალასანიასთვის უპირატესობის მინიჭებით სახელმწიფო ქონების უკანონო პრივატიზებას; 2012 წლის თებერვალში „ტვ-25“-ის საარჩევნო პერიოდში გაკონტროლების მიზნით, მისი დამფუძნებლებისთვის 3 მილიონამდე აშშ დოლარის ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაცემას და „ქართუ“ ბანკის ხელოვნურად გაკოტრების მიზნით, ბანკში იპოთეკით დატვირთული ქონების თვალთმაქცურად გასხვისების გზით გადამალვის ფაქტს. ჯერჯერობით გაუგებარია, მისცემენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს პასუხისგებაში ყველა ჩამოთვლილ ეპიზოდთან დაკავშირებით თუ მხოლოდ ზოგიერთთან, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, აშკარაა, რომ (პირობითად) 7 ნოემბრისა და „იმედის“ ეპიზოდებს მალე სხვაც დაემატება.
აქ სისხლის სამართლის კოდექსი, ალბათ, დროებით გვერდზე უნდა გადავდოთ და შექმნილი ვითარების ერთ საინტერესო ფსიქოლოგიურ ასპექტს შევეხოთ. „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელებს და მათთან დაახლოებულ ექსპერტებსა და პროპაგანდისტებს ყოველთვის ახასიათებდათ ერთი უცნაური თვისება. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ, შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე არ ეფიქრათ, მოსალოდნელი საფრთხე სადღაც უკანა პლანზე გადაეწიათ და, სულაც, არარსებულად გამოეცხადებინათ. ასე იბადებოდა შეხდულებები, რომელთა ქვაკუთხედს არა სიტუაციის ობიექტური შეფასება, არამედ ირაციონალური რწმენა წამოადგენდა. მაგალითად: „რუსები არ ჩაერევიან“, „ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს“, „ისინი ვერ გაბედავენ“ და ა.შ. მათ სავსებით გულწრფელად სჯეროდათ, რომ რაღაც მომენტში მათ თავს დაანებებდნენ, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი რატომღაც დაივიწყებდა პრეტენზიებს მათ მიმართ, სამართლიანობის აღდგენაზე ხელს ჩაიქნევდა და სხვა, თუნდაც სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე გადაერთვებოდა. მათ სჯეროდათ, რომ დასავლეთის მკვეთრი რეაქციის შიშით ახალი ხელისუფლება ვერ გაბედავდა ამა თუ იმ მაღალჩინოსნის დაკავებას, სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას და პასუხისგებაში მიცემას. ხოლო მას შემდეგ, რაც ყოველივე ჩამოთვლილი მოხდა, იმის ნაცვლად, რომ შექმნილი მძიმე სიტუაცია ობიექტურად შეაფასონ, თავს იმით იმშვიდებენ, რომ სამართალდამცავები სააკაშვილის დაპატიმრებას ვერ მოახერხებენ. ვერაფერს ვიზამთ, თუ ადამიანებს გამოგონილ სამყაროში ცხოვრება სურთ და რეალობისთვის თვალის გასწორების ეშინიათ (რაც სიღრმისეული, უიმედო ინფანტილიზმის ერთ-ერთი უტყუარი ნიშანია), მათ მხოლოდ ვიწრო პროფილის თეთრხალათიანი სპეციალისტები თუ დაეხმარებიან. ამდენი ხნის განმავლობაში ერთი მარტივი რამ ვერ გაუგიათ - ბიძინა ივანიშვილი არასოდეს იწყებს თამაშს, თუ გამარჯვების იმედი არ აქვს, და თითოეული მისი სვლა ემოციური ამოფრქვევის შედეგს ნამდვილად არ წარმოადგენს. მისი დამარცხება კი შესაძლებელია მხოლოდ სიტუაციის ობიექტურად შეფასების საფუძველზე, ირაციონალური რწმენა-წარმოდგენები და მათზე დაფუძნებული პოლიტიკური შელოცვები ვერაფერს დააკლებს.
სხვათა შორის, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების საკმაოდ დიდ ნაწილს არ სჯეროდა, რომ საქმე აქამდე მივიდოდა. ბევრი მათგანი ვარაუდობდა, რომ რაღაც ეტაპზე ახალი ხელისუფლება პროკურატურას დაამუხრუჭებინებდა, ნაწილი კი სამართალდამცავებს ნელი მუშაობისთვის აკრიტიკებდა. მაგრამ, ალბათ, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მსგავს შემთხვევებში აჩქარება დაუშვებელია, ხოლო მტკიცებულებების შეგროვება იუველირულ სიზუსტეს მოითხოვს. არ დაგვავიწყდეს, რომ სააკაშვილის გადადგომიდან ვიდრე დღემდე სულ რაღაც 8 თვე გავიდა. სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი რო დე უ გადადგომიდან 9 თვის შემდეგ მისცეს პასუხისგებაში, ამდენივე დრო გავიდა პერუს ყოფილი პრეზიდენტის - ალბერტო ფუხიმორის შემთხვევაშიც (ის მოგვინებით, 5 წლის შემდეგ, დააპატიმრეს, სასამართლო პროცესები კი 4 წელიწადს გაგრძელდა). ერთადერთი ლიდერი, რომელმაც ამ მხრივ სააკაშვილს „გაუსწრო“, ტაივანის ყოფილი პრეზიდენტი ჩენ შუიბიანია, რომელიც გისოსებს მიღმა გადადგომიდან 5 თვეში აღმოჩნდა. ასე რომ, საუბარი ქართული პროკურატურის გაუმართლებლად ნელ მოქმედებაზე, ამ მაგალითების გათვალისწინებით, ალბათ, მაინც არაკორექტულია. სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის დაუყონებლივი აღძვრა, სასწრაფო წესით შეკოწიწებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გაუმართლებელი იქნებოდა, როგორც პოლიტიკური, ისე იურიდიული თვალსაზრისით. ამას, სავარაუდოდ, მოჰყვებოდა გართულებები ურთიერთობებში უცხო ქვეყნებთან (აქ იგულისხმება არა სააკაშვილის ლობისტების რიტორიკული დემარშები, არამედ რეალური პრობლემები). საბოლოო ჯამში, ვადებს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რამდენად სერიოზულ მტკიცებულებებს ეყრდნობა ბრალდება.
ის, რომ მიხეილ სააკაშვილს მალე პრობლემები ექნება, ბევრი დამკვირვებლისთვის ცხადი მას შემდეგ გახდა, რაც თბილისში ცნობილი პროკურორების ჯგუფი ჩამოვიდა, რომელთაც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოცდილების გაზიარება სთხოვა. მოწვეულ კონსულტანტებს შორის იყვნენ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი დირექტორი პოლ კაფი, რომელსაც, სხვა ყველაფერთან ერთად, სერიოზული წვლილი მიუძღვის კოსოვოს ომის დანაშაულების გამოძიებაში; იერუსალიმის ყოფილი მთავარი პროკურორი, შემდგომ კი ისრაელის სახელმწიფო პროკურორი მოშე ლადორი, რომელიც ზედამხედველობდა ეჰუდ ოლმერტის და სხვა პოლიტიკოსების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს და ბრიტანელი სერ ჯეფრი ნაისი, რომელიც საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე გახლდათ და სლობოდან მილოშევიჩის საქმეს უძღვებოდა. იურიდიული სამყაროს „შიდა სამზარეულოში“ ჩახედული ნებისმიერი ექსპერტი დაადასტურებს იმას, რომ ეს სპეციალისტები საეჭვო ავანტიურებში არასოდეს ჩაებმებიან და საკუთარ რეპუტაციას დარტყმის ქვეშ არ დააყენებენ. მათი ჩამოსვლა თბილისში უტყუარი ნიშანი იყო იმისა, რომ მთავარი პროკურატურა ძალზე სერიოზული ნაბიჯისთვის ემზადება.
კანონი კანონია და კანონზე მაღლა არავინ დგას. თუ სააკაშვილი თავს უდანაშაულოდ თვლის, ის უნდა ჩამოვიდეს და თავისი სიმართლე პროკურატურასთან პაექრობაში დაამტკიცოს, თუმცა საქართველოში, ალბათ, არ მოიძებნება არც ერთი ადამიანი, რომელიც დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ ფიგურანტს ამისთვის გამბედაობა ეყოფა.
პოლიტიკურ კულუარებში დროდადრო ვრცელდება ხმები იმის თაობაზე, რომ პროკურატურას გადანახული აქვს ერთგვარი „ჯოკერი“, ანუ უძლიერესი, თერმობირთვული სიმძლავრის მტკიცებულება (შესაძლოა, ვიდეოფირი), რომელიც შეიძლება კულმინაციურ მომენტში გამოიყენოს და სააკაშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით ყველა კითხვა მოხსნას. ძნელი სათქმელია, სიმართლეა ეს თუ არა, მაგრამ, ალბათ, უნდა აღვნიშნოთ, რომ კარგ პროკურორებს სუფთა გამარჯვების მიღწევა მსგავსი „ჯოკერების“ გარეშეც შეუძლიათ. ძალიან მალე ჩვენ ვიხილავთ, რამდენად თავდაჯერებულად გრძნობს თავს მთავარი პროკურატურა და რამდენად გამოადგა უცხოელი ექსპერტების რჩევები.
სააკაშვილი და მისი ლობისტები, დიდი ალბათობით, შეეცდებიან, დისკუსია პოლიტიკის სფეროში გადაიტანონ და, საქმის დეტალებზე მსჯელობის ნაცვლად,ისაუბრონ პუტინის დაკვეთაზე, თავის ცხრაწლიან რეფორმატორულ მოღვაწეობაზე ან თუნდაც უკრაინის კრიზისზე, მოკლედ, ყველაფერზე ბრალდების გარდა. ეს, ერთი შეხედვით, პერსპექტიული ტაქტიკაა, თუმცა, საბოლოო ჯამში, წამგებიანია. ადამიანმა მიტინგის დარბევასთან ან ფულის მოპარვასთან დაკავშირებული ბრალდების საპასუხოდ საუბარი (ერთხელ, მეორედ, მესამედ) პუტინსა და უკრაინაზე რომ დაიწყოს, მის მიმართ კეთილგანწყობილი დამკვირვებელიც კი ადრე თუ გვიან მივა დასკვნამდე, რომ ფიგურანტი ან გიჟია, ან მართლაც დამნაშავე. უბრალოდ, წარმოვიდგინოთ ასეთი დიალოგი:
კითხვა: „შენ წაართვი პატარკაციშვილის ოჯახს „იმედი“?
პასუხი: „დღეს, როდესაც მთელი დემოკრატიული სამყარო უკრაინაში პუტინის იმპერიას ებრძვის, საქართველოში ჩვენ მიერ გატარებულ რეფორმებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს!“
კითხვა: „შენ გაეცი „იმედის“ ჟურნალისტების ცემის ბრძანება?“
პასუხი: „მე არ ვმონაწილეობ ფარსში, რომელიც რუსმა ოლიგარქმა დადგა!“
კითხვა: „შენ მოიპარე 8 მილიონი სახელმწიფო დაცვის ბიუჯეტიდან?“
პასუხი: „მოვა დრო, როდესაც ქართველი ხალხი აღსდგება უსამართლობის წინააღმდეგ და მე დავბრუნდები!“
ადამიანები, რომლებიც თანამოსაუბრეებთან ასეთ სტილში ურთიერთობენ, დალაგებულ ქვეყნებში მაშინვე ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე მიჰყავთ.
მაგრამ დროებით თავი დავანებოთ სააკაშვილს, თავისი გასაჭირიც ეყოფა. ფაქტია, რომ ახალმა ხელისუფლებამ უკან არ დაიხია და გააკეთა ის, რაც მისი ამომრჩევლებისდიდ ნაწილს მთელი გულით სურდა და ისინი ამას, სავარაუდოდ, დაუფასებენ. და კიდევ ერთხელ - ბიძინა ივანიშვილი არასოდეს იწყებს თამაშს, თუ მას უპერსპექტივოდ მიიჩნევს, და თუ აკეთებს სვლას, კომბინაციის გაგრძელებასაც ხედავს.